სვიმონ გოგოლაშვილი (1865-1922) მსახიობი,რეჟისორი.
განათლება ჯერ თბილისის სამოსწავლო სემინარიაში მიიღო, შემდეგ სწავლა ოდესის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც სტუდენტურ არეულობაში მონაწილეობის გამო იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სამშობლოში დაბრუნებულმა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მდივნად დაიწყო მუშაობა. აკაკი წერეთლის თხოვნითა და რჩევით იგი ქუთაისის სცენოსმოყვარეთა წრეში ჩაეწერა, შემდეგ იგი თბილისსი მიიწვიეს და დაიწყო მისი გზა ქართულ თეატრში.
საზოგადოების დავალებით ერთხანს ავჭალის აუდიტორიისა და ავლაბრის სცენის მოყვარეთა წრეებს რეჟისორობდა; ხშირად მონაწილეობდა სახალხო სასოფლო წარმოდგენებში; 1909 წელს მიწვეულ იქნა ნაძალადევის სახალხო თეატრის აშენების ხელმძღვანელად და რეჟისორ-მსახიობად. 40 წელი ემსახურებოდა ქართულ თეატრს. სვიმონ გოგოლაშვილის მთელი ოჯახი ტონს აძლევდა ქართულ თეატრალურ სამყაროს. მაშინ, როცა მშობლიური ენა და საერთოდ ყველაფერი ქართული იდევნებოდა, სცენა ეროვნული კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების ტრიბუნად გადაიქცა. მისი საყვარელი როლები იყო: ლაერტი ("ჰამლეტი"), იაგო ("ოტელო"), ედმუნდი("მეფე ლირი"), ლევან ხიმშიაშვილი("სამშობლო") და სხვ. გარკვეული პერიოდი ბაქოს ქართული თეატრის სცენისმოყვარეთა დასში მუშაობდა. პროფესიული თეატრის შემდეგ მუშათა უბნებს მიაშურა და მუშათა აუდიტორიებს, როგორც მსახიობი და რეჟისორი სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა; 1916 წელს სოჭის გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას; აქვე დააარსა საგანგებო ქართული ენის სკოლა, სცენისმოყვარეთა წრე და თეატრი. თავისი თეატრალური მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ საზოგადოებაში.
გთხოვთ,თუ ვინმეს გაქვთ მეტი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.