სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მიქაელ აბესალომის ძე პატარიძე 1895-1959წწ პოეტი მთარგმნელი ქუთაისი იმერეთი

1895-1959 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი პატარიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

488       ბეჭდვა

მიქაელ აბესალომის ძე პატარიძე 1895-1959წწ პოეტი მთარგმნელი ქუთაისი იმერეთი

მიქაელ აბესალომის ძე პატარიძე დაიბადა ქუთაისში 5 აპრილი, 1895 გარდაიცვალა 7 ივლისი, 1959  


სწავლობდა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერს ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას; წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი ნიკოლაძესა და მის თანამოაზრეებს იმ დიდ წამოწყებაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ერის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის; იყო შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე და ალპინისტი; საზოგადოება "შევარდენი", სადაც ეს ენთუზიასტები გაერთიანდნენ, წმინდა სპორტულის გარდა, დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიასაც ასრულებდა; სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ისეთი სპორტული ტერმინების შექმნას როგორებიცაა: ორძელი, ტაიჭი, ბადრო, თხილამური, წერაყინი, განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, აღმატრიალა და სხვანი; პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასაც; მართალია, მისი უპირველესი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე პოეზია იყო, მაგრამ მრავალმხრივი ნიჭისა და პრაქტიკული საქმიანობის გამო აქ ჯეროვანი კვალი ვერ დატოვა, რასაც მწვავედ განიცდიდა; მისმა პოეტურმა ტალანტმა გამოსავალი ძირითადად თარგმანებში ჰპოვა; მწერალმა დაგვიტოვა რუსული პოეზიის პირველხარისხოვანი თარგმანები - პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი და სხვები; მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი, ხეთაგუროვი; აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოდლერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება ვ. მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია; ასევე დიდი ღვაწლი დასდო გამოჩენილი რუსი პოეტის სახლ-მუზეუმს ბაღდათში სადაც იგი 17 წელი მუშაობდა და აქედან ბოლო 15 წელი დირექტორი იყო. დამწერლობათმცოდნის, ანბანთმცოდნისა და ქართული ანბანის რაინდის რამაზ პატარიძის მამა.



წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.299; samchoblo.org

მიქელ პატარიძე ცნობილი პოეტი და მთარგმნელი მიქელ პატარიძე, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთგულად, უანგაროდ ემსახურა ქართული მწერლობის, კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეს.

თუკი ქართულ საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა, მიქელ პატარიძე მუდამ წამომწყებთა შორის იყო. იგი ყოველთვის იქ ტრიალებდა, სადაც იქმნებოდა ახალი, იყო ეს ლიტერატურული წამოწყება თუ სპორტული ცხოვრება; იგი ერთ-ერთი მთავარი იყო მათ შორის, ვინც პირველად ეზიარა ევროპულ მოდერნისტულ მიმდინარეობას, ვინც პირველად მიიტანა იერიში კავკასიონის მწვერვალებზე.

ნატიფი, დახვეწილი ინტელიგენტი, ღირსებით აღსავსე მოქალაქე, განათლებული, გულისხმიერი ადამიანი შნოსა და ლაზათს მატებდა ყოველგვარ საქმიანობას. ის უხდებოდა 20-იანი წლების თბილისს, როცა მეოცნებე ქართველი ახალგაზრდები ფრანგულ პოეზიას ეტანებოდნენ;

მომდევნო წლებში იგი მხარს უმშვენებდა სპორტში ახალ წამოწყებათა მესვეურებს და წერაყინით ხელში მიაბიჯებდა კავკასიონის მწვერვალებისკენ; მიქელ პატარიძე უყვარდათ და პატივს სცემდნენ საქართველოს ყველა კუთხეში, როცა შთაგონებული სახით და ხავერდოვანი ხმით კითხულობდა თავის თარგმანებს თუ საკუთარ ლექსებს. ლამაზი, ტანადი ქართველი ოფიცერი, ადრეულ წლებშიც გამოირჩეოდა პეტერბურგის ლეიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკში.

პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1916 წელს, მიქელ პატარიძე სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, მაგრამ რევოლუციის გამო ვეღარ დაამთავრა და დაბრუნდა საქართველოში, სადაც წლების განმავლობაში მისი ცხოვრება სპორტთან იყო დაკავშირებული.

თავად შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე, მთელი არსებით ჩაება ახალ სპორტულ წამოწყებაში, რომელიც ეროვნული საქმიანობის რანგში იყო აყვანილი. 1919 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შეიქმნა პირველი ქართული სპორტული საზოგადოება `შევარდენი~, რომელიც 1922 წელს გააუქმეს ბოლშევიკებმა, როგორც ნაციონალისტური ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი იდეოლოგი მიქელ პატარიძე გახლდათ.

საზოგადოება `შევარდენში~ თავი მოიყარეს არა მხოლოდ სპორტული მონაცემების მქონე ადამიანებმა, არამედ ქართული კულტურისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეებმა, რომელთაც იტვირთეს ქართული სამეცნიერო, ტექნიკური თუ სპორტული ტერმინოლოგიის შექმნა. მიქელ პატარიძემ უდიდესი როლი შეასრულა ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეში.

მიქელ პატარიძეს და მის თაობას ის გარემოებაც სამარცხვინოდ მიაჩნდათ, რომ კავკასიონზე ევროპელ მთამსვლელებს ჰქონდათ ჰეგემონია, ქართველთათვის კი მიუწვდომელი იყო მისი მწვერვალები.

1924 წელს დაარსებულ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ გიორგი ნიკოლაძე აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ იოსებ ასლანიშვილი, სწავლულ მდივნად კი -  მიქელ პატარიძე, რომელიც მუდამ სიამოვნებით მონაწილეობდა ალპინისტურ ექსპედიციებში. ამ მხრივ გამორჩეული იყო უშბის პირველი ექსპედიცია 1934 წელს, რომელიც ქართველ მთამსვლელთა უდიდესი გამარჯვებით დაგვირგვინდა. მართალია, მიქელ პატარიძე მწვერვალზე არ ასულა, მაგრამ ასვლის წარმატებით დასრულებაში დიდი იყო მისი წვლილი. უშბის ექსპედიციის ხელმძღვანელი ალიოშა ჯაფარიძე `მთამსვლელობის მეჭირისუფლესა და ენთუზიასტს~ უწოდებდა მიქელ პატარიძეს და ეს სიტყვები ზუსტად და მჭევრმეტყველურად გამოხატავენ მისი საქმიანობის ხასიათს, მის შინაგან ბუნებას და განუზომელ ღვაწლს მთამსვლელობაში.

მიქელ პატარიძის მთამსვლელობით გატაცება, შესანიშნავადაა აღწერილი მის ნარკვევებსა თუ საგაზეთო წერილებში, რადგან წლების განმავლობაში, იგი, აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და შესაძლოა, ეს საქმიანობა მის ძირითად პროფესიადაც ჩაგვეთვალა, რომ ამ ყოველმხრივ საინტერესო პიროვნებას უკვე მოხვეჭილი არ ჰქონოდა პოეტისა და მთარგმნელის სახელი.

სწორედ ბ-ნი მიქელის თარგმანების მეშვეობით დამკვიდრდა და ქართული პოეზიის საკუთრებად იქცა შესანიშნავი ფრანგი პოეტის, პარნასელთა სკოლის თვალსაჩინო ხოსე მარია დე ჰერედიას `ტროფეები~, რონსარის, ჰიუგოს, ბოდლერის, ვერლენის, როლანის, პოლ ვალერის ცალკეული ლექსები. განსაკუთრებით საყურადღებოა არტურ რემბოს `მთვრალი ხომალდისა~ და ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედების თარგმანები.

მიქელ პატარიძე მაიაკოვსკის შემოქმედების არა მხოლოდ მთარგმნელი, არამედ მისი მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო 17 წლის განმავლობაში. თუკი ეს მუზეუმი ბაღდათში დღესაც არსებობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, მიქელ პატარიძის დამსახურებაა.

სამწუხაროდ, 1959 წელს, 65 წლის ასაკში განერიდა იგი ამ წუთისოფელს და მრავალი კეთილი საქმე დარჩა განუხორციელებელი.

ჩვენი ოჯახის არქივში მრავალი მასალა ინახება, სადაც მკაფიოდ იკვეთება მიქელ პატარიძის, როგორც გამორჩეული მეგობრისა და თანამოსაგრის განუმეორებელი სახე. წაგიკითხავთ 1936 წ. 1 სექტემბრით დათარიღებულ წერილს, რომელსაც იგი პამირის მთიანეთის მწვერვალების დასალაშქრად წასულ მეგობრებს -  ალიოშა ჯაფარიძეს და დავით წერეთელს უგზავნის.

ეს წერილი იმითაა საინტერესო, რომ მასში კარგად ჩანს მიქელ პატარიძის პიროვნული თვისებები – მეგობრების გამხნევების საოცარი უნარი, საკუთარი სამშობლოს სიყვარულის განცდა და მისი ხასიათისგან განუყოფელი იუმორის გრძნობა.

ჩემო ძვირფასო ძმებო – ალიოშა და დათიკო!

თქვენმა ბარათმა, რომელიც მე ცოტა დაგვიანებით მივიღე, უსაზღვროთ გამახარა. ბიჭებო, დღე არ გაივლის რომ თქვენზე არ გავიფიქრო, ხან სიხარულით და სიამაყით, ხან შიშით. გვიხარია, რომ საქართველოს სახელს არ შეარცხვენთ და ვშიშობთ, რომ ასე შორს ხართ და ჩვენ ვერაფერში დაგეხმარებით გაჭირვების დროს. გაზეთებში გაიელვა ცნობებმა თქვენ შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით თქვენი მიღწევები, რომელიც თქვენ უსათუოდ გექნებათ. ჩვენ აქ წელს მეტად მოდუნებულნი ვართ. ჯერ კიდევ არ გაფორმებულა ალპინისტური კლუბი თუ საზოგადოება. მაგრამ იმედია ბოლოს არ დაგვივიწყებენ. გული მიკვდება, რადგან ვხედავ რომ აქ ჩვენი ჯგუფი თანდათან იქსაქსება და საქმეს წყდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუთმოთ კავკასიონი სხვებს, ის ჩვენია. ჯერ კიდევ ვახტანგ მეფემ შედგა იალბუზზე ფეხი და `დიდმა მთებმა დრეკა შეჰქნეს~. ჩვენ ხომ მისი ბარტყები ვართ. ასე რომ თავი არავის დააჩაგვრინოთ; მანდ თქვენ საქართველოს ხალხის წარმომადგენელნი ხართ და ეს სახუმრო საქმე არ არის.



ალიოშა! შენ თვითონ მწერ, რომ მანდ, შორეულ ქვეყანაში, ნათლად გრძნობ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის უპირატესობას. ეს ასეც არის, ეს ურყევი ფაქტია. აქ მრავალი ახალი ამბებია. კარგი ამბები, რომ ჩამოხვალთ ვისაუბრებთ.

   ყველა გიგონებთ და ყველა მოუთმენლად მოელის თქვენ ამბებს, თქვენ გამარჯვებას და მშვიდობით ჩამოსვლას. ჩვენ ამბავს იკითხავ. შალიკო (მაყაშვილი) ხატავს და გამოფენაში მონაწილეობს, სანდრო (გვალია) ცხარობს, აკაკი ბელიაშვილი ჩალიჩობს სახკინმრეწვში, სოსო (ასლანიშვილი) სვანეთში ჩიყვის საძებნათ წავიდა, მე ვთარგმნი პუშკინს და მაიაკოვსკის და რაც მთავარია ვაშენებ ბინას. ტფილისი, რომელსაც ახლა რუსულადაც Тбилиси ჰქვია (Тифлис – იოხ), დღითი დღე მშვენიერდება. ჩამოხვალთ და სიურპრიზი დაგხვდებათ.

დათიკო სოფლელი კაცია და გადაეცი, რომ წელს მოსავალი დასავლეთ საქართველოში ცუდია. ეს ცოტა მაღონებს მე და სანდროს კი ფეხებზე ჰკიდია. ამბობს: ეს მე არ მეხებაო. თქვენი ნაცნობი გოგოები სალამს გითვლიან, ზოგი თქვენი ერთგულია, ზოგმაც გიღალატათ და ნურც თქვენ დააკლებთ ხელს, თუ მანდ რაიმე შესაფერისი ობიექტები იპოვოთ. საერთოდ ტფილისში იმდენი ლამაზი ქართველი გოგონაა, რომ მე გარეთ აღარ გამოვდივარ მათი შიშით. ვშიშობ უმანკოება არ დავკარგო ამ სიბერის დროს. ყველა მოუთმენლად მოელის ალიოშას ჩამოსვლას. ღმერთო მომასწარი მისი გაბედნიერება. ბიჭებო, კარგად იყავით. გახსოვდეთ რომ თქვენთან არის ჩვენი საუკეთესო გრძნობები. თქვენი მიქელი.

რახან იუმორი ვახსენე, კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო.                              

ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, ბაღდათში იმ ადამიანებსაც შევხვედრივარ, რომელთაც კარგად ახსოვდათ მიქელ პატარიძის ცხოვრება საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეში. განსაკუთრებული მოწიწებითა და სიყვარულით იხსენებდა მას, ბ-ნი მიქელის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დირექტორი ნიკოლოზ კუჭუხიძე, რომელმაც მრავალი რამ მიამბო მიქელ პატარიძის მოღვაწეობის შესახებ და თავისი ფენომენალური მეხსიერების წყალობით გადაარჩინა მისი რამდენიმე ექსპრომტი, რომლებიც, რასაკვირველია, ჩავიწერე და შემდგომ ჩემ წიგნში `მყინვარწვერიდან ევერესტამდე~ შევიტანე.

ბ-ნი მიქელი ბაღდათის ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დირექტორად 1943 წელს დაინიშნა. ომია. მკაცრი ზამთარი. მუზეუმს არ ჰქონდა შეშა, რისთვისაც მან რაიონის ხელმძღვანელობას მიმართა. ხელმძღვანელობამ შეშით უზრუნველყოფა მუზეუმის მახლობლად არსებული კოლმეურნეობის თავ-რეს – სერგო გოგსაძეს დაავალა. მიქელ პატარიძემ რამდენჯერმე მიაკითხა სერგოს შეშის თაობაზე, მაგრამ შეშის მოტანა დაგვიანდა. ბოლოს მიქელმა ლექსად მისწერა სერგოს:

`ძმაო სერგო, წილად მერგო შენთან ხშირი სიარული,

მინდა გულში ჩაგინერგო მუზეუმის სიყვარული.

არ მაქვს შეშა, გამაშეშა დილის ყინვამ, დილის სიომ,

მუზეუმი უმზეური დაემსგავსა კავკასიონს~.

გალექსილი წერილის მიუხედავად, შეშის მოტანა მაინც დაგვიანდა. მიქელმა განმეორებით მისწერა:

`ძმაო სერგო, არ შეგერგოს ჩემი ხოტბა, ჩემი ლექსი,

სიცივისგან გაყინული, ხან ვტირი და ხან კი ვკვნესი~.

ეს ლექსები წაუკითხავს რაიკომის მდივანს პეტრე ნანიტაშვილს, რომელსაც ბევრი უცინია და სერგოსთვის უთქვამს – მარტო ამ ლექსებისთვის ღირს შეშის გაგზავნაო. მართლაც, ორი ურემი შეშა მიუვიდა მუზეუმს და ის ზამთარი ამით გაიტანა.

ომის დამთავრების შემდეგ, მუზეუმში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაიწყო. მასალებს მუზეუმი სხვადასხვა ორგანიზაციიდან იღებდა, ძირითადად კი – ადგილობრივი მრეწველობიდან. ყველა მასალა მოვიდა, მაგრამ დაგვიანდა კირის მიღება. მიქელ პატარიძე რამდენჯერმე იყო საკირეში, დირექციაში, მაგრამ კირი მაინც არ ჩანდა. ბოლოს ადგილობრივი მრეწველობის დირექტორს ასეთი წერილი გაუგზავნა:

`ცხრა თვე უნდა, დედაკაცმა, რომ შვას შვილი          გასაკვირი,

თორმეტი თვე რად არ ეყო რომ საკირემ დასწვას კირი?!~

შედეგმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ მოვიდა კირი.



მიქელ პატარიძესთან ერთად არიან ცნობილი ქართველი მთამსვლელები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს მთამსვლელობის ისტორიაში. ესაა ის ძირითადი ბირთვი, რომლებმაც ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით დააარსეს საქართველოს ალპური კლუბი. სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ არიან: 1 რიგში: 1. ლევან მარუაშვილი  2. გიორგი ბაქრაძე  3. სელმა ბილხენი   4. დავით წერეთელი   5. პეტრე ცისკარიშვილი 6. ვასასი კალანდარიშვილი

2 რიგში: 1. დევი მიქელაძე 2. ალექსანდრა ჯაფარიძე 3. გიტო გიორგიძე 4. გიორგი ქავთარაძე 5. ???? 6. იოსებ (სოსო) ასლანიშვილი

3 რიგში: 1. დავით ფურცელაძე 2. ჯანსუღ ფურცელაძე 3. სანდრო გვალია 4. მიქელ პატარიძე 5. ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე 6. შალვა მაყაშვილი 7. ივანე (კაკო) მარი. 

მუზეუმში საექსპოზიციო სურათებისათვის საჭირო იყო ჩარჩოები, რომლებიც თელის მასალისაგან უნდა გაკეთებულიყო, რადგან თელას კარგი ჯავარი აქვს, მაგრამ ძალზე დეფიციტური იყო და ბ-მა მიქელმა ვერსად იშოვა. უთხრეს, რომ თელის ფიცარს სოფელ ხანში უაღრესად გავლენიანი პიროვნება ვანო ტაბეშაძე გიშოვისო. გარკვეული ნაცნობობა მიქელს ჰქონდა ვანო ტაბეშაძესთან. ამ დროს, სახელმწიფო სესხზე ხელმოწერები მიმდინარეობდა და ამის ორგანიზებულად ჩატარებისათვის, სასოფლო საბჭოებზე რაიონული აქტივის წევრები იყვნენ მიმაგრებულები. სოფელ ხანზე ეს მისია კულტურის განყოფილების გამგეს მამია მინაძეს და სატყეო მეურნეობის დირექტორს გიგლა ჩიქოვანს დაეკისრათ. ისინი ხანში მიემგზავრებოდნენ და მიქელმა მათ ვანო ტაბეშაძესთან `წერილი~ გაატანა:

`ხანისწყლის პირას შემოგხვდი, ქართველ ვაჟკაცად გიცანი,

კალმახით გამიმასპინძლდი, შემპირდი თელის ფიცარი,

დღეს კი ხანისკენ მოდიან ჩიქოვანი და მინაძე,

იმ მოსკოველ ძმას გაფიცებ, რა დროს რიდია, სინაზე,

მაგ შენი თელის ფიცარი ჩამომიტანე ბინაზე,

ფიცარს მორიც მოაყოლე, ამ ჩემი მტრების ჯინაზე~.

მართლაც, მორიც მოვიდა და ფიცრებიც.

ბ-ნი მიქელი ასეთი გალექსილი წერილებით აწარმოებდა ურთიერთობას თანამდებობის პირებთან, რაც საბოლოოდ აღწევდა მიზანს, შედეგიც კარგი მოჰქონდა და მუზეუმიც გამართულად მუშაობდა.

ერთ ზაფხულს, ბაღდათში, ნიკოლოზ კუჭუხიძესთან ნათესავი ქალები ჩამოსულან დასასვენებლად. მდინარეზე ბანაობისას ერთ-ერთმა ქოში დაკარგა – მდინარემ მოსტაცა. შინისაკენ დაბრუნებულებს, მუზეუმთან ბ-ნი მიქელი შემოხვდათ და კითხვაზე, რატომ ეჭირა ხელში ცალი ქოში, ლიამ შეწუხებულმა შესჩივლა: ბატონო მიქელ, ქოში დავკარგე, მდინარემ მომტაცაო. მიქელი არც დაფიქრებულა ისე `დაამშვიდა~ დაზარალებული:

`თამარის ქოშებს ჩაგაცმევ, არ დაგაღონოს „ტუფლებმა“,

ოღონდ, რომ ჩულქი ჩაგაცვა, მომეცი ამის უფლება~,

ქალებს მიქელთან ერთად ბევრი უცინიათ და სრულებით დავიწყებიათ ქოშის დაკარგვით გამოწვეული წუხილი.

ერთხელ, მიქელ პატარიძეს მეგობარი – გიგლა ჩიქოვანი სწვევია და ნიკოლოზ კუჭუხიძისათვის  უთხოვია სუფრის გაშლაზე მიხმარება. ბ-ნი ნიკოლოზი ამ ამბავს ასე იგონებდა: `გავაწყეთ სუფრა. დავსხედით. ერთი პეტერბურგში აღზრდილი არისტოკრატი იყო, მეორე – თბილისში აღზრდილი ინტელიგენტი. მათი საუბრის მოსმენას არაფერი სჯობდა. შემდეგ ჩემი ბედით დაინტერესდნენ. სკოლა დავამთავრე და ახალი აღებული მაქვს სიმწიფის ატესტატი. დაინტერესდნენ ჩემი ატესტატით. ორივემ ნახა, რომ ფრიადები მქონდა, მხოლოდ ორ მეორეხარისხოვან საგანში მეწერა ოთხი. იმ წელიწადს შემოიღეს მედლები და თუ ყველა საგანში ფრიადი გექნებოდა, ოქროს მედალს მიიღებდი. მიქელმა მისაყვედურა – შეგეძლო ოქროს მედლის აღება, ეს არ უნდა მოგსვლოდა და სკოლასაც ასეთი რამ არ უნდა გაეკეთებინაო, თან ლექსად მიაყოლა:

ნიკოლოზ, რად ვერ მიიღე მედალი?

განა ურალში ცოტაა მეტალი?

მიტომ ვერ მიიღე მედალი,

რომ შენ ხარ დედალი~.



გიგილომ ბევრი იცინა და მე განვაცხადე, რომ ინსტიტუტს დავამთავრებ წითელ დიპლომზე-მეთქი. არავითარ შემთხვევაში არ ვიზრუნებდი წითელი დიპლომის აღებისათვის, რომ იუმორში გატარებული დიდაქტიკით, ის სიტყვები არ ეთქვა ჩემთვის მიქელ პატარიძეს. მართლაც ავიღე პირველი ხარისხის დიპლომი და ვაჩვენე მიქელს, მან კი დაურეკა გიგილო ჩიქოვანს:

`ნიკოლოზს მიუღია მედალი, აღარ არის დედალი.

აქ ჩამოდი სასწრაფოდ, დაკლულია დედალი,

შენი ძმა და მეგობარი მიქაელი მხნედ არის,

საცა არის გაფრინდება ცაში ჩემი მხედარი~.

მოვიდა გიგლა ჩიქოვანი, შეიჭამა დედალი და ჩემი დიპლომის აღება პურ-მარილით აღინიშნა.

17 წელი ვმუშაობდი მიქელ პატარიძესთან და ეს 17 წელი ჩემთვის მეორე უმაღლეს სასწავლებელს უდრიდა. იგი უნიჭიერესი, ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანი იყო. ნაადრევად გარდაიცვალა~...

ბ-ნი ნიკოლოზ კუჭუხიძის ეს მონათხრობი რამდენჯერმე რადიოთიც გადავეცი და გამოვაქვეყნე კიდეც, რადგან მსურდა მოკრძალებული პატივი მიმეგო ჩვენი ოჯახისათვის ახლობელი ადამიანის, ღირსეული მამულიშვილის ნათელი ხსოვნისათვის. მიქელ პატარიძეს და მის მსგავს პიროვნებებს უნდა იცნობდეს ქართველი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რადგან სწორედ ასეთი ხალხია ჩვენი ეროვნული თვითშეგნების საყრდენი და ორიენტირი.


   ივანე ჯაფარიძე  25.05.2015 წ. მწერლის სახლი 18 სთ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.11.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0