დიმიტრი მამიევი ( 2 აგვისტო 1909-1983) მთარგმნელი,მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი მამიანთუბანი, ცხინვალის რაიონი.
1925-1927 წლებში სწავლობდა ცხინვალის გლეხთა ახალგაზრდულ სკოლაში. 1927 წელს გადავიდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ორწლიან სამასწავლებლო კურსებზე.
1931-1934 წლებში მუშაობდა ცხინვალის გაზეთ "კომუნისტში". 1936-1938 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის ცენტრალურ თეატრალურ სასწავლებელში. 1938-1942 წლებში მუშაობდა სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტად. 1943 წლიდან იყო კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ოსური დასის მსახიობი, ხოლო 1947-1951 წლებში იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოტელო(შექსპირის "ოტელო"), ჟერანტი(მოლიერის "შალად ექიმი"), ბერესტი(ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), სერგეევი(ს. როკის "ინჟინერი სერგეევი"), თინიბეგი(მ. მრევლიშვილის "ზვავი"), მაცნე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ჯემალი(კ. კალაძის "ხატიჯე"), კასაი, აგუბეჩირი(ბრიტაევის "ხაზბი", "არიდა"), ალექსი(ვ. სანაკოევის "ტატე"), თეიმურაზი(რ. ჩოჩიევის "ჩვენს ქუჩაზე ზეიმია"), მაიორი(კ. სიმონოვის "მელოდე") და სხვ. განახორციელა დამოუკიდებელი დადგმები: მ. შავლოხოვის "მთები ალაპარაკდნენ", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და სხვ. დიმიტრი მამიევს ეკუთვნის 35 დასახელების სხვადასხვა ნაწარმოებთა თარგმანები ოსურ ენაზე, მათ შორის მოლიერის "ძალად ექიმი" და "სკაპენის ოინები", შილერის "ყაჩაღები", გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ი. ვაკელის "შამილი", ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა" და "უბრალო ადამიანები", თ. რაზიკაშვილის "საბავშვო მოთხრობები", კ. სიმონოვის "რუსეთის საკითხი", ნ. ოსტროვსკის "როგორ იწრთობოდა ფოლადი", ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები", ნ. გოგოლის "რევიზორი" და სხვ. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ოსური დრამატურგიისა და აგრეთვე მუსიკალურ-საგუნდო ხელოვნების განვითარებაში.