მარნეული მებრძოლთა სია 1990-იანი წლიდან გადადი ლინკზე
კაპრალი ზოიძე რომანი ლევანის ძე 1988 - 2008 ცხოვრობდა მარნეულში ვახტანგ გორგასლისს III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
შეიძლება ფილმი გეგონოთ, ან რაინდობის დროინდელი ამბავი. მართლა რთულია დაჯერება, რომ ეს დღეს მოხდა...
20 წელი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ფეხსა და მკლავში დაჭრილს, უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამებრძოლები ჰოსპიტალისკენ მიგყავდეს. როცა სამი დაჭრილი მებრძოლი სამშვიდობოს გამოიყვანა, რომან ზოიძე ექიმებს არ დაემორჩილა და უკან, ცხელი წერტილისკენ გასწია... დღეს სამივე ქართველი ცოცხალია და ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება გმირი, რომელმაც მათ სიცოცხლე აჩუქა...
ქართულმა შენაერთებმა უკან დახევა დაიწყეს, რომანი და მისი თანამებრძოლები, ჯერ შინდისში ეკლესიასთან შეჩერდნენ, შემდეგ კი მატარებლის რელსებს მეორე სოფლისკენ გაუყვნენ. თურმე წინ ქართული დროშებით შენიღბული რუსული ჩასაფრება ელოდათ... მოულოდნელი აღმოჩნდა ბიჭებისთვის მშობლიურ დროშებს მიღმა მტრის ტყვიამფრქვევის აღმოჩენა. ალყაში მოქცეულებს რესურსი მხოლოდ საათსა და ოც წუთს ეყოთ. რუსები ისე უცბად გადმოვიდნენ შეტევაზე, რომ ვეღარც შეტყობინების გადაცემა მოასწრეს და დერეფნის გარეშე დარჩნენ.
70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა. მტერი ძალიან ბევრი იყო. ერთი რუსული ასეული, სხვადასხვა შენაერთებით, ჩვიდმეტიოდე ქართველს ებრძოდა. როგორც შეეძლოთ, მტერს აკავებდნენ, თან დაჭრილები გაჰყავდათ. 17-მა ბიჭმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწია რუსებს, რომ მათი მანქანების კოლონამ, როგორღაც უკან დაიხია და სხვა გზით წავიდა. 17–მა ბიჭმა მაშინ რამდენიმე ქართული ასეული გადაარჩინა.
ამ ამბის მომსწრე რუსი ოფიცერი, საშა დროზდოვი, დღემდე გაკვირვებული ყვება თურმე ამ ისტორიას.
ალყაში საბოლოოდ ორნი დარჩნენ, რომანი და მისი ნათლია - ალექსანდრე ონიანი. რომანი კიდევ დაჭრილა, არტერიაში მოხვედრია ანასხლეტი და სისხლისგან იცლებოდა... ალექსანდრე საერთოდ უვნებლად იყო გადარჩენილი, თუმცა რომანი არ მიუტოვებია... ეხვეწებოდა ნათლული, მე მაინც ვეღარ გადავრჩები და შენ მაინც გააღწიე, რომ შემდეგ საფლავზე ჩემი სადღეგრძელო თქვაო, მაგრამ ისინი ბოლომდე ერთად დარჩნენ...
მუხლებზე იდგნენ და მამაო ჩვენოს ამბობდნენ, ორი გააქტიურებული ყუმბარა ფეხებშორის ჰქონდათ დამალული. რუსები მოიტყუეს, ვითომ ხელაწეულები ბარდებოდნენ მტერს და როდესაც მათ სიახლოვეს მტრის რაოდენობამ იმატა, ყუმბარები გაიხსნა. 300 მეტრის რადიუსით გაიშალა ანასხლეტი და 48 რუსის ჯარისკაცი დააზიანა, აქედან 35 დაიღუპა... დიდი დანაკლისი მიაყენეს რუსებს. 2 კაცმა თითქმის გაანადგურა მტრის ასეული...
გმირობის ისტორია 1988 წლის 9 ივნისს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში დაიწყო, როცა სამშობლოს რომან ზოიძე შეეძინა.
მარინა ზოიძე, დედა: „შუახევის რაიონში, სოფელ კარაპეტში ვცხოვრობდით. მეწყერსაშიში ზონა იყო და იქიდან კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში გადაგვასახლეს. რომანი იქ დაიბადა და ოთხ წლამდე იქ იზრდებოდა. ბავშვებმა ჰაერი ვერ აიტანეს და 1993 წელს გადმოგვასახლეს მარნეულის რაიონში, სოფელ შულავერში. თავიდან აქაურობას ვერ ეჩვეოდა, უცხო გარემო იყო, თან ბევრი აზერბაიჯანული ოჯახი ცხოვრობს და მათი საუბარი არ ესმოდა... როცა წამოიზარდა, უკვე კარგად ფლობდა აზერბაიჯანულ და რუსულ ენას. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა...
სულ მეტყოდა ხოლმე, რომ გავიზრდები, არაფერს მოგაკლებო... გაიზარდა და როცა მართლა რაღაცა შეეძლო, ბედმა გვიმტყუნა...“
ფრიდონ ზოიძე, რომანის ძმა: „სკოლიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, სამხედრო გამხდარიყო. ჩვენს ოჯახს სამხედრო ხაზი წინაპრებიდან მოგვდევს, ბაბუაჩემი, მისი ძმები, ჩვენი ბიძაშვილები, ყველანი სამხედროები იყვნენ და არიან. მეც სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობ ამჟამად. როცა ბავშვობაში გვეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეთო, ორივე ჯარისკაცს ვამბობდით... ძალიან უყვარდა ისტორია, ბევრს კითხულობდა და ალბათ, აქედანაც მოდიოდა მისი სურვილი.“
დედა: „18 წლის რომ გახდა, კომისარიატიდან მოწვევა მოუვიდა. ჯან-ღონით სავსე ბიჭი იყო, კარგი სიმაღლეც ჰქონდა და კომისარიატში შემოწმება რომ გაუვლია, უთქვამთ, ეს ბიჭი პირდაპირ სენაკში გავუშვათო. წელიწადი რომ მოიხადა სავალდებულო, შემდეგ გადავიდა კონტრაქტზე. მაგრამ მანამდე სახლში მოვიდა და გვითხრა, კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელი და მშობლების თანხმობა მჭირდებაო. ვუთხარი, ჯერ სამხედრო ბილეთი აიღე, სახლში დაბრუნდი, სადმე ჩააბარე და ისწავლე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე... შენც და მამამაც აუცილებლად უნდა მოაწეროთ ხელიო.
ისეთი მიზანსწრაფული და მონდომებული იყო, რომ ვერ შევეწინააღმდეგეთ. მამამისმა უთხრა, მამი, შენ როგორც გაგიხარდება ისე მოიქეციო, ეს იყო და ეს...“
ძმა: „მეც წინააღმდეგი ვიყავი. ვეუბნებოდი სენაკი შორია-მეთქი. მაგ პერიოდში შევიტანე სასაზღვროში საბუთები და ყოველდღე ველოდებოდი, რომ უნდა დაერეკათ. რომანსაც ვეუბნებოდი გაიარე ტესტირება და შენც დაგაწყებინებ-მეთქი. შენი დიდი ხათრი მაქვს, ძმაო, მაგრამ იქ ერთი ოცეული ბიჭები ვინც ვართ, ყველანი გადავდივართ საინჟინრო ასეულშიო. საინჟინრო ქიმიური ასეული, ასე ერქვა მათ ასეულს. დანაღმვა, განაღმვა, სანგრების გათხრა... ეს იყო მათი მისია. საკმაოდ საფრთხილო და საშიში პროფესიაა.
მათზე ასეც ამბობდნენ, ცხოვრებაში ორ შეცდომას უშვებენ, პირველი ამ პროფესიის არჩევაა და მეორე შეცდომას რომ უშვებენ ისე იღუპებიან, მესამე შეცდომის დრო აღარ რჩებათო. ვკითხე მაინცდამაინც ეს პროფესია რატომ აირჩიე-მეთქი და მიპასუხა: - ერთი ნაცნობი მყავს, საინჟინრო ასეულშია და როცა ამ თემაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მინდა ეს ყველაფერი ვისწავლოო... მინდა, რომ ჩემს მტერს ,,სიურპრიზები“ მოვუწყოო... ოცეულის ბიჭებმა მოვილაპარაკეთ და ამ საქმეს ვერ ვუღალატებო.“
2008 წლის აგვისტოს ომში, ერთ ოცეულში 9 ჯარისკაცი არც ერთ ბრიგადას და დანაყოფს არ დაუკარგავს. ყველაზე დიდი დანაკლისი საინჟინრო ასეულმა განიცადა – მათ შინდისის გმირები უწოდეს, ერთ-ერთი რომანი იყო.
ძმა: „მეც მაქვს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა გავლილი და ვიცი, როდესაც შემადგენლობის 30% იკარგება ბრძოლის დროს, დანაყოფი უკან იხევს. ეს სისხლის დაკარგვას ნიშნავს, 9 ადამიანი ოცეულისთვის ძალიან ბევრია... მაინც არ მოეშვნენ და ბოლომდე გმირულად იბრძოლეს...“
დედა: „16 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი შეუსრულდებოდა, რაც კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ 11 აგვისტოს, შუადღის მერე ყველაფერი გაჩერდა...
რაც კონტრაქტზე იყო, სამ თვეში ერთხელ თუ ამოვიდოდა სახლში. სულ მენატრებოდა და გზას გავყურებდი. პირველ ივლისამდე ბოლო ორი კვირა შვებულება ჰქონდა აღებული და სახლში იყო ამოსული. ძალიან უცნაურად იქცეოდა. სახლში რომ მოდიოდა, არ უნდოდა, რომ დამეძინა, სურდა სულ მასთან ვყოფილიყავი. მეტყოდა ხოლმე, დედა ბავშვობაში, რომ იავნანას მიმღეროდი ერთხელ ისე მიმღერეო.... ოთახში იყო წამოწოლილი და ,,გაპუტულო გლეხის შვილო“ წავუღიღინე, ეგ არ გამაგონოო და მაშინ ,,ვისი ბედისა ხარ მეთქი“- ვუმღერე. გაიღიმა. იმ ღამეს ბევრი ვილაპარაკეთ, სანამ ცოლს მოვიყვან ჯერ ბინა უნდა ვიყიდოო, მერე წარმოიდგინა, როგორი ქორწილი ექნებოდა. შეყვარებული ჰყავდა და სექტემბერში დაოჯახებას აპირებდნენ... არ უყვარდა ამ თემაზე ბევრი საუბარი. მარტო ის ვიცით, რომ ქუთაისელი გოგო უყვარდა. მარტო ჩვენი კარის მეზობელს, თავის თანაკლასელ გოგონას უყვებოდა-ხოლმე მის ამბებს. მარტო მისთვის უთქვამს ომში ვარ და დედაჩემს არ უთხრაო... მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგო ქუთაისელია, წარმოშობით აჭარიდან. მშობლები საბერძნეთში ჰყოლია და თურმე რომანს ეხვეწებოდა კონტრაქტი დაარღვიე, ჯარიმის ფულს ჩემი მშობლები გადმოგირიცხავენ და ჩვენც საბერძნეთში წავიდეთო... შეყვარებულის ძმამაც დაურეკა, უკვე სიძედ მიაჩნდა რომანი და მანაც უთხრა: წამოდი ჯარიმის ფულს ჩვენ გადმოგირიცხავთო, მაგრამ არ ქნა... მე თუ შევქმნი ჩემი ხელით შევქმნი ცხოვრებასო... ხუთ შვილზე ოცნებობდა...
როცა პირველი ხელფასი აიღო. 90 ლარიანი ტელეფონი იყიდა. სახლში რომ მოვიდა ვუთხარი, დედა ეს რა გიყიდია, ორი თვის ხელფასი აიღე და ცოტა ნორმალური მობილური გეყიდა-მეთქი. მითხრა, დედი რომ დაგირეკავ, ხომ დაგელეპარაკებიო და მეტი რა მინდაო... ბოლოს გარდერობი მიყიდა, ხუმრობით მითხრა კიდეც, ერთი უჯრა ჩემიაო... 6 სექტემბერს უფროსი ძმისშვილი ერთი წლის ხდებოდა. მეუბნებოდა ისეთი რაღაც უნდა ვუყიდო, რომ მთელი ცხოვრება დარჩეს სამახსოვროდო... ძმის შვილს ბოლო საჩუქარი, ველოსიპედი უყიდა... მთელ ოჯახს რომანი ინახავდა...“
ძმა: „მდინარეზე ჩავდიოდით და იქ ვსვამდით ხოლმე ლუდს. საღამოს სახლში რომ მოვდიოდით ეზოში ვიდექით და ვლაპარაკობდით. დედა ფანჯრიდან გადმოგვძახებდა ხოლმე ამოდითო. რომანი კი ეტყოდა ,,დედა, სამშობლო - ცხინვალი გვიხმობსო“. ეს ფრაზა ამოიჩემა ბოლო ერთი კვირა და ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა. როგორც აღმოჩნდა ამ ყველაფერში რაღაც გამოძახილი იყო...“
დედა: „პირველ აგვისტოს სენაკში უნდა გამოცხადებულიყო. კვირას წავიდა სახლიდან, მეორე კვირას ისევ უნდა ჩამოსულიყო, მეგობრის მეჯვარე იყო და ქორწილში მოდიოდა. იმ დღეს, როცა სენაკში მიდიოდა, წვერი მამამისმა გაპარსა, რა ლამაზი ხარ მამიო, მოეფერა მამამისი და რომანმა უთხრა: ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო...“ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ჩაიცვა და სახლიდან გავიდა... მეგობარი მანქანით ეზოში ელოდებოდა, მას უნდა წაეყვანა სენაკში... ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ ჩავიდა კიბეებზე. ჩაჯდა მანქანაში და ხელი დამიქნია, აბა, თქვენ იცითო...“
მანქანა რამდენიმე წუთი გაუნძრევლად მდგარა, შემდეგ სახლისთვის ბიჭებს რამდენიმე წრე დაურტყამთ და წასულან. რომანი მეგობრის ქორწილშიც ვერ ჩამოვიდა, იქ იდგა სადაც მის ქვეყანას გმირი ყველაზე მეტად სჭირდებოდა...
ოჯახის წევრებს ცხელ წერტილში ყოფნის ამბავს ბოლომდე არ უმხელდა, როცა დაჭრილი ძმას ესაუბრა, უთხრა ფეხი მივარტყი მანქანიდან ჩამოსვლისას და გადაყვლეფილი მაქვსო...
14 აგვისტოს გაიგო ოჯახმა ეს უბედურება... ბოლომდე ეგონათ, რომ სენაკის ტყეში იყო... შინდისის გმირები უწმინდესის დახმარებით გადმოასვენეს. რომანის გარდაცვალების ამბავს მისი თანამებრძოლები, ცანავა, კალმახელიძე და ჩიტიძე შეესწრნენ, ისინი დაჭრილები იყვნენ მის შორიახლოს, სამი დღის შემდეგ იპოვეს, სამივე კომაში იყო, ჰოსპიტალში გააცოცხლეს... შინდისის ტრაგედიას მხოლოდ ისინი გადაურჩნენ. დღეს ბიჭები ყვებიან ისტორიას, რომელიც დიდ ტკივილთან ერთად გულში სიამაყის გრძნობას აცოცხლებს...
ისინი იდგნენ იქ, სადაც გმირები ერთხელ და სამუდამოდ დგებიან – საქართველოს სადარაჯოზე.
ინფორმაცია მოგვაწოდა კობა ბოჭოიძე ომარის ძე დაბადებულია ქ. მარნეულში