უფროსი სერჟანტი ბერიანიძე არჩილ ვახტანგის ძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ იერიში გორზე მიიტანა. იმ ავბედით დღეს საქართველოს ისტორია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების სახელებით, ისევ შეივსო. არჩილ ბერიანიძე გორის ნაწილის დაბომბვის დროს დაიღუპა. გული უგრძნობდა, მაგრამ წამიც არ შეყოვნებულა, ისე გავიდა ბრძოლის ველზე. დღეს მის საქმეს მეუღლე აგრძელებს, ნათია გოგიშვილმა აჩის სახელზე ფორმა ჩაიცვა.
გოგიშვილი ნათია, მეუღლე:
„ომი რომ დაიწყო არასდროს მიფიქრია, რომ აჩის რამე დაემართებოდა. თვითონ მას ჰქონდა წინათგრძნობა. გაიძახოდა, მე მალე მოვკვდებიო და ბავშვებს განსაკუთრებულად ეფერებოდა. ბოლო პერიოდში სასწაულად მოსიყვარულე და თბილი გახდა. ძალიან შეიცვალა. არ მეგონა თუ ეს ის აჩიკო იყო. მეტ დროს ბავშვებთან ატარებდა. არსად არ უშვებდა, სულ უნდოდა, რომ გვერდზე ჰყოლოდა. ეზოშიც არ უშვებდა. მოსწრებაზე იყო და სულ ჩქარობდა. უფროსი ვაჟი ბებიასთან სოფელში გვყავდა, პატარა ჩემთან იყო. ბოლოს, ომის წინა დღეს გვნახა. 7 აგვისტოს გავიდა სახლიდან. მეზობელი იხსენებს, გარეთ რომ გავიდა, ისე ამოხედა გულისტკენით ფანჯრებსო და თავი გააქნიაო. მერე, შუადღეს ისევ მობრუნდა, ნივთები წაიღო და წავიდა. ჩვეულებრივად დაგვემშვიდობა. ხვალაც გნახავთო. 9-ში დილის 11 საათზე ჩამოაგდეს ბომბი. გორის ნაწილიც დაიბომბა. ბოლო სატელეფონო კავშირიც 8-ში იყო, ღამის სამ საათზე. გაგვაფრთხილა, შეიძლება გორის ნაწილის დაბომბვა დაიწყოს და არ შეგეშინდეთ, ბავშვებს მიხედეთო. მერე კიდევ ერთი საათის შემდეგ დარეკა, ნუ გეშინიათ, პანიკაში ნუ ვარდებით, ხვალ გნახავთო. ეს ბოლო ზარი იყო... მას მერე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ვფიქრობდი, დასატენი იყო და მაგითი ვიწყნარებდი გულს, მაგრამ იმაზე ვიეჭვე, სხვისგან რომ არ დამირეკა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი.
აჩი რომ დაიღუპა სოფელში მშობლებთან გადაასვენეს. ბავშვები რომ მივიყვანეთ, მიცვალებულს ცრემლი შევნიშნეთ თვალზე. ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა. მისი ოცნება იყო, რომ ბავშვი ფეხბურთზე შეეყვანა. უფროს ვაჟს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ავუსრულეთ ოცნება. დადის ფეხბურთზე. პატარა ადრე ამბობდა მამაჩემივით ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო. სულ ახსენებს, ენატრება. ახლა 7 წლისაა.
არჩილი ოჯახში პირველი შვილი იყო. 1972 წლის 27 აპრილს დაიბადა. 2 წლით უმცროსი ძმა ჰყავს. გორის რაიონის სოფელ სეღდულეთში დაამთავრა სკოლა. კარგი მოსწავლე ყოფილა. მერე გაიწვიეს ჯარში და მოიხადა სავალდებულო. 2 წლის მერე გორის სატანკოში გადმოვიდა, ზემდეგად.
მე თვითონ ცხინვალიდან ვარ. პირველად რომ აირია 92 წელს, მაშინ გამოვედით ცხინვალიდან. სეღდულეთში მყავს ბიძაშვილი, დასასვენებლად ჩავდიოდით ხოლმე და იქ გავიცანი. მერე გაჩნდა სიმპატიები, შემიყვარდა, შევუყვარდი. ასე გავყევი ცოლად. მაშინაც ჯარში მსახურობდა.
შეყვარებულები რომ ვიყავით სიურპრიზების გაკეთება ძალიან უყვარდა. ყვავილები მოჰქონდა ხოლმე.
ძალიან კარგი მამა იყო ბავშვებისთვის. პირველი შვილის მერე უნივერსიტეტი დავამთავრე. ვახუნა 5 წლის რომ გახდა, მეორე შვილი, ლაშაც გავაჩინე. უფროსი სერჟანტი რომ გახდა, ბინა მივიღეთ. 3 წელი ვიყავით ამ სახლში ერთად... რომ ვიფიქრე გვეშველა-მეთქი და ამოვისუნთქეთ, მაშინ დაგვემართა ეს უბედურება. ერთად სულ 11 წელი ვიცხოვრეთ.
სიზმარში სულ ვნახულობ, სულ იცინის. ნაღვლიანი და მოჩხუბარი არასდროს მინახავს. ცოცხლად მეცხადება. ძალიან ხუმარა იყო.
ხელფასს რომ აიღებდა, დამირეკავდა - გამოდი ხელფასი ავიღე, ბავშვები გამომიყვანე სამსახურთან და მეც გამოვალ მალეო. უფრო ბავშვებისთვის ყიდულობდა ყველაფერს. მე, იცოდა რომ სამკაულები მიყვარდა და მჩუქნიდა-ხოლმე. ძალიან პუნქტუალური და მოწესრიგებული იყო, თან საკმაოდ მკაცრი. მისი თანამშრომლები ამბობდნენ, სახლში თუ იცინოდა საერთოდ არც გვეგონაო.
მე პედაგოგი ვარ და აქამდე ჯართან არანაირი კავშირი არ მქონია. თავიდან ძალიან გამიჭირდა სამხედრო ფორმის ჩაცმა. ყველგან აჩის ვხედავდი. ახლა ძალიან მივეჩვიე და მიყვარს ჩემი ფორმა. მეხუთე ქვეით ბრიგადაში ვმსახურობ, საქმის მწარმოებელი ვარ.
მის გარეშე ცხოვრება საშინელებაა. იტყვიან, დრომ ყველაფრის დავიწყება იცისო, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის.“