ოლეგ ჭონიშვილი სერგოს ძე
კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
გორის რაიონში, სოფელ ახალხიზაში ერთი პატარა გოგონა – ელენიკო დარბის. როცა ვინმე გააბრაზებს, ემუქრება: დაიცა, მამა მოვიდესო… არადა იცის, რომ მამა უფალთანაა.
ხანდახან ბებოს ეხვეწება, როცა იქ წახვალ, მამას ხელი მოჰკიდე და წამოიყვანეო…
ბავშვური ლოგიკით ცდილობს, მამა დაიბრუნოს. მამა, რომელიც რუსებმა მოუკლეს.
ოლეგ ჭონიშვილი მემიზნე ოპერატორი იყო...
და გმირულად დაიღუპა...
ომის მერე გავა ორი წელი და დედა იმ დღეს – 1977 წლის 27 იანვარს გაიხსენებს, როცა ოლეგი კილო და სამასი მოევლინა ქვეყანას…
მანანა ჭონიშვილი, ოლეგის დედა: „ოლეგი პირველი შვილი იყო… ძალიან წყნარი და დამჯერი ბავშვი. საბავშვო ბაღში არ დამყავდა, ჩემთან იყო ხოლმე... სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, ბოლო კლასებშიც ბრწყინვალედ სწავლობდა-მეთქი…“
მესამე კლასიდან ჭიდაობაზე დაჰყავდათ. მოსწონდა, ბოლომდე გაყოლასაც აპირებდა თურმე… ძირითადად სოფელში ბიჭებს ეჭიდებოდა. ერთადერთხელ ყოფილა თელავში შეჯიბრებაზე და შინ მედალიც მიუტანია.
ცხრა კლასი ახალხიზაში ისწავლა, მერე სკრაში გადავიდა და იქ დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლის მერე სავალდებულო სამხედრო სამსახური გორში მოიხადა. „ბევრს შვილი ჯარისთვის არ ემეტება, ჩემი შვილი ვაჟკაცი იყო და ჯარში უნდა ემსახურა“, – იტყვის დედა.
ჯარმოვლილი გორში, სახანძროში დაიწყებს მუშაობას. ორი წელი იმუშავებს მეხანძრედ. მერე ატმების „ხანძარს“ გააჩაღებს – კურკას დათესს, საძირეს გამოიყვანს, დაამყნობს – 500 ძირ ატამს გაახარებს… „ბავშვივით ზრდიდა“, – გაიხსენებს დედა... დედა, რომელმაც უკვე მეორედ უყურა ატმების ვარდისფერ „ხანძარს“ შვილის გარეშე…
ორი უმცროსი და ჰყავს. დედა იტყვის, რომ ოლეგი ხელის გულზე ატარებდა, ათამამებდა დებს. დღეს ორივე და გერმანიაში ცხოვრობს. დედა იმასაც გაიხსენებს, როგორ ტიროდა და ეხვეწებოდა დებს ოლეგი – ნუ წახვალთო. გაიხსენებს იმასაც, როგორ ითვლიდა დღეებს, რომ დები დაბრუნებულიყვნენ და ყველას ერთად ეცხოვრათ…
29 წლის იყო, 19 წლის თანასოფლელი გოგონა რომ შეირთო ცოლად. დედა იტყვის, რომ ოლეგს ბავშვობიდან მოსწონდა მომავალი მეუღლე. შორიდან იცნობდა, მერე სოფლის ბირჟაზე გაუცნია, სადაც საღამოობით მთელი სოფლის ახალგაზრდობა იკრიბებოდა.
„მალე სიყვარულში გამოუტყდა… ხუთი წელი შეყვარებულები იყვნენ. ბოლოს ოფიციალურად ჩვენ მივედით ჩვენი ნინოს ოჯახში და ხელი ვთხოვეთ. ერთი წლის შემდეგ გოგო შეეძინათ. ძალიან ბედნიერი იყო. პირველი ბიჭი უნდოდა, მაგრამ ამბობდა, ჯერ ყველაფერი წინ მაქვსო... ორი წლის დაოჯახებული იყო, ეს საშინელება რომ მოხდა. ოლეგი სულ ჯარში იყო და, ალბათ, ხუთი თვეც არ ყოფილან ერთად“.
კონტრაქტით ჯარში წასვლა რომ გადაწყვიტა, წინ არავინ აღდგომია.
„წინააღმდეგობა არავის გაგვიწევია. ვერავის ვერ წარმოგვედგინა, რომ ომი დაიწყებოდა... კონტრაქტს 2009 წლის მარტში ამთავრებდა, მაგრამ არ დასცალდა...
ფიზიკურად პატარა და სუსტი იყო, მაგრამ ბუნებით – ძალიან ძლიერი, მერე ჯარში ვარჯიშობდა... ძალიან მოსწონდა ჯარი...“
შინიდან 6 აგვისტოს, უთენია გავიდა. საღამოს დედა რომ შეეხმიანა, უთხრა, რომ იმ ღამით შინ ვერ მივიდოდა.
„დედა, განგაშია გამოცხადებული, ვერ ამოვალო. სიმამრის დაბადების დღე იყო... 7-ში დილითაც ველაპარაკეთ. თვითონაც ყოველ წუთში გვირეკავდა. მე წნევიანი ვარ და ყოველ ერთ საათში მირეკავდა, მეკითხებოდა: დედა, როგორ ხარო... ხან გავუჯავრდებოდი, კაი, შვილო, პატარა ხომ არ ხარ, სულ „დედა-დედას“ რომ გაიძახი-მეთქი... რა ვიცოდი, რომ საბოლოოდ მკითხულობდა... 7 აგვისტოს, 5 საათის მერე უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი. ბოლოს, შვიდის ნახევარზე ძლივს დავურეკე. ვარიანთან ვართ და ნუ გეშინიათ, არაფერია, უბრალოდ, გაგვიყვანესო. 10-ის ნახევარზე მეუღლეს ელაპარაკა: აღარ დამირეკოთ, საძილე ტომარას ვხსნი და უნდა დავიძინოთო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, დაგვამშვიდა და... იმის შემდეგ უკვე აღარაფერი ვიცით. მარტო ის ვიცით, რომ ცხინვალში ჭურვი მოხვდა ტანკს. ცეცხლი გაუჩნდა, ამ დროს ტანკიდან უფროსი და ოლეგი ამოძვრნენ და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, იარაღის ამოღებაც ვერ მოასწრეს, ხელცარიელი ამოვარდნენ და ისე გაიქცნენ... მძღოლმა 8 წუთის შემდეგ ძლივს მოახერხა ამოსვლა. უფროსი და მძღოლი გადარჩნენ. ოლეგი თავიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ შვიდი თვის მერე დეენემის ანალიზით ამოიცნეს...
„საშინელება იყო, შვიდი თვე გაურკვევლობაში ვიყავით, მერე ჩემმა მეუღლემ დეენემის ანალიზი აიღო და... თავიდან გვილოცავდნენ, არსად არ არისო, მაგრამ მერე, თებერვალში, შეტყობინება მოგვივიდა, დეენემის ანალიზი დაემთხვაო. მუხათგვერდში გვყავს დაკრძალული, არ გადმოვასვენეთ, თავის მეგობრებთან ერთად იყოს... ჩვეულებრივ მივდივართ და პატივს მივაგებთ... ამ უბედურებამდე არანაირი წინათგრძნობა არც მას და არც ჩვენ არ გვქონია, არც განსაკუთრებულად შეცვლილა. ჩვეულებრივ იყო...
საშინელებაა მის გარეშე ყოფნა, მაგრამ თავს ვინუგეშებ, რომ მის შვილს, პატარა ელენიკოს ვზრდით… ნადირობა და ქეიფი უყვარდა... განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ... სიზმარში ვნახულობ ხოლმე. ბოლოს რომ ვნახე, ეზოში ვიჯექი და კარებში შემოვიდა, მეუღლეს გადაეხვია და გვითხრა, იმდენი სალაპარაკო მაქვს, რომ დავიღლებითო და გამომეღვიძა...“ – ამბობს თვალცრემლიანი დედა…
ამირან რაზმაძე
სამოქალაქო პირი
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1951 - 2008
ამირან რაზმაძე მეომარი არ ყოფილა, არც იარაღით ხელში იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. ის გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე სამშენებლო მასალების აღრიცხვის ინსპექტორი იყო და რუსებმა მას მერე მოკლეს, რაც ფხვენისში ქართველ მეომრებს წყალი მიუტანა და შინ შეიარა, ცოლი რომ სამშვიდობოს გამოეყვანა... და სწორედ აქ იწყება თავზარდამცემი ისტორია. მის თავგადასავალს გვიამბობს მისი მეუღლე ნუნუ ჩლაიძე, რომელმაც ომის მთელი საშინელება გადაიტანა...
11 აგვისტოს ღამე იყო, ცოლ-ქმარი ცდილობდნენ, მანქანით დაეღწიათ თავი კარსმომდგარი მტრისთვის. ნუნუ ჩლაიძეს ისღა ახსოვს, ქმარმა რომ უთხრა, ფეხები წამერთვა, საჭეს ვეღარ ვიმორჩილებო და მანქანაში რაღაც გასკდა...
მეორე დილითღა მოეგო გონს ნუნუ ჩლაიძე, ცოლ-ქმარი საქაშეთის გადასახვევთან, ბენზინგასამართი სადგურის წინ ეყარნენ, ერთმანეთისგან 3 მეტრის დაშორებით... ცოლმა ქმართან მიღწევა ვერ შეძლო, მძიმედ იყო დაჭრილი, რუსმა ჯარისკაცებმა ქალი საველე ჰოსპიტალში წაიყვანეს, ცოლმა სთხოვა, ჩემი ქმარიც წამოიყვანეთო... აზრი არ აქვს, ის უკვე მკვდარიაო. იყო პასუხი...
მხოლოდ პატრიარქის შესვლის შემდეგ მოხერხდა მისი გადმოსვენება...
ნუნუ ჩლაიძის კოშმარი აქ არ დასრულებულა...
ამირან რაზმაძე აჩაბეთში დაიბადა 1951 წლის 21 სექტემბერს.
6 თვის იყო, მამიდამ რომ იშვილა და ფხვენისში წაიყვანა გასაზრდელად.
ნუნუ ჩლაიძე: „მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ, 3 ვაჟი და 2 ქალი. ამირანი მეორე შვილი იყო... და-ძმებთან ბოლომდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გული სტკიოდა, იტყოდა ხოლმე, მე ხომ მეორე ვიყავი და რატომ გამაშვილესო... ხანდახან ბევრი რამე მაგის გამოც დამითმია...“
ამირან რაზმაძემ ცხინვალის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიცნეს ერთმანეთი ამირანმა და ნუნუმ. ამირანი 16 წლის იყო, ნუნუ – 14-ის. ერთმანეთი შეუყვარდათ... 4 წლის შემდეგ იქორწინეს კიდეც.
„ყველაფერი ძალიან სხვანაირად იყო... ხანდახან თავი სიზმარშიც კი მგონია, თვითონაც ძალიან მოკრძალებული იყო და ისე წავიდა, რომ, ალბათ, ისიც არ იცოდა, როგორ ძალიან მიყვარდა...“
ქორწინებამდე კი ამირანმა სკოლა დაამთავრა და თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტში სწავლისას გაიარა სამხედრო კათედრა, შემდეგ 3 თვით კოჯორში მსახურობდა. ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა. მშენებელი ინჟინერი იყო. მუშაობა ცხინვალის სამშენებლო ტრესტში დაიწყო განყოფილების გამგედ, შემდეგ გორის მესამე სამშენებლო ტრესტში გადავიდა, შემდეგ – საბინაო ტრესტში, მუშაობდა ნიქოზში მიწათმომწყობად, დაღუპვამდე ბოლო სამი წელი კი გორის ბაზაზე გაატარა.
დაიღუპა 56 წლის.
ნუნუ ჩლაიძე: „ძალიან მშრომელი, ინტერესიანი და ნიჭიერი იყო. უამრავი რამე გააკეთა, ბოლოს სოფელში ჰესის აშენება უნდოდა, პროექტი შეადგინა, ის პროექტი ჩეხეთში გაგზავნეს და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ვერ მოასწრო გაკეთება, მე კი რაღას გავაკეთებ ახლა...“
მერე ომი დაიწყო. ამირან რაზმაძე გორის ბაზაზე მსახურობდა, მისი უფროსი ვაჟი სამხედრო ექიმია, არტილერიაში მსახურობს და შინ არც ის იყო, უმცროსი ვაჟი და ქალიშვილი თბილისში ცხოვრობდნენ. დედასთან შვილიშვილები იყვნენ და ბებიამ ისინიც გორში ჩაიყვანა, სიტუაცია რომ დაიძაბა. 11 აგვისტოს შინ, ფხვენისში მხოლოდ ნუნუ ჩლაიძეღა იყო.
„11 აგვისტოს დილით წყალი შემოუტანა ფხვენისის სკოლის ეზოში მდგარ ჩვენს ჯარისკაცებს.
შინ მოვარდა. სოფელში საშინელი პანიკა იყო უკვე. გნიასი, უბედურება ტრიალებდა... იყო სროლები... მე მეშინოდა... არაფრით არ უნდოდა წამოსვლა. ღამე იყო, რომ წამოვედით, გორისკენ მოვდიოდით, საშინლად დაძაბულები და დაზაფრულები ვიყავით. რა გზითაც მოვდიოდით, არ გამოგვიშვეს, სხვა გზით წამოვედით, ბაღებზე გადმოვიარეთ, საქაშეთის გადასახვევთან ვიყავით... მხოლოდ ის მახსოვს, მითხრა, მანქანას ვეღარ ვმართავო და რაღაც გასკდა კიდეც... დილით, გონს რომ მოვეგე, ბენზინგასამართი სადგურის წინ ვეყარეთ მიწაზე... ბევრი ჭრილობა მქონდა, კბილები ჩამტვრეული... იქ ქართველებიც ყოფილან, აუყვანიათ, იმათ მიამბეს მერე, თქვენ რომ აგაფეთქეს, მაშინ დაგვიჭირესო, ჯერ ტანკს შეეჯახეთ და მერე შემოგიგდეს რაღაცო, ვთქვით კიდეც, ადგილზე ჩახოცესო...
მე შეჯახება არ მახსოვს, ტვინის შერყევა მქონდა...
ფეხშიც დაჭრილი ვიყავი ავტომატით, მეუღლემდე ვერ მივედი... ეტყობა, აფეთქებისთანავე მოკვდა... რუსმა ჯარისკაცებმა წამიყვანეს თავის საველე ჰოსპიტალში, სულ ჭრილობები მქონდა, იმათმა ექიმმა შემიხვია. ვთხოვე, ჩემს მეუღლესთან მივეყვანე.
არაფერს მეუბნებოდნენ, არც მიშვებდნენ. ექიმმა მითხრა, ჩემზე არაა დამოკიდებული თქვენი გაშვებაო. მერე უცებ ყველამ შექუჩება დაიწყო, დიდძალი ტექნიკა იყო, მანქანები, ტანკები... მესმოდა, რომ შინდისში აპირებდნენ მისვლას, გაიგეს, რომ იქ ჩვენი ბიჭები იდგნენ... დრო ვიხელთე, ავიღე ჩანთა და როგორღაც გამოვედი, მოვდიოდი და ვფიქრობდი, ან ახლა მესვრიან, ან ახლა-მეთქი... საქაშეთში მანამდე ნამყოფიც არ ვიყავი. მივდიოდი და სად მივდიოდი, არ ვიცოდი. ერთ სახლთან მივედი, სამი ქალი დამხვდა, იმათ მითხრეს, საქაშეთში ხარო. ვთხოვე, იქ ჩემი ქმარია, დამეხმარეთ, გამომაყვანინეთ-მეთქი... კიდევ არ მჯეროდა, რომ მკვდარი იყო... არ გამომყვნენ... შინდისისკენ წავედი, მაგ დროს ბრძოლები მიდიოდა, ტანკები რომ დავინახე, „ლატოკებში“ ჩავწექი... მერე გზა გავაგრძელე და შინდისის სადგურთან იმ დროს მივედი, როცა უკვე იბომბებოდა. მოვდიოდი და იბომბებოდა... ორი დიდი მანქანა იწვოდა, შევედი ერთ-ერთ ეზოში, მიწაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი ეგდო... იქ მოხუცი კაცი ვნახე, ვთხოვე, ტელეფონზე დამარეკინეთ-მეთქი. მე აღარაფერი აღარ მქონდა ჩანთაში, ფული, ოქრო და ტელეფონი კი არა, სათვალე რომ სათვალეა, ისიც ამოღებული იყო. იმ კაცმა მითხრა, აქ ჩემს მეტი არავინაა, სოფლისკენ წადი, იქნებ იქ უფრო ნახო ვინმეო. გავაგრძელე გზა, ორი ბიჭი შემხვდა, იმათ დამარეკვინეს ჩემს გოგოსთან თბილისში... ჩემმა გოგომ ჩემი ხმა რომ გაიგო, აკივლდა... იმათ უკვე იცოდნენ, რომ მამა დაღუპული იყო და მე ვერ მპოულობდნენ, მეც დაღუპული ვეგონე. ჩემი შვილი მიყვებოდა მერე, თქვენი ამბავი რომ გავიგე, მეოთხე სართულზე ვიდექი და გადავარდნასა და თავის მოკვლას ვფიქრობდიო...
ჩემს გოგოს ვუთხარი, შინდისში ვარ და ფხვენისში მივდივარ-მეთქი. გამოვედი გაჩერებისკენ. ხალხი მიშლიდა, არ წახვიდე, მოგკლავენო, ჩემსას არ ვიშლიდი, ვერ ვიაზრებდი, რას ვაკეთებდი. მერე ერთმა ჩემს ბიჭთან დარეკა, დამალაპარაკეს. ჩემმა ბიჭმა მითხრა, დაუჯერე მაგ ხალხს, მანდ იყავი, ჩამოგაკითხავთო. ჟუჟუნა ფაცინაშვილმა წამიყვანა თავის ოჯახში, საშინლად გავსივდი, 5 დღე მივლიდნენ ჟუჟუნა, ნაზო საბაშვილი, ლილი ომაძე. მოხუცი ექთანიც მომიყვანეს, შინდისელებმა ჩემი გულისთვის აფთიაქი გატეხეს, ისეთი პატივი მცეს, ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი. მერე, ჩემებმა სთხოვეს, სასწრაფო შემოვიდა ჩემს გასაყვანად, მარტო მე გამიყვანეს. იქვე, გვერდით სახლში ქართველი დაჭრილი ჯარისკაცები ჰყავდათ გადამალული, ისინი ვერ წამოიყვანეს, გაფრთხილებული ჰყავდათ, ერთი ქალის მეტს თუ გამოიყვანთ, ყველას ადგილზე ჩაგხოცავთო... რუსების ორი საგუშაგო უნდა გამოგვევლო...
სწორედ იმ დღეს გამოიტანა პატრიარქმა ჩემი მეუღლის ცხედარი...
თბილისში დაკრძალეს, წლისთავზე გადავასვენეთ ფხვენისში...“
ამირან რაზმაძის ძმა და რძალი აჩაბეთში ტყვედ ჰყავდათ, ტყვეობიდან რომ დაიხსნეს, ამირანის ძმას გული გაუსკდა და დაიღუპა...
ნუნუ ჩლაიძეს ერთი თვე მკურნალობდნენ ღუდუშაურის კლინიკაში. შინ დაბრუნებულს სახლ-კარი აოხრებული დახვდა.
ნუნუ ჩლაიძე: „ძალიან უწყინარი კაცი იყო, ხანდახან ვფიქრობდი, ბავშვად არის დარჩენილი-მეთქი. სიკეთით სავსე. სახლში ერთი ლარი რომ ჰქონოდა და ვიღაც გაჭირვებული მოსულიყო, აიღებდა და მისცემდა... უფროს რძალს შვილებისგან არ არჩევდა, გადამკვდარი იყო შვილიშვილებზე, ორ გოგონას მოესწრო, ვაჟი ახლა შეეძინა უფროს ვაჟს. შუადღით, შესვენებაზე შვილიშვილებს სკოლაში აკითხავდა ხოლმე...
ძალიან უაზრო გახდა ჩემთვის ცხოვრება, ამათ რა ვუყო, რომ ვერ ვღალატობ თორემ... ყველაფერი შეიცვალა, რაც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის, ყველაფერი დავკარგე... ერგნეთიდან ვარ მე თვითონ, სამშობლო აღარ მაქვს, ჩემების სახლი გადამწვარია, ჩემები ყველანი ლტოლვილები არიან. ამირანის სამშობლო აღარ მაქვს, აჩაბეთი, ისინიც ლტოლვილები არიან...
ჩემთვის ძალიან რთულია ცხოვრება მის გარეშე... განსხვავებული იყო – დილით რომ სამსახურში წასვლა უხაროდა და სამსახურიდან ჩქარა სახლში მოსვლა. შვილებზე იყო გადამკვდარი, ოღონდ ამათ ესწავლათ. არაფერს იშურებდა...“
გარდაიცვალნენ ერთად გელა რომელაშვილი მურაზის ძე 1983-08 გარდ. 25 წლის, სამაჩაბლოში დაბ. ცხინვალი
ალექსანდრე გოგიაშვილი. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების გმირი. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს გერმანიაში.
„ ჭ ი დ ი ლ ი მ ხ ე ც ე ბ თ ა ნ - 2 “ ავტორი ნუგზარ ქებურია
სამაჩაბლო. ცხინვალი. 2008 წ. 8 აგვისტო. „ დაჭრილი ტანკისტის ნაამბობი: “
ალექსანდრე გოგიაშვილი
...რვა აგვისტოს, დაახლოებით დილის შვიდ საათზე გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის შვიდი ტანკი ვახორციელებდით გადაადგილებას სოფ. ზემო ნიქოზიდან სოფ. თამარაშენის მიმართულებით. ცხინვალი თითქმის დაცლილი იყო მოსახლეობისგან და ჩვენი შესვლის პერიოდში არ შეგვხვედრია არცერთი სამოქალაქო პირი.
ჩვენს მიერ წამოწყებული სატანკო რეიდი რუსეთის ე. წ. სამშვიდობო ძალების განლაგების ადგილას შეფერხდა, რადგან რუსი მეომრებისგან მოხდა ცეცხლის გახსნა ჩვენი სატანკო კოლონის მიმართ. არც ჩვენ დავიხიეთ უკან, საპასუხო ცეცხლი გავხსენით და მათი პირველი იერიში სწრაფად მოვიგერიეთ, რამაც გამოიწვია ჩვენი საბრძოლო მარაგის ამოწურვა... დაგვჭირდა ხელმეორედ დაბრუნება სოფ. ნიქოზში და საბრძოლო მარაგის შევსება...
ამის შემდეგ, ოთხი ტანკით შევბრუნდით ცხინვალში და გადავადგილდებოდით სოფ. თამარაშენის მიმართულებით...
საბრძოლო ტაქტიკის მიხედვით, ლეიტენენტ გია რომელაშვილის ტანკი წავიდა წინ, რათა მოეხდინა იქ არსრბული საბრძოლო მდგომარეობის დაზვერვა.
მე ვმართავდი სამეთაურო ტანკს N 401, რომლის მემიზნე - ოპერატორიც ვიყავი, მეთაური - გია სამადალაშვილი, ხოლო მძღოლ - მექანიკოსი ჯონი აკოფაშვილი (მეტსახელად "სტარიკი"). დაცვის მიზნით წინ მიმიძღოდა კაპრალ ჯონი ლომიძის ტანკი N 408, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: მძღოლი - მექანიკოსი ჯონი ლომიძე, მეთაური სპარტაკ ნიორაძე, მემიზნე- ოპერატორი ოლეგ ჭონიშვილი.
უკან მომყვებოდა კაპრალ გელა რომელაშვილის ტანკი - N 404, რომლის ეკიპაჟს მეთაურობდა რამაზ ნიორაძე ( მეტსახელად " ფირუზა"), მძღოლი - მექანიკოსი ალიკა კურტანიძე.
ჩემთან კავშირზე გამოვიდა ლეიტენანტი გია რომელაშვილი, რომელიც იმყოფებოდა სადაზვერვო ტანკით - N 406, რომლის მეთაურიც თვითონ იყო. მემიზნე - ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი, მძღოლი - მექანიკოსი ზაზა ბირთველიშვილი ( მეტსახელად „მიმინო “ ასე დაარქვა თავის ტანკსაც. ასე მომმართავდნენ მეც).
- „მიმინო!“ უკან და მარჯვნივ!“ - გია რომელაშვილისგან მივიღე შეტყობინება, რაც ნიშნავდა, რომ ალყაში ვიყავით მოქცეული. ამის შემდეგ გაწყდა კავშირი მის ეკიპაჟთან...
ამ დროს დავინახე ჩემს წინ მავალი ტანკის აფეთქება, შემდეგ უკან მავალი ტანკის და ბოლოს ჩემს ტანკზეც მოიტანეს იერიში, ოთხი გასროლა და ოთხივეჯერ კოშკურაზე მომახვედრეს ჭურვები. ტანკს გაუჩნდა ცეცხლი, მივიღე მძიმე დაზიანებები ყბა-სახის და გულმკერდის არეში, ასევე კანტუზია, მაგრამ მაინც ვცდილობდი თანამებრძოლის, გია სამადალაშვილის ამოყვანას ცეცხლმოკიდებული ტანკიდან, რადგან მე მქონდა გამოცდილება აფხაზეთის ომის დროს ბრძოლებში მიღებული, სადაც დამაჯილდოვეს კიდეც მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
რუსული საინფორმაციო საშუალებებით შემდგომში ცნობილი გახდა, რომ პირადად გენერალი ბარანკევიჩი ახორციელწბდა ჩვენი სატანკო ოთხეულის დაბომბვას, ეს მან პირადად განაცხადა...
როდესაც ტანკიდან ამოვიწიე, დავინახე კაპრალი გელა რომელაშვილი და ოლეგ ჭონიშვილი გარბოდნენ გია რომელაშვილის ტანკისკენ, რომელიც აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა. ამ დროს შეიპყრეს ორივე ჩასაფრებულმა მტრის ბოევიკებმა და ადგილზე დახვრიტეს...
მოპირდაპირე ქუჩაზე შევამჩნიე ჯავშანმანქანა „ კობრა,“ რომელმაც ცეცხლი გაუხსნა რუსებს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ მანქანით მოხდა მძიმედ დაჭრილი ჯონი ლომიძის გაყვანა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაველოდე მტრის წასვლას და ჩემი აფეთქებული ტანკით, რომელიც დაქოქილი დავტოვე შევძელი უკან გამოსვლა...