სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
დათიკო შევარდნაძე 1875-1909წ ფირალი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

339       ბეჭდვა

დათიკო შევარდნაძე 1875-1909წ ფირალი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

დათიკო შევარდნაძე (დ. 9 ივნისი, 1875, ასკანა — 14 დეკემბერი, 1909, ვანისქედი) — ქართველი ფირალი, ტერორისტი და რევოლუციონერი. იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედურად შევარდნაძის ნათესავი (მამის ბიძაშვილი)

როგორ ამზადებდა ფირალი დათიკო შევარდნაძე ყალბ პასპორტებს

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიაში, ფირალობის სახელით ცნობილმა მოძრაობამ იჩინა თავი, რაც სოციალურ-პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა განაპირობა. „ფირალი“ არაბული სიტყვაა და ნიშნავს „გაქცეულს“. გურული ფირალები, იგივე „თოფიანი კაცები,” რომლებიც ტყეში იყვნენ გავარდნილნი, თურმე, ძალზედ განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან – მდიდარს ართმევდნენ და ღარიბს აძლევდნენ. ამასთან დაკავშირებით კინოდოკუმენტალისტმა ირაკლი მახარაძემ ძალიან საინტერესო მასალები მოიძია არქივებიდან თუ ბიბლიოთეკიდან და ფილმიც გადაიღო. ვფიქრობ, ამერიკაში გაქცეულ გურულებთან, ფირალებსა და მოჯირითეებთან დაკავშირებული თემები სასკოლო სახელმძღვანელოებშიც უნდა იქნეს შეტანილი, ვინაიდან, ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, რაც მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს  და არ დასვას კითხვა: რა არის ფირალი?!    

ბატონო ირაკლი, დავიწყოთ იმით, თუ როდის და რატომ  დაინტერესდით გურული ფირალების თემით.  

– მამაჩემი ხშირად მღეროდა ამ სიმღერას – „ძმაბიჭებში დაჩაგრული მე ვარ სიმონა დოლიძე...” ამასთან, ერთი ამბის მოყოლაც უყვარდა: კომუნისტების დროს ერთი ფირალი მაღალ თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ცოტა ხანში კი მოხსნა გადაუწყვეტიათ, მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ. ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობდა: „მაი კაძახი ტყეში რომ იყო ფირალად გავარდნილი, იქიდან ვერ გამუაგდეს და ახლა კაბინეტიდან გამუაგდებენ?!” მაშინ პირველად გავიგე სიტყვა „ფირალი”. 10-12 წლისა რობინ ჰუდის პიროვნებით ვიყავი გატაცებული, მასზე შექმნილ ყველანაირ ლიტერატურას ვკითხულობდი. გურიასთან და გურულებთან დაკავშირებულ თემაზე კვლევა-ძიების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები ხშირად პირველი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ: ისინი ან ჯანყდებოდნენ, ან მთავრობაში ისხდნენ, ან ამერიკაში ჯირითობდნენ, ან  კიდევ, ტყეში იყვნენ გავარდნილები. „ივერია” ყაჩაღობის ფენომენის შესახებ წერდა: „არ არის არც ერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობის ხანა არ გაევლოს. ყაჩაღობა ბარომეტრია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ორ ერთიმეორის მოწინააღმდეგე ძალათა შორის ბრძოლის სიმწვავეს...”

თქვენ არქივებში ბევრი მასალა მოიძიეთ და კარგად ხართ ჩახედული ფირალების ცხოვრებაში. როგორ გაჩნდნენ ისინი გურიაში, რა პერიოდში გამოიკვეთა ფირალობა, როგორი იყო მთავრობისა და ხალხის დამოკიდებულება მათდამი, ნდობას უცხადებდნენ მათ თუ რაღაც მეთოდებით ებრძოდნენ?

– ფირალობის სახელით ცნობილმა მოძრაობამ  მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ბოლოს გურიაში ვულკანივით ამოხეთქა. ასპარეზზე ფირალობის გამოჩენა უმეტესწილად  განაპირობა სოციალურ-პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა – რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ და მისმა შედეგებმა, სახალხო აჯანყებებმა, საგლეხო რეფორმამ, რუსეთ-თურქეთის ომმა ბევრ ადამიანს ააღებინა ხელში თოფი. ფირალები იარაღითა და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. დროთა განმავლობაში ისინი ლამის მითიურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლეგენდები, ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორისა და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს „თოფიანი კაცები” იარაღითა და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობრივი სიკვდილით ამთავრებდნენ სიცოცხლეს.

ფართო საზოგადოებისთვის რომ კარგად გასაგები იყოს, ავხსნათ, რით განსხვავდებოდნენ ისინი ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან?   

–  ჯერ ვთქვათ ის, რომ „ფირალი” არაბული სიტყვაა და ნიშნავს „გაქცეულს“. გურული ფირალები ძალზე განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან – ისინი ართმევდნენ მდიდრებს და აძლევდნენ ღარიბებს. ვერც ერთი ყაჩაღი იმ სოფელს ვერ გაეკარებოდა, სადაც ფირალები ცხოვრობდნენ გაქცევამდე. ამიტომაც, ხალხს ძალიან უყვარდა ისინი და მხარს უჭერდა მათ, თუმცა ყველას არ შეეძლო ტყეში ფირალად გაქცევა, ვინაიდან, ეს მოითხოვდა უდიდეს ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას. ამიტომაც, ნამდვილი ფირალი გამოირჩეოდა სიძლიერით, სიმამაცით, სიმარჯვით და, ამასთანავე, იყვნენ არაჩვეულებრივი მსროლელები. გლეხობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დავას ისინი აგვარებდნენ და გლეხებს შეეძლოთ, მშვიდად გაეგრძელებინათ ცხოვრება თავიანთ  სახლებში.

როგორც ვიცი, ფირალები ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი – პირველი და მეორე ტალღის. ეს რას ნიშნავს?      

– მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მარქსის იდეოლოგიამ მოიცვა საქართველო. სამწუხაროდ, გურულებმა, რომელთა ხასიათი ყველაფერში პირველობისკენ სწრაფვაა, უმალ აიტაცეს ეს იდეოლოგია. მარქსისტებმა შექმნეს კომიტეტი და წითელი არმია. ისინი სჯიდნენ იმათ, ვინც არ იზიარებდა მათ იდეებს, ჩვეულებრივი გლეხი იყო ის თუ სახელმწიფო მოხელე. მათი სლოგანი იყო – „მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, თუ რევოლუცია მოითხოვს ამას.” თუ ეს კომიტეტი სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანდა ვინმეს, ის აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სამჯერ გამოუტანეს ეს განაჩენი და სამჯერვე გადაურჩა სიკვდილს, იყო ფირალი დათიკო შევარდნაძე, რადგან, ის ბრწყინვალე მსროლელი იყო. ტელეფონის ბოძიდან ასი ნაბიჯის სიშორიდან მაუზერის ტყვიას ახვედრებდა ტელეგრაფის მავთულს. როგორც იტყვიან, ტყვიას ტყვიაში აჯენდა. მეორე ტალღის ფირალები რადიკალურად განსხვავდებოდნენ წინა პერიოდის თანამოძმეებისგან. ისინი, როგორც გურულები იტყოდნენ „გამცემი ფირალები” არ ყოფილან. მთავრობისგან დევნილები, ტყეში იყვნენ გავარდნილი. ისინი ბომბებით, მაუზერებითა და მარქსისტული იდეებით შეიარაღებული მეამბოხეები, ყოველ წუთას მზადყოფნაში იყვნენ, რათა არსებული ხელისუფლება დაემხოთ და თვითონ გაბატონებულიყვნენ, რაც რამდენიმე წლის შემდეგ მშვენივრად განახორციელეს კიდეც.  

სიმონა დოლიძეს რევოლუციის დამარცხების შემდეგ პოლიცია დასდევდა. მაშინ გავარდა ტყეში ფირალად და პარტიზანებს შეუერთდა. ის მონაწილეობდა რკინიგზის ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. სიცოცხლეს გამოასალმა მრავალი ჯაშუში და ბერ-ხუცესი, არა მხოლოდ გურიაში, არამედ, რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში. დოლიძემ გასცა ფირალები. თურმე, უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა. არავინ იცის, ამ ლმობიერი სახის პატრონმა რამდენი ადამიანი გაისტუმრა საიქიოს.

ახლა კი დათიკო შევარდნაძეზე მოგვიყევით.

– გადმოცემით, შევარდნაძე ლომი იყო. ვისაც არ ჰყავდა ნანახი და უცბად ნახავდა, იფიქრებდა – აგი იქნება შევარდნაძეო. სკოლის დამთავრების შემდეგ ოზურგეთის პროგიმნაზია დაამთავრა, ამის მერე სამი წელი მუშაობდა ნოვოროსიისკში პორტის მუშების უფროსად. მან ბრწყინვალედ იცოდა რუსული. სხვადასხვა დროს ბასილეთის, ლიხაურის, ასკანის, ჩოხატაურის საზოგადოების მწერლად მსახურობდა. პოეტური ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული. საკუთარ ცოდნას ის კომიტეტს ახმარდა – ხან ყალბ პასპორტებს აკეთებდა, ხან – სხვადასხვა საჭირო საბუთებს. ამბობენ, შესანიშნავი ჩუბინი იყო – ტყვიას აბრეშუმის ძაფს არტყამდაო. მას მაუზერით შეეძლო ტელეგრაფის მავთულის გაწყვეტა. არსებობს ასეთი გახსენება: ბავშვები, თურმე, ტელეგრაფის მავთულს ესროდნენ და ვერ ახვედრებდნენ. ეს დათიკოს დაუნახავს და უთქვამს: თუ გინდათ, რომ მოარტყათ, ქვედა მავთულს უნდა დაუმიზნოთო. ეს თქვა, დააძრო მაუზერი და ერთი გასროლით გაწყვიტა (მაუზერი რუსეთის იმპერიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და მაშინვე იქცა გურული ფირალების საყვარელ იარაღად). საგანს ერთხელ შეხედავდა და ხელუკუღმა მიზანში არტყამდა. მისი ცოლი იხსენებდა: „ერჯელ, დამთვრალიყო და დამაჩემდა: დადექი ეზოში კვერცხს დაგადოფ თავზე და ტყვია თუ მუახვედრო კვერცხსო… ვარი არ გამივიდა. დაზომა სამოცი ნაბიჯი, დამადვა თავზე კვერცხი, ესროლა ტყვია და კვერცხი თავიდან გადააგდო.” ხალხში მის შესახებ ლეგენდები დადიოდა: შევარდნაძე მონუსხულია, მას ტყვია ვერაფერს დააკლებსო. ერთხელ, გაიგეს, რომ ბახმაროში იმალებოდა და მის ასაყვანად პრისტავი სტრაჟნიკებთან ერთად წავიდა. გზაში მათ შევარდნაძე დახვდათ და შესძახა: გაგწყვიტავთ ყველასო. შეშინებული „სტრაჟა“ კუდამოძუებული გაბრუნდა უკან. ოზურგეთში მისვლისას კი თავის მართლება დაიწყეს: „თავს ხომ არ მუაკლიებდით იმ გადარეულსო... გაგწყვეტთო, პირში ზარბაზანი ქონდავო”. ხალხში ამის შესახებ ხმა დაირხა და ყველა დათიკოს ეხუმრებოდა: „ბიჭო, პირში ზარბაზანი რუმ გქონდა, რა უყავიო?” დათიკომ ამაზე ბევრი იცინა. მის შესახებ ჭაბუა ამირეჯიბი წერდა: გამიგონია, გურიის ერთ-ერთ სოფელში გლეხკაცს სახლში ყაჩაღი შეეჭრა, გაძარცვა და თვალწინ ცოლიც გაუუპატიურა. დათიკო შევარდნაძემ – ედუარდ შევარდნაძის პაპის ძმამ – ის ყაჩაღი შეურაცხყოფილ გლეხკაცს ხელებგაკოჭილი მიუყვანა, რევოლვერი გაუწოდა და უთხრა: ესროლე ამ ძაღლიშვილს, მკვლელობას ჩემს თავზე ავიღებო. გლეხკაცმა უპასუხა: კაცის მოკვლის ცოდვას ვერ დავიდებ, ღმერთმა მიუზღოსო.

ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვით, შევარდნაძეს სამჯერ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და სამჯერვე გადაურჩა სიკვდილსო. ეს როგორ?

– დიახ, გურიის რევოლუციურმა კომიტეტმა სამჯერ მოაწყო ტერაქტი, მაგრამ, ის სამჯერვე გადაურჩა სიკვდილს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რადგან, როგორც წესი, კომიტეტის მიერ მიზანში ამოღებულ მსხვერპლს ვერაფერი შველოდა – ის უნდა განადგურებულიყო. მასზე ნადირობა მუდმივად გრძელდებოდა. აი, რას გადმოსცემს ასკანის მამასახლისი ივანე მეგრელიძე: „ასკანაში ეგზეკუცია იყო ჩამოყენებული. მთავრობის მამასახლისი იყო ჭვანელი თათარი, გვარად ქათამაძე რეშიდა. იმას ახლდა ოთხი სტრაჟნიკი. მაგენს ჯამაგირს აძლევდა საზოგადოება. ამით დაშტრაფული იყო. ესენი ცხოვრობდნენ კანცელარიაში. ეძებდნენ შევარდნაძეს. გვაბრათს დუქნები იყო. ხალხი იყო დუქნის წინ. სტრაჟნიკი ერთადერთი იყო. სხვები სადღაც-სადღაც წასული. დათიკო მოდის თურმე ზეიდან, ეს ფირალი ფეხით. სტრაჟნიკი ვერ იცნობს დათიკოს. ვიღაცამ დაიძახა „დათიკო შევარდნაძე მუაო”. კლასს აქეთ დუქანია, დათიკომ მიაღწია კლასს. გაუპირისპირა. თათარმა დაინახა, პლაში ჰქონდა მოხვეული. დუქნის წინ ჭა იყო. ამ თათარმა თოფს მოკიდა ხელი და უნდა ჭის თავთან ჩაუსაფრდეს დათიკოს. დათიკომ მოასწრო, ესროლა და მოკლა იქვე. მე ფიცი მიმაღებინეს (როცა მამასახლისად აირჩიეს) ოზურგეთში, მაგ თათარი ვნახე მაშინ. მე იმ დროს შინ ვიყავი. სტრაჟნიკი მოკლა დათიკომ. საზოგადოება დაიძრა. ხალხმა თავი მოიყარა. მთავრობის მამასახლისმა „ლაპორტი” მისცა პრისტავს, პრისტავმა „უეზდნი ნაჩალნიკს” აცნობა. ასკანას მოვიდა პრისტავი, მერე უეზდნი ნაჩალნიკი მის ჯართან, ხალხი დაშტრაფეს 3 000 მანეთით. კუბო გაგვაკეთებინეს, ხალხი გამოაწყეს წასასვენებლად. 3 000 მანეთი 24 საათში მოიკრიფა. სულ ოქროებით მოვიდა. მე ჯაჭვი მომივიდა (მამასახლისად არჩევის დროს), მაშინ უეზდნი ნაჩალნიკმა მომიტანა. თათარი მამასახლისობიდან გაათავისუფლა. (სტრაჟნიკი) გაასვენეს, მიასვენეს გომში. გომს იქით პრისტავმა არ გაატარა ხალხი – სისხლი არ აიღონ მისიანებმაო. ჯარი ჩამოდგა. კანცელარიაზე დგას. იყო 2-3 დღეს და წავიდნენ. იქნებოდა 40-50 კაცი, მისი ცხენებით. ხარჯი ხალხის იყო. შემდეგ მოვიდა სხვა პრისტავი 6 სტრაჟნიკით...”ამის გამო სოფელში ეგზეკუცია ჩააყენეს და მოსახლეობას უზარმაზარი გადასახდი შეაწერეს. შევარდნაძე მოთმინებიდან გამოვიდა და პრისტავს წერილი მისწერა: „... აგი წერილი მიიღოთ თვარა, მაშინათვე დატიეთ ასკანა, თვარა სულყველას ამოგხოცავთ. თუ ჩემი შეხვედრა გინდებიან, პარასკევს ჩამუალ ჩოხატაურში და დამხთიო...”

მართალია, დათიკო შევარდნაძის დასაჭერად მთავრობამ დიდძალი თანხა დააწესაო?

– შევარდნაძის დაჭერისთვის ან მოკვლისთვის მთავრობას 800 მანეთი ჰქონდა დაწესებული. ჯილდოს მიღების ბევრი მსურველი გამოჩნდა, მაგრამ, ვერავინ მოიხელთა განთქმული ფირალი. ერთხელ ის მოწამლეს კიდეც, მაგრამ, გადარჩა. სახლში რომ მისულა, როგორც ლეღვი გაგიფცქვნია, ისე სძვრებოდა თურმე კანი, – იხსენებდა მისი მეუღლე გულიჩქა. მთავრობამ ბოლოს მაინც მოინადირა დათიკო შევარდნაძე. ორი ოჯახი – ჭელიძე და სიამაშვილი ცდილობდა შევარდნაძის დაჭერას. შევარდნაძე გრძნობდა საშიშროებას და ბინას ბინაზე იცვლიდა. ერთხელაც, ღამის გასათევად მოსე ჭელიძესთან მივიდა. იქ სუფრა გაიშალა და დათიკოს მოწამლული არაყი დაალევინეს. ამის შესახებ საკუთარ მემუარებში ედუარდ შევარდნაძე წერს: „... მახსენდება მამაჩემის ბიძაშვილი დათიკო შევარდნაძე, რომელიც გურიის ერთ-ერთ სოფელში, ნასაკირალში, 1905 წელს აჯანყებულთა რაზმს მეთაურობდა. ისიც ჭეშმარიტი გმირი იყო, მაგრამ, დამარცხდა და თანამებრძოლებთან ერთად ტყეს შეაფარა თავი, სადაც ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, მაშინდელი ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა პირმა მოწამლა. შევარდნაძე შეუძლოდ შეიქნა. დილით კი, წასვლა რომ დააპირა, ნახა, რომ ვინტოვკაში ხუთივე პატრონა უკუღმა იყო ჩადებული. „აგი ვინ ქნა?” – იკითხა დათიკომ. „აგი მე ვქენი, ვიმასხრე”, – უთხრა თურმე მოსეს მეორე ძმამ, ფენიელ ჭელიძემ. მისი სახლში გაჩერება უნდოდათ, იცოდნენ, რომ პრისტავი სტრაჟნიკებთან ერთად უკვე ჭელიძის სახლისკენ მიიჩქაროდა. დათიკომ თავისი არ დაიშალა და გავიდა, ჭიშკართან კი ყვითლად აღებინა. მაშინ წარმოთქვა:  ნამდვილად მოწამლული ვარო. ის იმდენად იყო დასუსტებული, რომ თოფი თავის თანმხლებ ბიჭს გადასცა, თვითონ კი მოლზე დაწოლას აპირებდა, რომ სული მოეთქვა. ამ დროს შეხვდა ბოქაულსა და სტრაჟნიკებს. შევარდნაძემ თოფი მოიმარჯვა და უთხრა: „მე არაფერს გერჩით, ჩაიარეთ, თავს ტყუილა უბრალოდ ნუ შემომაკლავთ”. „არც ჩვენ არ გერჩით,” – უპასუხეს სტრაჟნიკებმა და გვერდით ჩაუარეს. როცა შევარდნაძე გორაკს მოეფარა, მათ ფირალს ზურგიდან დააყარეს ტყვია. სასიკვდილოდ დაჭრილ შევარდნაძეს მაინც მოუსწრია რამდენჯერმე გასროლა – ერთი ცხენი მოუკლავს და სტრაჟნიკი დაუჭრია...”

დათიკო დაკრძალულია ასკანის ეკლესიაში, გურული ფირალები


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.11.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0