კაპრალი გიორგი შაინიძე დავითის ძე 1982 წლის 19 იანვარს დაიბადა, ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში. მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
მტერს ზემო ნიქოზიდან უტევდა. ოცეული ახალ პოზიციას იკავებდა. გიორგი შაინიძე მეტყვიამფრქვევის უკან მიდიოდა. სწორედ მეტყვიამფრქვევისთვის გამიზნულ ტყვიას ემსხვერპლა _ უცებ, სნაიპერმა სროლა დაიწყო, სამიზნეზე მეტყვიამფრქვევე ჰყავდა ამოღებული, მეტყვიამფრქვევემ გვერდით გადახტომა მოასწრო და ტყვია შაინიძეს მოხვდა.
ჯარისკაცმა გიორგი შაინიძემ, 3 აგვისტოს, ირინა მიქელაძე დანიშნა. ბანკიდან კრედიტი გამოიტანა ქორწილისთვის, დედას ჩააბარა - „დედი, აბა შენ მიხედე საქმეს, მე არ მცალია ამ ყველაფრისთვისო...“
შინიდან ბოლოს 7 აგვისტოს გავიდა _ ომში წავიდა. დედას უმალავდა...
„დედი, ირინას უთხარი კვირას ჩამოვალ და საქორწინო კაბის საყიდლად წავალთო...“
სნაიპერის ერთმა ტყვიამ ქორწილი ჩაშალა.
გიორგი შაინიძე 26 წლის იყო...
გიორგი შაინიძე 1982 წლის 19 იანვარს დაიბადა, ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში. თმახუჭუჭა იყო და მშვიდი, მეგობრებმაც „ბარაშკა“ დაარქვეს. უყვარდა მუსიკა, ხელოვნება... 9 კლასი ოჩხამურში დაამთავრა. სწავლა აღარ გაუგრძელებია. ჯარში გაწვევას ელოდა, რომ არ გაიწვიეს, თავად მიაკითხა კომისარიატს და სავალდებულო სამსახურის გავლა მოითხოვა. 2000 წელს გაიწვიეს, კარანტინის გავლის შემდეგ წელიწადნახევარი ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში იმსახურა.
ჯარმოვლილი სოფელს დაუბრუნდა, მაგრამ გული ისევ ჯარისკენ უწევდა და 2003 წელს კონტრაქტი გააფორმა და კომანდოს ბატალიონში ჩაირიცხა.
მანანა შაინიძე, დედა: „დიდი სიხარულით წავიდა საკონტრაქტო სამსახურში. ყველაფერს ადვილად ითვისებდა. 2004-2005 წლებში მათი ბატალიონი გერმანიაში გადიოდა მომზადების კურსებს. ძალიან კმაყოფილი იყო. მერე გაიგო, რომ ერაყში უშვებდნენ და ძალიან იყო დაინტერესებული. 6 თვე იყო კიდეც ერაყში, ხშირად გვირეკავდა ერაყიდან და გვიყვებოდა იქაურ ამბებს“.
ერაყიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი აჭარაში, ადილიის ბატალიონში გადაიყვანეს. ოცნებობდა სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე. უნდოდა ავღანეთის სამშიდობო მისიაში მიეღო მონაწილეობა, კონტრაქტს ვადა ეწურებოდა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. მაგრამ ომმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.
დედა: „შვიდ აგვისტოს სახლიდან რომ ვაცილებდი, ამეტირა, გული ცუდს მიგრძნობდა... არაფერი უთქვამს წასვლის წინ, ისიც არ ვიცოდით განგაში თუ იყო გამოცხადებული. საღამოს ჩემმა ქალიშვილმა დაურეკა: კატო, გორში ვარ, მაგრამ დედას არ უთხრაო, უთქვამს. შემდეგ მე გამოვართვი ტელეფონი და ვკითხე სად ხარ, რატომ არაფერს არ მეუბნები-მეთქი, სწავლებებზე ვართ, ირინას უთხარი, რომ კვირას ჩამოვალ და საქორწინო კაბას ერთად შევარჩევთო. ბოლომდე მიმალავდა, რომ ომი დაიწყო... ომის დაწყება ტელევიზიით გავიგეთ... ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯარიდან ჩამოვიდა, მეგობრებთან ერთად იყო გვიან ღამემდე. ვუთხარი, დედა, ხვალ ადრე ხარ წასასვლელი, წამოდი სახლში-მეთქი. გამიბრაზდა, დედა, ისეთი სამსახური მაქვს, შეიძლება ნებისმიერ წუთს სიცოცხლე დავამთავრო და რატომ მიშლი მეგობრებთან ყოფნასო. გული დამეწვა ეს რომ მითხრა, მინდოდა ჩავხუტებოდი და ბოდიში მომეხადა მისთვის. ბოლო პერიოდში შეცვლილი იყო, ძალიან მოსიყვარულე გახდა ყველას გვეფერებოდა, ალბად, გრძნობდა ყველაფერს...
მოუთმენლად ელოდა საკუთარ ქორწილს, ხშირად რეკავდა საცოლესთანაც. ქორწილი 26 აგვისტოს გვქონდა დანიშნული, ქორწილისთვის ყველაფერი მზად იყო, ყოველწუთს გვირეკავდა და გვეკითხებოდა, როგორაა ამბებიო. დარბაზიც ვიქირავეთ, ნათესავებს, მეგობრებს და ოჯახის ყველა ახლობელს მოსაწვევები გავუგზავნეთ... ბოლოს, 8 აგვისტოს ღამის ორ საათზე ირინასთან დაურეკავს, ირინა ნერვიულობდა, ის ამშვიდებდა, სანერვიულო არაფერიაო, უთქვამს დედას დავურეკავ ახლაო, მაგრამ აღარ დაურეკავს... ეტყობა ვეღარ მოასწრო...“
დედას უმალავდნენ შვილის დაღუპვას. მეორე დილითღა შეაპარეს მეზობლებმა, რომ გიორგი ფეხში იყო დაჭრილი. დედა მიხვდა, რომ შვილი აღარ ჰყავდა...
„ვუთხარი, ჩემი შვილი ფეხში დაჭრილი კი არა, საერთოდ რომ ვერ ლაპარაკობდეს, ამბავს მაინც გამაგებინებდა და მეტყოდა, რომ კარგად არის, ალბათ, მკვდარია-მეთქი... ვტიროდი...
ბიჭებს მაშინვე გამოუყვანიათ ბრძოლის ველიდან. პარასკევს დაიღუპა. ჰოსპიტალში იყო დასვენებული, კვირას დილით წავიდნენ და ორ საათზე ჩამოასვენეს... ძალიან მიჭირს მის გარეშე ცხოვრება, ცოცხალი რომ ყოფილიყო ჩემი შვილი, უბედნიერესი ვიქნებოდი, ექნებოდა ულამაზესი ოჯახი და იცხოვრებდა ბედნიერად. ომის სიმწარე საკუთარ თავზე ვიწვნიე და ვიცი რას გრძნობენ ჩვენი დაღუპული ბიჭების დედები, მეუღლეები, შვილები, მეგობრები... ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვამშვიდებს, ჩვენი შვილები ღირსეულად, ვაჟკაცურად აღესრულნენ. მათ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირეს თავი, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ესაა ჩვენი ერთადერთი ნუგეში...“