კახაბერ ჯოჯუა დაიბადა 1960 წლის 23 სექტემბერს.
1977 წელს დაამთავრა თბილისის 130-ე საშუალო სკოლა, სავალდებულო სა-
მხედრო სამსახური მოიხადა. ავღანეთის ქარცეცხლიანი დღეებიც გამოიარა. მუშაობდა დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში.
1984-86 წლებში სწავლობდა მ. თოიძის სახელობის მე-11 სამხატვრო-საშუალო პროფტექნიკურ სასწავლებელში და მიიღო ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორის კვალიფიკაცია. სპეციალობით მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანებაში.
1992 წლის 9 დეკემბერს, თავის „ავღანელ“ თანამებრძოლებთან ერთად, საკუთარი მიწის დასაცავად წავიდა აფხაზეთში. კახას თავი ნამდვილად არ შეურცხვენია, სხვის ომში გამოვლილი ჭაბუკი ვაჟკაცურად ეომებოდა მტერს. მას ბედმა უმუხთლა 1993 წლის 18 იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში გმირული სიკვდილით დაეცა ბრძოლის ველზე. დასაფლავებულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.
კახაბერ ჯოჯუა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
აფხაზეთში ბრძოლის დროს კახა გაიცნო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსმა გივი მიზანდარმა. ბატონი გივი თვითმხილველი გახდა კახას ვაჟკაცობის – მისი საბრძოლო ქმედებისა და გმირული დაღუპვისა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კახას დედას ბატონმა გივიმ თავისი დახატული სურათი გადასცა, რომელსაც „დედის ცრემლი“ უწოდა. ნახატს „ ავღანელი“ ბიჭების ავტოგრაფებიც აქვს კახას სურათის ქვევით დასმული. იქვეა მიზანდარის მინაწერიც: „ნახატს ვუძღვნი სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდის, ნამდვილი მამულიშვილის კახა ჯოჯუას ხსოვნას. კახა ჯოჯუა გავიცანი 1993 წლის 15 იანვარს აფხაზეთში, ნამდვილი გმირული ბრძოლის დროს, სადაც კახა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამ დღეს კახა ჯოჯუამ სამშობლოს შესწირა ყველაზე ძვირფასი თავისი ახალგაზრდა სიცოცხლე“.