დავით კვირცხალია ( 8 მაისი 1950) მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; 1988 წელს საქართველოს კინომატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1970 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: სალამურა (ა. სულაკაური "
სალამურა", რეჟისორი - რ. სტურუა), ერეკლე (დ. სუმბათაშვილი "ღალატი", რეჟისორი – რ. სტურუა), ზაზა (ნ. დუმბაძე "თეთრი ბაირაღები", რაჟისორი – რ. სტურუა), რომეო (შექსპირი "რომეო და ჯულიეტა", რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ლუციუსი (შექსპირი "იულიუს კეისარი" რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), ტელემაქე (ა. ვალიეხო ,"ოცნება", რეჟისორი – რ. ჩხაიძე), ანრი (ნ. წულეისკირი, გ. გეგეჭკორი "ძველი სამრეკლო", რეჟისორი – გ. გეგეჭკორი), თემო (თ. ჭილაძე "მოულოდნელი სტუმარი", რეჟისორი – თ. ჩხეიძე), ბურგუნდიის მთავარი (შექსპირი, "მეფე ლირი", რეჟისორი – რ. სტურუა), და სხვ.; სხვა თეატრებში განსახიერებული როლები: დიდრო (ნ. დუმბაძის ნოველების მიხედვით "ნუ მიგვატოვებ მზეო", რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), პავკა (ნ. ოსტროვსკი "როგორ იწრთობოდა ფოლადი", რეჟისორი – გ. ქავთარაძე) და სხვ.; მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა: "გზაჯვარედინზე" (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), "ეს არ უნდა მომხდარიყო" (რეჟისორი – ზ. კაკაბაძე), "ხორუმი ქართული ცეკვაა" (რეჟისორი – გ. კახაბრიშვილი) და სხვ.; მონაწილეობს სატელევიზიო სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (გრიშა კაკაჩია, რეჟისორი გ. ლიფონავა); გადაღებულია ფილმებში: "ქორწინება იმერულად" (რეჟისორი – ნ. წულაია), "ყვარყვარე" (რეჟისორი – დ. აბაშიძე), "ნატვრის ხე"(რეჟისორი – თ. აბულაძე), "მარტოხელა მონადირე", (რეჟისორი – ქ. დოლიძე) და სხვ.; სარეჟისორო ნამუშევრები: მხატვრული ფილმი "ოქროს ობობა" – 4 სერია(სცენარის ავტორები და რეჟისორები – დ. კვირცხალია, გ. ქავთარაძე, მ. ანთაძე.). ვიდეოფილმი "ჩემი სახელი საიდან იცი?" (ნ. დუმბაძის მოთხრობების "დედა" და "კორიდას" მიხედვით). 1984 წელს მიღებული აქვს კიევის ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო სარეჟისორო ნამუშევრისათვის ( მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ერთხელ").