სერგო ახალაძე (15 დეკემბერი.1915-2002) მსახიობი,რეჟისორი.დაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის რაიონი.
დაამთავრა შვიდწლიანი სკოლა 1930 წელს; 1930-1934წწ. სწავლობდა ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში სამშენებლო ფაკულტეტზე; 1934-1937წწ. სწავლა განაგრძო საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია; პარალელურად 1934-1938წწ. სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ დრამატულ სასწავლებელში სარეჟისორო განხრით. სასცენო ხელოვნების უმაღლესი სახელმწიფო კურსები გაიარა აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით; 1948 წელს სარეჟისორო კვალიფიკაცია აიმაღლა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა მსახიობად: ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის (1932-1933) და მარჯანიშვილის (1938-1941), სამხატვრო ხელმძღვანელად მახარაძის (1942-1944, 1948-1952, 1974-1976) და ზესტაფონის (1944-1948), მთავარ რეჟისორად და დირექტორად - თელავის (1952-1958) თეატრებში, ცხინვალის ქართული დასის მთავარ რეჟისორად (1958-1962), რეჟისორად ზუგდიდის (1962-1964), მთავარ რეჟისორად მაიაკოვსკის (1964-1968), ფოთის (1968-1972), რეჟისორად გორის (1972-1974) თეატრებში. რეჟისორობასთან ერთად ეწეოდა ნოყოფიერ სამსახიობო მოღვაწეობასაც. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: გალკინი (ტურისა და შეინინის "პირისპირ"), ნინოშვილი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), სტალინი, კაკო (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", "ჩატეხილი ხიდი"), ჯიბილო (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ხევისბერი (ალ. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), პროკურორი (ა. ჩხაიძის "ხიდი"), ფრანც მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), პლატონი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ფიგარო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), დათია (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), სიკო (ნ. ნაკაძიძის "ვინ არის დამნაშვე"), მუცუტა, გულბაათი (კ. კალაძის "როგორ", "ხატიჯე") და სხვა; განხორციელებული აქვს 138 დადგმა, მათ შორის: ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", დ. ერისთვის "სამშობლო", ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი", "პატარა კახი", "კინტო", ა. ცაგარელის "ხანუმა", "გულსუნდა", დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება", შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", "ნაპერწკლიდან", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", "ყაჩაღები", შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება", პ. პსათასის "საჭიროა მატყუარა", გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", მ. გორკის "მდაბიონი", ტურისა და ლ. შეინინის "ვის ემორჩილება დრო", "პირისპირ" და "ფარული ომი", გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", გ. ბერძენიშვილის "მშვიდობის მტრედები", "სიყვარულის ძალა", კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი", "ფაქიზი განცდები", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", ი. ვაკელის "რვალი", გ. ქელბაქიანის "თამარიანი", ა. ჩხაიძის "ხიდი", ლ. ჭუბაბრიას "ამხანაგები" და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "ესკულაპეს მოწაფე" (1977), "გამოაღეთ ფანჯრები" (1981).