კირილე მაჭარაძე ( 2 აპრილი 1886-1967) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ხონი.
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (1908-1911).
თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში: ქუთაისის (1909-1912), ჭიათურის (1913-1914). 1914-1919წწ. არმიაში გაიწვიეს. 1919-1920წწ. მუშაობდა ფოთის, ხოლო 1921-1930წწ. ბათუმის თეატრებში. 1930 წლიდან დაიწყო მსახიობობა საქართველოს კინოსტუდიაში. 1943-1945წწ.
მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში. შექმნილი აქვს შემდეგი სცენური სახეები: ყარა-იუსუფი და ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), გელა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის "სამშობლო"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ქურუმი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვა. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი აჭარელი ("ახალგაზრდობა იმარჯვებს"), თავადი ირმელი ("მალე შეხვედრამდე"), აზნაური ("დაკარგული სამოთხე"), მოხუცი მჭედელი ("ჟუჟუნას მზითევი"), კირილე ("დაგვიანებული სასიძო") და სხვა. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განყოფილების გამგედ და რამდენიმე კინოსურათის დამდგმელი ჯგუფის დირექტორად. დაწერილი აქვს საბავშო პიესები: "დათუნიას სამართალი", "ხაფანგში", "ბაკი-ბუკი", (ნ. ნაკაშიძის მიხედვით). თარგმნილი აქვს პისები: ა. პრავდინის "სიცოცხლის ყვავილი" და პ. მალიარევსკის "ჯადოსნური ქილა". რუსულიდან თარგმნილი აქვს ორმოცზე მეტი მხატვრული, მულტიპლიკაციური და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი.