ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე (დ. 22 აპრილი, 1920, გაგრა — გ. 28 იანვარი, 1984, სოხუმი)
— ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს (1972) და აფხაზეთის (1961) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი.
ზურაბ ანჩაბაძის ანკეტაში, სადაც სოციალური წარმოშობის გრაფაა, გარკვევითაა მიწერილი თავადი, სოციალური მდგომარეობა – აზნაური. ზურაბის პაპა — ტარას ანჩაბაძე, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, საკმაო ხნის მანძილზე იყო სოხუმის მმართველობის წევრი; ბებია - მაშო დადიანი-ანჩაბაძისა ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. ზურაბის მამამ, ვიანორ ანჩაბაძემ დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა კავკასიისა და დასავლეთის ფრონტებზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მას დაევალა აფხაზეთში საკურორტო საქმის ორგანიზება. გარკვეული დროის მანძილზე ვინორ ანჩაბაძე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.
ზურაბ ანჩაბაძის მეუღლე იყო თინა ხახიშვილი. მათი ვაჟია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე.
ზურაბ ანჩაბაძე დაიბადა 1921 წლის 22 აპრილს ქალაქ გაგრაში, აფხაზი ექიმის ოჯახში. მოდიოდა ძველი თავადური გვარისგან აჩბა-ანჩაბაძე. ბებია და დედა იყვნენ სამეგრელოს სათავადოდან. ოჯახში საუბრობდნენ, როგორც აფხაზურ, ასევე ქართულ ენებზე.
1938 წელს დაამთავრა სოხუმის საშუალო სკოლა. ანჩაბაძეს უზრუნველი ბავშვობა, მალევე შეიცვალა რეპრესიების სერიით. 1937 წელს დააპატიმრეს მისი მშობლები. ჩვიდმეტი წლის ზურაბის ხსნა პატიმრობისგან, ნათესავებმა ძლივს შეძლეს. ძნელი იყო მისი ცხოვრება აფხაზეთში, რადგან მას „სამშობლოს მტრის“ შვილად თვლიდნენ, ამიტომაც ზურაბი და მისი და საცხოვრებლად თბილისში, დეიდასთან გადავიდნენ.
1941 წელს დაამთავრა სოხუმის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. ამ უნივერსიტეტში იგი დაახლოებით ათი წელი მოღვაწეობდა, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით.
იგი აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა, უკვე მესამე კურსზე დაიწყო სტატიების გამოქვეყნება სოხუმის გაზეთ „აფხაზეთის პროფკავშირელი“. 1946 წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ში უმცროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ 1958 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა კავკასიის მთიელ ხალხთა ისტორიის კათედრას. 1948 წელს თბილისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე „საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია“, 1960 წელს კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ქალაქ მოსკოვში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1963 წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება.
ზურაბ ანჩაბაძე ინტერესდებოდა სხვადასხვა ისტორიული პერიოდებით და ახდენდა ცალკეული საკითხების გამოყოფას და შესწავლას. მისმა დისერტაციებმა თემებზე „აფხაზეთი და სამეგრელო მეჩვიდმეტე საუკუნეში“ (თბილისი, 1948) და „შუასაუკუნეების აფხაზეთიდან“ ოპონენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა და დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში.
1957-1958 სასწავლო წლებში, სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის, ძიძარიას ინიციატივით, ზურაბ ანჩაბაძე წარუძღვა ისტორიის კურსის სწავლების პროცესს.
1980 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. იყო საბჭოთა ეროვნებების უზენაესი საბჭოს მეცხრე მოწვევის დეპუტატი (1974-1979 წლებში) და წარმოადგენდა სოხუმის საქალაქო № 185 ოლქს. იყო ერთა საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის წევრი.
1973 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1979 წელს მისი ინიციატივის საფუძველზე ინსტიტუტი გადაიქცა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად, რომელშიც რექტორის ადგილს იკავებდა 1984 წლამდე, მან შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრები და თავადვე ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა ოცი საკანდიდატო და ექვსი სადოქტორო დისერტაცია. მისი სტუდენტი იყო აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე.
ზურაბ ანჩაბაძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებით გამოდიოდა მოსკოვის, თბილისის, ყაბარდო-ბალყარეთისა და აფხაზეთის უნივერსიტეტებში. 2010 წელს, დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ზურაბ ანჩაბაძეს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაზე განიხილეს ისტორიკოსის ნაშრომების აქტუალურობა და მათი მნიშვნელობა კავკასიისა და აფხაზეთის ისტორიის გაცნობა-ათვისებაში. მათ ისაუბრეს, უნივერსიტეტის გახსნის პირველ დღეებზე და ზურაბ ანჩაბაძეს მოღვაწეობის ადრეულ წლებზე.
ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წლის იანვარს.
- ბებია — მარია ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე (1870-1958) ქართველი პატრიოტი, აფხაზეთის ნაწილის მოძრაობა „განათლების გავრცელება ქართველ ქალებში“ ხელმძღვანელი.
- ბაბუა — ტარას ან ტამაშ ანჩაბაძე (1859-1935) აფხაზეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანიზაციის წევრი, იღებდა აქტიურ მონაწილეობას აფხაზეთის ე. წ. კონსტიტუციის შექმნაში, რომელსაც უნდა დაერეგულირებინა საქართველოსთან ურთიერთობა. 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტარასის ოთხი შვილი იბრძოდა საქართველოს მხარეს, უფროსი ვაჟი მდინარე გუმისთაზე დაიღუპა.
- მამა — ვიანორი (დ. 1888 წლის 30 ნოემბერს ქალაქ სოხუმში) ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აფხაზეთის შავი ზღვისპირეთის კურორტული ზონის განვითარება, წლების განმავლობაში იყო ეროვნული კომისარი ჯანდაცვის სფეროში. 1937 წელს დააპატიმრეს და 1938 წლის იანვარში დახვრიტეს.
- დედა — ვერა ანდრეის ასული შენგელია, ეროვნებით ქართველი, ასევე დააპატიმრეს 1937 წელს. შვიდი წელი გაატარა ქალთა ცნობილ ბანაკში „ალჟირში“ (Акмолинский лагерь жен изменников Родины), შემდეგ კი „კარლაგში“. ბანაკიდან ვერა 1944 წელს დაბრუნდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად სავალალო მდგომარეობაში იყო. 1954 წელს გარდაიცვალა იგი 58 წლის ასაკში.
- და — ირინა ვიანორის ასული.
- მეუღლე — თინათინ ხახიშვილი, ეროვნებით ქართველი.
- შვილი — გიორგი (გია ) ზურაბის ძე ანჩაბაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.