ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი (დ. 15 ივლისი, 1870, სოფელ ნიკოლსკოე, ტულის გუბერნია, რუსეთი — გ. 11 ნოემბერი, 1963, თბილისი) 1893 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი პათოლოგი - პათოფიზიოლოგი. პროფ. მანუხინის მოწაფე. მუშაობდა და დახელოვნდა გერმანიასა და საფრანგეთში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Исследованния о воспалении“ (1897).
1908–1922 წლებში განაგებდა ზოგადი პათოლოგიის და ბაქტერიოლოგიის კათედრას თავდაპირველად ოდესის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ–სამედიცინო ინსტიტუტში. 1923–1953 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრას, 1944–1960 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილებას. იკვლევდა ანთების მექანიზმებს, ნერვული სისტემის, გულის, სისხლის, მიკროცირკულაციის ფიზიოლოგიურ და ზოგადი პათოლოგიის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ზოოლოგიის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ბიოლოგიასა და მედიცინაში ვარიაციული სტატისტიკისა და კიბერნეტიკის მეთოდი. ფართოდ იყენებდა ფიზიკის მეთოდებს სისხლის მიმოქცევის შესწავლაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვლადიმერ ვორონინის პირადი ბიბლიოთეკა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ სამეცნნიერო ბიბლიოთეკაში. რუსი პათოფიზიოლოგი, მეცნიერული პათოფიზიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1897), პროფესორი (1908).
ორტომიანი სახელმძღვანელოს ავტორი პათოფიზიოლოგიაში. მისი შრომები ეხება შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების შენებას და სხვა საკითხებს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (1944-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1949 - უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბოგომოლეცის სახელობის სამეცნიერო პრემია
- 1942 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
წყარო-npl.gov.ge