ფერდინანდ ბჟიკიანი (14 იანვარი 1905-1969) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: სილაუხი, თურქეთი.
1919-1921წწ. სწავლობდა როსტოვის რუსულ დრამატულ თეატრთან არსებულ სტუდიაში. მას ახალგაზრდობიდანვე დიდი მისწრაფება ჰქონდა თეატრალური ხელოვნებისადმი, ესწრებოდა წარმოდგენებს და ხშირად გამოდიოდა სცენაზე. მონაწილეობა მიიღო გამოჩენილი სომეხი ტრაგიკოსოსის ვაჰრამ ფაფაზიანის საგასტროლო წარმოდგენებში ხარკოვში, დონის-როსტოვში, ახალ ნახჭევანში და სხვა ქალაქებში; გასტროლების შემდეგ იგი შევიდა სარეჟისორო კურსებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პეტროვი.
1931 წელს ჩამოვიდა თბილისში და სომხურ თეატრში დაიწყო მუშაობა ჯერ მსახიობად, შემდეგ მთავარ რეჟისორად და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. სომხური თეატრის სცენაზე დადგა შემდეგი სპექტაკლები: შექსპირის "ოტელო" და "მეთორმეტე ღამე", ნ. გოგოლის "ქორწინება", მ. ლერმონტოვის "მასკარადი", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი", პარონიანის "ძია ბაღდასარი", ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის", "მორგანის მძახალი", ლ. ლეონოვის "შემოსევა", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ს. ვურღუნის "ვაგიფი", "სანდარი", ბარსეგიანის "კამო", დემირჭიანის "ვარდანანქი", ავჩიანის "საიათნოვა", "ქოროღლი", მანველიანის "ბაღების სიმღერა", ა. აბშილავას "ადამიანი დაბრუნდა", შილერის "ყაჩაღები" და სხვა. როგორც მსახიობმა შეასრულა შემდეგი როლები: ძია ბაღდასარი (პარონიანის "ძია ბაღდასარი"), მასისიანი (გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), მინთოევი (ა. შირვანზადეს "მორგანის მძახალი"), სიმონა (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა") და სხვა.