სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ლევან დევდარიანი ცაგოს ძე 1984-2008წწ გარდ. 24 წლის, სამაჩბლო დაბ. სოფ. ზესხო. ლენტეხი ლევან დევდარიანი ცაგოს ძე 1984-2008წწ გარდ. 24 წლის, სამაჩბლო დაბ. სოფ. ზესხო. ლენტეხი ლევან დევდარიანი ცაგოს ძე 1984-2008წწ გარდ. 24 წლის, სამაჩბლო დაბ. სოფ. ზესხო. ლენტეხი

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დევდარიანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ლევან დევდარიანი ცაგოს ძე 1984-2008წწ გარდ. 24 წლის, სამაჩბლო დაბ. სოფ. ზესხო. ლენტეხი

ლევან ცაგოს ძე დევდარიანი



კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1984 – 2008

 

მარაბდის ველი. დედა-შვილი მოდის... ბიჭუნა აქეთ-იქით აცეცებს თვალებს. გმირ წინაპართა ფარ-ხმალს დაეძებს. ბიჭუნას საქართველოს ისტორია უყვარს. იმედგაცრუებული დედას ეკითხება: დედიკო, აბა, სადაა ხმლები?

დედას ეღიმება და უხსნის, რომ ისინი მიწამ დაფარა.

რა იცის დედამ, რომ გამოხდება ხანი და მის გვერდით მომავალი ბიჭი მომავალში მარაბდის გმირებზე არანაკლებ გმირობას ჩაიდენს, რომ ომის ორომტრიალიდან მშვიდობით გამოსული ალყაში ჩარჩენილ თანამებრძოლთა გადასარჩენად შებრუნდება, დაიჭრება და... და მას ის თანამებრძოლები იქ დატოვებენ.

ლევან დევდარიანი, სულ რაღაც, 24 წლისა იყო. არც ცოლ-შვილი დარჩენია, არც შეყვარებული... დარჩა სახელი – გმირის. დარჩა ბოლო ზარის პერანგი, ბეჭებზე საკუთარი ხელით ნაწერი წარწერით – „კაცობა-გმირობა“.

ლევან დევდარიანი ლენტეხის რაიონში, სოფელ ზესხოში დაიბადა.

ერთ წლამდეც არ ყოფილა მტირალა, მერე კი საერთოდ ხელი აუღია ტირილზე.

დედა, ბელა შერვაშიძე: „რაც ერთ წელს გადასცდა, არ მახსოვს, ეტიროს. რაღაცნაირი ძლიერი სულის პიროვნება იყო. რამეს რომ დააშავებდა და დავუძახებდი, აქ მოდი-მეთქი, იცოდა, რომ მოხვდებოდა, მაგრამ მაინც მოდიოდა და დგებოდა. რომ მოგეკლა, ვერ აატირებდი. ძალიან უყვარდა მამამისი და უნდოდა, მას მგვანებოდა. არადა არ ჰგავდა, უფრო მე მგავდა და როცა ეტყოდნენ, მამას არ გავხარო, ჯიუტად ამტკიცებდა, კიო, მამას ვგავარო. ძალიან უყვარდა ჭიდაობა და ყველა თავის თანატოლს ეჭიდავებოდა. რომ წააქცევდა და გაიმარჯვებდა, მერე სულ გული სწყდებოდა, რატომ წავაქციე, რატომ მოვერიე, ისინი ხომ ჩემი ძმაკაცები არიანო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვი იყო, უმცროსი და-ძმა ჰყავს და არ მახსოვს, რამეზე ეჩხუბათ“.

6 წლის იყო ლევანი, როცა ოჯახი სვანეთიდან აიყარა.

სვანეთში სტიქია მძვინვარებდა, მათ სოფელში ზვავები არ ჩამოწოლილა, მაგრამ ერთი თვე გადაუღებლად თოვდა. აღარც სოფელი ჩანდა, აღარც ნასოფლარი, ხალხი მაღალი ძაბვის სადენების სიმაღლე თოვლზე დადიოდა.

დედა: „დედაჩემის სოფელში ზვავებმა 26 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის დედაჩემის მამა და ჩემი ძმის ოთხი შვილიშვილი. ჩვენს ახლობლებს, ვინც აქეთ გვყავდა, ჩვენც გამოტირებული ვყავდით. მერე კომისია იყო ამოსული, კიდევ არ განმეორდეს, ზვავსაშიშროებაო და გარდაბანში ჩაგვასახლეს. ბავშვები გარდაბანს იოლად მიეჩვივნენ. ლევანს ძალიან უყვარდა გარდაბანი, მერეც, სტუდენტი რომ იყო, თბილისში არ რჩებოდა, გარდაბნიდან დადიოდა“.

გარდაბანში რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, დედამ იმ წელს სკოლაში არ შეიყვანა ლევანი, გარემოსთან შეგუება და სკოლაში სწავლა რომ არ გასჭირვებოდა და ერთი წელი ბაღში ატარეს, ბავშვებს დაუმეგობრდა. მეორე წელს სკოლაში რომ მიიყვანა დედამ, მერხს მიუჯდა თუ არა, პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ გვერდით მჯდომ ბიჭუნას ხელი დაუდო და მკლავის გადაწევა შესთავაზა, აბა, რომელი ვაჯობებთო.

დედა: „სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, გამორჩეულად ჰუმანიტარული საგნები უყვარდა, ქართული და ისტორია. საქართველოს ისტორიაზე გიჟდებოდა. მერე და მერე მისი საყვარელი ფილმი „მამაცი გული“ იყო. სულ იმას ამბობდა, როგორ უყვარს სამშობლოო, ყველაფერს ანაცვალებს სამშობლოსო. „დათა თუთაშხია“ უყვარდა ძალიან, სულ გახაზული აქვს ის ფრაზები, რაც მოსწონდა. საერთოდ, ძალიან უყვარდა კითხვა, მე ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. სანამ პატარა იყო, მიმყავდა და კითხულობდა, ენციკლოპედიებს ჩაჰკირკიტებდა. მერე, რომ წამოიზარდა და იქ სიარული ეზარებოდა, სახლში მომქონდა მისთვის წიგნები. რამე ციტატა რომ შემხვდებოდა სამშობლოზე, სიყვარულზე, ამოვუწერდი და მომქონდა ხოლმე. ამ ქვეყანაზე რაც სითბო და სიყვარული ვიცოდი, ყველაფერი ჩავაქსოვე ბავშვების გაზრდაში... დაწყებით კლასებში რომ სწავლობდა და რამეს დააშავებდა, ვეტყოდი, ნაზი მასწავლებელს ვეტყვი-მეთქი. მერე მთელი დღე უკან დამდევდა და მეხვეწებოდა, დედიკო, ოღონდ არ უთხრა და აღარაფერს დავაშავებო. ასევე იყო კარატეს მწვრთნელზეც, იმის ხათრი ჰქონდა უსაშველო. ძალიან უნდოდა ჭიდაობაზე სიარული, მაგრამ გარდაბანში არ იყო ჭიდაობის სექცია და მეორე კლასში რომ გადავიდა, კარატეზე მივიყვანეთ. ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა, წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ბოლომდე არ გაჰყვა.

მამა, ცაგო დევდარიანი: „შავ ქამარზე, რომ ჩააბარა, მერე აიცრუა გული.

ხუთჯერ თუ შვიდჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა პატარებში, ორჯერ კავკასია მოიგო, მაგრამ ისეთი სიდუხჭირე იყო, ამის იქით ვერსად გავიდა. ერთ წრეზე ტრიალებდნენ. სახელმწიფოს არ ჰქონდა საშუალება, რომ სადმე გაეშვა, არც ოჯახში გვქონდა საშუალება, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გაგვეყვანა. თბილისსა და ბაქოს ვერ გასცდა და უკვე ინტერესი დაკარგა, მობეზრდა, თორემ მართლა იშვიათი მონაცემები ჰქონდა. ერთხელ ფიზიკური მონაცემების შეჯიბრი ჩატარდა თბილისში, ყველა რაიონიდან იყვნენ. კინაღამ გააგიჟა მსაჯები, 180-ჯერ ჩავიდა და ავიდა ცალი ფეხით. გააჩერეს, ბავშვი არ გადაიწვასო. 200-ჯერ აიწია მუშტებით, ტანით 60-ჯერ აიწია ძელზე. ხელებით მთელ სპორტდარბაზს შემოუარა, 80 მეტრის მანძილზე. გაოგნდნენ. ამ დროს მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე იყო“.


სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გაგრძელება არ ისურვა. მშობლიურ სვანეთში წავიდა, მთელი ზაფხული და შემოდგომა იქ გაატარა.

დედა: „სვანეთიდან რომ ჩამოვიდა, სულ მეგობრებში ტრიალებდა. თავიდან არ ისურვა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მერე, მისი და რომ სტუდენტი გახდა, მასაც ჭკუაში დაუჯდა და ჩაბარება გადაწყვიტა. ვამზადებდით. მახსოვს, სვანური ქუდი უყვარდა ძალიან, მამაჩემმა აჩუქა და ქალაქშიც სულ იმ ქუდით დადიოდა. 2004 წელს ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობაზე. ვერის ბაღში, ერთი წელი კინგ-ბოქსინგშიც ვარჯიშობდა. აფორიაქებული იყო ბოლო წლებში. შეყვარებული არ ყოფილა. ეჰ, ნეტა ყოფილიყო შეყვარებული... სულ პირზე ეკერა კაცობა და გმირობა. ერთხელ ვკითხე: დედიკო, რას ეძახი კაცობას, ერთი შენებურად ამიხსენი-მეთქი. მე რომ ვარ, დედიკო, ეს არის კაცობაო. ახლა, მისი ბოლო ზარის პერანგი ვნახე, ბეჭებზე თავისი ხელით უწერია დიდად: „კაცობა – გმირობა“. უნივერსიტეტი 2008 წელს დაამთავრა, ერთი სული ჰქონდა, დიპლომს როდის აიღებდა. სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. დიპლომი სექტემბერში მოგვიტანეს, ვერ მოესწრო მის აღებას... ვერ ნახა თავისი დიპლომი“. ლევან დევდარიანი ჯარში არ გაუწვევიათ. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 2007 წლის გაზაფხულზე, თვითონ მიაკითხა კომისარიატს. მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევანიც კონტრაქტით წავიდა.

დედა: „ჩვენ არ გვინდოდა გაშვება. თავისი სურვილი იყო, ალბათ, ბედისწერაც... ისე უყვარდა იქ ყოფნა, ისე მოსწონდა ჯარი, სულ სხვანაირი შთაბეჭდილებით იყო ცხოვრების მიმართ...“

მერე ომი დაიწყო... შინიდან ბოლოს 4 აგვისტოს გავიდა.

დედა: „იმის მერე არც მინახავს, ომი რომ დაიწყო, არც მილაპარაკია, ტელეფონი ვაზიანში ჰქონდა დატოვებული. რომ ამბობდნენ, წინ სპეცრაზმი მიდისო, მეგონა, რომ ისინი უკან იქნებოდნენ, არადა, თურმე ესენი იყვნენ სპეცდანიშნულების სწრაფი რეაგირების ბატალიონი. ჩემი მეორე ბიჭი სვანეთში იყო იმ დროს, იმან დაგვირეკა, ლევანიც შეუყვანიათ ცხინვალშიო. ჩემი მულისშვილიც მსახურობდა ვაზიანში, იმასთან ულაპარაკია... ბიჭები მიყვებოდნენ მერე, მთელი ომის ქარ-ცეცხლი გამოუვლია. მე არ მინახავს, მომიყვნენ, ტელევიზიით ულაპარაკია ექიმ გოგოს, რომელიც იქ დაიჭრა, იქ ერთი სვანი ბიჭი იბრძოდა, იმნაირი მე არაფერი მინახავსო. იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოხდა, ლევანის მეტი არავინ იყო სვანი... ჩემს მაზლისშვილს ახლობელი ჰყავს ჯარში, ის მოუყვა, ბიჭები უყვებოდნენ, ის როგორ გადარჩებოდა, ან როგორ არ დაიჭრებოდა, ტანკიდან ტანკზე ვეფხვივით ხტებოდა, დაფრინავდა, ისეთ ამბებში იყოო. ჩემმა მაზლისშვილმა სურათიც გამომართვა, ბიჭებს ანახა და იმ ბიჭებმა უთხრეს, ეგ არის, სურათი რად გვინდა, ისედაც ყველამ ვიცითო. ყველამ იცის ლევანი, ვინც კი ცხინვალიდან ცოცხალი გამოვიდა. მართალი გითხრათ, არ შემიძლია დავწვრილმანდე და ჩავუღრმავდე, ყველაფერი გამოვიკითხო, რა და როგორ იყო, ძალიან მიმძიმს“.

მამა: „ვერც ლაპარაკობენ, თვითონ მათ გამოსაყვანად შევიდა და ის იქ დატოვეს... ლევანმა სამშვიდობოს გამოაღწია, მაგრამ იქ, შანხაის ტერიტორიაზე ბიჭები ჩარჩნენ და, იმათ იქ ვერ დავტოვებო და უკან შებრუნდა. მაშინ დაიჭრა ფეხში მძიმედ, მუხლს ზემოთ. მოუკლეს ბატალიონის უფროსი, შტაბის უფროსი, ლევანის ჩათვლით ცხრა კაცმა ბუნკერს შეაფარა თავი, იქ რომ ჩასულან, ორი ოსი დახვედრიათ, ტყვედ აუყვანიათ, მერე კიდევ ორი ოსი ჩასულა და ისინიც აუყვანიათ ტყვედ. ის ღამე იქ გაუთევიათ. ეს იქიდანაც დასტურდება, რომ 10 აგვისტოს მათთან ერთად მყოფმა ასეულის სერჟანტმა გელა მებაღიშვილმა ცოლთან დარეკა და უთხრა, რომ დაჭრილები ჰყავდა, მათ შორის ლევანიც. ლევანის გარდა, კიდევ ოთხი დაჭრილი იყო, მაგრამ ისინი მსუბუქად. დილით გამოსვლა რომ დაუპირებიათ, მებაღიშვილი „სტრახოვკაზე“ დამდგარა, მათთან ბუნკერში მყოფ ოფიცერს, ჩიხლაძეს ბრძანება გაუცია, რომ ცინცაძესა და ახიჯანიანს ლევანი უნდა გამოეყვანათ. თვითონ წინ ორი ოსი დაუყენებია, უკან – ორი და სამშვიდობოზე გამოსულს გაუშვია. დანარჩენი დაჭრილები თავის ფეხით გამოსულან. ყველა გამოვიდა მის გარდა. ამბობენ, მებაღიშვილს რომ უნახავს, ლევანი არსად ჩანდა. ექიმთან ერთად შებრუნებულა, მაგრამ ადგილამდე ვერც მიუღწევია, მოუკლავთ. ის ექიმიც ვერაფრით ვერ ვნახეთ.

დედა: „ერთი რუსთაველი ბიჭია, ჩვენთან იყო ერთ საღამოს მოსული, ნასვამი იყო და ამბობდა: მე გადამარჩინე, მაგრამ მე ვერ გადაგარჩინეო...

ამბობენ, გადაეფარა ბიჭებსო... მერე დიდხანს ვეძებდით. ომის დროს, თბილისელი ოსი გოგოები იყვნენ ვლადიკავკაზში დასასვენებლად, დედა ჰყავთ გარდაბნელი ქართველი, იმ გოგოებმა დარეკეს, ტელევიზიით ვნახეთ, ექიმი ლაპარაკობდა, ჩვენ გვყავს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი დევდარიანი, რომელსაც ჩვენ ვუვლითო. მერე ოსი ახლობლები გამოვნახეთ, იურისტი ბიჭები არიან, თბილისში ჰქონდათ დამთავრებული, იმათ გაიკითხეს და გაიგეს, რომ იმ ბუნკერიდან რუსებს ამოუყვანიათ, მაგრამ იმ ბიჭებმა გვითხრეს, ჰოსპიტალების სიახლოვეს არ გვაკარებენო. მერე, ცხინვალის კომენდანტთან, რუს გენერალთანაც გამოვნახეთ საერთო ახლობელი, დავარეკინეთ. ერთ საათში დაურეკა, კი გვყავს ამნაირი დაჭრილიო. ამ ჩვენმა ახლობელმა სთხოვა, ან გამომიყვანეთ, ან მე შემომიშვით და გამოვიყვანო, მაგრამ ორ საათში გადმოურეკეს, შეგვეშალა, სხვა არისო. ღმერთმა იცის, რა მოხდა“.

მამა: „ცხედარი გვიან გადმოასვენეს, ჯერ იქ იყო დაკრძალული, მერე საპატრიარქომ რომ ბოლოს გადმოასვენა, დეენემის პასუხით, მათ შორის იყო. მუხათგვერდშია დაკრძალული.“


კაპრალი ლევან დევდარიანი მხოლოდ 24 წლის იყო. არც ცოლ-შვილი დარჩენია, არც შეყვარებული. დარჩა მხოლოდ სახელი – გმირის.

დარჩა ბოლო ზარის პერანგი, ბეჭებზე საკუთარი ხელით ნაწერი – „კაცობა-გმირობაა“...

ბიჭები მიყვებოდნენ, მთელი ომის ქარ-ცეცხლი გამოუვლია, ტელევიზიით უსაუბრია ექიმ გოგოს, (რომელიც ომში დაიჭრა) იქ ერთი სვანი ბიჭი იბრძოდა, მისნაირი მე არავინ მინახავსო.

იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოხდა, ლევანის მეტი არავინ იყოო სვანი... მისი თანამებრძოლი ბიჭები ყვებოდნენ, _"ის როგორ გადარჩებოდა, ან როგორ არ დაიჭრებოდა, ტანკიდან ტანკზე ვეფხვივით ხტებოდა, დაფრინავდა, ისეთ ამბებში იყოო".. ჩემმა მაზლის შვილმა სურათიც გამომართვა, ბიჭებს ანახა და იმ ბიჭებმა უთხრეს, ეგ არის, სურათი რად გვინდა, ისედაც ყველამ ვიცითო. ყველამ იცის ლევანი, ვინც კი ცხინვალიდან ცოცხალი გამოვიდა.

ლევანმა სამშვიდობოს გამოაღწია, მაგრამ იქ, შანხაის ტერიტორიაზე ბიჭები ჩარჩნენ და იმათ იქ ვერ დავტოვებო და უკან შებრუნდა. მაშინ დაიჭრა ფეხში მძიმედ...

შემდეგ ისე მოხდა, რომ დანარჩენები გამოვიდნენ დაჭრილი ლევანის გამოყვანა კი ვეღარ მოახერხეს...

ბავშვობიდანვე იყო ძლიერი, ნიჭიერი...გამორჩეულად უყვარდა საქართველოს ისტორია.

მეორე კლასში კარატეზე მიიყვანეს - საოცარი მონაცემები ქონდა. ხუთჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა პატარებში, ორჯერ კავკასია მოიგო, მაგრამ ისეთი სიდუხჭირე იყო, ამის იქით ვერსად წავიდა.

სახელმწიფოს არ ჰქონდა საშუალება, რომ სადმე გაეშვა, არც ოჯახში გვქონდა საშუალება, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გაგვეყვანა და ინტერესი დაკარგა, მობეზრდა, თორემ მართლა იშვიათი მონაცემები ჰქონდა...

ერთხელ ფიზიკური მონაცემებში შეჯიბრიც კი ჩატარდა თბილისში, ყველა რაიონიდან იყვნენ. კინაღამ გააგიჟა მსაჯები, 180 ბუქნი გააკეთა ცალი ფეხით და აგრძელებდა... გააჩერეს, ბავშვი არ გადაიწვასო.

200-ჯერ აიწია მუშტებით, ტანით 60-ჯერ აიწია ძელზე. ხელებით მთელ სპორტდარბაზს შემოუარა, 80 მეტრის მანძილზე....

გაოგნდნენ...

ამ დროს კი ის მხოლოდ მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლე იყო-იხსენებს ლევანის დედა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.08.2020
ბოლო რედაქტირება 23.04.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0