მიხეილ ვაშაძე ( 14 დეკემბერი 1908-1996) მსახიობი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.
1923 წლიდან მონაწილეობდა ჭიათურის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. პროფესიული სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს ჭიათურის საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე. 1926-1967 წლებში იყო ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და რეჟისორი(გარდა 1931-1932 და 1932-1934 წლებისა, როდესაც ქუთაისისა და ხაშურის თეატრებში მუშაობდა). 1967 წლიდან მიხეილ ვაშაძე იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით, უშუალობით, სისადავით, სიწრფელით, მაღალი პროფესიული კულტურით. საუკეთესო როლებია: ოთარბეგი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), არსენა (ს. შანშიაშვილის "არსენა"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), პეტრუჩიო (უ.შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), იაგო(უ. შექსპირის "ოტელო"), ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ბასა გუჯაბიძე(გ. ხუხაშვილის "ცხოვრება კაცისა"), ალექსანდრე ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია") და სხვ. მან დიდი წარმატებით განასახიერა პლატონ სამანიშვილისა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი") და ყვარყვარე თუთაბერის (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი") როლები. დადგმული აქვს სხვადასხვა ჟანრისა და სტილის სპექტაკლები. მათ შორის ი. ვაკელის "რვალი", დ. ერისთავის "სამშობლო", ნ. შიუკაშვილის "სულელი", ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი", ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა", გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ" და სხვ. მიხეილ ვაშაძემ შთამბეჭდავი სახეები შექმნა კინოფილმებშიც. ესენია: მღვდელი ("ეპისკოპოსი ნადირობაზე", 1971), ტაგუია ("მამლუქი", 1958), არჩილი ("განგაში",1968), ყარამანი("ტარიელ გოლუა", 1968), დათეშიძე ("ნერგები", 1972), ერმილე ("ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი") და სხვ.