ბენედიქტე კონსტანტინეს ძე ბალავაძე (დ. 25 ივნისი [ძვ. სტ. 12 ივნისი], 1909, სოფ. ღანირი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 26 მარტი, 2010, თბილისი[1]) ბენედიქტე ბალავაძე მიეკუთვნება ქართველ მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელთა სახელებთანაა დაკავშირებული ჩვენს ქვეყანაში გეოფიზიკური მეცნიერების, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საბუნებისმეტყველო მიმართულების დაფუძნება და განვითარება. ბატონმა ბენედიქტემ თავისი ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული გეოფიზიკის დარგში ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებაში, მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი გეოფიზიკის ერთ-ერთი დარგის - გრავიმეტრიის განვითარებას რესპუბლიკაში.
ბ. ბალავაძე დაიბადა 1909 წლის 25 ივნისს სამტრედიის რაიონის სოფ. ღანირში, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ბალავაძის ოჯახში. 1931 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, მან პროფ. მ. ნოდიას მიწვევით მუშაობა დაიწყო კარსნის მაგნიტურ ობსერვატორიაში, სადაც ინტენსიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიის მაგნიტურ აგეგმვაში. ამის შემდეგ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, გასული საუკუნის 30-იან წლებში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის სეისმოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლისას, მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერების გვერდით ღირსეულად წარმოაჩინა თავისი ნიჭიერება და ურთულესი სამეცნიერო პრობლემების ფართომასშტაბური და ორიგინალური გადაწყვეტის უნარი. აქ გაითავისა მან გრავიმეტრიის საიდუმლოებანი და სიღრმისეულად ჩაწვდა მისი საშუალებით სასარგებლო წიაღისეულისა და დედამიწის ქერქის აგებულების შესწავლის პრობლემებს. სწორედ ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა მოუტანეს ახალგაზრდა მეცნიერს საყოველთაო აღიარება და ავტორიტეტი.
1933 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, ბ. ბალავაძე ბრუნდება საქართველოში და პროფ. მ. ნოდიასთან, აკად. ნ. მუსხელიშვილთან და აკად. წევრ-კორ. პროფ. პ. ნიკიფოროვთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის საქართველოს განყოფილებაში გეოფიზიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული მისი საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება გეოფიზიკის ინსტიტუტს. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, სწავლულ მდივნად, დირექტორის მოადგილედ, წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის დირექტორი, დაბოლოს - ინსტიტუტის მრჩეველი.
1937 წელს ბ. ბალავაძემ მოსკოვში, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1955 წელს - სადოქტორო დისერტაცია.
ბატონი ბენედიქტე მრავალმხრივ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა გეოფიზიკის მიმართულებით. მისი მნიშვნელოვანი მეცნიერული გამოკვლევები მოიცავს საძიებო, რეგიონული და გლობალური გეოფიზიკის, დედამიწის ქერქის დინამიკისა და მიწისძვრების პროგნოზის დარგებს. 1960-იან წლებში ბ. ბალავაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მამადავითის მთის ქვეშ, შეიქმნა გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ქერქის მიმოქცევების შემსწავლელი ლაბორატორია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების მიერ ლაბორატორიას დაეკისრა დახრების საზომი ხელსაწყოებით დაკვირვებების უნიფიკაციის საერთაშორისო ცენტრის ფუნქცია.
დასავლეთ საქართველოში მდ. ენგურზე მსოფლიოში უნიკალური მაღლივ თაღოვანი კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით, 1967 წელს, ბ. ბალავაძის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია, სადაც დღესაც ტარდება გეოფიზიკური მონიტორინგი დედამიწის ქერქის ტექტონიკური და ტექნოგენური დეფორმაციული პროცესების დროში მიმდინარეობის შესასწავლად, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით.
ბ. ბალავაძის ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით 1975 წელს სტამბური წესით გამოიცა კავკასიის ტერიტორიის გრავიმეტრიული რუკა ბუგეს არასრულ ტოპოგრაფიულ რედუქციაში, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.
ბ. ბალავაძის უდიდესი დამსახურებაა გეოფიზიკის ინსტიტუტში გამოთვლითი ცენტრის ჩამოყალიბება, რომელსაც, მისივე მოწვევით, წლების მანძილზე სათავეში ედგა აკად. მ. ალექსიძე. ამ ცენტრში დანერგილმა მათემატიკურმა მეთოდებმა ახალ დონეზე აიყვანა და მნიშვნელოვნად აამაღლა გეოფიზიკური კვლევების დონე და ეფექტურობა.
1967 წელს ბენედიქტე ბალავაძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს - ნამდვილ წევრად. 1977-78 წ.წ. იგი ასრულებდა მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობას, 1978-88 წ.წ. იყო აკადემიკოს-მდივნის მოადგილე.
ბ. ბალავაძის მრავალმხრივი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა აღნიშნულია მთავრობის არაერთი ჯილდოთი. ამასთან ერთად, მისი მეცნიერული მოღვაწეობის აღიარებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც მან თავის კოლეგებთან და მოწაფეებთან ერთად მიიღო 1994 წელს.
ნაყოფიერ მეცნიერულ კვლევებს ბ. ბალავაძე მუდმივად უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი 1938 წლიდან მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრაზე, რომლის ხელმძღვანელი თვითონვე გახლდათ 1976-1991 წლებში. 1968 წელს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მან დააარსა ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე.
ბატონმა ბენედიქტემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართული გეოფიზიკური სკოლის წინსვლისა და ღირსეული მეცნიერული კადრებით შევსების საქმეს მიუძღვნა. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული გრავიმეტრიული სკოლის შექმნა, რომელიც ამ დარგის 20-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატის, 6 მეცნიერებათა დოქტორისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2 ნამდვილი წევრითაა წარმოდგენილი.
მათი უმრავლესობა დღეს დამოუკიდებლად აგრძელებს და ანვითარებს ბატონი ბენოს მიერ რამოდენიმე ათეული წლების წინ დაწყებულ საქმეს.
ბ. ბალავაძე 250-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის 4 მონოგრაფიის და გრავიმეტრიაში კლასიკური სახელმძღვანელოსი, რომელიც გადამუშავებული სახით ორჯერ გამოიცა და რომელზედაც რამოდენიმე ათეული თაობა აღიზარდა. მისი ძალისხმევის შედეგად შედგენილი და გამოცემული იქნა ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული გეოფიზიკური ტერმინოლოგია, რომელიც სამაგიდო წიგნად იქცა ყველა გეოფიზიკოსისათვის.
წყარო-opentext.ge