მისი უწმიდესობა და უნეტარესობა მელქისედეკ III (ერისკაცობაში — მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე; დ. 2 ნოემბერი, 1872, ყანდაურა, სიღნაღის მაზრა — გ. 10 იანვარი, 1960, თბილისი) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1952-1960 წლებში.
დაიბადა მედავითნის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები. 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ყაზანის სასულიერო აკადემიაში. 1900 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად. 1902 წლის 26 იანვარს იგი გადაყვანილ იქნა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის ქალაქ ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია. 1915 წლის 15 მაისს ქალაქ ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 1915 წლია 31 მაისს აკურთხეს მღვდლად. 1917 წლის ივლისში იგი ბრუნდება საქართველოში და ინიშნება გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1918 წლის 21 ნოემბერს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1921-1922 წლებში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წლის 5 აპრილს დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წლის თებერვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად. 1925 წლის ოქტომბერში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსის ლოცვაკურთხევით აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად მელქისედეკი. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, იგი აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს ალავერდის ეპარქია. 1927 წლის 17 ოქტომბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1928 წლის 24 მარტიდან იწოდებოდა წილკნელად, მაგრამ, რადგანაც ეპარქიაში აღარ იყო დარჩენილი მოქმედი ეკლესიები, გადმოყვანილ იქნა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1935 წლის 2 იანვარს უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მიტროპოლიტობა და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1938 წელს იძულებული გახდა სოხუმიდან დაბრუნებულიყო თბილისში. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად. 1944 წლის 30 აპრილიდან იგი ითვლებოდა ურბნელად და იყო წინამძღვარი თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიისა.
1952 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი. კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III, მეტად ერუდირებული ადამიანი იყო, ის არაერთხელ გამოსულა მშვიდობის დაცვის სხვადასხვა კონფერენციაზე, ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“, არიანეს „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“. საერო ხელისუფლებისაგან შევიწროებულ ეკლესიას და მის მეთაურს არ ჰქონდა მოქმედების თავისუფლება. უწმიდესი მელქისედეკ III გარდაიცვალა 1960 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.