სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ოთარ ქარელი პაატას ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი ოთარ ქარელი პაატას ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი

1985-2008 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ქარელი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ოთარ ქარელი პაატას ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი

ოთარ ქარელი პაატას ძე 1985-08წწ. გარდ. სამაჩბლო დაბ. გორი კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


მას მტერმა სამშობლოსთვის სამსახური არ დააცალა.

სულ სამი თვე მოუწია ჯარში ყოფნა და… მტრის ბომბმა სიცოცხლეს გამოასალმა…

მხოლოდ დედ-მამა მიასვენებდა დაბომბილი ქალაქიდან დედულეთში…


 

ოთარ ქარელი გორში დაიბადა, 1985 წლის 17 სექტემბერს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო. მოგვიანებით მისი ძმაც გაჩნდა – გიგა. ახლა გიგა 20 წლისაა…

ოთო დამჯერი, მაგრამ მაინც ხიფათიანი ბავშვი ყოფილა, ხალისიანი ბავშვობა ჰქონია.

„სკოლის პერიოდში იმდენი მეგობარი ჰყავდა, ხანდახან სახლში რომ ამოჰყავდა, ჩვენი ადგილი აღარ რჩებოდა… დიდი იუმორის პატრონი იყო და ყველას უყვარდა, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ“, – იხსენებს თვალცრემლიანი დედა…


სკოლაში კარგად სწავლობდა, სპორტს მისდევდა.

დედა: „6 წელი კარატეზე დადიოდა, ძალიან უყვარდა თავისი მწვრთნელი – გელა პავლიაშვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ცხინვალის უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩააბარა და ჩაირიცხა. ვერ გეტყვით, მაინცდამაინც კარგად სწავლობდა-მეთქი… მაგრამ ცდილობდა, რომ ესწავლა, თან არც სპორტისთვის უნდოდა თავის დანებება. სხვადასხვა ქალაქებში დადიოდა შეჯიბრებებზე, რამდენჯერმე პირველი ადგილის მფლობელიც გახდა. საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა, რომ იქ აეწყო სპორტული კარიერა. მისი მეგობარი, რომელთან ერთადაც ვარჯიშობდა, გიორგი მაჩაბელი, ახლა ამერიკაშია და იქ მოღვაწეობს. ოთოს ოცნებად დარჩა ამერიკაში წასვლა.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან სულ გმირობაზე ოცნებობდა. პირველი მედალი რომ აიღო კარატეში, სამსახურში მოვიდა და მომახარა: დედა, აი, მოვიგეო. ძალიან ბედნიერი იყო...

როცა ძალიან მომენატრება, მის სურათებს, სიგელებსა და მედლებს ვეფერები... როცა შეჯიბრზე მიდიოდა, მთელი სამეგობრო და სამეზობლო მიჰყავდა საგულშემატკივროდ. ამბობდა,  „ბალეშჩიკები“ რომ დამყვებიან, უფრო დიდი სტიმული მეძლევაო...“

ოთომ უნივერსიტეტი დაამთავრა, დიპლომი შინ მიიტანა და… ჯარში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„სავალდებულო არ ჰქონდა მოხდილი. ერთ დღესაც გვითხრა, ჯარში უნდა წავიდეო. თავად გადაწყვიტა და არ შევეწინააღმდეგეთ. პირიქით, ხელი შევუწყვეთ. მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით... არ მეშინოდა, ოთო ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად. მეორე ვაჟსაც უნდოდა ჯარში წასვლა, მაგრამ ოთომ არაფრით არ მისცა უფლება. კონტრაქტს მაისის პირველ რიცხვებში მოაწერა ხელი. სულ სამი თვის წასული იყო, ეს უბედურება რომ მოხდა…“

უბედურებამდე იყო სიხარული.

„პირველი ხელფასი რომ აიღო, მე ჩამაბარა. მითხრა: დედა, როგორც გინდა და რაშიც გინდა, გამოიყენეო... ამხანაგებში ამბობდა, ყველანაირად გამიმართლაო... ძალიან მოსწონდა ჯარი, ბევრი ვერ ეგუება ჯარისკაცურ ცხოვრებას, მაგრამ ოთომ ძალიან კარგად აუღო ალღო. ჯარს მეორე ოჯახად მიიჩნევდა“.

უბედურებამდე იყო გეგმები…

„ომამდე ორი კვირით ადრე მეუბნებოდა, ოფიცერთა სკოლაში შემომთავაზეს კურსების გავლაო. კაპრალი იყო და უნდოდა, წოდება აემაღლებინა.

ოჯახის შექმნას აპირებდა. შეყვარებული ჰყავდა, რამდენიმე თვეში აპირებდნენ დაქორწინებას. უნდოდა, ჯერ სახლი მოეწყო და მერე მოეყვანა ცოლი... ძალიან კარგი გოგონაა... დღემდე ყოველთვის ცოცხალი ყვავილები ააქვს ოთოს საფლავზე. როცა საფლავზე ავდივარ ყვავილებით ვხვდები, რომ ის გოგონა იყო მისული... გავიგე, უთქვამს, ოთო ისე მიყვარდა, რომ, ალბათ, ისე არც აღარავინ შემიყვარდებაო... ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ძალიან უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს...“

უბედურებამდე იყო ოცნება…

„ოცნებობდა, შვილი რომ მეყოლება, უნდა ვავარჯიშოო. ვეუბნებოდი კიდეც, უკვე წარმომიდგენია, შენი შვილი როგორიც იქნება-მეთქი“...

იყო სიხარული, იმედები, გეგმები, ოცნება, მაგრამ ომმა და რუსის ბომბმა ერთად მოუღო ბოლო ამ ყველაფერსაც და თავად ოთოსაც…

შინიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა – ყაზარმული გამოცხადდა და გამოიძახეს. ფორმა ჩაიცვა და წავიდა.

„8 აგვისტოს საღამოს ველაპარაკე. იცოდა, როგორი ემოციურიც ვარ და მითხრა: ამოდით, თავისუფალი დრო მაქვს და მნახეთო. იმ დღეს ქალაქის გარეუბნებში რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდეს და რომ მივედით, მეუბნებოდა: დედა, ქალაქიდან გადითო. სად წამსვლელი ვარ, შვილო, შენ აქ ხარ და მე ქალაქიდან გავიდე-მეთქი?.. ბოლოს, რომ მოვდიოდი, ვუთხარი: ფრთხილად იყავით, აქაც რამე არ ჩამოაგდონ-მეთქი და გაეცინათ“.

მეორე დილა ავად გაუთენდა დედას.

დილის ათი საათისთვის მათი სახლის მახლობლად ჩააგდო ჭურვი მტერმა. 13 ადამიანი ემსხვერპლა იმ ჭურვს. დიდი პანიკა იყო, მაგრამ დედას მაინც არ ეგონა, რომ ის მოხდებოდა, რაც მოხდა და რაზეც ბიჭებს წინა ღამით ეცინებოდათ…

მტერმა გორის ჯავშან-სატანკო ბაზა დაბომბა.

„მაშინვე გაიქცა ჩემი მეუღლე... ყველაფერი იწვოდა, კვამლში იყო გახვეული ბაზა. აღარც დაჭრილები იყვნენ და აღარც მიცვალებულები. ყველა ცხედარი მაშინვე მორგში გადაესვენებინათ. ძებნა დავიწყეთ. ვერსად ვნახეთ. გვეგონა, თბილისში ჰყავდათ წაყვანილი. თბილისში წავედით, ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ, მაგრამ ვერსად ვნახეთ და უკან დავბრუნდით. ბოლოს გორის ჰოსპიტალში ვნახეთ... ჩემი მეუღლე ვერ შევიდა მორგში და მეზობელი ბიჭი შეგზავნა... ისეთი დასახიჩრებულიც არ იყო, რომ ამოცნობა გაგვჭირვებოდა...“

დედას არ უნახავს შვილის ცხედარი, არ დაუხედავს მისთვის…

„სახეზე არ მინახავს. ისეთი მინდოდა, დამმახსოვრებოდა, როგორიც იყო... ანასხლეტები მოხვედროდა... ისეთი საშინელი დრო იყო, საკუთარ სახლშიც ვერ შემოვიყვანეთ... ეზოში ბიჭებთან საუბრობდა თურმე, ბომბი რომ ჩამოვარდნილა. წამებში მოუსწრაფა სიცოცხლე რამდენიმე ვაჟკაცს... აფეთქებისთანავე დაულევია სული... ასული რომ ვიყავი სანახავად, რომც მეთქვა, წამოდი-მეთქი, არ წამოვიდოდა, არ დატოვებდა ბიჭებს. რამდენიმე ბიჭი ყაზარმიდან რამდენიმე მეტრში ცხოვრობდა, არც მათ დაუტოვებიათ ნაწილი, ყველა სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე გმირულად იდგა პოსტზე და მეთაურის ბრძანებას ელოდა. რომ ეთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე უნდა გაიჭრათო, ყველა დაუფიქრებლად წავიდოდა...“

შვილმკვდარი დედ-მამა მარტო მიასვენებდნენ დასავლეთ საქართველოში შვილის ცხედარს… ხარაგაულში დაკრძალეს. „ვერავინ ვიპოვეთ, რომ საფლავის გათხრაში მოგვხმარებოდა“, – იხსენებს დედა…

ოთო მალევე, როგორც კი გორი რუსებისგან დაიცალა, გორში გადმოასვენეს და დაკრძალეს.

„ძალიან კარგი ბიჭი დავკარგე... ისე გავზარდე, ერთი შენიშვნა არ მიუღია არავისგან... ძალიან მძიმეა ცხოვრება ოთოს გარეშე. თავიდან, 6 თვე ძალიან მძიმედ ვიყავით. მაგრამ არ გვაქვს უფლება, ასე ვიყოთ, გიგას ახლა სჭირდება დედაც და მამაც. ოთოს არ გაუხარდებოდა, რომ მისი ძმა დაჩაგრულიყო… სულ იმას მეუბნებოდა, გიგას მიხედეთ, მას უფრო მეტი ყურადღება სჭირდებაო...

ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ახლა უფრო განსაკუთრებით – ვმარხულობ, ლოცვებზე დავდივარ... ეკლესიამ გადამატანინა ეს უბედურება.

ოთო ყოველ წუთსა და ყოველ წამს მახსოვს… სიზმარში ხშირად ვნახულობ, სულ იმას მეუბნება: დედა, ნუ ნერვიულობ და ნუ განიცდი, აქ ძალიან კარგად ვარო... რომ მომენატრება ხოლმე, ღმერთს ვთხოვ, რომ სიზმარში ვნახო და არ შეიძლება, იმ ღამეს არ დამესიზმროს. თუ რაღაც განსაცდელი გველის, გვაფრთხილებს ხოლმე… ამას წინათ სიზმარში ვნახე, მითხრა: გიგას მანქანაზე ნუ დასვამთ, ავარია მოუხდებაო. ერთი კვირის შემდეგ მართლაც მოყვა გიგა ავარიაში… მადლობა უფალს, რომ ყველა უვნებელი გადარჩა...“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.09.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0