მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
შოთა ალექსანდრეს ძე ცეცაძე დაიბადა 1964 წლის 20 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარაში.
1971-1981 წლებში სწავლობდა ბაბუშარის საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში , რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის აეროპორტში.
აფხაზეთში დაიწყებული საომარი მოქმედებების დროს შოთა მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.1992 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ცეცაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში,მსროლელის თანამდებობაზე. იგი, თანამებრძოლებთან ერთად, ვაჟკაცურად იგერიებდა მტრის შემოტევებს ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე-სოფელ ქვემო ეშერასთან.
აფხაზეთის დაცემის შემდეგ მან სამსახური განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის შსს სპეცდანიშნულების ასეულში. 1997 წლის ივლისში შოთა ცეცაძე გმირულად დაიღუპა გულრიფშის რაიონში, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას.