სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაირა ქებურია გარდ. 1993წ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთი ზაირა ქებურია გარდ. 1993წ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქებურია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ზაირა ქებურია გარდ. 1993წ. სოფ. კამანი სოხუმი დ. ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

ჭიდილი მხეცებთან “ კამანი ზაირა ქებურია ავტორი ნუგზარ ქებურია
( დოკუმენტური ნოველა )

...ზაირა და მისი რძალი, იამზე, სხვა ქალებთან ერთად ჯუბა ხელაიას სახლის წინ იდგნენ, როდესაც აფხაზი და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკები კამანში ავტომატების ჟღარუნით შემოიჭრნენ...
- ნუ გვესვრი, შვილო! - გურიელ ქარდავას დედამ პატარა ირაკლის მოხვია ხელი და ვაჟა ფიფიას სახლისკენ გაიქცა.
ზაირამ იცნო აფხაზი ბოევიკი, ტამიშელი ბესიკ კანკია და წყევლა-კრულვა მიაყარა მას.


- ენას მოგჭრი და ძაღლებს მივუგდებ, უბედურო! - უყვირა ტამიშელმა, მაგრამ ზაირა აფხაზი ბოევიკის მუქარას არ შეუშინდა.
- ეს ქალი, ექთანია!.. მთელი ომის განმავლობაში ქართველ დაჭრილ ბანდიტებს ეხმარებოდა... - უთხრა ბესიკ კანკიამ თავის ავაზაკებს. - ამ ქალმა იცის ქართველი ბოევიკების სამალავი... და ავტომატის კონდახი თავში ჩაარტყა ქალს.
ცოტა ხანში მას აფხაზი ბოევიკების მთელი ჯგუფი კონდახებით უმოწყალოდ ცემდა. მამაკაცების სამალავის გათქმას აიძულებდნენ, მაგრამ უშედეგოდ, ქალი არაფერს ამბობდა.

ბესიკ კანკიამ იარაღი შემართა, სასხლეტი მოქაჩა და დაშინების მიზნით, ჯერ ირგვლივ დაუწყო ავტომატის სროლა, მაგრამ ქალი ადგილიდან არ დაძრულა, თავისი ღია მწვანე თვალებით უშიშრად უყურებდა მკვლელს, რომელმაც ჯერ ფეხებში ესროლა. მერე კი მთელ ტანზე მიუშვა ჯერი.
ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა მოსხლეტით დაეცა...
- მხეცებო!.. სისხლის მსმელებო!.. - კივილით მივარდა მზია მკერდ დაცხრილულ რძალს, იგი უკვე აღარ სუნთქავდა.
- ჩააგდებინეთ ენა, მაგ ქალსაც!.. - გაისმა უცებ მის ზურგს უკან. მზია გაჩუმდა. უკან მოიხედა. დამფრთხალი მზერით გახედა იარაღ მომარჯვებულ აფხაზ ბოევიკს და ამის მერე ხმა აღარ ამოუღია. ჩუმად ლანდივით გაცურდა ჯუბა ხელაიას სახლისკენ, სადაც თავისიანები იყო გახიზნული.
მალე მთელი სოფელი დაცარიელდა, ვინ სად გარბოდა და ვინ სად! დაცარიელებულ სოფელში ხმაურობაც მიწყდა. მხოლოდ კანტი-კუნტად გაისმოდა სროლის ხმა. აღარც ნიავი ქროდა. ფრინველიც მიყუჩდა. მდინარის წყალი განუწყვეტლივ ჩხრიალებდა, დროგამოშვებით შორიდან ძაღლის ყეფა მოისმოდა.
... ქალების კივილზე ზაირას პატარა გოგონა, ირინა ქარდავა, თავის ოთახში შევარდა, ლოგინის ქვეშ შეძვრა და გაინაბა. მალე შემოსასვლელი კარის შემზარავი ჭრიალი გაისმა, ვიღაცა აჩქარებული ნაბიჯით შემოვიდა, სადარბაზოში წამით შეჩერდა და მერე ირინას ოთახისაკენ გაემართა... კარები სწრაფად შემოაღო, შემოიხედა... გოგონა გაინაბა, სუნთქვა თითქმის შეწყვიტა, მაგრამ სულის შეგუბებას ვეღარ გაუძლო, ლოგინიდან გამოძვრა, სწრაფად წამოხტა და უკანა კარებისკენ გაექანა, მაგრამ ბერძენმა მეზობელმა ქალმა გზა გადაუკეტა.
- არ შეშინდე!.. პატარავ!.. მე შენ გადაგარჩენ!.. - ალერსიანად უთხრა ქალმა, მაგრამ სიგიჟემდე შეშინებულ გოგონას არაფრის გაგონება არ სურდა, ფანჯრიდან ფოცხვერის სისწრაფით გადახტა და კივილით გაიჭრა ვაჟა ფიფიას სახლის მიმართულებით, სადაც ბებია და უმცროსი ძმა, ირაკლი ეგულებოდა.
... გურიელმა ცოლის დაღუპვის ამბავი, რომ გაიგო ტყიდან გამოვიდა და ტყვედ ჩაბარდა აფხაზებს. იგი გაშმაგებით დასცქეროდა ტყვიებით დაცხრილულს და არ სჯეროდა, რომ ეს მართლა ზაირას გვამი იყო.


გურიელ ქარდავამ გადაწყვიტა იქვე მომკვდარიყო, ნაბიჯი არ გადაედგა არსად, სანამ მისი საყვარელი მეუღლის დამარხვის უფლებას არ მისცემდნენ. ვინაიდან მეორე დღეს დაცარიელებულ სოფელში უპატრონო ქალის სხეული ღორების საჯიჯგნი გახდებოდა. აფხაზმა ბოევიკმა ნება დართო დაემარხა ცოლი, მაგრამ მხოლოდ ათი წუთი მისცა დრო ამ საქმისათვის, თუ არადა მასაც დახვრეტდა იქვე. შიმშილისა და ტანჯვისგან ძალზე დასუსტებული გურიელი ფეხზე ძლივს იდგა. მაგრამ დრო არ ითმენდა, ამიტომ მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და ჯალათის მიერ, საიდანღაც მოთრეული ტარ გადატეხილი თოხით საფლავის თხრას შეუდგა. საბედნიეროდ ძნელი არ აღმოჩნდა საფლავის გათხრა იმ ადგილას, სადაც საბრალო ქალი მოკლეს. ორი ბარისპირი ამოთხარა, უფრო თოხის პირი, ვინაიდან, უტარო თოხს ბარის მაგიერ ხმარობდა და საკუთარი თითებიც კარგ სამსახურს უწევდნენ.
ქალი ცელოფნის ნაგლეჯებში შეახვია და ფრთხილად ჩაუშვა... სანამ ჩაასვენებდა, რამდენჯერმე აკოცა ცოლს უკანასკნელად, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა თვალებიდან. უძრავად იჯდა ცოტახანს და თავისი ქორწინების პირველ დღეებს იხსენებდა სიყვარულით, მაგრამ ჯალათმა არ დააცალა ფიქრი, საფლავის ამოვსება უბრძანა.
გურიელს ხმა არ გაუღია, უძრავად იდგა მცირე ხანს, შემდეგ დაემხო პირქვე საფლავზე, თვალები დახუჭა და მწარედ აქვითინდა...
... გენო ადამიას ხალხი სოფელ შრომაში რომ შევიდა, ცეცხლი მხოლოდ აქა-იქ ეკიდა სახლებს.
- აფხაზებს მთელი სოფლის გადაწვა უნდოდათ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ ყველა სახლისთვის ცეცხლის წაკიდება ვეღარ მოასწრეს. - უთხრეს მას.
ადამია აფხაზური მხარის ახალ-ახალი ოინებისგან საშინლად დაღლილი იყო. ჭრილობაც ადრინდელზე უფრო სტკიოდა, მაგრამ სანამ მთელ ფრონტის ხაზს არ შემოივლიდა ყველა პოზიციას არ ნახავდა, რა დაასვენებდა.
იგი, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით, ქვევით, კამანისკენ მიდიოდა. მებრძოლთა მცირე ჯგუფი ახლდა თან. სოფლის მკვიდრნი სცნობდნენ მას, გზას უთმობდნენ, შეშინებული შესცქეროდნენ მის გოლიათურ აგებულებას, გაქვავებულ სახეს. იგი ვერც ხედავდა რამეს და არც არაფერი ესმოდა. სწრაფად მიიწევდა წინ და მიწას ჩასჩერებოდა, ეს ადგილები დანაღმული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ფრთხილობდა.
გენო ადამიამ რამდენიმე პოზიცია მოინახულა, ყველგან ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა. ადგილობრივი შუახნის კაცი, ფრთხილად მიუახლოვდა საავდროდ გამზადებულ ღრუბელივით მოღუშულ გენერალს და ხმადაბლა უთხრა:
- ძალიან ბევრნი არიან, ბატონო გენო... მათი მეთაურები რუსი ოფიცრები არიან...
- უხ!.. მათი დედაც!.. - ამოიგმინა ქართველმა გენერალმა.
- ეს მამაძაღლი ედიკა სულ იძახდა რუსებმა მომატყუეს... მომატყუესო... არადა ამბობდა პოლიტიკაში უკანალით მატარებელს ვაჩერებო... ახლა სადღაა ეს იუდა? - ნერვიულად და მეგრულად იგინებოდა ვიღაც ვაჟკაცური აღნაგობის ჭაღარა წვერულვაშიანი მოხუცი.
- სადღაა და... რ უ ს უ ლ ი თვითმფრინავით გადაფრინდა თბილისში, უიარაღო ბიჭები და მშვიდობიანი მოსახლეობა კი უპატრონოდ შეგვატოვა წასაგებად განწირულ ომს...
- ომის მოგება აზრადაც არ ჰქონია იუდა შევარდნაძეს, ის სამშობლოს გაყიდის და უკანონოდ მიტაცებულ ტახტს არ დათმობს... - არ ცხრებოდა ცეცხლის ალში გახვეული და სრულ ინფარმაციულ ვაკუუმში მყოფი გაუბადურებული ხალხი.
- თქვენი იმედი გვაქვს გენო ბიძია, თქვენ შემოგევლეთ, რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ სოხუმზე იერიშები ძალიან გვაშინებს, მითუმეტეს, იუდა-სატანა ედიკასა და ჩვენი უდღეური გენერლების მოღალატური ხელმოწერის შემდეგ...
- სანამ ხალხი არ გაიღვიძებს და პოლიტიკურ არამზადებს და რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაფინანსებულ გავლენის აგენტებს პანღურით არ გაყრის მთავრობიდან, მანამდე არაფერი გვეშველება... - ისევ მეგრულად იგინებოდა ჭაღარა წვერულვაშიანი მოხუცი კაცი.
გენო ადამია წამით შეჩერდა, პირდაპირ, მწვანე ფერდობს შეხედა, საიდანაც, ვიწრო, ოდნავ შესამჩნევ ბილიკზე ნელა, წაკუზულები მოდიოდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები. თვითოეულ მებრძოლს ფარივით აეფარებინა მწვანე ტოტი, მაგრამ ვერავითარი შენიღბვა, ათასჯერ მოტყუებული ქართველების თვალებს ვერ გამოეპარებოდათ, მაგრამ რუსული ავტომატებისა და ხელყუმბარების იმედით დარჩენილებს რა უნდა ექნათ?..
27 ივლისის ხელშეკრულებამდე კარგა ხნით ადრე, მინისტრთა საბჭოს შენობის სარდაფში ტროპიკული ციებცხელება ბობოქრობდა... შტაბში იყვნენ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ჟიული შარტავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხ, შს მინისტრი გენერალი დათო გულუა, კორპუსის მეთაური გენერალი ზაურ უჩაძე, სოხუმის კომენდანტი მერაბ გამზარდია, გენერალი ზაურ უჩავა, მხედრიონელი გენერალი გია ვაშაკიძე და ბრიგადის გენერალი გენო ადამია. ბატალიონების მეთაურებიდან არავინ იყო ორი ვიცე-პოლკოვნიკის გარდა. 23-ე ბრიგადიდან თემურ ზარანდია და ეროვნული გვარდიის სოხუმის ბატალიონიდან სოსო ჯომიდავა...
გენო ადამიამ კატეგორიულად განაცხადა უარი საეჭვო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე და მომხრეებიც ბევრი ჰყავდა, ძალიან ბევრი, მაგრამ... სად იყო და სად არა... ჯაბა იოსელიანი მხედრიონელ გენერალ გია ვაშაკიძესთან და დაცვასთან ერთად ქარივით შეიჭრა მინისტრთა საბჭოს სარდაფში... იგი შევარდნაძის დავალებით სარდლობასთან ერთად 27 ივლისის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად უხმაუროდ ემზადებოდა. წარმატებისთვის საჭირო იყო აფხაზეთის მთავრობის და სარდლობის თანხმობა.
- რა ხდება, აქ?- ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე იყვირა მან.
შარტავამ მხრები აიჩეჩა, ხმა არ გაუღია.
მის გვერდით ბრიგადის გენერალი გენო ადამია ღრუბელივით მოღუშული იდგა. მძიმედ ოხრავდა და ამღვრეულ დოდრონ თვალებს საბრძოლველად შემართულ ლომივით აბრიალებდა.
- ბატონო ჟიული რაშია საქმე? - ადამიასთვის მზერა არ მოუშორებია, ისე თავხედურად უყვირა იოსელიანმა.
- ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარს ამბობენ, ბატონო ჯაბა. - როგორღაც აღმოხდა შარტავას.
- ვინ!? - იღრიალა ჯაბამ.
- მე ვარ წინააღმდეგი მძიმე ტექნიკის გაყვანის და მე ბევრი მომხრეც მყავს... - მტკიცედ თქვა ბრიგადის გენერალმა.
- შენ ვინ ხარ!? - აგდებულად უთხრა ჯაბამ.
- მე, გენო ვარ ადამია... - იმავე ტონით მიუგო 23-ე ბრიგადის გენერალმა. იგი სამხედრო პირი არ იყო, ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. მშვიდობიანობისას მისი გატაცება ახალგაზრდა სპორტსმენების მფარველობა იყო, მათ ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა ხოლმე. იარაღი 1992 წელს აიღო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. ის იყო ფიზიკურად და სილიერად ძლიერი, ჭკვიანი ენერგიული, მეგობრული, უმაგრესი პატრიოტი სამშობლოს ერთგული და გაუყიდავი ადამიანი! მან ომის დაწყებიდან მოკლე დროში, თავისი უნიკალური ორგანიზატორული ნიჭის წყალობით ადგილობრივი მოხალისეებისგან ჩამოაყალიბა რამდენიმე ბატალიონი:
I ბატალიონი — რომელიც ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში იყო განლაგებული. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა.
II ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო სოხუმელი და რუსთაველი მოხალისეებისაგან. იგი სოხუმის დაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა.
III ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი სვანური მოსახლეობისაგან. წარმოადგენდა დაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს.
IV ბატალიონი — დაკომპლექტებული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოხალისეებისაგან. წარმოადგენდა ბრიგადის რეზევრს და იდგა უშუალოდ ქალაქში.
VI ბატალიონი — პირველი ბატლაიონის მსგავსად წარმოადგენდა ფრონტის ერთ ერთი ყველაზე ცხელი წერტილის სარკინიგზო ხიდის დამცველ ბატლაიონს.
გენო ადამია მალევე გახდა საქართველოს ნამდვილი საბრძოლო გენერალი, სუფთა ბიოგრაფიის და მტერთან ბრძოლის უდიდესი გამოცდილებით, მისი ბრიგადის უმრავლესობა პროფესიონალი სამხედროები არ იყვნენ, მაგრამ მათ უმეტესობას კარგად ესმოდათ თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი იმდროინდელი საქართველოსთვის და ერთ მუშტად შეკრული 23-ე ბრიგადის ბატალიონებმა, გენო ბიძიას მეთაურობით, აფხაზური მხარის დაქირავებულ მხეცებს ისე გაუნადგურეს სამხედრო ტექნიკა და ისე დაულეწეს ცხვირპირი, რომ გუმისთის ფრონტის ხაზზე რუსეთის იმპერიის დაქირავებულ ავაზაკებს იარაღის ამღები კაცი აღარ დარჩათ. კრემლის შვილობილი ქართველი იუდა იძულებული გახდა მისთვის გენერლობა ებოძა. ხოლო ქართველმა ხალხმა მას სახალხო გენერალი უწოდა.
- თქვენ რა, სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით?.. - ახლა უფრო რბილად უთხრა ჯაბამ.
- სახელმწიფოს მეთაური არანაირ პასუხისმგებლობას არ აიღებს თავის თავზე, როგორც ყოველთვის, ყველაფერს სხვას გადააბრალებს... უფრო იმათ, ვინც თავგანწირვით იბრძვის დღეს, სამშობლოს გადასარჩენად... - რბილადვე მიუგო გენო ბიძიამ.
- ე. ი. შენ!..
- მე ხელს არ მოვაწერ ამ ხელშეკრულებას!..
- რატომ?!..
- წარმოდგენა გაქვთ მაინც, თუ რა შეიძლება დაატყდეს თავს განიარაღებულ სოხუმს?... - და თვალებში ჩააშტერდა ჯაბა იოსელიანს და მის გვერდით მდგარ გენერალ გია ვაშაკიძეს. - ამ ხელშეკრულებას, ბევრი სხვა წინა ხელშეკრულების მსგავსად ისევ თავზე დაგვახევენ რუსები და ჩვენი სისხლით მორწყული ქალაქი აფხაზების და გადამთიელების ხელში აღმოჩნდება.
კამათი დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ აქ ამის მოყოლას აზრი არა აქვს... უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენმა გენო ბიძიამ იმ მოღალატურ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა...
16 სექტემბერს, გამთენიისას რუსებმა ეს ხელშეკრულება შევარდნაძეს და მის მომხრე სამშობლოს გამყიდველებს მართლაც გადაახიეს თავზე და სოხუმს მოადგნენ ყოველის მხრიდან.
23-ბრიგადის ბატალიონების მებრძოლებმა თითქმის შიშველი ხელებით ისეთი გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც აფხაზური მხარის მებრძოლები არ მოელოდნენ, მაგრამ... ღალატი... ღალატი... და ისევ ღალატი..
მოულოდნელად 23-ე ბრიგადის ბატალიონებმა შტაბიდან უკან დახევის ბრძანება მიიღეს. ბრძანება ბრიგადის მეთაურის გენო ადამიას სახელით იყო მოსული. არადა 23-ე ბრიგადას გუმისთაზე ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა, ამიტომ უკან დახევა ღალატის ტოლფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გენო ადამიასი ყველა ბატალიონის მეთაურს სჯეროდა, ბრძანების შეასრულება არც უფიქრიათ, სანამ ეს ინფორმაცია შტაბში არ გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ გენო ადამიას არავითარი ბრძანება არ გაუცია, ეს განკარგულება არც კომუტატორთან იყო დაფიქსირებული. ბრიგადის გენერალი ცოფებს ყრიდა. გუმისთაზე დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო...
გენო ბიძია ეკლიანი ბუჩქებისა და მწვანე ფერდობების შემოვლით მიიკვლევდა გზას, აღელვებულმა უფრო უმატა გზას ქვევით, კამანისკენ. უცებ მისი ყურადღება მიიპყრო ორმა ბავშვმა, რომელნიც სოფლის მხრიდან თავპირის მტვრევით მორბოდნენ.
- ვინ ხართ? - ჰკითხა გენერალმა, როცა ბავშვები მის წინ შეჩერდნენ.
ბიჭი ათი - თორმეტი წლისა იქნებოდა, გოგო - თოთხმეტის, ბიჭი მოკლე შარვლის ამარა იყო, გოგოს კი ნაკუწებად ქცეული კაბა ტანს ძლივს უფარავდა. ორთავეს ფეხები დამსკდარი და დასისხლიანებული ჰქონდათ. აწითლებულ ლოყებზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ.
- ვისი ხართ ბავშვებო? - გაუმეორა კითხვა გენერალმა.
- გურიელ ქარდავასი! - გოგონა ბიჭზე უფრო თამამი ჩანდა. - დედა მოგვიკლეს, მამა ტყვედ წაიყვანეს აფხაზებმა, ჩვენ მეზობელმა, ბერძენის ქალმა გადაგვარჩინა და გვითხრა, თქვენიანები აქეთ მხარეს არიანო წასული.
ამ დროს დაცვის ოფიცრის ხელში რაცია ახრიალდა.
ხაზზე მთავარი მხედრიონელი იყო.
- რა მოხდა? - გაისმა იოსელიანის ხმა.
- ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო თქვენი მოღალატური ხელმოწერის შემდეგ... - ვეღარ მოითმინა ადამიამ და გაქვავებულ დაცვის ოფიცერს რაცია ხელიდან ააგლიჯა.
- ჭკუას ნუ მასწავლი!.. - გაისმა ისევ იოსელიანის უკმაყოფილო, ბრაზმორეული ხმა. - რაც მოხდა, იმას ვეღარ ვუშველით. ცოცხლებს ჭირდებათ ამ წუთში შველა... შენთან შტაბში დამელოდე! ახლავე მოვდივარ! - უთხრა მან.
- კარგი, გელოდები! - ჩასძახა რაციას ბრიგადის გენერალმა და რაცია დაცვის ოფიცერს შეაჩეჩა ხელში, თვითონ კი შტაბისკენ გაემართა...
სურათზე: ზაირა ქებურია, დაბადებული და გაზრდილი ზემო-ფშაფში... გათხოვილი იყო კამანში, გურიელ ქარდავაზე...
ღმერთმა გაანათლოს გმირულად დაღუპული კოლხი ქალბატონის სპეტაკი სული...

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2021
ბოლო რედაქტირება 15.10.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0