სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ოთარ რამიშვილი 1934-2011წწ მომღერალი  წარმ. სოფ. სურები ჩოხატაური გურია

1934-2011 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი რამიშვილი სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ოთარ რამიშვილი 1934-2011წწ მომღერალი წარმ. სოფ. სურები ჩოხატაური გურია

ოთარ რამიშვილი (დ. 24 ოქტომბერი1934 — გ. 6 ოქტომბერი2011)


— ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი. 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვა. კომპოზიტორია ფილმისა „მამა“ (1984).

გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ვიკიპედია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დიდ ესტრადაზე გამოვიდა 1982 წელს. მღეროდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად საკუთარ და ქართველი პოეტების ლექსებზე. გაბზარული ხმით, თავისებური მანერით, ემოციურად უმღეროდა თბილისს, სიცოცხლეს, სიყვარულს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "იების თოვლი", "იების თოვლი –2", "ფიქრების ზღვა" და სხვა. ესტრადის მომღერალი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი(ამჟამინდელი "მწერალთა სახლი") , წევრი (2004-2011)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2007 - ღირსების ორდენი
  • 1956 - საესტრადო სიმღერების რესპუბლიკური ფესტივალი, ლაურეატი


ბიბლიოგრაფია

  • ფიქრების ზღვა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო ფორტე, 1995. - 240გვ.
  • ეროვნული ბიბლიოთეკა


ითამაშრომლა ნანა დავითის ასული რამიშვილმა დაბ. 1985 წელს

    ოთარ რამიშვილის სამ დღეში შექმნილი ოჯახი და 44-წლიანი თანაცხოვრება

    მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ოთარ რამიშვილი, მრავალი დაუვიწყარი სიმღერის ავტორი, საკუთარ და სხვების ტექსტებზე წერდა მუსიკას. იმ სიმღერებს მასავით ვერავინ მღეროდა. გაბზარული ხმა, ყველასაგან განსხვავებული საშემსრულებლო ტექნიკა ჰქონდა და ყოველთვის უამრავი მოსწავლე ჰყავდა. ფილარმონიაში პირველი სოლოკონცერტის დროს თავადაც იმღერა, მისმა ვაჟიშვილებმაც და მოსწავლეებმაც. შენობასთან მილიციის კორდონი იდგა. იმ კონცერტზე მოხვედრა თავად ოთარსაც გაუჭირდა. არ უშვებდნენ, ბილეთი არ გაქვსო. დიდხანს ამტკიცებდა, რომ ოთარ რამიშვილი იყო და თავად უნდა ემღერა. არ უჯერებდნენ, შენ რა უნდა იმღერო, ძლივს 



    ხლიჩინებო. ძლივს დაარწმუნა, რომ სწორედ მის გამო იყო ფილარმონიის წინ უამრავი ხალხი შეკრებილი... მაყურებელთა ინტერესი დიდი იყო, ამიტომ კონცერტი რამდენიმე დღე უნდა გაგრძელებულიყო. მაშინ ოთარს უთქვამს, ერთი კვირა ნამდვილად გავუძლებ, მერე დავიღლები და გულით ვეღარ ვიმღერებ, უგულოდ სიმღერა კი მე არ შემიძლიაო.... ალბათ, იმიტომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული, რომ ოთარ რამიშვილი ყოველთვის გულით მღეროდა... ბავშვობა და გატაცება მამა, მიხეილი, პროფესიით ეკონომისტი იყო. დედა - მარიამი, სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. და, ნელი, გერმანული ენის სპეციალისტი გახდა. ოჯახში ყველა მღეროდა. სიმღერის ნიჭი მამისგან გამოჰყვა, მას ტენორი ჰქონია და განსაკუთრებით კარგად რომანსებს ასრულებდა.


    ''ანკარა ხმა მქონდა, მაგრამ... პატარა რომ ვიყავი, ჩვენს სოფელში, ზემო ფარცხმაში ვიყავი ბებია-ბაბუასთან. ძმაკაცის ბაბუა ჭაჭის არაყს ხდიდა, პატარა ბიჭებმა ცხელი არაყი ვსვით. მარტო ის მახსოვს, სველ ზეწრებში რომ გაგვახვიეს, მერე გონება დავკარგე და ჩემი ხმაც იმ დღემ შეიწირა'', - ნახევრად ხუმრობით იგონებდა ოთარ რამიშვილი ბავშვობის ერთ ეპიზოდს...

    მუსიკის შექმნა პირველად საკმაოდ მცირე ასაკში სცადა. ''ბულბულის სტვენა'' , ''მითხარ, რად ხარ მოწყენილი'' და სხვა შემდეგში ცნობილი სიმღერებიც 10 წლიდან მოყოლებული იქმნებოდა. თვითნასწავლი მუსიკოსი იყო და გიტარაზე დაკვრაც თავად ისწავლა.

    მოუსვენარი ბავშვი ყოფილა. რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, გაკვეთილებს ხშირად აცდენდა და ზოოპარკში დადიოდა. მისი დიდი გატაცება თევზაობა გახლდათ. საკუთარი ხელით ქსოვდა ბადეებს. ბადით თუ ანკესით თევზაობდა ვერეზე, ხრამზე, არაგვზე, კუს ტბაზე... ხშირად ამბობდა, თევზაობაზე დიდი აზარტი არ არსებობსო. ერთხელ ალაზანზე ითევზავა და ბევრი ლოქო დაიჭირა.

    ''ნადავლი'' მანქანის საბარგულში ჩააწყო. საჭეს რომ მიუჯდა, თავზე მილიციელი წამოადგა და საბარგულის გახსნა მოსთხოვა. თევზი რომ დახვდა, დააკავეს და სიღნაღში კამერაში გამოკეტეს. ცოტა ხანში კამერის კარი მილიციის უფროსმა შეაღო. მან ოთარი იცნო, მეტიც, მეგობრები ყოფილან. გაბრაზებულა და ვინც დააკავა, იმას გასძახა, ამაზე მეტი დასაჭერი ვერავინ ნახეო? მალე მილიციის უფროსმა იქვე, ეზოში სუფრა გააშლევინა და ''დასჯილი'' მილიციონერი რამდენიმე საათი ფეხზე დამდგარი უვსებდა ჭიქას თევზის დაჭერისთვის დაკავებულ კანონდამრღვევს...

    ვაკე და საბურთალო

    თბილისში, ვაკეში ცხოვრობდნენ, კავსაძის ქუჩაზე. ოთარ რამიშვილს ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. იკრიბებოდნენ მასთანაც და თავიანთ ოჯახებშიც ხშირად ეპატიჟებოდნენ. ყველაზე კარგად, ალბათ, მას მეგობრები, ოჯახის წევრები და მეუღლე, გულნაზ კაცაძე იცნობდა. მათ 44 წელი იცხოვრეს ერთად, აქედან 40 წელი - კავსაძეზე. როცა შეუღლდნენ, მაშინ ოთარს პირველი ქორწინებიდან რვა წლის ზურიკო ჰყავდა. მას და გულნაზს კიდევ ორი ბიჭი შეეძინათ - მიშიკო და ლევანი.

    საბურთალოზე რომ დასახლდნენ, ოთარი უკვე ავადმყოფობდა. იმ დროს მომღერლის გვერდით მეუღლე იდგა, ახლა კი ქალი მესამე წელია მარტოა. შინ რომ ვეწვიეთ, ერთი ოთახის კედლები ოთარ რამიშვილის ფოტოებით, აფიშებითა და სიგელებით დაგვხვდა სავსე. დიასახლისი იქვე ინახავს ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს, რომლებიც მისი მეუღლის ლექსებით არის სავსე.

    ოთარ რამიშვილს ლექსების ხუთი კრებული ჰქონდა გამოცემული. გადავფურცლე და ყდის შიგნითა მხარეს, გაკრული ხელით ნაწერ წარწერებს წავაწყდი: ''ოთარ რამიშვილს, ოთარ რამიშვილისგან'' . მიზეზი მარტივია, ყველა წიგნს მეგობრებსა და ახლობლებს ჩუქნიდა, თავისთვის კი აღარ რჩებოდა. ბოლოს, სადღაც იშოვიდა ხოლმე ერთ ეგზემპლარს და ამგვარ წარწერას უკეთებდა...

    ლექსები და სიმღერები

    - რადიო ''არ დაიდარდოში'' ხშირად ისმის ოთარის სიმღერები. თითქმის ორი წელია არ მომისმენია ის სიმღერები, რომელთა ტექსტებში შემდეგი სიტყვებია - ''ვაკეშია ერთი ქალი'' და ''გახსოვდეთ, ქალი მაინც ქალია'' . არადა, მიყვარს და მენატრებოდა. 5 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა. გვიან ღამით ჩავრთე რადიო და სწორედ ეს პირველი სიმღერა გაისმა. ბევრი ვიტირე. მეორე დილით კი რადიოში მეორე სიმღერაც მოვისმინე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ოთარმა დაბადების დღე მომილოცა...

    ხშირად ვკითხულობ მის ლექსებს. მინდა, ერთ-ერთი წაგიკითხოთ, რომელსაც ''არ მოკვდა'' ჰქვია. ის ოთარმა 1964 წელს დაწერა:

    ''თუ ჩემი ლექსი ნაღმად აფეთქდა,

    და გადარუჯა ირგვლივ ყოველი,

    ჩემი ლექსები ხალხში ამღერდა,

    მე მეტ დიდ სახელს აღარ მოველი.

    დამეფინება თმებზე ფიფქები,

    ქარი დამამტვრევს,

    ფრთებს აღმა ნაფრენს,

    გავა დრო, ქვეყნად აღარ ვიქნები

    და სიმღერები გაშლიან აფრებს.

    იტყვიან, იგი ასე უკრავდა,

    იტყვიან, იგი ასე მღეროდა,

    არ მოკვდა, ისევ სიმღერებს

    გვიძღვნის,

    ის მიწისქვეშა საქართველოდან'' ...

    ოთარს ისეთი ლექსები ჰქონდა, როცა ვკითხულობ, განცდა მიჩნდება, რომ მას ბევრი რამ წინასწარ ჰქონდა დანახული და გააზრებული. მის ერთ კრებულს ''გული უმღერის გულს'' ჰქვია, მეორეს - ''ფიქრების ზღვა'' . კრებულების სათაურებს მე ვარჩევდი. 2009 წელს ნანა კოპალეიშვილმა გამოსცა წიგნი ოთარზე და ასე დაარქვა: ''კაცი, რომელიც ყველას უყვარს'' .

    ახლახან ოთო ნემსაძემ ოთარის ათი სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით ჩაწერა და დისკს სწორედ ''ფიქრების ზღვა'' დაარქვა. ძალიან მესიამოვნა ეს ფაქტი...

    ოთარი თავის სიმღერებსა და ლექსებს რვეულში არ იწერდა. ზოგჯერ მოვიდოდა სახლში, დაწერდა ფურცელზე, დაჭმუჭნიდა და გადააგდებდა. მე იმ ფურცელს ვიღებდი, ვასწორებდი და მაგიდაზე ვდებდი. ოთარი მეორე დღეს რომ ნახავდა, რაღაცებს ჩაასწორებდა და ლამაზ ლექსებად აქცევდა. ახლა ეს ყველაფერი შენახული მაქვს. ჩანაწერებსაც ვაკეთებ, უწინაც ასე ვიქცეოდი და ახლაც. საკმაოდ დიდი მასალაა. ოთარის იუმორი და სიტყვები აფორიზმებად არის ქალაქში გაფანტული და მინდა შევკრიბო. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ჩვენი განვლილი ცხოვრების ერთ წიგნად გამოცემა. ძალიან საინტერესოა და არ მინდა დაიკარგოს, რადგან ოთარი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს გამეორდება. ბევრ სიმღერას, უამრავ ლექსს მიძღვნიდა. არ აკონკრეტებდა, მე რომელი მეკუთვნოდა, მაგრამ ამას თავად ვგრძნობდი. მისი არც ერთი ლექსი უმიზეზოდ არ დაწერილა, არც ერთი გამონათქვამი არ დამიკარგავს და ამით თავადაც კმაყოფილი იყო.

    სამ დღეში... ...პატარა სპექტაკლივით მეჩვენება ჩვენი გაცნობისა და დაქორწინების ისტორია. წარმოშობით სამტრედიიდან ვარ. მე მყავდა მეზობელი ალეკო მახარაძე, რომელიც თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ოთარი მისი შვილის ნათლია იყო. ერთხელაც ოთარი ალეკოსთან სტუმრად ჩამოვიდა. იმ დროს მე ქუჩაში ჩამივლია და ოთარს დავუნახივარ. მოვწონებივარ და ეს ალეკოსთან არც დაუმალავს. თუმცა იმ ზაფხულს ერთმანეთი არ გაგვიცნია, ეს მეორე წელს მოხდა.

    ალეკოსთვის უთქვამს, შარშან აქ რომ გოგო ვნახე, მთელი წელი მასზე ვფიქრობ, მინდა, ცოლად შევირთო და გამაცანიო. მე იმ დროს 19 წლის ვიყავი, ოთარი - 34-ის. ალეკოს დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, თბილისიდან სტუმრები მეწვივნენ და ძალიან გთხოვ, მომეხმარე, იქნებ, მჭადები დამიცხოო. უარი ვერ ვუთხარი და გავყევი. მჭადებს რომ ვაცხობდი, ოთარი არაერთხელ შემოვიდა სამზარეულოში. მისი შემხედვარე ვფიქრობდი, რა მოუსვენარი კაცია, აქ რა უნდა, გავიდეს და სხვებთან ერთად დაჯდეს-მეთქი. მჭადი გამოცხვა, ამასობაში სუფრაც გაიშალა. როცა სახლში წასასვლელად მოვემზადე და სტუმრებს დავემშვიდობე, ოთარი სუფრიდან წამოდგა, ხელი ჩამჭიდა და თქვა: ''შენ ვერსად ვერ წახვალ, მამა'' . არა, უნდა წავიდე-მეთქი, ერთი კი ვთქვი, მაგრამ არ გამიშვა, გვერდით მომისვა, თითქოს უკვე

    მისი ვიყავი. ასე ხელჩაჭიდებულები ვიყავით მანამ, სანამ იმ ქვეყნად წავიდოდა...

    ძალიან მოკლე დროში გადაწყდა ჩვენი ამბავი, თითქმის სამ დღეში. ოთარმა გურიიდან მამა და და ჩამოიყვანა. მნახეს და ძალიან მოვეწონე. იმერეთში დედაჩემმა სუფრა გაშალა. სამტრედიაში ხელი ვერ მოვაწერეთ და საამისოდ ოთარმა ჩოხატაურში წამიყვანა, შემდეგ - თბილისში. ჩვენ ექვსი დედმამიშვილი ვიყავით. ოთარმა თბილისში რომ წამომიყვანა, აქ არავინ მყავდა მისი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც არაჩვეულებრივები იყვნენ.

    შვიდი წელი ვცხოვრობდი დედამთილ-მამამთილთან. თბილი და ტკბილი ოჯახი გვქონდა. აყვირებული ოთარი არ მახსოვს. ის სულ ქუჩისკენ ილტვოდა, რადგან ხალხი არ ასვენებდა. სულ მენატრებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ოთარის ცოლი ვიყავი. ოჯახი ...ოთარს პირველ მეუღლესთან ჰყავდა ზურიკო. რამიშვილების ოჯახში რომ შევედი, ის 8 წლის დამხვდა და შეიძლება ითქვას, მე და ზურიკო რამიშვილებთან ერთად გავიზარდეთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ვერც კი წარმომიდგენია, რომ ის ჩემი... არც კი მინდა წინადადება დავამთავრო. შემდეგ გაგვიჩნდა მიშიკო და ლევანი. ამიტომ, როცა შვილებზე რამეს მეკითხებიან, ასე ვპასუხობ: მე ვარ ორი შვილის მშობელი და სამი შვილის აღმზრდელი დედა.

    21 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი. მიშიკოსა და ლევანს შორის წელიწადი და ხუთი თვეა სხვაობა. მიშიკო მღერის და მუსიკას წერს. სამი წლიდან გიტარაზე უკრავს. ხუთწლინახევრის იყო, როცა ფილარმონიაში გამოვიდა და კლასიკა შეასრულა.

    ოთარის საქმე, სიმღერები, ლექსები და საუკეთესო გიტარა მას გადავაბარე. ლევანიც მღერის და უკრავს, მაგრამ საზოგადოების წინაშე მიშიკო უფრო ჩანს. ზურას კონსერვატორია აქვს დამთავრებული, ფორტეპიანოს განხრით. მიშიკომაც კონსერვატორია დაამთავრა, ალტისტია. მოგვიანებით იურიდიული განათლება მიიღო და ახლა საკმაოდ ცნობილი ადვოკატია. ხოლო ლევანმა ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ - ეკონომიკური. სამივეს აქვს მუსიკალური ათწლედი დამთავრებული. შვიდი შვილიშვილი გვყავს. ზურიკოს: ოთარი, ლიკა და მარიამი. მიშიკოს: ლიზი და ლუკა, ხოლო ლევანი ელენესა და საბას მამაა.

    ოთარი დაკავებული იყო და სულ გარეთ, ხალხთან უწევდა ყოფნა, მე სახლისკენ ვექაჩებოდი. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რომ შვილებს ყოველდღე ასეირნებდა ვაკის პარკში ან სხვაგან. მიშიკოს რომ გავატანდი, შეიძლება, მამამისი ქუჩაში ''მოეტაცათ'' , საქეიფოდ წაეყვანათ და შვილს ვიღაცას გამოატანდა ხოლმე შინ. მაგრამ ძალიან უყვარდა შვილები, შვილიშვილები, არაჩვეულებრივი ბაბუა იყო, ასეთივე მამამთილი და ჩემ მიმართ დამოკიდებულებაშიც კარგის მეტი არაფერი მეთქმის. კი, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით მოვდიოდი. არ დავიჩემებ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემნაირი საინტერესო ცხოვრება და ისტორია ბევრ ქალს არ ექნება. 

    ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, არ გაგჩენიათ სურვილი, ჩემოდანი ჩაგელაგებინათ და მისგან წასულიყავითო?! მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სხვა თემაზე ვსაუბრობდი და რამდენჯერმე რომ გამიმეორა, ვუპასუხე, არა, რადგან ჩემოდანი არ მქონდა-მეთქი (იღიმის). ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა ასე იყო, არ გამჩენია მისგან წასვლისა და მიტოვების სურვილი...

    მოსწავლეები: კავსაძეზე დიდი ბინა გვქონდა და ჩვენს სახლში რომ შემოხვიდოდით, ერთ კედელი ოთარის გიტარებს ეკავა. მისი მეუღლე რომ გავხდი, უკვე ბევრი მოსწავლე ჰყავდა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ოთარის მოსწავლეები იყვნენ გიო ხუციშვილი, ზურაბ მანჯავიძე, ნანა მესხი, ზურაბ კობეშავიძე, მიშიკო კოშკაძე, გიორგი ძამუკაშვილი, დათო მაისურაძე და ბევრი სხვა. ერთხელ ვუთხარი, არ გაინტერესებს, რამდენი მოსწავლე გყავდა, მოდი, ჩავიწეროთ-მეთქი. მას შემდეგ დაინტერესდა და დაიწყო ჩაწერა - ერთი დიდი რვეული გვაქვს სავსე. ოთარი ბავშვებს დაკვრასაც ასწავლიდა და კარგი ადამიანობასაც.

    ბევრი ისეთიც მოდიოდა, ვისაც სმენა არ ჰქონდა, მაგრამ ოთარი ახერხებდა და გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა. საოცრად მუშაობდა მოსწავლეებთან, იშვიათად არსებობენ ასეთი პედაგოგები. ბავშვებსაც და მშობლებსაც უხაროდათ ოთართან მოსვლა. არასოდეს არავინ გაუბრუნებია უკან უარით. ერთხელ ბებიამ შვილიშვილი მოიყვანა. ქალი ძალიან შეწუხებული იყო, სადაც მივიყვანე, ყველამ დაიწუნა და გვითხრეს, ბავშვს სმენა არ აქვსო. ოთარმა ბებიას ბავშვის სახელი ჰკითხა, რომელიც მეორე ოთახში ელოდათ. დათო ჰქვიაო, - უთხრა მან. ოთარმა სახელით გასძახა და ისიც გამოეხმაურა.

    ოთარმა გაიცინა, ქალბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ, ბავშვს გადასარევი სმენა აქვსო. ერთხელ დაურეკეს და უთხრეს, ბავშვის მოყვანა გვინდა თქვენთან და როგორ ფიქრობთ, ერთ თვეში თქვენსავით დაკვრას თუ შეძლებსო. ოთარმა გაიკვირვა, ქალბატონო, ერთ თვეში როგორ უნდა დაუკრას, გრიპი ხომ არ არის, ვაკოცო და გადაედოს: ამ დროში ჩემს მისამართს თუ ისწავლის მხოლოდო... ოთარს ძალიან ცოცხალი იუმორი ჰქონდა.

    წინათგრძნობა...2011 წლის შემოდგომაზე, ოთარი ცუდად რომ იყო, ღამეები არ მეძინა. დაწექი, მამა, დაიძინე, - მეტყოდა ხოლმე. გარდაცვალების წინა ღამეს მასთან ოთახში შევედი, კარადაში რაღაცას ვეძებდი. ის იწვა და უცებ შემეკითხა: ''გუგუ, მე შენ გიყვარვარ?'' ჯერ არ ვუპასუხე და ვაგრძელებდი ჩემს საქმეს. როცა ორჯერ კიდევ გაიმეორა ეს შეკითხვა, მივხედე და გამეცინა, რაღა დროს ჩვენს სიყვარულზე ლაპარაკია, ამდენი წლის ოჯახი გვაქვს-მეთქი. არ გაჩერდა, გუგუ, გეხვეწები, მითხარი, ხომ გიყვარვარო.

    მაშინ ვუპასუხე, კარგი, რახან ასე გინდა, გეტყვი, რომ მიყვარხარ, აბა, სხვაგვარად რა გამაძლებინებდა შენთან-მეთქი, და თან შენ ეს კარგად იცი და პირველად არ გეუბნები-მეთქი. გაუხარდა, იცი, რა ბედნიერი ვარ ახლა, მაგრამ გული მწყდება, რომ დღემდე ბეჭედი ვერ გიყიდეო. დავამშვიდე, შენ კარგად იყავი და არ მინდა ბეჭედი-მეთქი.

    შემდეგ ლაპარაკს შევყევით და დიდხანს გაგვიგრძელდა. მაშინ მითხრა, 22 რიცხვამდე ვერ ვიცოცხლებ და ჩემს დაბადების დღეს ვერ დავესწრებიო. რაც გაგიცანი, ეს სიტყვები მესმის, მაგრამ ყოველთვის დიდ დაბადების დღეებს იხდი-მეთქი. მან მაინც იუარა და მითხრა, არა, ამჯერად ასე არ იქნება, მაგრამ შენ არ ინერვიულოო. მერე დააყოლა, მე პანთეონში დამკრძალავენო და ასეც მოხდა. ჩვენი ეს საუბარი 5 ოქტომბერს შედგა და 6-ში ოთარი გარდაიცვალა...

    ანა კალანდაძე

    ჟურნალი ''რეიტინგი''

    რამიშვილი - სამტრედია, ტობანიერი, ყუმური  


     წყარო http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4320/



    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
    ბოლო რედაქტირება 29.01.2023
    სულ რედაქტირებულია 3

    ნათია ბოტკოველი
    ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.03.2023
    სულ რედაქტირებულია 1



    რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

    1 0


    ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

    3 0


    იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

    1 0


    ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

    4 0


    ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

    1 0


    ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

    2 0