ზვიად კაცაძე კაპრალი მედალი მხედრული მაამცობისთვის, 2008 წ. ცხოვრობდა ბაღდადი სოფელი როხი
თერთმეტ აგვისტოს შინდისთან მომხდარი შეტაკების დროს მას დაჭრილი მეგობრები გამოჰყავდა სამშვიდობოს, როცა მტრის ტყვია დაეწია. მეგობრებისთვის უთქვამს, „ვიცი ვერ გადავრჩები და ჩემებს გადაეცით, რომ ყველა ძალიან მიყვარსო“. ბოლო შეტყობინება საცოლეს გაუგზავნა _ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვეღარ გნახავო...“
იამზე კაცაძე, და: „ზვიადს ყოველთვის უყვარდა სამშობლო. ჯარში ყოფნის დროს ეს სიყვარული უფრო გაუღვივდა. ალბათ, ამანაც გამოიწვია, ის, რომ კომანდოს სამსახურში შესულიყო და ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო. მან ხომ ჯერ კიდევ ბავშვმა გაიგო რა იყო ომი. მისი უპირველესი მიზანი სამშობლოს დაცვა იყო. ძალიან უყვარდა საქართველო. ასე იტყოდა: `ქართველი რის ქართველია თუ სამშობლოს დასჭირდა, მისი გულისთვის თავი არ გასწირაო“. 2006 წელს მოაწერა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულში კაპრალად მსახურობდა. უკანასკნელად 11 აგვისტოს ვესაუბრე, მაშინ შინდისში ყოფილა და სწორედ იქ დაღუპულა. სანამ თვითონ შეეწირებოდა მტრის ტყვიას, მეგობრებს ეხმარებოდა სამშვიდობოს გასვლაში, ჭრილობებს უხვევდა თურმე. მტრის ტყვია ფეხში მოხვედრია, მეგობრებისთვის უთქვამს, ბიჭებო სისხლისგან ვიცლები, ვიცი მოვკვდები და ჩემებს გადაეცით, რომ ყველა ძალიან მიყვარსო. აი ეს ყოფილა მისი ბოლო სიტყვები. მოძღვრებს გადაუსვენებიათ თბილისში... 11 აგვისტოს ანგარიშზე 3 ლარი ჩავურიცხე. მხოლოდ 6 თეთრი ჰქონდა დახარჯული. საცოლისთვის გაგზავნილი უკანასკნელი მესიჯი. სად ეცალა შუა ომში ტელეფონზე სალაპარაკოდ. ასე წავიდა 28 წლის ვაჟკაცი სამზეოდან - თბილი და ტკბილი. მის პატივსაცემად სოფლის ცენტრში, ომში დაღუპულთა გვერდით, ახალგაზრდობამ საპატიო ქვა დაუდგა. გარდაცვალების მერე კი მისცეს სიგელი ,,გმირული მამაცობისთვის“.
ზვიად კაცაძე 1980 წლის 25 იანვარს სოხუმში, სოფელ ეშერაში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. 5 და-ძმა ჰყავდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში იწვნიეს საკუთარ თავზე ომის სისასტიკე, ზვიადი მაშინ პატარა იყო და სამშობლოს დაცვა არ შეეძლო, როცა შეძლო, თავიც შესწირა.
იამზე კაცაძე: „მაშინ ბევრი რამ გადავიტანეთ. ზვიადი 12 წლის იყო. რამდენიმე კვირა ტყეში ვიმალებოდით. ცოცხლები ძლივს გადავრჩით. შემდეგ კი, როგორც ბევრი სხვა ლტოლვილი, გემით ფოთში ჩამოვედით, იქიდან კი ბაღდათის რაიონში, სოფელ რუხში ნათესავებთან მივედით. მოგვიანებით კი პატარა სახლიც ავაშენეთ. იქ შევედით სკოლაში. ზვიადმა ახალი მეგობრები გაიჩინა, ყველამ შეიყვარა. ბევრი მეგობარი ჰყავდა. სწავლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს და წავიდა კიდევაც.
ძალიან უყვარდა ხატვა. თავისუფალ დროს ტაძრებს ხატავდა. ნივთებსაც აკეთებდა. ის ძალიან მორწმუნე იყო. ყველა ვუყვარდით, მაგრამ განსაკუთრებით დედა უყვარდა. ზვიადს ყოველთვის ჰქონდა ძმების ნოსტალგია, რომლებიც ომის შემდეგ რუსეთში იმყოფებოდნენ და დღემდე იქ არიან. მართალია, ხშირად ჩამოდიოდნენ ძმები, მაგრამ ზვიადს ეს არ აკმაყოფილებდა.
საცოლე ჰყავდა - ანა კორძაია. ძალინ უყვარდათ ერთმანეთი. ტელეფონზე ვნახეთ მისთვის გაგზავნილი უკანასკნელი წერილი, სადაც წერდა, რომ ძალიან უყვარდა, მაგრამ შეგრძნება ჰქონდა, რომ ვეღარასოდეს ნახავდა. ზვიადს წინასწარ ბინაც ჰქონდა ქუთაისში დაქირავებული. დაოჯახებას ორ თვეში აპირებდა, მაგრამ არ დასცალდა...
ომი რომ დაიწყო ძალიან შეგვეშინდა. მახსოვს 11 აგვისტოს დილას, დიდი წვალების შემდეგ დავუკავშირდი. ხმა არ მომეწონა, ძალიან შეცვლილი იყო, მოწყენილი და მკაცრი ხმა ჰქონდა. შევეკითხე, ზვიად რა გჭირს, ხომ კარგად ხართ, საჭმელი ხომ გაქვთ-მეთქი? კი კარგად ვარ, ჩვენ ახლა ვარჯიშზე ვართო. ახლა ვხვდები რა მწარედ მომატყუა. ტელეფონი თვითონ გათიშა, ალბათ, არ ეცალა... მის მერე ვეღარ დავუკავშირდით. მერე, მოგვიანებით, მეზობელი ბიჭები ჩამოვიდნენ და ასე გვითხრეს, დაჭრილი უნდა იყოს და ეძებეთო. დედას გულმა უგრძნო... 14 აგვისტოს წავიდა ზვიადის საძებნელად. სანამ ეძებდა, ჩვენთან ბაღდათის უფროსობა იყო მოსული და მათ შეგვატყობინეს ზვიადის დაღუპვის ამბავი. დედას დავურეკეთ, ზვიადი დაჭრილი მოიყვანესო, მოვატყუეთ.“
დედა ყველაფერს მიხვდა... 19 აგვისტოს ქრისტიანული წესით დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე. გმირის დედა მედგრად იყო. დღესაც ამბობს „ამაყი ვარ, რომ ჩემი შვილი სამშობლოს შეეწირაო.“
ვიდეო გადაიღო და მოგვაწოდა სოფიკო ნატრიაშვილი დავითის ასული დაბადებულია სოფელი დიმი ბაღდათი