სურენ არტემის ძე ასლამაზაშვილი (დ.3 მარტი, 1914, სოფ. კავთისხევი, ახლანდელი კასპის რაიონი ― გ. 22 ნოემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი, საბჭოთა კავშირის გმირი (22 თებერვალი, 1944). გვარდიის სერჟანტი.
1937-1939 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ასლამაზაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში ― ქ. ორჯონიკიძესთან, უკრაინასა და ბესარაბიაში, მონაწილეობდა რუმინეთის, ინგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში. მდინარე დნეპრის გადალახვისას და მის მარჯვენა ნაპირზე წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლიდან ასლამაზაშვილი მუშაობდა თბილისის სართავ-სატრიკოტაჟი კომბინათში, თბილისის კრინიგზის სადგურში. 1955-1969 თბილისის კიროვის სახელობის ჩარხსაშენებელ ქარხანაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
სურენ არტემის ძე ასლამაზაშვილი დაიბადა 1914 წელს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში.
დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლით "მამაცობისათვის". საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 22 თებერვალს- დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1970 წელს.
კავთისხეველი გმირი დიდი სამამულო ომის პირველსავე დღეებში მოხალისედ ჩაეწერა წითელი არმიის რიგებში. 1943 წლის შემოდგომაზე ასლამაზიშვილის რაზმი მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, სიმაღლე 177,1-ზე გამაგრდა. რაზმის ამოცანა იყო, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინათ ეს სიმაღლე, რომლის ასაღებად 6 გერმანული ტანკი დაიძრა და რაზმის ნაწილი დახოცა. სერჟანტმა ასლამაზიშვილმა თავისი დაღუპული მეგობრების ტანკსაწინააღმდეგო ორი იარაღი გამოიყენა და ცეცხლი გაუხსნა გერმანულ ტანკებს. მან მოახრხა 4 მათგანის გადაბუგვა, 2 კი უკან გაბრუნდა.
მაგრამ ბრძოლა გერმანელ მეავტომატეებთან გაგრძელდა. სურენმაც ხელში ავტომატი აიღო და მტერს მედგრად დაუხვდა. ამასობაში, მარცხენა სანაპიროდა ჩვენი არმიის ნაწილებმა მოახრხეს გადმოსვლა. მათ იხილეს მძიმედ დაჭრილი, გონდაკარგული მეომარი, რომლის რაზმმა სიმაღლე დიდი მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა.