სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი — გ. 15 მაისი, 1981, თბილისი)
— ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი.
მისი შვილი, თინათინი, ასევე მეცნიერი იყო. ვიკიპედია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1917 წელს.
ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგეა. 1960 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ს. ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
იგი საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელია. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი. მის გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად (1937-1940); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს "ბალავარიანთან" დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.631
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-1981)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ანტიკური ლიტერატურის ისტორია : სახელმძღვ. პედ. ინ-ტების სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1971. - 427გვ.
- რას გვიამბობენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 143გვ.
- ბერძნული ლიტერატურის ისტორია (ავტორი) // ტ. 2: ელინისტური პერიოდი. ბიზანტიური პერიოდი . - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1949. - 495გვ.
- ბერძნული ლიტერატურის ისტორია (ავტორი) // ტ. 1. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1949. - 435გვ.
- ლათინური ენის სახელმძღვანელო უნივერსიტეტისა და პედაგოგიური ინ-ტების სტუდენტთათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1948. - 156გვ.
- ეროვნული ბიბლიოთეკა