მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია (დ. 5 ოქტომბერი, 1920, ჯვარი — გ. 26 დეკემბერი, 1993, მოსკოვი) — საბჭოთა კავშირის გმირი (8 მაისი, 1946), საბჭოთა არმიის ქართველი სერჟანტი, რომელმაც ოფიციალური ცნობებით გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის 30 აპრილს, 21.50 საათზე.
დაიბადა გლეხის ოჯახში იმჟამად სოფელ ჯვარში, სამეგრელო, და კოლმეურნეობაში 1940 წლამდე, როდესაც საბჭოთა არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა 756-ე მსროლელთა ბატალიონში, მე-3 არმიის 150-ე მსროლელთა დივიზია, პირველ ბელორუსულ ფრონტზე. მან სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად აღმართა საბჭოთა წითელი დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე ბერლინისთვის ბრძოლისას, 1945 წლის 30 აპრილს.
1946 წელს დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა. აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა (1993 წლის სექტემბერს). ქანთარია ოჯახითურთ მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა.
1940 წელს მელიტონ ქანთარია გაიწვიეს არმიის რიგებში, მას მალე მოუსწრო ომმა. პირველად კავკასიაში შეერკინა მტერს. მონაწილეობას იღებდა სმოლენსკის ოლქის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. აქ მელიტონ ქანთარია მძიმედ იქნა დაჭრილი. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი ისევ ფრონტზეა. მან სახელოვანი გზა გავნლო პოლონეთის ტერიტორიაზე, მონაწილეობდა მდინარეების ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს გადალახვაში, დუბლინის, ლატვიის და ბელორუსიის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში. ომის დროს იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 776-ე მსროლელი პოლკის მამაცი მზვერავი მელიტონ ქანთარია სამჯერ იქნა მძიმედ დაჭრილი .
ომის შემდეგ მელიტონ ქანთარია მუშაობდა სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ მეშახტედ ტყვარჩელში. იყო საქართველოს სსრ მე-2 - მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის 2 ორდენით, წითელი დროშის, მარქსის (გდრ) ორდენითა და მედლებით.
მელიტონ ქანთარია 1993 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა ქ. მოსკოვში. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის ირაკლი მენაღარიშვილის თავმჯდომარეობით შეიქმნა მისი დამკრძალავი კომისია. მელიტონ ქანთარია დაკრძალული იქნა ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ეზოში, გამარჯვებული ჯარისკაცის ძეგლის გვერდით, 1994 წლის 5 იანვარს,.