ლევან ბაღაშვილი (10 აპრილი 1880-1936) მსახიობი,მუშა.
სასცენო მუშაობა 1897 წელს, ტფილისის პოლკის ყაზარმაში, იოსებ იმედაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1898 წლიდან მონაწილეობდა სახალხო წარმოდგენებში. 1091-1906 წწ. მურაშკოს თეატრში (პეტრე-პავლეს უბანი) მთავარ როლებს ასრულებდა. 1906-1911 წწ. ავლაბრის (არაქსიანის) თეატრში მონაწილეობდა, 1909 წლიდან სახალხო წარმოდგენებს ხელმძღვანელობდა. 1911-1914 წწ. კოტე შათირიშვილის რეჟისორობით გამოდიოდა სახალხო სახლში.
1914 წელს ვლადიკავკაზში, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა დასი და 1919 წლის ბოლომდე წარმოდგენებს მართავდა, 1919 წელს სახკვების კავშირის წევრებისაგან დაარსა სცენის მოყვარეთა წრე, თავისი დასით პროვინციებშიც გამოდიოდა. 1920-1928 წწ. მუშათა თეატრებში (ხელოსანთა ცენტრალურ, ტყავ-ტრესტის, მკერავთა და ორთაჭალის მუშათა კლუბებში), როგორც რეჟისორი და მსახიობი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა. შესრულებული აქვს როლები: ლევანი ("სამშობლო"), გაიოზი ("და-ძმა"), კარლოსი ("ყაჩაღები"), ტოტოღა (ანტონ ფურცელაძის "ავაზაკნი"), არესნა, გულიელმო ("ორი დარაჯი"), მენაბდიშვილი ("მეზობლები"), პოლ ბერნიე ("პარიზის ღარიბ-ღატაკნი"), პეპო და სხვ. 1901-1918 წწ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, პარტიული განხეთქილების შემდეგ - როგორც ბოლშევიკი. 1923 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრში ხარფუხის ქართულმა დრამატულმა წრემ სახალხო სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გაუმართა. საქართველოს სახალხო არტისტის სპარტაკ ბაღაშვილის მამა.
შვილი სპარტაკ ლევანის ძე ბაღაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1914, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1977, იქვე) — ქართველი კინომსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1963). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1939).