კაპრალი გიორგი ქათამაძე შირინის ძე
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა, კაპრალი გიორგი ქათამაძეა. ის მედიკოსი იყო და დაჭრილ სამხედროებსა თუ მოსახლეობას ეხმარებოდა.
გიორგი ქათამაძე 1985 წლის 12 მარტს, ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში დაიბადა, სკოლის დასრულების შემდეგ კი ცოლად თანასოფლელი მზევინარ გოგრაჭაძე შეირთო.
მზევინარ გოგრაჭაძე, მეუღლე: „მე და გიორგი დიდხანს ვხვდებოდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. სკოლის დასრულების შემდეგ გავიპარეთ. ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო. მისგან ყოველთვის დადებითი მუხტი მოდიოდა. პირველი შვილი, ბექა 2006 წელს შეგვეძინა, ძალიან უხაროდა, შემდეგი შვილი გოგონა იყო, მეგი დავარქვით. შვილები ძალიან უყვარდა, ყველაფერს მათთვის აკეთებდა. გიორგის ყოველთვის აინტერესებდა სამხედრო საქმე და 2007 წელს შეიარაღებულ ძალებში წასვლა გადაწყვიტა. შემოწმება გაიარა, ამის შემდეგ კი მეოთხე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ჩაირიცხა.“
კაპრალი ქათამაძე საკუთარი სახლიდან ბოლოს ივლისში გავიდა. სპეციალურ სამედიცინო მომზადების კურსებს გადიოდა. ოჯახს კი, ამ პერიოდში, ტელეფონით უკავშირდებოდა.
ქათამაძე შუშანა, გმირის დედა: „სახლიდან ბოლოს 12 ივლისს გავიდა. ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, სწავლებები ჰქონდა, თუმცა ხშირად გვეკონტაქტებოდა ტელეფონით. სამი კვირა არ ყოფილა მოსული სახლში. ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო, შვილები ძალიან ენატრებოდა და ამბობდა, როგორც კი მოვრჩებით სწავლებებს და საშუალება მექნება მაშინვე ჩამოვალო, თუმცა ვეღარ მოახერხა.“
შემდეგ კი რუსებმა ომი დაიწყეს. გიორგი სწავლებიდან, სახლის ნაცვლად, თანამებრძოლებთან ერთად კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდა. რუსულ-ქართულ ომში მედიკოსებმა სამაგალითო თავდადება აჩვენეს და უამრავ დაჭრილ ჯარისკაცს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. რუსმა ჯარისკაცებმა კი შეტევა სამხედრო საველე ჰოსპიტალებზეც მიიტანეს. აგვისტოს ომში გიორგი ქათამაძე არც პირველი და არც ბოლო მედიკოსი ყოფილა, რომელიც რუსული ავიაციის მსხვერპლი გახდა.
დედა: „ომის დაწყების შესახებ ჩვენ ტელევიზიის საშუალებით გავიგეთ. ავნერვიულდი და გიორგის დავურეკე, თუმცა ვერ დავუკავშირდი. კონფლიქტის დაწყების დღიდან არ დაურეკავს, ბევრჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ მოვახერხე, ვერც მის მეგობრებს დავუკავშირდი. შემდეგ გავიგე, რომ მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბიჭები უკვე ცხინვალში იყვნენ. ვტიროდი, ჩემი შვილიც ხომ ამ ბრიგადის წევრი იყო... ეტყობა ვერც თვითონ დაგვიკავშირდა. შემდეგ ავიაციამ ჩვენი ბიჭების პოზიციების დაბომბვა დაიწყო, როგორც მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, დაბომბვის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ჩემი შვილი დაიღუპა, საავიაციო ბომბმა ნაფლეთებად აქცია.“
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაღუპულ მებრძოლთა ცხედრები იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებდნენ. ცხედრების გადმოსვენების საქმეში, უშუალოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჩაერთო, სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩარევის შემდეგ მისცეს, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა, ქართველებს გვამების გადმოსვენების უფლება.
დედა: „გიორგის დაღუპვის შესახებ არაფერი ვიცოდით. გარკვეული დროის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ვეძებდით ყველგან, საავადმყოფოებში, დაღუპულთა რიგებში, თუმცა უშედეგოდ. ვფიქრობდით, რომ ტყვედ ჩავარდა და ახლობლებს ოსურ მხარესთანაც დავარეკინეთ. ჩვენი ტრაგედია საბოლოოდ დნმ-ის ანალიზის შედეგად გაცხადდა.“
მეუღლე: „მისი დაღუპვიდან უკვე ორი წელი გავიდა. ძალიან განვიცდი, მე საუკეთესო მეგობარი დავკარგე, უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი შვილების მამა. არავის ვუსურვებ იმას, რასაც მე ვგრძნობ. შვილებს მამა არ ახსოვთ, პატარები იყვნენ როცა დაიღუპა. გიორგი ამბობდა, რომ მინდა ჩემი შვილი ჯარისკაცი გამოვიდესო. ბექა, როცა მამის ფოტოებს უყურებს, ამბობს, როცა გავიზრდები მამიკო რომ იყო, ისეთი ჯარისკაცი გამოვალო. მხოლოდ ასე, ფოტოებით იცნობენ მამას.
უკვე ორი წელი გავიდა და ჩემი ტკივილი განუსაზღვრელია, თუმცა მე ამაყი ვარ, რომ ჩემი ქმარი გმირია, საქართველოს გმირი. ჩემი ერთადერთი ნუგეში ახლა ჩვენი შვილებია.“