ოთარ სულაბერიძე (1923-75) ქუთისი იმერეთი
1923 წლის 2 მაისს, მთისძირის ქუჩა (დღევანდელი ტაბიძის ქუჩა) „მეობა“ - ასე ეძახდნენ ოთარ სულაბერიძეს (1923-75). აკი თავადაც ამბობდა, ყველას თავისი მეობა აქვსო, ამ მეობით უნდა შეფასდეს და დაფასდესო ადამიანი. ოთარ სულაბერიძის პიროვნების დასახასიათებლად, მისი ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდის მოყვანაც კი კმარა: უსახლკაროდ დარჩენილ „მეობას“, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მთავრობამ ბინა აჩუქა. ოთარს ამ ბინაში ერთი დღეც კი არ გაუტარებია: მან თავისი ბინის გასაღები მისთვის სრულიად უცხო, მრავალშვილიან, ქვრივ ქალბატონს აჩუქა.
ცნობილი მეწარმე და საზოგადოება „ქუთაისელის“ დარბაზის წევრი ბატონი არჩილ მურღულია თავის წიგნში „მე თვითონ“ იგონებს: ოთარ სულაბერიძის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. ვის არ ნახავდით აქ, საქართველოს რომელი კუთხიდან არ იყვნენ ჩამოსული სტუმრები - თბილისიდან, ბათუმიდან, სოხუმიდან, ფოთიდან. ჩამოვიდნენ გამოჩენილი სპორტსმენები, მწერლები, სამეურნეო-პარტიული მუშაკები, თეატრის, კინოს მოღვაწენი, უბრალოდ მეგობრები. მისი დაკრძალვა - ეს იყო არნახული მასშტაბის სამგლოვიარო პროცესია. ჭირის სუფრა რესტორან „თეთრ ქვებში“ გაიწყო. ეკრანზე აჩვენებდნენ მისი ცხოვრების ეპიზოდებს. ბევრი ცრემლი და მოფერება წაყვა ჩვენს საყვარელ „მეობას“.
ქუთაისის ცენტრში, წერეთლის და პუშკინის ქუჩის გადაკვეთასთან დგას ქვაში გამოკვეთილი მზეჭაბუკის სახება.
როცა მისი მეგობრები, თაყვანისმცემლები, ახლობლები მიუახლოვდებიან მას, გულში იმეორებენ მისი მეგობრის ოთარ მამფორიას უკვე დაზეპირებულ ლექსს:
და გაჰყურებენ შენ მშობლიურ ქალაქს,
სადაც შენი სიჭაბუკე შფოთავს.
მოვდივართ და გესალმებით კვლავაც, -
გამარჯობა, საყვარელო ოთარ!
მეტსახელად "მეობა", სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ქუთაისის კოლორიტი.
დაკრძალულია ქუთაისში,
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ივერი გურეშელმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას. კარგ ქართველთა საფლავებიდან.
.
1923 წლის 2 მაისს, მთისძირის ქუჩა (დღევანდელი ტაბიძის ქუჩა) მეფაიტონის ატეხილმა ხმაურმა დილაუთენია გააღვიძა, თუმცა იმ სახლში მთელი ღამისნათევებს დილის ძილი მაინც ვერ დაუფრთხო... იმ დღეს სულაბერიძეებმა მოგვიანებით უთხრეს მეზობლებს სალამი, მეზობლებმა კი ვაჟის გაჩენა მიულოცეს - კაცურ კაცად და ნაღდ ქუთაისელად გაზრდილიყოსო - ილო პაპამ დალოცა პატარა ანგელოზი. ეზოს ბიჭებმა თითებზე გამოთვალეს რაღაც და ერთმანეთის გასაგონად ჩაილაპარაკეს: მალე სულაბერიძეების ბიჭს ჩავაყენებთ კარებში და აღარ დაგვჭირდება ვერიკიასთან ღრიტინი და ჩურჩხელების ჩუქებაო.
ვარდობისთვის მზიან დილას, ბებიაქალმა მუთაქასავით მიაგორა ჩვილი ხის ტახტზე და იავნანასმაგვარი სიმღერაც უმღერა. ფეხის წვერებზე დადის მამა ეზოშიც და შიშობს, არ დააფრთხოს ქვეყნად პირველი ძილი...
***
- რა ამბავია, შე კაცო, ამდენი ოთარი! ჟორა დაერქმიათ ან კუკური?!
- ქვა რო ააგდო, ქუთაისში ოთარას მოხვდება...
- სახელს რა მნიშვნელობა აქ, კაი კაცად უნდა გაიზარდოს.
- ვნახოთ... - ნიშნის მოგებით თქვა პირველმა და ყალიონში ჩაყრილ თუთუნს, როგორც იქნა, მოუკიდა ცეცხლი...
***
იმედი გაუცრუვდათ ეზოს ბიჭებს, პატარა ოთარა მეკარეობას არ დაჯერდა. თუთის ხეზე რგოლი გააკეთა და ტყავის დახეულ ბურთს ეზოს შორეული კუთხიდან შიგ ლამაზად აგდებდა. ბოღმით იხრჩობოდნენ ბიჭები, ოთარას შინ რომ არ დაიგულებდნენ, ჩუმად ვარჯიშობდნენ, საბრალო თუთის ტოტები კი საიდუმლოდ არ ტოვებდნენ ამ ამბავს. მიხვდებოდა ოთარა, დამტვრეული ტოტებით მიხვდებოდა, რომ...
ერთხელაც, ჩუმად მიეპარა ბიჭებს და... იმ დღიდან უღიმღამოდ ნასროლი ბურთები აღარ ჩავარდნილა რგოლში.
მოდაში კალათბურთი შემოვიდა, მთის ძირის ქუჩაზე და მთელ ქუთაისშიც, რაღა თქმა უნდა...
***
მეორე სკოლაში ნინა ჯგერენაიას მადლობას მადლობაზე უხდიან ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის. ქალბატონი ნინა კი საღამოს აღფრთოვანებული უყვება მეუღლეს მასწავლებლის ნათქვამს.
ოთარი მართლაც გამორჩეულია, როგორც სილამაზით, ისე ნიჭიერებით. მეგობრობის საოცარი უნარი აქვს, თანაკლასელები მისით ამაყობენ.
გუშინ ქართულის მასწავლებელი აატირა, ისე გულისამაჩუყებლად წაიკითხა ლექსი. იმ მერხზე, კედელთან, გოგონა რომ ზის, მგონი, იმას შეყვარებია ოთარი. ჯერ ზუსტად არ იციან ჟორამ და ალიოშამ, მაგრამ გაენდვნენ ოთარს. მან ალმაცერად შეხედა ბიჭებს...
- მე ყველა მიყვარს, ეთერსაც ყველანი ვუყვარვართ.
დაიბნენ ბიჭები:
- ჩვენ არა, ჩვენ კი არა, იმან...
***
- დღესაც თუ მოვიგეთ, ჩემპიონობა ხელში გვაქ! - არადა, არ ჩერდება პარმენა, ცქმუტავს, ოთარს გარს უვლის და ეხვეწება, მეც ჩამაგდებინე ბურთიო. ოთარს ეცინება, ჩააგდე, ვინ გიშლისო, - სიმაღლე მიშლისო.
იცინიან:
- აპა, რა ქნას ოთარამ, ხელში აგიყვანოსო?! მერე:
- ეს რა ქნა ოთარამ, გამარჯვების ქულა პარმენას რავა ჩააგდებინაო! - შურისგან სკდებიან ბიჭები, პარმენა კი ოთარს ეხვევა, - ძმა ხარ, ძმა, ოთარა!
***
ჩიტის ამბავი ჩაყვა გულში, კვდება დარდისგან. მერამდენედ დაესიზმრა, ხანაც უთენია გავარდება აივანზე, მოჭიკჭიკე ჩიტებში უნდა შეიცნოს ფრთამოტეხილი ჩიტი. დედაც აიმედებს, ბუხარში არ შევარდებოდა, ფანჯარა იყო ღრიჭოდ, გაფრინდებოდა უთუოდო.
- არ უნდა მიმეტოვებინა, დამნაშავე ვარო! - წუხდა, - იმედი გავუცრუე, ვერ მოვუარეო.
- კაი, თუ ქალი ხარ, მაგისთვის რავა მოიკლავს თავსო, - იცინის ჟენია, და ნასესხებ მარილს ხელსახოცში ახვევს.
***
ლეილა კი სულ ოთარზე ლაპარაკობს, გოგოებს სიამოვნებთ ოთარზე ამბების მოსმენა. რა ბედნიერია ლეილა, ამისთანა ძმა რომ ყავსო! ეშხში შესული ლეილა კი ყვება ათასგვარ ამბავს - მართალს, თუ გამოგონილს, ძმაზე. ამქვეყნად ყველაზე საამაყო ძმაზე...
ოთარი გაბრაზდება, როცა ამას გაიგებს და დაც მოუბოდიშებს, - მეტს აღარ ვიზამო, ჰპირდება...
***
ორი ოთარი რიონის პირას, ქვებზე ჩამომსხდარი, ომზე საუბრობს. ორპირი ქარი ქოჩორს უწეწავს ბიჭებს. წყალს აყოლებენ დარდს და ვარამს, ცუდი სიზმრივით, მაგრამ წაიღებს კი რიონი მათ ნაღველს?! მერე საღერღელი აეშლება ერთ-ერთ მათგანს და ლექსებს კითხულობს ხმამაღლა. თეთრ ხიდზე ჩერდებიან გამვლელები და ოვაციებით აჯილდოებენ.
- ვინ ხარ, ბიჭო! - ჩახლეჩილი ხმით ეძახის მეეტლე სერაპიონი და აღვირს ამოსდებს ცხენებს.
მიხვდით, ალბათ: მამფორიაა ის მეორე...
***
- გაიგე, ნინა, ოთარ სულაბერიძე ომში წასულა?!
- ვაიმე, როდის?! - ლამის ლოყა ჩამოიხოკა ნინამ.
- ზუსტად არ ვიცი, მისი მეზობელი შემომხვდა ბჟოლებში, იმან მითხრა.
- აღარ ღირს აწი ბაღისკიდეზე გასეირნება! - გულჩაწყვეტილი იტყვის ნინა და „საოთაროდ" შეკერილი ფარჩის კაბის გასახდელად შევარდება შინ.
მეორე დღეს ბაგრატზე ავა და თავისი ხელით ჩუმად ამოვლებულ თაფლის სანთელს აანთებს, ოთარის სიგრძის სანთელს, მის სიცოცხლეს შეავედრებს ღმერთს და პირობასვე დადებს: თუ ოთარი აღარ დაბრუნდება, აღარასოდეს გაისეირნებს ბაღისკიდეზე, ოთარის გარეშე ხომ მაინც არაფერია იქ გავლა. დანარჩენი ქუთაისელი ბიჭების სახელზეც დაანთებს ერთ სანთელს და იტირებს ბევრს დაღამებამდე...
***
ომი...
ტყვია, სანგარი და ფეხდაფეხ მოპარული სიკვდილი. გმირობა და ოთარის დიდრონ თვალებში ჩამდგარი სევდა. წუხელის ბაღისკიდე დაესიზმრა, რუხი ფერი დასდებოდათ ვარდებს, უსუნო ვარდებს. შავი კაბები ჩაუცვამთ გოგონებს და კოსტაიას ფოტოსალონს ჩამოუხურავს ვიტრინა.
ტყვიის ზუზუნმა გამოიყვანა საშინელი სიზმრიდან,წამოიჭრა და გარბის, ალბათ, რიონს უნდა მოუყვეს ცუდი სიზმარი...
- ახლა ჩიტად მაქცია და ჩემი ქუთაისი დამანახაო, - ნატრობს. - მერე კი იყოს სიკვდილი, ოღონდაც, გულში მოხვედრილი ტყვიითო...
წერილს უცნობი აწერს ხელს.
- მომენატრეო, ოთარ, უშენოდ ქუჩა დაცარიელდა, ბაღის კიდემ ეშხი დაკარგაო...
ულვაშებში ეღიმება ოთარს - „ის" ხომ არ მწერსო, მერე ხმამაღლა იტყვის:
- ჩემმა ქუთაისმა მომწერა წერილი, ჩემს ბაღისკიდეს მოვნატრებივარო...
მთელი დღე ბედნიერია, თანამებრძოლებს უკვირთ, ამ გაგანია ომში რა ახარებსო, ჭკუაზე შეცდაო, ალბათ...
***
შუაღამეზე მატარებელმა სხვანაირად მიაკივლა ქუთაისს, რადიოთი გაგებული გამარჯვების ამბავი ცალფეხა მიშიკომაც დაადასტურა. თითებდაჭრილი ხელისმტევანი გულზე დაირტყა და - მაინც ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, ნახევარი კაცი მაინც დავბრუნდი, მთელი გულითო...
სამი თვეა, ზეიმობს ქუთაისი ომში გამრაჯვებას, ომში წასული პირტიტველა ბიჭები გმირებად ბრუნდებიან. გოგონებმა ისევ ჩაიცვეს ფერადი კაბები და დაშრიალებენ ბაღისკიდეზე.
- უცნაურად კი დასეირნობენ და საეჭვოდ - იტყვის ვალიკო და დაუდასტურებს ჟორიკიე:
- ნიძლავს ჩამოვალ, თუ ესენი ოთარა სულაბერიძეს არ ელოდებიან, ასე გამოპრანჭულები...
- ნინა, არ გაცივდეთ ამ წვიმაში, შინ რად არ მოდიხართ, ელოდებით განა ვინმეს? - გაბედა კითხვა ვარლამამ და ნინა გაწითლდა.
- და-ძმობას გაფიცებ, ნიძლავი დავდე, კარგ დუქანს ვიგებ, მითხარი - მართლა ოთარა სულაბერიძეს ელოდებით ყველანი?!
- შენ ვინ გითხრა? - ვეღარ დამალა ნინამ.
ვარლამაც გაშლილ სუფრაზე განსხვავებულს შეავსებს და იტყვის:
- მოდით, ბიჭებო, ჩვენს მოლოდინს გაუმარჯოს, ოთარა სულაბერიძე რომ ჰქვია სახელად. ღმერთმა არ ჰქნას, ოთარა რომ არ დაუბრუნდეს ქუთაისს. უცოლოდ ვართ ბიჭები დარჩენილები, გოგონები რიონში გადაცვივდებიან თეთრი ხიდიდან, გეფიცებით, მართლა მოიკლავენ თავს...
- ჩემო ვარლამა, შენ ხუმრობ, გოგონების არ ვიცი და, ბაღისკიდეზე გავლა არც მე მომინდება, ის მზეჭაბუკი რომ არ დაბრუნდეს. ბიჭებო, იგი ხომ ყველა ჩვენგანის ლამაზობაა, კაცობაა, კაი ბიჭობაა.
- ოთარა სულაბერიძე, ნამუსი თუ გაქ, შენ ხვალ პირველივე მატარებლით უნდა დაადგე დაძინებულ ქუთაისს თავზე!
***
- ვარლამია, ბიჭო, ენამ გიყივლა, ოთარა ჩამოსულა წუხელ, გოგოებს ყვავილებიანი კაბები ჩაუცვამთ, კოსტაიას ფოტოსალონში სურათს იღებენ. არიქა, იჩქარე, ვინმემ არ დაგვასწროს ოთარას დაპატიჟება, გამოადგი ფეხი, ბიჭო, რავა ალიოშას ცხენივით ბორძიკობ.
***
- ამდენი ველოდეთ, მან კი ის ამოირჩია, რითია ჩვენზე მეტი!
- ეტყობა, არის, ჩემო ნინა, რაკი „მეობამ" ამოირჩია, ესე იგი არის...
მეობა - ამ სახელით დაუბრუნდა ქუთაისს ოთარ სულაბერიძე. თავად იყო ნათლია: ყველას თავის მეობა აქვსო! - ამბობდა ხშირად. მეგობრებმაც აიტაცეს და ოთარ სულაბერიძე გახდა მეობა.
მეობა და ოთარ მამფორია, ორი მზეჭაბუკი, კვლავაც გაანათებენ ბაღისკიდეს - ავდარშიც კი.
- მოდით, ქუთაისის გაცოცხლებას, ქუთაისის ეშხს, მეობას გაუმარჯოს!
ვიღაც შეპარულა მათ სუფრაზე: მთავრობას ეს რა ესმის, ქუთაისში ხომ, წესით, პირველი კაცი პირველი მდივანია!
რა სასაცილოა... ვინ მივა მეობასთან!
***
კაცობაში არჩაჭრილი, ისე ღრმად ეფლობა მეგობრობაში, გამოფხიზლებასაც ვერ ასწრებს. იციან მეგობრებმა, სიყვარულში უბედურს, სად აპოვნინონ ბედნიერება.
მიუხედავად ათასი ტკივილისა, ზომიერებას არ კარგავს. მას ყველაფერი გულით უყვარს და ბუნებრივად გამოსდის.
- შეუდარებელი მეგობარი.
- არაჩვეულებრივი ვაჟკაცი.
- კაცურკაცობის ეტალონი.
- ნაღდი მეობა და ქუთაისელი.
- ვინა ხარ შენ, მეობას რომ არ იცნობ?!
უყვარს იმაზე მეტს, წესით ვისაც უნდა უყვარდეს, იცნობს იმაზე მეტი, რამდენიც უნდა იცნობდეს ერთ კაცს და მაინც „დინამოს" სტადიონზე ცხოვრობს, ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ სახლი არ აქვს, ქუთაისია მისი სახლი.
***
- კაცო, სად ჯანდაბაში იხედები, აგერ, ჩვენს პირდაპირ რომ ზის, ის კაცი იყო, გასაღები რომ მაჩუქა, ბინის!
- გეშლება...
- რას ჰქვია მეშლება, მის სახეს რა დამავიწყებს, მივიდეთ, მადლობა ვუთხრათ.
- სირცხვილია, ქალო, რას იფიქრებს?!
- რა უხეირო ხარ! - ქალმა ხელი დასტაცა ქმარს და მეობას წინ აისვეტა. ათასი სამადლობელი სიტყვა მოქარგა, მეობას კი სახეზე ძარღვიც არ გატოკებია, მოუბოდიშა და იქაურობას გაეცალა.
- ხომ გითხარი, გეშლება-თქვა! - გაწიწმატდა ქმარი.
***
ოთარ მამფორია ემოციას ვერ მალავს: ვინ არის ეს ცხვირმოუხოცავი, მეობას მეგობრობას რომ იჩემებს. არადა, უცნობი ისეთ რამეებს ჰყვება, თავად მამფორიაც რომ იყო იმ ამბების მონაწილე. „ეს კაცი გამაგიჟებს, ჩემს მაგივრად ლაპარაკობს ჩემს მეობაზე!"
- ჭიქა ღვინო თუ აგიწევია მეობასთან? - ჰკითხა მამფორიამ.
უცნობი დაიბნა:
ღვინო არა...
- თუ ძმა ხარ, გაჩერდი, შენ ჩემს მეობას არ იცნობ...
***
საათი... საათი რად უნდა?! ახლა კაცობის დროა, რა საჭიროა, წამებით მოკლას დრო... დრო ისედაც ხომ კვდება...
***
ტირის ქუთაისი, შეტეხილი კარის მიღმა კი მეობას გაყინული სხეულია, ხელში ტელეფონის ყურმილი უჭირავს. მერე კარგა ხანი ჩემულობენ ქუთათურები, რომ გარდაცვალების წინ სწორედ მას ურეკავდა. ბევრს ტელეფონიც არ ჰქონდა იმ ხანად სახლში, აბა უთხარით, რომ არ ურეკავდა, გაბედეთ და უთხარით.
ოთარ მამფორია მჯიღს იცემს გულზე: „მეობა მომიკვდა, ჩემი მეობა!.."
რაღა ფასი აქვს ვარდობის თვეს ქუთაისში, რაღა ფასი აქვს ქეიფს, ანდა ქუჩაში ხეტიალს?!
ბაღისკიდემაც დაკარგა ხიბლი და ჩაქრა სანთელი, რომელიც კი არ ანათებდა, აკაშკაშებდა ქუთაისს.
***
წამებმა მოკლა ბევრი დრო, წელი და საუკუნეც. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, ქუთაისი ცდილობს, დაემგვანოს ევროპულ ქალაქებს. ქუთაისელები ტოლს არ უდებენ ევროპელებს. ბაღისკიდეზე სეირნობა მოდაში აღარ არის, თუ მაინც გინდა ძველი დრო გაიხსენო, იმ ადგილას მაინც ჩაიარე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაბადებული ჭაღაროსნები რომ სხედან. თუ ახალგაზრდებს გადაეყარე, არ გაგიკვირდეს, ახლა ქუთაისში საკუთარი დედის შეგინებაა მოდაში. ესეც, ალბათ, დრომ მოიტანა!
... მინდოდა, მქონოდა ბედნიერება, მეობას ნაცნობი ვყოფილიყავი, უბრალო, რიგითი ნაცნობი. ეტყობა, დროში ავცდით ძალიან. მე ვისურვებდი, იმ ეპოქაში მეცხოვრა, მეობას კი ვერაფრით შევკადრებდი, ეცხოვრა ჩვენს დროში. ღმერთმა დაინდო, მის საუკუნეში მოავლინა ქვეყნიერებას. მინდა ვიყვირო ყველას გასაგონად, ვაიძულო ყველა: ვიდრე „კოლხურ შადრევანს" გახსნის პრეზიდენტი, ჩვენს გულებში ერთი დღით მაინც დავუდგათ ძეგლი კაცს, რომელიც ყველა დროის, ყველაზე დიდი ქუთაისელი იყო (ჩემი აზრით) და დარჩება, ვიდრე ქუთაისში ერთი კაცი მაინც იარსებებს, 2 მაისს წერეთლის ქუჩაზე, სამი ოთარის სკვერში რომ მივა და მეობას ძეგლთან ყვავილებს დადებს.
ფბ-უცნობი ქუთაისიდან