სერგო ზაქარიაძე ( 1 ივლისი 1909-1971) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის(შემდეგ თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში; 1969 წლიდან თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია; მისი მეთაურობით ქართული თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა – თეატრმა გასტროლები გამართა რუმინეთისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებში; 1955-1960წწ. სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში; თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომედიურ როლებს. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენტი(შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", 1937), ჯიბილო(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1938),
კაპიტანი რატიანი(ლ. გოთუას "უძლეველნი", 1945), გიგაური(ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი", სტალინური პრემია, 1952), გიორგი(რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი", 1954), ბაგრატიონი(ა. სამსონიას "ბაგრატიონი", 1944), ბახა(ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", 1945), მეფე დავითი(ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი", 1946), ბესიკ გაბაშვილი(ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", 1942), თინიბეგი(მ. მრევლიშვილის "ზვავში", 1956), კავალერი რიპაფრატა(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი", 1952); შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებული როლები: ქადაგი("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი, დევი(გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", 1961; "ჭინჭრაქა", 1964), ოიდიპოს მეფის სახე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", 1956), შუისკი(ა. პუშკინის "ბორის გოდუნოვი", 1957). 1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), სიმონა("დარიკო", 1936), სარდიონი("სამშობლო", 1939), ვარდენი-ბრიგადირი("მეგობრობა", 1940), შადიმან ბარათაშვილი("გიორგი სააკაძე", 1942-1943, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ყარაჩოხელი("ქეთო და კოტე", 1948), მოხუცი მეზღვაური("ზღვის ბილიკი", 1962), ფოსტალიონი გიორგი("დღე უკანასკნელი, დღე პირველი", 1960); ივანე("პალიასტომი", 1963), ალმასხანი("შეხვედრა წარსულთან", 1966), მინაგო("მალე გაზაფხული მოვა", 1967), ლევან ცინცაძე("არ იდარდო", 1968). მსოფლიო აღიარება მოუტანა მსახიობს ქართველი გლეხის - გიორგი მახარაშვილის როლმა რ. ჩხეიძის ფილმში "ჯარისკაცის მამა".