სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გიორგი მურადაშვილი პაატას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.სკრა გორი ქართლი გიორგი მურადაშვილი პაატას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.სკრა გორი ქართლი

1984-2008 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მურადაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

გიორგი მურადაშვილი პაატას ძე 1984-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ.სკრა გორი ქართლი

გიორგი მურადაშვილი პაატას ძე  კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ

 

სუდარა მომავალი საცოლისთვის წინასწარ ნაყიდი საპატარძლო კაბის საკაბისგან შეუკერეს, კუბო სახურავიდან ჩამოღებული ფიცრებისგან შეუკრეს... ასეთ საველე პირობებში კრძალავდნენ, გორის სატანკო ბაზის დაბომბვისას დაღუპულ, 24 წლის გიორგი მურადაშვილს მამისეულ სოფელში, სკრაში. ღამით ბაღჩაში დასაკრძალ ადგილსაც ეძებდნენ, რუსის პარპაში უკვე დაწყებული იყო.

12 აგვისტოს, დილით, ოჯახს შეატყობინეს, რომ დაბეზღებულები იყვნენ და მალე დაადგებოდნენ რუსები. დილის 9 საათზე გაასვენეს, რომ დაეკრძალათ. პროცესია თავზარდამცემი იყო – მიასვენებდნენ და თავზე ბომბდამშენები დასტრიალებდნენ, გზადაგზა წვებოდნენ, იმალებოდნენ, მერე ისევ დგებოდნენ, გზას აგრძელებდნენ... 11-ის ნახევრისთვის უკვე რუსი სნაიპერები ისხდნენ მათ ხეივანზე...

გიორგი მურადაშვილი მამის გვერდით დაკრძალეს...

გიორგი 6 წლისაც არ იყო, რომ დაობლდა. მამამ მის თვალწინ დალია სული.

თამარ არსენიძე, გიორგი მურადაშვილის დედა: „1990 წელს, 9 აგვისტოს დაბადების დღე გადავუხადეთ – 33 წლის გახდა და 16 აგვისტოს დალია სული... დაწყევლილი აგვისტო... მილიციაში მსახურობდა და ცხინვალში იბრძოდა, მთელი ორი კვირა ტალახში იწვა, ტყვიების ცეცხლში. შემდეგ გამოუშვეს. ცოტა დაწყნარდა და ჯავახეთში, მამაპაპისეულ ფუძეზე, სოფელ ხიზაბავრაში წაგვიყვანა, ავედით და გარდაიცვალა კიდეც, ნერვიულობის, სტრესის გამო, მწვავე ინფარქტი დაემართა...“

დაქვრივებული თამარ არსენიძე მარტო შეება ცხოვრებას, ზრდიდა ობოლს. „მე-10 სკოლაში შევიყვანე გორში. ვზრდიდი ისე, როგორც ჩემს მეგობარს... ძალიან უყვარდათ სკოლაში, აქტიური იყო, სკოლაში მის გარეშე არაფერი არ ხდებოდა. ცელქიც იყო, ფეხბურთსაც კარგად თამაშობდა. დადიოდა ფეხბურთზეც, კალათბურთზეც, მღეროდა მშვენივრად, ცეკვავდა... მათემატიკის ტურებში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. ფლობდა ინგლისურ ენას და ხშირად მონაწილეობდა ინგლისური ენის წრის შეჯიბრებებშიც, ინგლისურად კითხულობდა ლექსებს, თამაშობდა დადგმებში. ძალიან უყვარდა მეგობრებთან ყოფნა. თვითონ ობლობაში იზრდებოდა, ხელმოკლედ ვიყავით, მაგრამ, რომ დაინახავდა, ვინმეს ან ტანსაცმელი არ ჰქონდა, ან ფეხსაცმელი, ან საჭმელი აკლდა, ცდილობდა, დახმარებოდა, ჩუქნიდა ტანსაცმელს, ხშირად მოსულა და უთქვამს, დედა, იმას ფეხზე არა აქვს და მოდი, ჩემსას მივცემ... კლასშიც ხშირად ყოფილა გაჭირვებული თანაკლასელისთვის ფულის შეგროვების ინიციატორი... თვითონაც რომ უმამოდ გაიზარდა, ობლები ეცოდებოდა. ძალიან ალალი იყო, ვერ იტანდა ტყუილს, მართალი კაცის დაჩაგვრას, ვერ იტანდა ჩხუბს და ყოველთვის მშიდობის დროშასავით

იყო. მისი დაღუპვა რომ გაიგეს მისმა პედაგოგებმა, მუხლჩადრეკილი ტიროდნენ, ჩვენ ასეთი ბიჭი არ ვიცით, როგორ, რანაირად გაზარდეო... რაც არ უნდა ზარდო, თუ ბუნებაში არ აქვს ადამიანს სიკეთე, თუ სული არ აქვს ლამაზი და ნათელი, ვერანაირად ვერ გაზრდი შენ... საკუთარი შვილის ქება ძალიან ძნელია, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო შინაგანად, სულ გაღიმებული დადიოდა, სულ სხვის პატივისცემაზე ფიქრობდა... სწამდა ღმერთის და ყოველთვის, როცა გვიჭირდა, მეუბნებოდა, ღმერთი დაგვიფარავს, დედა, ღმერთი მოგცემს…“

გიორგის სურდა, მამის კვალს გაჰყოლოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა.

„არ მინდოდა, რომ იურისტი გამოსულიყო, მშვენივრად იცოდა ინგლისური ენა, კომპიუტერი და ვურჩევდი, სხვაგან – ჟურნალისტიკაზე, ან უცხო ენებზე ჩაებარებინა, მაგრამ არ ინდომა. მეორე კურსიდან უკვე სტაჟიორად მუშაობდა პოლიციაში, საგამოძიებოში, გამომძიებლის თანაშემწედ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროკურატურის საგამოძიებოშიც შესთავაზეს სტაჟიორად მუშაობა, მაგრამ სამხედრო ბილეთის უქონლობის გამო შეეშალა ხელი. დედისერთა იყო, გაწვევა არ ეხებოდა... ტესტირება წარმატებით გაიარა დაცვის პოლიციაში, მაგრამ კარანტინზე ყოფნისას გული აიცრუა. რომ ჩამოვიდა, მალევე აქ, სატანკო ბატალიონში გამოცხადდა ტესტირება. სცადა, ჩააბარა. ჩაირიცხა სატანკო ბატალიონში.

სანამ მანდ შევიდოდა, სკრაში მამისეულ ბაღში ხეხილი გააშენა... აქედან მაინც გვექნება პატარა შემოსავალიო... დედა მოგიკვდეს, გიორგი, შენმა დარგულმა ხეხილმა უკვე ნიშანი მომცა, დედა... არც ერთი არ გამხმარა, ყველამ იხარა, დედა...

ყველაფერს ეწვალებოდა, ყველაფერს აკეთებდა, უჭირდა დედისერთობა და სულ ამბობდა, 5-6 შვილი მაინც უნდა მყავდეს, ძნელია დედისერთობაო... სახლში რომ შედიოდა, სოფელში სახლის ანგელოზს ესალმებოდა, რიტუალივით ჰქონდა, შეაღებდა კარს – „გამარჯობა სახლო, კარგადა ხარ, სახლო? გაგიმარჯოს სახლის ანგელოზო...“ სულ მაიმედებდა, ნუ გეშინია, წელში გავიმართებით, ღმერთი დაგვიფარავს, იმიტომ, რომ შენც მოდიხარ და მოსტირიხარ და მეც ასე ობლად ვარო...

მამამისს მანქანა დარჩა. ძალიან უყვარდა ამ მანქანის ტარება, გამოიყვანდა და ასეირნებდა გოგონებს. მერე გაყიდვამ მოგვიწია. ოცნებად ჰქონდა მანქანის ყიდვა. ამბობდა, კრედიტით მანქანას გამოვიყვან, მერე ცოლს მოვიყვან, გოგოებს მანქანიანი ბიჭები მოსწონთო... პირველი ხელფასით გაზი შემოიყვანა სახლში, სახლისთვის ყიდულობდა ყველაფერს...“

სატანკო ბატალიონში გამნაღმველთა ბატალიონში მოხვდა. შემდეგ საინჟინრო ბატალიონში გადაიყვანეს, შემდეგ საწყობიც ჩააბარეს. სულ 2 წელს მოუწია მსახური. სამხედრო აკადემიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

„ყველას უყვარდა ნაწილში. „პეესპეს“ ეძახდნენ ჯარში. სულ თან ჰქონდა წამლები და ყველას ეხმარებოდა. შუაღამისას მირეკავდა ხოლმე სახლში. დე, ჯარისკაცს მაღალი სიცხე აქვს და რა დავალევინოო. ერთხელ ღამის 3 საათზე გამაღვიძა, ბიჭმა ფეხი მოიტეხა და არტაშანი როგორ დავადოო. ის ბიჭი დღესაც ემადლიერება, ეგ რომ არა, ფეხი მოსაჭრელი გამიხდებოდაო. იტყვიან ხოლმე, ზოგი ას წელიწადს ცოცხლობს და ამდენს ვერ აკეთებსო. ამ ერთი ციდა ბიჭმა 24 წელი იცოცხლა და იმდენი სიკეთე თესა, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე მხვდება მისი დანატოვარი სიკეთე...“

მერე დაიწყო სასტიკი ომი...

„სიტუაცია რომ დაიძაბა, დამირეკა, მამშვიდებდა, ნუ გეშინიაო. სამი და ვართ, ჩემი დისშვილებიც სამხედრო პირები არიან, რადგან ობოლი იყო, ყველა ამას მფარველობდა, უბეში გაზრდილი ჩიტივით ჰყავდათ და ყველა მამშვიდებდა, აქაა გორში, ბაზაზეა და არაფერი ემუქრებაო. მე მაინც შიში მქონდა, გული მიგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. 7 აგვისტოს საღამოს ამოვიდა სახლში ცოტა ხნით, მოწესრიგდა და ნაწილში დაბრუნდა. მთხოვა, მეორე დილით მიმეწოდებინა გასარეცხად დატოვებული ტანსაცმელი, მაგრამ 8-ში, დილით, უკვე იცლებოდა ქალაქი. ბომბდამშენები დაფრინავდნენ, პირველი ბომბი უკვე ჩამოგდებული იყო... ვიღაცის მანქანას გადავუდექი, ვეხვეწებოდი, შვილი სამხედრო პირი მყავს, როგორმე ბაზამდე ამიყვანეთ, ტანსაცმელი და პროდუქტი რომ მივაწოდო-მეთქი. ჩანთას რომ ვაწვდიდი, ჩვენს თავზე ბომბდამშენები დაფრინავდნენ... ქალაქს ზვერავდნენ...

მეხვეწებოდა, ქალაქიდან გადიო. არ გავდიოდი. თავის მეგობარს დაურეკა სამხედრო პოლიციაში, დედაჩემია მარტო იმხელა კორპუსში, თავისი ნებით არ გადის და გეხვეწები, გაიყვანეო. 9 აგვისტო რომ გათენდა, 8 საათზე ჩამოაგდეს პირველი ბომბი კომბინატის დასახლებაში, ისეთი სიძლიერით დამარტყა ტალღამ, რომ სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში გადამაგდო. ისევ დაიწყო რეკვა, დედა ნუ მანერვიულებ, გეხვეწები, გადიო.

აქვე, სახლთან ახლოს ვიყავი, მეშვიდე სკოლა რომ დაიბომბა, დავურეკე და ისევ ქალაქიდან გასვლას მთხოვდა, გორიდან გადი, 9 აგვისტოს მამას საფლავზე შევხვდებითო. არ ვიცი, ეს რა იყო... 9 აგვისტოსო, მითხრა, და 9 აგვისტოს დაიღუპა... დაბადების დღე მიულოცა მამამისს...

იძულებული გავხდი, მის მეგობრებს გავყოლოდი ატენის ხეობაში. მაგრამ, რომ გამიყვანეს, თურმე ბაზაც დაბომბილი იყო, არაფერი ვიცოდი... არ მითხრეს, რომ შვილი მკვდარი მყავდა უკვე... ჩუმად ტიროდნენ... 10 აგვისტოს ამომაკითხეს ატენის ხეობაში, გიორგი დაჭრილია და გკითხულობსო...

გიორგი გარეთ გასულა, საწყობს უნდა დავხედოო (სანივთე საწყობი ებარა), ჯარისკაცი მიყვებოდა, თამრიკო დეიდა, გავიდა თუ არა, პირველი ბომბი დაეცა ბაზას, გიორგი, ჩემს წინ ჰაერში ავარდა...

თავიდან დედას ვერ გაუმხილეს შვილის სიკვდილი. სოფელში პაპის ძმას ჩააკითხეს ბიჭებმა, გიორგი დაიღუპა, გორში უკვე რუსის ტანკები შემოდის და რამენაირად ჰოსპიტალიდან უნდა გამოვიყვანოთო.

მანამდე, გიორგი დედის სტუდენტებს უცვნიათ ჰოსპიტალში, გაუსუფთავებიათ და ჰოსპიტალის კართან დაუსვენებიათ, უცებ სიტუაცია რომ უარესად დაძაბულიყო, სახანძროს ან ჰოსპიტალის ეზოში რომ მაინც მოეხერხებინათ სასწრაფოდ დამარხვა, ცხედარი რომ არ დაკარგულიყო.

„ჰოსპიტალში რომ მიუყვანიათ, ვეღარაფერი უშველიათ. მე რომ ჩამომიყვანეს, უკვე გადასვენებული ჰყავდათ სკრაში, დამახვედრეს ჩემი შვილი... მერე უკვე გავითიშე... ერთი კვირა ყოველ ღამე ვღრიალებდი... საერთოდ, სულით ძლიერი ადამიანი ვარ, არ მჩვევია მალე დაცემა, ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ბოლომდე მებრძოლად ვრჩები, მე მგონი, ისევ ჩემმა შვილმა მომცა ეს ენერგია...“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0