სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ახმეტა (ბადრი) ხუციშვილი სახალხო გმირი დაბ. სოფ. შინდისი გორი ქართლი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ხუციშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

323       ბეჭდვა

ახმეტა (ბადრი) ხუციშვილი სახალხო გმირი დაბ. სოფ. შინდისი გორი ქართლი

ახმეტა (ბადრი) ხუციშვილმა 2008 წლის ომში, საკუთარი ოჯახის რისკის ფასად შეიფარა და გადაარჩინა უამრავი დაჭრილი, გადაარჩინა მებრძოლთა გვამები, მონაწილეობა მიიღო მათ გადმოსვენებაში


მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ყუმბარებით დაცხრილულ შენობებს შორის, ერთმანეთის გვერდით მარმარილოსგან ნაკვეთი საფლავის ქვებია გამწკრივებული. 17-მა ჯარისკაცმა 2008 წლის 11 აგვისტოს, სიცოცხლე აქ, უწყვეტი ცეცხლის ქვეშ დაასრულა.

ახმეტა ხუციშვილი შინდისის მკვიდრია. სინამდვილეში ბადრი ჰქვია. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მამამისის აზერბაიჯანელი მეგობარი ახმედი გარდაიცვალა. მამამ მეგობრის საპატივსაცემოდ შვილს სახელი შეუცვალა. მას შემდეგ ყველა ასე ეძახის.

ახმეტა აგვისტოს ომს საკუთარ სოფელში შეხვდა. გაქცევაზე არც უფიქრია, რადგან „ენერგოპროჯორჯიას" მორიგე ოპერატორია და რამდენიმე სოფლის ელექტროხაზები აბარია. "სადმე დენი რომ ითიშება, მე ვარ პასუხისმგებელი. მარტოკაცი ვმუშაობ. ისედაც არ წავიდოდი აქედან, ან სად უნდა წავსულიყავი?" - გვეუბნება ახმეტა.


ახმეტა ჩვენთან საუბარში შეტაკების დღეს იხსენებს. ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა შინდისში რომ დაბრუნდა - ვარიანში ელექტროხაზების შესაკეთებლად იყო წასული. ცოტა ხნის შემდეგ სოფელში ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შემოვიდა, გორისკენ მიდიოდნენ. სოფლელებმა ქართულ არმიად მიიჩნიეს და მიუახლოვდნენ, გამოლაპარაკება სცადეს, შეცდომას მაშინღა მიხვდნენ, როდესაც ჯარისკაცებმა ავტომატები მიუშვირეს, თუმცა არავისთვის უსვრიათ, "სამოქალაქო პირებზე გართულება არ ჰქონიათ, სიარულს აგრძელებდნენ. ჩემი სამსახურის უფროსებს დავურეკე. კიდევ ჩემს მეზობელ სამხედროს. ვისაც შემეძლო, ხმა მივაწვდინე, რომ რუსები მოდიოდნენ. ამის შემდეგ ერთი საათიც არ გასულა, რომ სროლა ატყდა. ვინც კი ხალხი იყო, დაახლოებით ოცდახუთ კაცამდე,  სოფლელები, ჩემთან სარდაფში ჩავიყვანე"- ამბობს ახმეტა.

ახმეტა იხსენებს, რომ ჯერ ავტომატებიდან ისროდნენ, მერე უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღის ხმაც ჩაერთო, მალე აფეთქებების ხმაც გაისმა და "ტანკების მუხლუხოების ღრჭიალმა სულ გადააყრუა იქაურობა" შეტაკება ახმეტას სახლიდან 50-იოდე ნაბიჯის დაშორებით მიმდინარეობდა.

ახმეტას მონაყოლის მიხედვით, რუსული კოლონა ქართულ შენაერთს შეეჩეხა, რომლების ასევე გორისკენ მიდიოდნენ.


შეჯახების ადგილს გარშემო რამდენიმე შენობა აკრავს. რკინიგზის ორსართულიანი სადგურის წინ გაუქმებული სასადილოა, მის გვერდით საპირფარეშო, მოპირდაპირე მხარეს საწყობია, არჯვნივ კი ძველი საცხობი. ამ შენობებს რკინიგზის ლიანდაგები მიუყვება, რომლის ტყვიებით დახვრეტილი რელსები მძიმე ბრძოლის უტყუარი მოწმეა. "ზოგი იქით გაიცა, ზოგი აქეთ, - ხელით გვიჩვენებს ახმეტა - სხვადასხვა შენობებს მოეფარნენ. მაგრამ მოიმწყვდიეს. უკან დასახევი გზა ლიანდაგების მხარეს ჰქონდათ, მაგრამ არ დაუხევიათ".

სროლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. ცეცხლი რომ შეწყდა, ახმეტა სამ თანასოფლელთან ერთად სახლიდან გამოვიდა, თუმცა "ბეტეერები" დაინახეს და უკან გაბრუნდნენ. ისღა მოახერხეს, რომ გზის პირას მწოლიარე დაჭრილი ჯარისკაცი ტრისტან ჩიტიძე შენობას მოაფარეს. ახმეტა და მისი მეზობელი  შალვა კვინიკვაძე ღამით დაბრუნდნენ და დაჭრილების გაყვანა დაიწყეს. ახმეტას თქმით, ეს ძალიან სახიფათო იყო, რადგან, მათ რუსი ჯარისკაცების ალყაში შესვლა და გამოსვლა უწევდათ.

"უნდა ითქვას, რომ ეს ბიჭები მე კი არა, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, ალექსანდრე ონიანმა გადაარჩინა - გვეუბნება ახმეტა - როდესაც რუსები საკონტროლო სროლისთვის მიუახლოვდნენ, მან თავი აიფეთქა, ამიტომ რუსები დანარჩენ დაჭრილებს აღარ ეკარებოდნენ"

ახმეტას და მისი თანასოფლელებს დაჭრილები სათითაოდ გამოჰყავდათ, "ღამ-ღამობით გაგვყავდა, ბავშვობიდან აქ ვარ გაზრდილი, ყველა კუთხე ვიცი, სად უნდა შევძვრე, სად დავიმალო. დაჭრილებს „ადიელაში" ვახვევდით, და აქვე არხში გავდიოდით, რომ რუსებს არ დავენახეთ. გარშემო იდგნენ ჯავშანტრანსპორტიორებით".

ჩიტიძის მერე ცანავა და კალმახელიძე გაიყვანეს, მერე მურმანიძე, ბოლოს კი მალაზონია. ჩიტიძე მძიმედ იყო, ამიტომ ორიოდე კილომეტრით მოშორებულ საავადმყოფოში წაიყვანეს, "სამსახურის მანქანით გავედით, ღამით, ფარები გამორთული მქონდა, საავადმყოფო ცარიელი იყო, შალვა კვინიკაძე წითელ ჯვარს დაუკავშირდა, ვუთხარით, რომ კაცი გვყავდა დაჭრილი და სისხლად იცლებოდა, იმას ვაკეთებდით რასაც ექიმები გვკარნახობდნენ, გვერდზე მიტოვებული აფთიაქი იყო, გავაღეთ და მედიკამენტები გამოვიტანეთ. ვენაში ნემსი ვერ გავუკეთეთ, გვეშინოდა, რომ ჰაერი არ შეგვპარვიდა ან რამე არ დაგვეშავებინა. ბოლოს სოფელში ვიკითხეთ და ერთი კაცი აღმოვაჩინეთ, ლერი თვალიაშვილი, რომელსაც ეს შეეძლო. ნემსს ის უკეთებდა. მეორე დღიდან მთელ სოფელში ვინც იყო დარჩენილი, 30 კაცამდე, ყველა ამათ პატრონობდა."

ახმეტამ დაჭრილები საკუთარი სახლის სარდაფში ჩაიყვანა. "ბიჭებს ოჯახებთან ვარეკინებდი, ჰოდა, ერთ-ერთის მშობელს ძალიან შეეშინდა, როცა შვილმა უთხრა, რომ ახმეტას ვყავართ სარდაფშიო. იფიქრა, ტყვედ აიყვანესო, ძლივს დავამშვიდეთ" - იცინის ახმეტა.

"ერთ-ერთი ჯარისკაცი, გიგა მურმანიძე წარამარა შეყვარებულს ურეკავდა, საავადმყოფოში როცა გადაიყვანეს, გორის ჰოსპიტალში.  ის გოგო მივიდა მასთან და დარჩა და დარჩა, ფაქტიურად საავადმყოფოში გაყვა ცოლად. დუშელი გოგო იყო. შვილი მომანათვლინეს."

ახმეტა წუხს, რომ მიცვალებულების დამარხვა ვერ შეძლო, "აქაურობა ცხედრებით იყო მოფენილი, უფრო სწორად ცხედრების ნაწილებით, ერთი მოხუცი ქალი მივუგზავნეთ რუსებს, მაგრამ ნება არ დაგვრთეს. აღარ გავრისკეთ, იმათ მაინც არაფერი ეშველებოდათ. ისევ დაჭრილებს მივხედეთ..."

მიცვალებულების უმეტესობა  17 აგვისტომდე არ წაუსვენებიათ, 14-ში შინდისში პატრიარქი ჩავიდა და სამი ცხედარი წაასვენეს. "მაშინ გამოსვლა ვერ გავბედე, რუსებისა მეშინოდა, იმიტომ რომ სახლში დაჭრილებს ვმალავდი."

რუსები შინდისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ გასულან, სოფლელებმა მათთან ნელ-ნელა ურთიერთობა გააბეს. "გასვლის წინ ტელეფონის ნომრებიც კი დაგვიტოვეს, რომ თუ ვინმე მარადიორობას დაიწყებს, დაგვირეკეთ და მაშინვე აქ გავჩნდებითო, ნორმალური ბიჭები იყვნენ, ომი არც იმათ უნდოდათ". ახმეტა იმასაც იხსენებს, თუ როგორ იტირა რუსმა სამხედრო ექიმმა დაფლეთილი ცხედრების დანახვაზე.

ახმეტას თითქმის ყველა იმ ჯარისკაცთან, ვისი სიცოცხლეც იხსნა, ნათესაობა აკავშირებს. ზოგს შვილი მოუნათლა, ზოგს მეჯვარედ გაყვა, "ისეთი დროა, რომ ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ მისვლა-მოსვლა გვაქვს".

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებმა საფლავის ქვები მოიტანეს და სიმბოლური მემორიალი მოაწყვეს. ქვების უკან, ყუმბარებს გადარჩენილ კედელზე მეომრების ნივთები, იარაღის თუ ტანსაცმლის ნარჩენებია დალაგებული. ახლომახლო მცხოვრები სოფლელებისთვის ეს წმინდა ადგილია, შინდისელებს სურთ, რომ ამ ადგილზე ეკლესია ააგონ. "ასეც იყო ჩაფიქრებული, პირველ არხზე რეკლამებიც კი გადიოდა, მაგრამ არ ვიცი რატომ და, გადაიფიქრეს" - წუხს ახმეტა. ის ფიქრობს, რომ ამით ქვეყანა გარდაცვლილ ჯარისკაცებს პატივს მიაგებს.

ახმეტას თქმით, ომის შემდეგ მისი და მთელი სოფლის ცხოვრება "უკან-უკან წავიდა" ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ. "მე კიდევ რა მიჭირს, 260 ლარი მაქვს ხელფასი, სხვებს ესეც არ გააჩნიათ." ამ ხელფასიდან 120 ლარს ყოველთვიურად ბანკის პროცენტებში იხდის. 3500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, კომბოსტოს მოსაყვანად.  17 ტონა გადაყარა, დაულპა, რადგან ვერ გაყიდა, იმის მიუხედავად, რომ კილოს 4 თეთრად აფასებს. ამის გარდა ვენახს უვლის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს "მკვდარი უნდა იყო, რომ არ იმუშაო, ჩვენც ვმუშაობთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის". რამდენიმე წლის წინ ბანკის ვალების დასაფარად მანქანა და ძროხა გაყიდა. ახლაც 4000 ლარის სესხის გამოტანას ცდილობს, რათა 3500 გადაფაროს. "რომ არ გადავიხადო, მერე აღარ მომცემენ, ნდობა უნდა გქონდეს.."

მას მეუღლე და ახლად დაქორწინებული  შვილი ჰყავს. ახმეტას ცოლს, ხატიას, თირკმელების აწუხებს და მუდმივი მკურნალობა სჭირდება. 18 წლის შვილი და რძალი არ მუშაობენ, "მაგათგან მხოლოდ შვილიშვილი მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ზარმაცობენ" - იცინის ახმეტა. "ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ გამაქვს თავი, სარწყავ წყალსაც ვყიდულობთ. იმ დღეს 45 ლარი გადავიხადე. ვიღაცამ იყიდა და დააგუბა, თუ გადაიხდი - გამოუშვებს, ადრე კი წყალი ჩვეულებრივ მოდიოდა, უფასოდ".

ახმეტა გაუმასპინძლებლად არ გვიშვებს: "თბილისიდან ჩამოხვედით, დაიღლებოდით, მოგშივდებოდათ". ორსართულიან, უბრალო, მაგრამ კარგად მოვლილ სახლში შევყავართ, მეუღლეს და რძალს გვაცნობს. "ესენი კითხვებს დაგისვამენ და იცოდე, კომბოსტოზე არ ილაპარაკო, კომბოსტოს გაგონებაც აღარ მინდა" - ხუმრობით ეუბნება ცოლს.

"ცხოვრება ჭირს, გლეხზე არავინ ფიქრობს, მშვიდობა მაინც იყოს, რომ იქნებ რაღაცნაირად გავიტანოთ თავი. მობარებულ სოფლებში ელექტროენერგია უნდა ვაკონტროლო, თუ სადმე ფიდერი გამოირთო - ჩავრთო. შინდისი, ვარიანი, საქაშეთი, მეურნეობა, არაშენდა, ნიქოზი, ხექცეული, მარტო ჩამოთვლით დავიღალე. ესენი ყველა მე მაბარია. დღე და რამე ჩემთვის არ არსებობს და შაბათ-კვირა, შემცვლელიც არავინ მყავს. ერთი კაცია, ჩვენი სოფლელი, შვებულების დროს მცვლის ხოლმე. სულ ეგაა. ექვის დღე რაღაც ნებაყოფლობით რეზერვში ვიყავი, იქ დავისვენე".

ახმეტას უმაღლესი განათლება არ მიუღია, მაგრამ თამამად მსჯელობს ომსა და მშვიდობაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სამყაროსა და ადამიანზე, მისი არამწიგნობრული, თავისთავადი ცოდნა საკუთარი ცხოვრების გამოცდილებას ეფუძნება, საუბარს ხალისიანი და გულუბრყვილო იუმორი გასდევს.

ახმეტა დაღუპულ ჯარისკაცებსაც მისტირის და სადგურის წინ მდგარ ბებერ ჭადარზეც ნაღვლობს, რომელსაც ყუმბარა მოხვდა და "თითქოს მოსხიპესო, ისე დაენარცხა ძირს." გვიყვება, რომ დაბომბვის დროს, "როცა მიწა ზანზარს იწყებდა, ძროხები მოცელილებივით ეცემოდნენ, მერე ბევრი გაშრა, აღარ იწველებოდა" ახმეტას ეღიმება, როცა იხსენებს, როგორ დარდობდა სადგურის მორიგე ბეჟანა, კომუტატორი გაუტეხიათო, "ქვეყანა თავზე გვექცეოდა და ის კიდევ, კომუტატორზე ჩიოდა" სადგურის შენობა აღარ აღუდგენიათ, "არადა, მშვენივრად იყო გამართული..."

გორის დეპუტატმა, ზვიად სიბაშვილმა ახმეტა სამოქალაქო გმირობისთვის ღირსების ორდენზე წარადგინა მაგრამ, არ მიუღია. ახმეტა ამას დიდად არ დარდობს.  აღდგომის დღეებში და 8-11 აგვისტოს, შეტაკების ადგილზე გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახები მოდიან - "დიდძალი ხალხი იყრის თავს," მიდიან ახმეტასთან და ბრძოლის ამბებს კიდევ ერთხელ აყოლებენ, მადლობასაც უკვე მერამდენედ ეუბნებიან. ახმეტას მეტი არაფერი უნდა.

წყარო http://liberali.ge/articles/view/2222/akhmeta-khutsishvilis-omi

— ბატონო ბადრი, შინდისის ამბავთან დაკავშირებით თქვენი ჩაწერა გვინდა.

— კარგი, კაცო, განა რამდენი უნდა ვილაპარაკო, ან რა არის მანდ სალაპარაკო.

... ორი საათი ვისაუბრეთ. შიგადაშიგ აზუსტებდა, რომ ის ბიჭები არც თავად და არც თავის მეგობარს არ გადაურჩენია. ონიანმა გადაარჩინა, რომელმაც თავი აიფეთქა და ამით რუსებს მიახლოების საშუალება აღარ მისცაო.

ახმეტას ეძახიან. მამამისს არაბი მეგობარი ჰყავდა, ახმეტა რქმევია. ის მეგობარი ერთხელ სტუმრად ჩასულა და ბადრისთვის ყოველდღე ყუთით შოკოლადები მიჰქონდა. იმ შოკოლადებს უბნის ბავშვებს უნაწილებდა. მერე, როცა მეგობარი წასულა, ბავშვები მაინც აკითხავდნენ და კითხულობდნენ — "ახმეტა არ მოვიდა?" — ასე დაერქვა ახმეტა და დღემდე ყველა ამ სახელით იცნობს. ჩვენი ტაქსის მძღოლსაც თავისი მისამართი ასე მიასწავლა — ახმეტა, ენერგო პრო ჯორჯიაში რომ მუშაობსო.

30 წელია ამ საქმეს ემსახურება. იმ დღესაც სამსახურის საქმეზე გაუშვეს. 2008 წლის 11 აგვისტო იყო, დილით რუსებმა ვარიანი დაბომბეს და 5-6 სოფელს შუქი გამოერთო. უფროსმა სთხოვა, წასულიყო და ჩაერთო. შინდისიდან ვარიანამდე 12 კილომეტრი ფეხით გაიარა. მანქანა არ იყო, "ან რომელი გიჟი წავიდოდა იქ შუქის ჩასართავად". მისულა, დენის მიწოდება აღუდგენია და უკანა გზაზე მომავალი ნაცნობს შეუჩერებია, არ წახვიდე, რუსები შემოსული არიან, სახიფათოა სიარულიო. ვერ წარმოედგინა, საქმე ვისთვის უნდა დაეტოვებინა, თანაც ისეთ დროს, ამიტომ უკანა გზას ისევ ფეხით გამოჰყოლია. იხსენებს, რომ ყველაზე უცნაური სრული სიჩუმე და დენთის სუნი იყო. ძაღლის ყეფაც აღარ ისმოდა. მერე რამდენიმე მეზობელს ერთად სადილობა გადაუწყვეტიათ და ერთ-ერთის სარდაფში ჩასულან. სწორედ ამ სამზადისში გაუგიათ სამხედრო დანადგარების გრუხუნის ხმა. სარდაფიც შეზანზარებულა და ყველა გარეთ გამოსულა. ახმეტა გზაზე გასულა და ტანკზე მჯდომი სამხედროებისთვის ხელით უნიშნებია, რა ხდებაო. ამ დროს ერთ-ერთს იარაღი გადმოუღია და დაუმიზნებია. არ დაიჯერა. მათი სოფლიდან რამდენიმე ნაცნობი იყო ჯარში წასული, იფიქრა, ისინი არიან, ალბათ, მეხუმრებიანო. ისევ ჰკითხა, თან მიუახლოვდა და — "რუსები შემოსულიყვნენ. რას ვიფიქრებდი".

რუსების შემოსვლას ვერ იფიქრებდა. ცხინვალის მისადგომებთან მანამდეც არაერთხელ ყოფილა აფეთქება და კონფლიქტი, მაგრამ სოფლებში შესული ოკუპანტი არ ახსოვს. გამოეცალა და თავის უფროსს შეატყობინა, რუსები შემოსულანო. მოგვიანებით, ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა ახალდაბიდან დაურეკა, გადავამოწმებ რუსების შემოსვლასო.

— რა უნდა გადაამოწმო, თუ ახალდაბის გორაზე ხარ, გამოიხედე, ხელისგულივითა ჩანს, რკინიგზის სადგურის გვერდით მოდიან, — უპასუხია ახმეტას და მალევე მეორე ზარიც გაისმა.

ამჯერად ნაცნობი ურეკავდა და სთხოვდა, ყველასთვის ხმა მიეწვდინა, რომ სარდაფებში დამალულიყვნენ. 25 კაცამდე თავისთან ჩაუყვანია. მერე გრუხუნი და ტანკების მოძრაობა გაჩერდა. გამოსვლას აპირებდა, უნდა ენახა, რა სიტუაცია იყო და სწორედ მაშინ გაუგია გასროლის ხმა. ხმა, რომელმაც 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა და შინდისის სახელი ტრაგედიასთან დააკავშირა.
"თურმე, ჩვენები მოდიოდნენ ყექცეულიდან და იმათ ჩაუსაფრდნენ. კიდე კაი, სულ ყველა მანქანა ამ გზით არ წამოვიდა. ეტყობა ბრძანება ჰქონდათ, რომ დისლოკაციის ადგილებს დაბრუნებოდნენ. ყექცეულიდან პირდაპირ რომ გადასულიყვნენ ქარელში, ტრასაზე დადგებოდნენ და მორჩა, არაფერი მოუვიდოდათ. ვინც პირდაპირ გადავიდა, გადარჩა. ვინც აქეთ წამოვიდა, 11 მანქანა, პირდაპირ შეეჩეხა რუსის ტანკებს. ჩვენები იყვნენ ჰაი ლუქსებით და სამი კიდე ურალის ტიპის მანქანა იყო. ხელყუმბარები და ავტომატები ჰქონდათ. ისინი იყვნენ ტანკებით... რკინას რომ "რაგატკა" ესროლო, იმ დონის შეტაკება მოხდა".

სროლა ერთი საათის განმავლობაში ისმოდა. ყველაფერი რომ ჩაწყნარებულა, თავის სარდაფში დამალული ხალხი მდინარეზე გადაუყვანია და უსაფრთხო ადგილას დაუმალავს. მერე მეგობართან ერთად ცხელ წერტილში დაბრუნებულა, უნდა ენახა, რა ხდებოდა. იქ გაზრდილები არიან, ყველა კუნჭული იციან და იმედი ჰქონდათ, შეუმჩნევლად იმოძრავებდნენ. გამოუვიდათ კიდეც. პირველი გადარჩენილი ჯარისკაცი ჩიტიძე იყო. შეტაკების ადგილას დაჭრილი იწვა. ახმეტას და თავის მეგობარს იქვე, საწყობში დაუმალავთ. შუადღე იყო, წამოყვანას ვერ გარისკავდნენ, დაღამებას უნდა დალოდებოდნენ. შებინდებულზე საწყობში დაბრუნებულან, გადასაფარებელში გაუხვევიათ და მეზობლის "აძინაცატით" სოფლის საავადმყოფოში მალვით გადაუყვანიათ.
"ფარებიც ჩავაქრე და "ტორმუზსაც" არ ვაჭერდი, იმიტომ, რომ რადარები ყველაფერს აფიქსირებს და შეუმჩნევლად უნდა გვევლო".

საავადმყოფოში არავინ იყო, ამიტომ პირველადი დახმარების აღმოჩენა თავად მოუწიათ. აფთიაქი გაუტეხავს და წამლები აუღია. მეგობარი წითელ ჯვარს დაკავშირებია და იქედან ტელეფონით რასაც კარნახობდნენ, ესენიც ისე მკურნალობდნენ.

"ფეხში იყო გადამტვრეული, ორივე ძვალი ამოშვერილი ჰქონდა. სანამ გათენდებოდა, იმასთან ვიყავით".

მოგვიანებით დახმარება იქაური ექიმის დედისთვის უთხოვიათ და დაჭრილ ჩიტიძესთან ის ქალი დაუტოვებიათ. მეორე დილით ისევ შეტაკების ადგილას წასულან დაჭრილების მოსაძებნად. რუსებს იმავე ღამით გაუკეთებიათ ბლოკპოსტები და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ორი მანქანა ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით შემოვლაზე დადიოდა, ამოწმებდნენ, გადარჩენილები ხომ არ იყვნენ. ბრძოლის ველი ალყაში მოიქციეს და დაჭრილებს, სიარულიც რომ შესძლებოდათ, თავის გადარჩენის შანსი, თითქმის, არ ჰქონდათ.

ღამით, ჩიტიძე რომ გადაუყვანიათ, წყალზე გადახტომისას ახმეტას ფეხი ხრახნზე გაუჭრია. მხოლოდ მეორე დღეს მიმხვდარა, როცა კალმახელიძე ხელით დიდ რუში გაჰყავდათ.

"წყალში დამეწვა. თან ეს დაჭრილი მიჭირავს, თან ცალი ხელით შარვალს ვიწევ და ვხედავ, გადახსნილი მაქვს ფეხი".

12 აგვისტოს, დილით უპოვიათ კალმახელიძე. დაჭრილს მაღაზიის შუშა ჩაუმტვრევია და გადამძვრალა. ცოტა მოშორებით იყო ცანავა, რომელიც ლობიოში დამალულა. ცანავასთვის წყალი მიუწოდებიათ და მოგვიანებით დაბრუნებას დაპირებიან.

"ჯერ კალმახელიძე გადავიყვანეთ. კალმახელიძე იყო "ზდაროვი" ბიჭი. "ადიელაში" გავახვიეთ და გადმოვიყვანეთ, დიდ რუში გავტოპეთ და ჩემი სამსახურის "უაზზე" დავაწვინეთ. იმ "უაზსაც" ჩავუმტვრიე ფარები, რომ არ გაენათებინა. გამოვტრიალდით, რომ მეორე დაჭრილი, ცანავა წამოგვეყვანა. ეს ცანავა და კალმახელიძე მეგობრობდნენ, თურმე. კალმახელიძეს "შტეფცელა" ერქვა მეტსახელად. მე მესვენა ხელებზე, კისერი მეჭირა. ამოიყვანეს ცანავა, მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ეს ცანავა ლაპარაკობდა, ბოდავდა, ვერა სუნთქავდა — "ჩემი ძმაკაცი, შტეფცელა, შტეფცელა, შტეფცელა..." გაიგო კალმახელიძემ და — "მე ვარ, ბიჭო, აქ ვარო". ეს ორი ერთ-ერთ მეზობელთან დავაბინავეთ. იმ ჟუჟუნას, ექიმის დედის დამსახურებაა, რომ განგრენა არ დაემართათ ამ ბიჭებსა, სახლებში დადიოდა და უვლიდა. მერე მანანა ექიმიც მოვიდა".
13-ში, დილით, როცა ბეტეერმა ჩაიარა, ახმეტას ლიანდაგთან მისულა და ჩუმად ძახილი დაუწყია — "ბიჭებო, თუ ვინმე ხართ, არ გაინძრეთ, ისე გამაგებინეთ, რომ გაგიყვანოთ". დაჭრილი მურვანიძე მუხლისჩოქით გამოსულა და ახმეტასთვის აკანკალებული ხელით იარაღი დაუმიზნებია. შოკში იყო. ახმეტაც მუხლისჩოქით მისულა, იარაღი გამოურთმევია და გადაუგდია. დაჭრილისთვის ფორმა გაუხდია, თავის მეგობარს, შალვა კვინიკაძეს, რომელიც დაჭრილების მოსაძებნად თან დაყვებოდა, მაისური უთხოვებია, ის ჩაუცმევიათ და სახლში წამოუყვანიათ.

ბოლო მალაზონია იყო. თვითონ დაურეკავს უფროსთან და უთქვამს, რომ გადარჩა. იმ უფროსს ახმეტას თანასოფლელთან დაურეკავს და მალაზონიას ამბავი მოუკითხავს. მალაზონიას ისინიც ეძებდნენ, ოღონდ ლიანდაგს იქით — "აქეთ ვინ გადმოვიდოდა, აქეთ მხოლოდ სულელები დავდიოდით".

შეტაკებიდან მეორე დღეს უკვე სისხლის სუნი დადგა, გვამებმა ხრწნა დაიწყეს... რუსებმა ბლოკპოსტები მოხსნეს.

"კონცერტი რომ გვქონდა თბილისში, ომი რომ მოვიგეით, აქ ეყარნენ მაშინ ეს ბიჭები და ვერავის გაყავდა".

ბლოკპოსტების მოხსნის მერე შემოვლის დროც გაზარდეს და 5 წუთში ერთხელ დადიოდნენ. სწორედ იმ 5 წუთში მოასწრეს მალაზონიას პოვნა და სამშვიდობოს გაყვანა.

"დავინახე, რაღაც პრიალებს, მელოტი იყო. მივედი, იმასაც ავტომატი მომარჯვებული, მაგრამ არ მიშვერდა. ვეკითხები, მირზა, შენა ხარ-მეთქი? შენ საიდან იცი ჩემი სახელიო და ამ დროს გამოიარა კიდეცა ბეტეერმა. ჩავწექი ეგრევე. რომ გაიარა ბეტეერმა, ავიკიდეთ ორმა მალაზონია და ერთი წინ გავუშვით, რომ ნიშანი მოეცა, თუ ისევ გამოივლიდნენ. ფეხებშიც დაჭრილი იყო და ხელშიც. დაჭრილს ერთი ხელით უხოხია და ბუჩქებში დამალულა. ორი დღე მშიერ-მწყურვალი იყო. წყალი ითხოვა. მეზობელს ვთხოვე, ჩამომიტანა და ნახევარი ზედ შევასხი, ერთი ყლუპი დავალევინე. არ შეიძლება მაგ დროს წყალი. ვუთხარი, ახლა აქედან გავიდეთ და მერე წყალიც იქნება და ყველაფერიც-მეთქი".

დაჭრილი მალაზონია ორმა კაცმა მხრებით გაიყვანა. ეზოში, სანამ სამოსს ხდიდნენ და ჭრილობაზე თავისით გაკეთებულ სახვევებს უჭრიდნენ, ზემოდან ვერტმფრენმა გადაუფრინა. სამხედრო ფორმის გამოცვლა და მალაზონიასთვის თავიანთი სამოსის ჩაცმევა მოუსწრიათ, თორემ "სამხედრო რომ დაენახათ, ყველას ჩაგვჟუჟავდნენ".

დაჭრილები მეზობლებთან გაუნაწილებიათ. "ვისაც გული ჰქონდა" და ვისაც დახმარების სურვილი გამოუთქვამს, 4 დღის განმავლობაში უვლიდნენ.
კიდევ ერთ ამბავს იხსენებს — ერთ-ერთი ჯარისკაცის, ირაკლი ჯანელიძის მშობელს დაურეკავს და თავისი შვილი მოუკითხავს, ეგონა, ისიც ახმეტასთან იყო. მაშინ მურვანიძე ახალგადაყვანილი ჰყავდათ და ახმეტას თანასოფლელისთვის უკითხავს, ირაკლი ხომ არ ერქვა იმ დაჭრილს. თანასოფლელს დაუდასტურებია და ახმეტასაც მშობლისთვის უთქვამს, მგონი, ჩვენთან არისო.

შინდისში დაღუპული გმირები 16 აგვისტოს გადაასვენეს. მათ შორის აღმოჩნდა ჯანელიძე. მოგვიანებით ახმეტას შვილმკვდარი მამის მუქარის მესიჯი მისვლია. ცოტა კიდევ მოგვიანებით ერთმანეთს შეხვედრიან და მამას ბოდიში მოუხდია.

— ნეტა, ცოცხალი გადარჩენილიყო და ორმაგი გეთქვა თუნდაც...

არ მეთანხმება, რომ გმირია. მიმეორებს — "მე არა, ონიანმა გადაარჩინა ყველა. თავი აიფეთქა და რუსები ახლოს აღარ მიუშვა. დანარჩენ დაჭრილებს საშუალება მისცა დამალულიყვნენ. ეგ რომ არა, შეტაკების მერე გადაუვლიდნენ და ყველა გადარჩენილს ჩაცხრილავდნენ".

იხსენებს, რომ იმ სისხლის სუნი დიდი ხნის განმავლობაში ცხვირში ჰქონდა და ეგონა, თავად ასდიოდა, ყოველდღე საგულდაგულოდ იბანდა. სანამ დაჭრილები მალვით გაჰყავდა, სისხლის გუბეების გავლა და დაღუპულებს შორის სიარული უწევდა. მიღებული ძლიერი განცდების შედეგად, მოგვიანებით, კბილები დასცვივდა.

"კბილების ანთება დამემართა, სულ დამცვივდა. შიშით. სისხლის სუნით".

მაშინ 40 წლის იყო. დაჭრილები 30 წლამდე იქნებოდნენ. იხსენებს, რომ საფრთხეს კარგად ვერ იაზრებდა, მაგრამ თურმე, დაძაბული იყო.

"ესენი (დაჭრილები) წაიყვანეს თუ არა, აღარ მეშინოდა აღარაფრისა".

სიცოცხლის ფასად გაწეული რისკის სანაცვლოდ ძალოვანი სტრუქტურებისგან ქების სიგელი და ორი ბოთლი ღვინო მიიღო, 2012 წელს კი ჯილდო სამოქალაქო თავდადებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილისგან. კიდევ ერთი ჯილდო 2014 წელს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადასცა.

ოთხი წლის წინ მეუღლე მძიმე დაავადებით გარდაეცვალა.

"ხანდახან არცა მჯერა, რომ აღარ არის".

დახმარება არავისთვის უთხოვია.

ჩუმი გმირია.

წყარო  https://on.ge/story/61036-%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.06.2021
ბოლო რედაქტირება 11.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0