მარიამ დონაძე ( 30 მარტი 1920) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის მოზრდილთა საღამოს საშუალო სკოლა.
1935-1939წწ. სწავლობდა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. შემდეგ მუშაობდა მე-7 სამკერვალო ფაბრიკაში კონსტრუქტორად. 1941-1945წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში (დ. ალექსიძის და გ. ტოვსტონოგოვის კლასი). იმავე წელს მუშაობა დაიწყო თელავის თეატრში მსახიობად. 1946-1947წწ. იყო თელავის კულტურის სახლის ინსრუქტორი. 1947 წელს მუშაობდა მახარაძის თეატრში, 1953-1955წწ. ბათუმის თეატრში მოღვაწეობდა მსახიობად, 1957 წლიდან ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 100-ზე მეტი როლი აქვს განხორციელებული ქართულ სცენაზე. მათ შორის აღსანიშნავია: მარეხი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), თეკლა (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ძიძია (ა. შანშიაშვილის "ხევის ბერი გოჩა"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), მაშიკო (ა. ცაგარელის "ციმბირელი"), გოგიჩა (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველის "მოკვეთილი"), ქრისტე (პ. ირეთელის "ქრისტინე"), მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ეკა (ა. ფურცელაძის "მაცი ხვიტია), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), თალიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), მარფა პრასკოვია (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ფატი (გრ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი"), მერი, ქეთო (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და "მე ვხედავ მზეს"), მარიამი (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), მარგო (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), ელეონორა, მაყვალა (ა. ყაზბეგის "ელეონორა", "მოძღვარი"), ქალიჯანი (მ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), მერგოლური (აბდულოვის "მეცამეტე თავჯდომარე"), მარია (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ლილი (ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე"), ლიუდოჩკა, აგრაფინა (მ. გორკის "ვასა ჟელეზნოვა", "ეგორ ბულიჩოვი და სხვები"), ჯენევრა (ჯ. გოუს და ა. დიუსოს "ღრმა ფესვები"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), დორა (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), სტეფანია (ჯ. ფლეტჩერის "როგორ მოვარჯულოთ ცოლი"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი") და სხვა. 1956 წელს ხელმძღვანელობდა მახარაძის მასწავლებელთა სახლის დრამატულ წრეს.
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.