ლევან ჭუბაბრია 25 დეკემბერი 1916-1985 დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს.
მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში მთავარ მხატვრად, გაფორმებული აქვს ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი", ავქ. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". 1946 წელს მისი პიესა "ჩვენი ფრთები" პრემირებულ იქნა და დაიდგა რუსთაველის თეატრში. ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა დრამატურგიაში, ოპერეტის ჟანრში.
იგი ავტორია თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში დადგმული ოპერეტების, ლიბრეტოების: "სიმღერის ძალა" (რ. დოდაშვილთან ერთად, 1947) , "მეგობრები" (1950), "ჩვენი ნაცნობები" (1953), "საყვარელი დისშვილი" (პ. გრუზინსკისთან ერთად, 1955), "ნანატრი საქმრო" (გ. ნახუცრიშვილი, პ. გრუზინსკი, 1957). "სიმღერა თბილისზე" (1955) და სხვა. იგი რ. ლაღიძის ოპერა "ლელას" ლიბრეტოს ავტორი იყო, რომელიც ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში დაიდგა 1975 წელს. მისი პიესები: "ერთი შეცდომის შედეგები", "კარგი ამხანაგი", "მაიმუნი და სათვალე", "მზრუნველები" (პ. გრუზინსკისთან ერთად), "წინადღით", დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. არის ბევრი სასიმღერო ლექსის ავტორი - "თბილისის 1500 წელი"(კომპოზიტორი რ. ლაღიძე, შემსრულებელი ზურაბ ანჯაფარიძე), "შენ გიმღერი ჩემო თბილის - ქალაქო" (კომპოზიტორი რ. ლაღიძე, შემსრულებელი ზურაბ ანჯაფარიძე), სიმღერა "დინამოზე" (კომპოზიტორი გ. ცაბაძე, 1964), "ჩემი თბილისის საღამო" (კომპოზიტორი გ. ცაბაძე). არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი.
წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.63
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1977 - შრომის ვეტერანის მედალი