დავით ბესარიონის ძე გუჯეჯიანი დაიბადა 1960 წლის 5 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლებაში. დაამთავრა სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლა, შემდეგ კი ტექნიკური სასწავლებელი.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, დავით გუჯეჯიანი 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში მე-2 ასეულის მსროლელად. მონაწილეობდა ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. დავით გუჯეჯიანმა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში თავი გამოჩინა, როგორც უშიშარმა მებრძოლმა.1993 წლის 21 სექტემბერს, მდინარე გუმისთის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისთა მიერ განხორციელებული შემოტევის დროს, დავით გუჯეჯიანი ჭურვის აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.