კაპიტანი უმწიკვლო სამსახურისთვის III ხარისხის მედალი, 2008 წ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. დაიბადა 13 იანვარი 1975 წელი, შემდგომ ცხოვრობდა გაგრაში
ის გმირულად დაეცა ცხინვალში. ამქვეყნად დარჩა ორი მცირეწლოვანი ვაჟი, ახალგაზრდა ქვრივი და... გმირის სახელი.
აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, სკოლა ახალდამთავრებულ, 17 წლის ჭაბუკში მეომარმა გაიღვიძა – წამითაც არ დაფიქრებულა, ისე ჩაება ბრძოლაში. დაჭრილი გამოარიდეს წინა ხაზს. ამ ომმა განსაზღვრა მთელი მისი მომავალი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოვლის შემდეგ, სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად, სამხედრო აკადემიაში ჩააბარა.
20 წლის იყო, მომავალი მეუღლე – თამარ ჩიკორია რომ გაიცნო.
თამარ ჩიკორიაც აფხაზეთიდანაა. ომი მათი ცხოვრების თანამდევი იყო მუდამ...
თამარ ჩიკორია, მეუღლე: „რვა წელი ვიცნობდით ერთმანეთს, სანამ დავქორწინდებოდით. წლების მანძილზე კრწანისის 113-ე ბატალიონში მსახურობდა. შემდეგ ერაყში წავიდა. სულ ვეჭვიანობდი ჯარზე, ოჯახისთვის არასდროს ეცალა, ახალი წელი მისთვის არ იყო და აღდგომა. სულ ჩქარობდა, სულ მოსწრებაზე იყო. სულ ვეუბნებოდი, რატომ ხარ ასეთი სულსწრაფი, წყნარად ჭამე, წყნარად ილაპარაკე-მეთქი, სულ მეშინოდა... ბოლოს ძალიან შეიცვალა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე გახდა, სულ თვალებში შემომყურებდა, სულ მეფერებოდა. ბოლოს ერთი მეგრული სიმღერა ჰქონდა ამოჩემებული – „ჩემი გულის ვარდი ხარ და რომ მოვკვდები, კარგად მიტირეო“. ასეთი სიტყვებია ამ სიმღერაში... მე მიმღეროდა, ეს ძალიან მაღიზიანებდა და შიშს მგვრიდა, ახლა ვხვდები, რისიც მეშინოდა....“
კაპიტანი კობა სერგია ბოლოს ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა შტაბის უფროსად.
თამარ (მაკა) ჩიკორია: „ექვს აგვისტოს სახლში მოვიდა, მძღოლი გაუშვა და არც საჭმელი ჭამა, ძალიან უხასიათოდ იყო, ბავშვები გავიყვანე დასაძინებლად და მეც ჩამძინებია. რომ გამეღვიძა, უკვე ჩექმებს იცვამდა, მითხრა: დაიძინე, წავალ და მალე მოვალო. შევბრუნდი და ძილი გავაგრძელე, არც გამიცილებია, არც ბავშვებისთვის უკოცნია, არ დაგვმშვიდობებია. მარტო დედაჩემისთვის უთქვამს: მგონი, ომი დაიწყო და მაკასა და ბავშვებს მიმიხედეო. წინა კორპუსის მეზობელს უნახავს, ტელეფონით იძლეოდა ბრძანებებს... მე არაფერი ვიცოდი, დილით ბავშვები სასეირნოდ რომ გავიყვანე, მაშინ გავიგე მეზობლისგან, რომ ომი დაიწყო. მაგრამ კობას ვეღარ დავურეკე. გამახსენდა, ერთხელ გამაფრთხილა, ეგეთ სიტუაციაში არ დამირეკო, თორემ შეიძლება სნაიპერი მიმიზნებდეს და შენი მოკლული ვიქნები, იცოდეო. სამი დღე ვითმინე. პარასკევს, საღამოს, ცხრის ათ წუთზე დამირეკა სხვისი ტელეფონიდან, მითხრა: მე კარგად ვარ, მაგრამ მეგობარი ამირან ცერცვაძე მომიკლესო. ვიცოდი, რომ მარტო ამის გამო შეაკლავდა მტერს თავს... ვუთხარი: აი, ნახავ, ამირო ცოცხალი იქნება, მე მას ვიპოვი-მეთქი. მართლაც, ყველა საავადმყოფოში დავრეკე და მეორე დღეს ღუდუშაურში ვიპოვე, ხელში იყო დაჭრილი... კობას ვურეკავდი, რომ მეხარებინა, მაგრამ ტელეფონი არ აიღო, გულმა ცუდი მიგრძნო... თავის ნომერს რომ არ პასუხობდა, იმ ნომერზე დავრეკე, საიდანაც წინა დღეს დამირეკა. მეგობარმა მიპასუხა, იმ ბიჭს ვთხოვე, კობასთვის გადაეცა, რომ ამირო ცოცხალი იყო. მას მერე ვერც ამ ბიჭს დავუკავშირდი და ვერც კობას... არ მინდოდა, მისი სიკვდილი გამეგო... შვილებიდან ლუკა მე მგავს და დათო – მამას. ამიტომ დეენემი ლუკას ავუღე, იმ იმედით, რომ არ დაემთხვეოდა. 28 სექტემბერს პასუხი უკვე ცნობილი იყო, თუმცა თქმა ვერავინ გაბედა, ბოლოს მისი მეგობარი გამოვტეხე... ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ორი თვე შვილებსაც ვეღარ ვუვლიდი...“
კაპიტნის მეუღლისთვის დღემდე უცნობია, ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა მისი მეუღლე. ერთ-ერთი ვერსიით, კობა სერგია, მეთაური დოლიძე და ჯოჯუა ცხინვალში იყვნენ, როცა რუსები შემოვიდნენ. რუსებსა და ოსებს შორის მოექცნენ, ვეღარც წინ წავიდნენ, ვერც უკან მოდიოდნენ და თავი მახლობელ შენობას შეაფარეს, რუსებმა ნაღმი შეუგდეს და სამივე იქ დაიღუპა.
თამარ ჩიკორია: „მუხათგვერდში იყო 27-ე ნომრად დაკრძალული, იქ დავიტირე. ვერ ვიჯერებ, სიკვდილისთვის მაინც ვერ ვიმეტებ, ჩემმა ძმამ ძმათა სასაფლაოზე გადმოასვენა... ახლა მივხვდი, რა რთული ყოფილა ცხოვრება...“
კაპიტანი კობა სერგია 1975 წლის 13 იანვარს, ზუგდიდის რაიონში დაიბადა, ნანატრი ვაჟი იყო. მეშვიდე კლასამდე ზუგდიდის რაიონში ცხოვრობდა, შემდეგ ბიძებთან გადავიდა გაგრაში. გაგრაშივე დაამთავრა სკოლა. მერე იყო აფხაზეთის ომი, სავალდებულო ჯარი, სამხედრო აკადემია. მან თავისი კარიერა ომში გმირულად დაასრულა.
https://www.facebook.com/1674097819531996/posts/2279742455634193/
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის შტაბის უფროსი კობა სერგია რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. იგი 9 აგვისტოს ნიქოზთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. დაკარგულ ჯარისკაცს ახლობლები 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ. სერგია ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ნომერ 27/27 ჯარისკაცის ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით მოხერხდა. მას ორი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. კობა სერგიას მეუღლე იმ 65-ლარიანი პენსიის დანიშვნას აპროტესტებს, რომელიც სახელმწიფომ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კომპენსაციის სახით გამოუყო.
შეიარაღებული ძალების კაპიტანის, კობა სერგიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა ბოლოს 6 აგვისტოს, ღამის პირველი საათისთვის მიიღეს. მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონი, რომელის შტაბის უფროსი სერგია იყო, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაიწვიეს.
თამარ ჩოკორაია, კობა სერგიას მეუღლე: "6 აგვისტოდან ჩემს მეუღლეს 3 თვის განმავლობაში ვეძებდი. ვეძებდი ცოცხლებშიც, დაღუპულებშიც, უგვზო-უკვლოდ დაკარგულებშიც და უცნობ ჯარისკაცებშიც. ქვეყნის თითქმის ყველა საავადმყოფო და პროზექტურა მოვიარე. უამრავი ჯარისკაცის ცხედარი ვნახე, მაგრამ კობას ვერსად მივაკვლიე".
ოჯახმა კობა სერგიას დაღუპვის შესახებ ოქტომბრის ბოლოს, მისი თანამებრძოლებისგან შეიტყო. 9 აგვისტოს ნიქოზთან მომხდარი შეტაკების დროს სერგიას დაღუპვის ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვალების მოწმობითაც დაადასტურა. თუმცა, მანამდე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისათვის ცხედრის განსასვენებელი ადგილი უცნობი იყო.
სერგიას ნათესავებმა ცხედრის მოძიება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც სცადეს. სექტემბრის ბოლოს, საპატრიარქოს დახმარებით, ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვენებულ ჯარისკაცებს შორის კობა სერგიას ცხედრის მოძიებამ კი ოჯახს პრობლემები შეუქმნა.
ნატო ჩოკორაია, თამარ ჩოკორაიას და: "მუხათგვერდის სასაფლაოზე პარაკლისი რომ ტარდებოდა, ტელევიზიით შევიტყვეთ. მე და ჩემი ძმა მივედით, მაგრამ ხელისუფლებიდან იქ არავინ დაგვხვდა. ოთხი საათით შევყოვნდით ძმათა სასაფლაოზე იმ იმედით, რომ ვინმე გამოჩნდებოდა და კობას შესახებ რამეს შეგვატყობინებდა. მთელი ოჯახი ფაქტობრივად ვიბრძოდით იმისათვის, რომ უცნობ ჯარისკაცებს შორის კობა აღმოგვეჩინა და დნმ-ის ანალიზით დაგვედასტურებინა. რატომღაც ყველა თავს გვარიდებდა".
ოქტომბრის ბოლოსთვის ლუკა სერგიას დნმ-ის ანალიზი 99,99%-ით მამისას დაემთხვა. გაირკვა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე იმ დროისათვის დაკრძალული 53 უცნობი ჯარისკაციდან 27/27 კობა სერგია იყო.
ნატო ჩოკორაია: "როცა ცხედრის გადასვენება დავგეგმეთ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა უარი გვითხრეს. დღესაც არ ვიცით, პრობლემები რატომ შექმნეს. ათი დღის შემდეგ, როცა ნებართვა მივიღეთ, პრობლემები ისევ გაჩნდა. გვინდოდა, ისევ მუხათგვერდზე გადაგვესვენებინა, სადაც მისი თანამებრძოლებიც არიან დამარხულნი, მაგრამ საოჯახო სასაფლაოსთვის ფართი არ გამოგვიყვეს“.
კობა სერგიას ცხედარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ხარჯები, 15 ათასი ლარი სახელმწიფომ, როგორც ყველა დაღუპულის ოჯახს, სერგიებსაც გამოუყო, მაგრამ ისინი უკვე სხვა პრობლემის წინაშე დადგნენ. კობა სერგიას მეუღლე მიიჩნევს, რომ პენსია, რომელიც მთავრობამ ჯარისკაცის მცირეწლოვან ვაჟებს საკომპენსაციოდ გამოუყო, მცირეა.
თამარ ჩოკორაია: "65-ლარიანი პენსიით შვილები როგორ გავზარდო?! მითუმეტეს თბილისში, ჯიქიას 8-ში კომპაქტურ ჩასახლებაში ვცხოვრობთ, საკუთარი ჭერიც არ გვაქვს. ამიტომაც ვთქვი უარი ამ დახმარებაზე. თავდაცვის სამინისტროში კი მითხრეს, თუ პენსიის ამ რაოდენობას არ დასჯერდებით, საერთოდ ვერაფერს მიიღებთო. გული აქაც მომიკლეს. სხვა დაღუპული ჯარისკაცის მეუღლეებს პენსია სამოქალაქო ხაზით გაუკეთებიათ. მირჩიეს მეც იგივე მეცადა. ასეთი პენსია თითო ბავშვზე 55 ლარს ითვალისწინებსო. არ ვიცი, სხვა რა გზას დავადგე, თუნდაც 110 ლარით როგორ ვიარსებოთ?!"
კობა სერგიას ოჯახისთვის ცნობილია იმის შესახებაც, რომ მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის შტაბის უფროსი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენზეა წარდგენილი. თუმცა საკითხი განხილვის სტადიაშია და მისი გადაცემის თარიღიც უცნობია.
კობა სერგიას საბრძოლო თავდადებისათვის ორდენები და სიგელები სიცოცხლეშიც მიუღია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ერაყშიც იმსახურა. უცხო ქვეყანაში გამოვლენილი წარმატებისათვის კი ამერიკის მთავრობამ უმაღლესი ჯილდოც გადასცა.
ის, რომ ასეთ ჯარისკაცებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, 28 ნოემბერს, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წინაშე საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა. მიხეილ სააკაშვილს არც დაღუპული ჯარისკაცის შვილები გამორჩენია, რომლებიც გმირი მამებითა და იმ სახელმწიფოთი უნდა ამაყობდნენ, რომლისთვისაც მსხვერპლი გაიღეს. პრეზიდენტი დაღუპული ჯარისკაცის შვილებს ბოლო რესურსების გამოყენებასაც დაპირდა იმისათვის, რომ მათთვის ღირსეული ცხოვრებისა და არსებობის პირობები შეიქმნას.
თუმცა, რამდენად შესრულდება მიხეილ სააკაშვილის პირობა, ამას პირველ რიგში ის ოჯახები იგრძნობენ, რომლებსაც ასეთი დახმარების მიღების ჯერჯერობით არ სჯერათ.
http://www.humanrights.ge/index.php?a=text&pid=7465&lang=geo
მადლობა, ლუკა შალვას ძე დოლიძე