რუსლან მიქაბერიძე (დ. 24 აგვისტო, 1939, ხარკივი, უკრაინა — გ. 16 დეკემბერი, 2020) — ქართველი მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინა.
1960-1962 წლებში სწავლობდა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ(1960-1970), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ(1971-1972) თეატრებში. 1972 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: შურა(ს. მიხალკოვის "სომბრერო"), ვალენტინო(შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), სპირიდონი(ვაჟა-ფშაველას "სათაგური"), მეზღაპრე(ანდერსენის "თოვლის დედოფალი"), ქამელეონი(მ. მაშადუს "ბრაზილიის საუნჯე"), რუინდანი(ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე"), ძერჟინსკი(დ. თაქთაქიშვილის "ნევის შადრევანი"), კიკვიძე(ვ. დარასელის "დივიზია №16"), გრძელი გაიოზი(რ. მამულაშვილის "ძია ელიოზი") და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: პეტრიონიუსი(ჯ. ფლეტჩერის "ჭირვეული ქმრის მორჯულება"), ოფიცერი(შილერის "დონ კარლოსი"), ჯოყოლა(ვაჟა-ფშაველას "ორი პოემა"), ბენ იოხაი(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), არჩილი(ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), პატრონი(ნ. გოგოლის "ქორწინება"), შიო ხარაძე(ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში") და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში განასახიერა შემდეგი როლები: ხაჟომია(კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლებ რიაბინინი(ი. დვორეცკის "უცხო კაცი"), სპირიდონი(რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), შუისკი(ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანეს სიკვდილი"), კაპულეტი, ბრეკენბერი(შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III"), პირველი აბჯროსანი(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), კრეონი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), გრიგოლი(მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), მალისოვი(ა. გელმანის "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი). 1972 წლიდან მოღვაწობს "ქართულ ფილმში". შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. რუსლან მიქაბერიძის პოპულარობას არანაკლებ ზრდის ნიჭიერად დაწერილი ეპიგრამები და მახვილგონივრული ფუნაგორიები.