კაპრალი თენგიზ ჭაღალიძე შოთას ძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
ცხინვალის მისადგომებთან მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი მტრის ცეცხლს იგერიებდა. მოწინააღმდეგის მიერ ნასროლმა ტყვიამ ბატალიონის სამედიცინო ნაწილის კაპრალს, თენგის ჭაღალიძეს მკლავში გაუარა. დაჭრილ კაპრალს თანამებრძოლებმა რამდენჯერმე შესთავაზეს საცეცხლე ზონიდან გაყვანა, თუმცა ჭაღალიძისგან მათ უარი მიიღეს. რამდენიმე წუთში კი რუსულმა ავიაციამ ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო. დაჭრილი თენგიზი ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლა.
თენგიზ ჭაღალიძე 1988 წლის 16 ივნისს, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, ჭაღალიძეების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. არასრული განათლება ბობოყვათის საშუალო სკოლაში მიიღო, თუმცა სწავლა აღარ გაუგრძელებია. სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური ბათუმში გაიარა, რამდენიმე თვე კოდორის ხეობაშიც იმსახურა.
შოთა ჭაღალიძე, დაღუპულის მამა: „ბავშვობიდან წყნარი და თავაზიანი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წავიდა, ამ პერიოდში, მცირე ხნის განმავლობაში, კოდორის ხეობაშიც მოუწია ყოფნა. იმდენად მოეწონა სამხედრო ცხოვრება, რომ წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც სავალდებულო სამსახური მოიხადა, რეგულარულში საკონტრაქტო სამსახურზე წასვლა გადაწყვიტა. ჩაირიცხა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში. შემდეგ სამედიცინო დანაყოფში მოხვდა, ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა ბოლოს ომი დაიწყო და მისი ბატალიონი ცხინვალში შევიდა.“
ზინა ჭაღალიძე, დაღუპულის დედა: „ოჯახში ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო, ძალიან უყვარდა თავისი და-ძმაც. თენგიზს ტყუპისცალი ჰყავს, ჩემი ქალიშვილი, განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ მასთან ჰქონდა. მახსოვს, როდესაც პირველი ხელფასი აიღო და სამხედრო ნაწილიდან სახლში დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა, დედა, რა გაჩუქოო, მკითხა. მესიამოვნა მისგან ასეთი თბილი ჟესტი. შემდეგ ბათუმში წავიდა და სარეცხის მანქანა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდა, ოჯახში რაც მოძველებული იყო გამოცვალა. არ უყვარდა ფულის ტყუილად ხარჯვა, ყოველთვის აინტერესებდა ოჯახისთვის რამე შეემატებინა. როგორც კი ნაწილიდან უკან ბათუმში ბრუნდებოდა, საყიდლებზე მიდიოდა. ყველაფერი ჩვენთვის უნდოდა. ნეტავ ასეთი შვილი ყველა დედას ჰყავდეს“.
ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კაპრალმა, თენგიზ ჭაღალიძემ, თანამებრძოლებთან ერთად, სამედიცინო მომზადების სპეციალური კურსები გაიარა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიისთვის ემზადებოდა, თუმცა, მეოთხე ბრიგადის მედიკოსებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება რუსეთის წინააღმდეგ ომში მოუწიათ. მიუხედავად მოწინააღმდეგის ავიაციის გამუდმებული შეტევებისა, ქართველმა მედიკოსებმა ფრონტის წინა ხაზზე არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს და მოახერხეს მათი დროული ევაკუაცია.
შოთა ჭაღალიძე, მამა: „სახლიდან ბოლოს 28 ივლისს გავიდა, დილით მოწყენილი იყო, გაცილებისას თითქოს გვერდზე გადიოდა. ვკითხე, შვილო რა გჭირს-მეთქი, მიპასუხა, მამა, ვნერვიულობ, არ მინდა რომ ბრიგადაში დამაგვიანდეს და ამისთვის საყვედური მივიღოო. არასდროს არ მიუღია საყვედური ჯარში. არასდროს აგვიანებდა სამსახურში, ერჩივნა სახლიდან ადრე წასულიყო და დროულად ყოფილიყო სამხედრო ნაწილში. აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ერაყში წასასვლელად ემზადებოდნენ, ამისთვის მომზადების სპეციალური კურსი გაიარეს. სამედიცინო მომზადების კურსის დასკვნითი ეტაპი უნდა ჰქონოდათ, თუმცა შვიდში ომი დაიწყო. მისი ბატალიონი ცხინვალის მიმართულებით წავიდა. ბიჭებმა თავგანწირვით იომეს და უკანაც განდევნეს მოწინააღმდეგე, მაგრამ შემდეგ რუსეთმა ავიაციით დაბომბა მათი პოზიციები, როკის გვირაბიდან კი დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა შემოიყვანა. თენგიზი მედიკოსი იყო და, როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს, ბევრი დაჭრილისთვის აღმოუჩენია პირველადი სამედიცინო დახმარება. ცხინვალიდან რომ გამოდიოდნენ ოსური პოზიციებიდან ცეცხლი გახსნეს, ტყვია თურმე ხელში მოხვდა თენგიზს, საკმაოდ სერიოზული ჭრილობა მიუღია მკლავში, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარება საკუთარ თავს თვითონ გაუწია. მისი მეგობრები, ექიმები მისულან და უთქვამთ, წამო, გაგიყვანთ აქედან და გორის ჰოსპიტალში უკეთესად მოგხედავენო, მაგრამ თენგიზს უთქვამს: ეს რა სალაპარაკოა, ბიჭებს ჩემზე გაცილებით სერიოზული ჭრილობები აქვთ და ისინი გაიყვანეთო.“
ზინა ჭაღალიძე, დაღუპულის დედა: „სახლიდან რომ გავიდა უხასიათოდ იყო, თუმცა ამის მიზეზი არ გვიკითხავს. შეიძლება იცოდა კიდეც ბიჭებისგან, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლი იყო გახსნილი ოსური მხრიდან და ამას განიცდიდა. საერთოდ ჩუმი და წყნარი ბავშვი იყო. თუ საჭიროდ არ ჩათვლიდა არაფერზე არ საუბრობდა. თენგიზს ცოლი არ ჰყავდა, არც ის გამიგია, რომ შეყვარებული ჰყოლოდა. საერთოდ ასეთ თემებზე საუბარი არ უყვარდა. როდესაც სახლიდან წავიდა, რამდენიმე საათში ჩემს ქალიშვილს ესაუბრა ტელეფონით. მოგვიანებით კი ჩემს დისშვილს დაურეკა. ანერვიულებული ყოფილა. ამის შემდეგ არ დაურეკავს. ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით, მაგრამ ტელეფონები არ იჭერდა, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით.“
მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ცხინვალის შემოგარენში, ხეხილის ბაღში განლაგდნენ. დაჭრილ კაპრალს აქაც შესთავაზეს საცეცხლე ზონიდან გაყვანა, მაგრამ ოცი წლის ჯარისკაცმა, მასზე გაცილებით უფროს და გამოცდილ თანამებრძოლებს კვლავ უარით უპასუხა. საკმაოდ მძიმე ჭრილობით, თენგიზ ჭაღალიძე, დაჭრილი თანამებრძოლთა დახმარებასაც ახერხებდა და საკუთარ თავსაც პატრონობდა.
ზინა ჭაღალიძე, დაღუპულის დედა: „სანამ დაიღუპებოდა მანამდე რამდენიმე ჯარისკაცისთვის ჭრილობა შეუხვევია. ჩემი ნათესავის შვილი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. უკან დახევისას ერთად ყოფილან. თენგიზისთვის უთქვამს, იარაღი დაუტოვე ბიჭებს, ისინი წამოიღებენ, წამო გაგიყვან გორის ჰოსპიტალში, იქ უსაფრთხოდ იქნები, ჭრილობას კარგად დაგიმუშავებენ და ცოტა ხანში თავსაც უკეთ იგრძნობო. გაუბრაზდა თურმე, გაგიჟდი, ქვეყანას ახლა აქ ვჭირდებით, ჯარისკაცები ვართ, ჩვენი დანიშნულება ჩვენი მიწის დაცვაა, აქედან ამ ნაკაწრის გამო გამოვიდე და ბიჭები დავტოვოო?! არავის დაუჯერა და ბოლომდე მისი თანამებრძოლების გვერდით იდგა .“
რამდენიმე წუთში კი ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი მოწინააღმდეგის მოიერიშეებმა დაბომბეს. 9 აგვისტოს, დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის ცხედარი იმავე ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც დაიღუპა... რამდენიმე დღეში ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებდნენ. ოკუპანტებმა ქართულ მოსახლეობას დაღუპული მეომრების ცხედრების გამოტანის უფლებაც კი არ მისცეს.
შოთა ჭაღალიძე, მამა: „მისი დაღუპვის შესახებ არაფერი ვიცოდით. არ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა. ვეძებდი ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდებოდა, თუმცა უშედეგოდ. 26 აგვისტოს, საქართველოს პატრიარქის უშუალო ჩარევის შემდეგ, დაღუპული ბიჭების ცხედრები კონფლიქტის ზონიდან გადმოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ დროისათვის უკვე თბილისში ვიმყოფებოდი. ჩავაბარე დ.ნ.მ-ის ანალიზი და სახლში დავბრუნდი. პასუხი სამ თვეში მოგვივიდა, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილი ერთ-ერთი იყო იმ ჯარისკაცებიდან, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. რომ არა პატრიარქის უშუალო მონაწილეობა - მათი ცხედრების გადმოსვენებაში, იქნებ ახლა ჩემი შვილის საფლავიც არ მქონოდა.“
დაღუპული ჯარისკაცის მამა შვილის ოცნებებს იხსენებს და თავად იმ ადგილას ჩასვლაზე ოცნებობს, სადაც კაპრალმა ჭაღალიძემ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.
„ბევრი გეგმები ჰქონდა. ბევრი ოცნებები. უნდოდა სახლი აეშენებინა და ყველას ერთად, ბედნიერად გვეცხოვრა. ძალიან მინდა იმ ადგილზე ჩავიდე, სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, თუმცა ახლა იქ რუსული საოკუპაციო ჯარები დგას და ეს შეუძლებელია. მინდა საკუთარი თვალით ვნახო ის ადგილი, სადაც ჩვენი ბიჭები რუსულმა ჭურვებმა იმსხვერპლა და იქ დავუნთო სანთელი მათ ხსოვნას. ისტორია იტყვის თავის სიტყვას. შემდეგი თაობები მაგალითს აიღებენ მათგან და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გაერთიანდება. ძნელია შვილის დაღუპვა, ძნელია, როცა ის შენს გვერდით აღარ არის, თუმცა მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი საქართველოს გმირია.“