ელგუჯა ვიქტორის ძე მეძმარიაშვილი (დ. 17 აგვისტო, 1946, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013). ვიკიპედია
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.
1961-1963 წწ. მუშაობდა "საქსოფელექტრომშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ (ბათუმი), 1969-1972 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი; 1975-1979 წწ. ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე; 1979-1986 წწ. ჯერ სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს, ხოლო შემდეგ, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1982-1989 წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დავალების საუწყებათშორისო ჯგუფში მიწისზედა და კოსმოსური სტრატეგიული კომპლექსების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სპეციალისტად, 1985-1995 წწ.
შეთავსებით იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე; 1986 წლიდან ჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს, შემდეგ კი, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების და ცოტა მოგვიანებით - საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1995 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური ნაგებობების - შემდგომში, სამხედრო-საინჟინრო შეიარაღებებისა და სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე და, აგრეთვე, ჯერ, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სამხედრო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ კი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი; 1999 წლიდან იგი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში; 1975-1995 წწ. შექმნილი აქვს ტრანსფორმირებადი სისტემების თეორია; 1985 წელს დაარსებული აქვს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და მისი უნიკალური სასტენდო კომპლექსი; 2000 წელს მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო–საინჟინრო აკადემიაში; 2002-2006 წწ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის შესაბამისი ახალი თაობის თანამგზავრების კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების შექმნის თეორიული საფუძვლების ავტორია; პროფესორი. არის 270–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის საქართველოს პატრიარქის სიგელი (2005), სამამულო კოსმონავტიკაში შეტანილი დიდი წვლილისათვის აკადემიკოს მ. კელდიშის მედალი.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდის მიწისზედა კომპლექსი", დაიცვა 1993 წელს.
წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.87
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ევრაზიის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1992-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2000-)
- საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
- საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1994-)
- საქართველოს სამხედრო–საინჟინრო აკადემია, წევრი (1999-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1999 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
- 1999 - ქ. მცხეთის საპატიო მოქალაქე
- 1996 - ღირსების ორდენი
- 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - "კოსმოსური საინჟინრო კონსტრუქციები, მათი შექმნისა და გამოცდების მიწისზედა სასტენდო კომპლექსი" - ეროვნული ბიბლიოთეკა