სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ვახტანგ ბერია დ. 1949წ. ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ვახტანგ ბერია დ. 1949წ. ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ბერია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ვახტანგ ბერია დ. 1949წ. ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი


ავტორი ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი


ორიგინალი ფოტო

 ვახტანგ ბერია დაიბადა ქ.სოხუმში, 1949 წლის მაისში.  1955-66წლებში სწავლობდა ს.ორჯონიკიძის სახ.მე-5 საშ. სკოლაში. სკოლის შემდგომ მუშაობდა სსმი-ის მშენებლობაზე, სოხუმხელსაწყოში.1968-70წლებში მსახურობდა სსრკ სასაზღვრო ჯარებში ირანის საზღვარზე, შემდგომ ამურის ოლქში ჩინეთის საზღვარზე, სადაც მიიღო საკმაო გამოცდილება, რაც შემდგომ გამოადგა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებისას. ჯარიდან დაბრუნებული მუშაობდა სოხუმხელსაწყოში, თამბაქოს ფაბრიკაში,კოოპერატივ”ტოლი”- ს მთავარ მექანიკოსად. ცხოვრობდა ოქტომბრის ქუჩაზე # 61.19:

ვახტანგ ბერია აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებისთანავე ჩაირიცხა შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონში, რომლის მეთაური იყო პოლკოვნიკი თენგო რაფავა. პირველი საბრძოლო ნათლობა ვახტანგს ჰქონდა ამავე ბატალიონის მე-9-ე ასეულის შემადგენლობაში ყოფნის დროს, 92-ის სექტემბერში, ასმეთაურ ვახო ცხაკაიასთან ერთად...


იმ დღეს შეტევით ოპერაციას ხელმძღვანელობდა პირადად გია ყარყარაშვილი. ათამდე სატრანსპორტო ჯავშანმანქანით სწრაფად გადალახეს მდინარე გუმისთა, სომხების გარაჟებისა და გოგიას საამქროსთან (ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია). საცეცხლე მხარდაჭერას უწევდათ იაშტუხის მთაზე განლაგებული არტილერისტები და რამდენიმე ტანკი. გუმისთაზე გადასვლის შემდეგ ქართველი მეომრები მარაოსებურად გაიშალნენ, თუმცა აფხაზური მხარის ბოევიკები დამიზნებით ვერ ესროდნენ, ვინაიდან ეკალ-ბარდები უშლიდათ ხელს. მე-9-ე ასეულის რამდენიმე კაცი აფხაზური მხარის მებრძოლების მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე გადავიდა დაზვერვის მიზნით.


ვახტანგ ბერიას თქმით, ტყის პირას მდგარ აფხაზების სახლს მიუახლოვდნენ... რატომღაც სახლი უკაცრიელი მოეჩვენათ. მხოლოდ სახლის წინ მდგარ ფიჭვის ხეზე, მოუსვენრად ატრიალებდა თავს ვეებერთელა ძერა. ეტყობა სამხრეთისაკენ აპირებდა გაფრენას. უცებ სახლიდან მწვანე თუ ლურჯი ლენტით შუბლწაკრული, სამხედრო ფორმიანი კაცი გამოვიდა, ჭიშკართან შეჩერდა, შიშნეულად მიმოიხედა და ეზოში გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მეორე, კბილებამდე შეიარაღებული კაცი გამოვიდა, იმანაც ქურდულად მიმოიხედა აქეთ-იქით და ტყეს მისცა თავი. შემდეგ მესამე... მეოთხე... მეხუთე... ბოლოს ახმახი წვერებიანი კაცი გამოვიდა, ტყვიამფრქვევი თოხივით ჰქონდა მხარზე გადებული, წინ და უკან იყურებოდა წარამარა. ვახტანგმა თვალი ძლივს შეასწრო, ახმახი გოლიათი მოზრდილ ეკალბარდებიან ბუჩქში როგორ შეძვრა და გაუჩინარდა.

- მე მგონი, ყველა წავიდა... - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვახტანგ ბერიამ.

- მეც ასე ვფიქრობ. - დაეთანხმა მეთაური.

- შევიდეთ? - ჰკითხა ვახტანგმა.

- მიდით! - ხელის მოძრაობით ანიშნა ოცმეთაურმა.

მე-9-ე ასეულის რამდენიმე კაცი აფხაზების სახლში უხმაუროდ შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ კავშირი შეუწყდათ, ვინაიდან რადიოგადამცემის ბატარეები მოულოდნელად დაჯდა.

სახლის უკანა მხარეს უამრავი ტყვიამფრქვევის ვაზნა, რპგ-7-ის ინერტული ჭურვები და საუკეთესო კონიაკი”მეტაქსები”- ის ცარიელი ბოთლები ეყარა.

- ეტყობა ნაძარცვი საქონლი ბლომად ჰქონიათ სახლში... - თქვა ვახო ბერიამ და ოცმეთაურს გახედა.

- ერთი მაგათი დედაც!.. - კბილებში გამოსცრა ოცმეთაურმა.

ვახოს თქმით, რა კი კავშირი არ ჰქონდათ, საღამოს მათთან ამოვიდა მაიორი სლავა უბირია და ბრძანება გადასცა, ბილიკით უკან სასწრაფოდ დაბრუნების...

ქართველი მეომრებისთვის გაუგებარი იყო, რას ემსახურებოდა ეს გადასვლა, თუ სტრატეგიულ მაღლობს ბრძოლის გარეშე ისევ დატოვებდნენ. ცხონებული ბიჭიკო პაპავა აფხაზებს ეძახდაო, ძმებო გამოდით ტყიდან, კარგ აფხაზებს არაფერს ვერჩითო! მასთან იყვნენ თემურ ლუკავა (აწ გარდაცვლილი) და გია ბარამია. შემდგომ მთელი საომარი მოქმედებების დროს ამ ადგილებიდან იბომბებოდა ქართველთა პოზიციები... 

ამის შემდეგ დაიწყო ქალაქში ბატალიონების ჩამოყალიბება. შეიქმნა 23-ე ბრიგადა... ვახტანგი ჩაირიცხა მე-3 ბატალიონში, დაზვერვის ოცეულში ათმეთაურად, შემდეგ გადაიყვანეს მე-3 ასეულში ოცმეთაურად.

პოზიციები ეკავა ზუსტად იქ, საიდანაც მოხდა პირველი გადასვლა გუმისთაზე. მერე გადაიყვანეს მე-3 ასმეთაურის მოადგილედ, თუმცა ასმეთაურ კილაურიძეს საზღვაო ქვეითთა ბატალიონში გადასვლის მერე ვახო ასრულებდა მეთაურის მოვალეობას. მისი თქმით, 1993 წლის 4-5 იანვარს, მათი პოზიციიდან მარჯვნივ იყო აჯიკის საამქრო პირველი ბატალიონის პოზიციების მახლობლად. შუალედი იყო დაუცველი. შეღამებისას შენიშნა აფხაზური მხარის ექვსი ბოევიკი, რომლებიც მოიწევდნენ ქართველთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიისკენ. ხმაურის ჩასახშობად იქეთა მხარეს უკრავდნენ ხმამაღლა რუსულ გარმონს. ვახო ბერია თოვლის ხრაშუნს ბიჭებთან ერთად მიჰყვა, პარალელურად მასთან იყვნენ ტოლიკა ბერია, ნოდარი ბერიძე და სამწუხაროდ მესამის გვარს ვერ იხსენებს. გრეჩკოს გზასთან მიახლებისას ვახომ ხელყუმბარა ესროლა და ერთი გაურკვეველი წარმოშობის ბოევიკი იქვე გაანადგურა. დანარჩენებმა ისარგებლეს სრული სიბნელით და მიიმალნენ, თუმცა ისინი პირველი ბატალიონის ბიჭებმა საღორეში აღმოაჩინეს და აიყვანეს...

 15-16 მარტის შემდეგ, ვახო ბერიას თქმით, ისინი წაიყვანეს სოფელ ცუგუროვკაში ტყიანი ტერიტორიების გასაწმენდად მტრის ბოევიკებისაგან...

სასაფლაოს ზევითა მხრიდან ბილიკი ჩაუდიოდა მდინარისკენ. იქ მას გაჰყვა სამი ჩამბელი უიარაღო ბიჭი, იმ იმედით, რომ, ჩვენც ვიშოვით იარაღს და გვერდით დაგიდგებითო, უთხრეს მათ გამოცდილ მებრძოლს და გიუტად გაჰყვნენ...

 სოფელი ცუგუროვკა დღისითაც შავად გამოიყურებოდა. ირგვლივ ყველაფერს ომის იერი დაჰკრავდა. ტყის თავზე ჩამოწოლილ მოღუშული ღრუბლის ფთილებს დაეფარათ ცუგუროვკის მთელი ცა. იქიდან ტყვია წამლის საშინელი სუნი მოჰქონდა ქარს. ბიჭები თითქმის წაკუზულები, ფრთხილად გადადიოდნენ ადგილიდან ადგილზე, სოფლამდე მისასვლელ ბილიკებზე, ეკალბარდებიან ტყეში მეომრებს უჭირდათ სიარული. გამოშვერილი ტოტები სახეს უკაწრავდათ, ცუგუროვკის ტყეში მობინადრე აშარი ქარი თმებს უწეწავდათ.

წინ ვახტანგ ბერია მიდიოდა, მხარზე გადაკიდებული ავტომატის უხეში რემენი ნეკნებს ტკენდა და უხალისოდ იშმუშნებოდა. უკან მას მოჰყვებოდა სამი ჩამბელი ბიჭი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იარაღის გარეშე იყვნენ, მაინც არ შორდებოდნენ მებრძოლ ბიჭს.

უცებ ერთმა ჩამბელმა ბიჭმა მეორეს გადუჩურჩულა, მარცხნივ ეკალბარდიან ბუჩქს გახედე, წიფლის ხესთან. ბუჩქის ძირში თითქოს შეიარაღებული ადამიანი ზისო.

- ჰო, მეც უკვე დიდი ხანია ვუცქერი, ჩუმად უთხრა მეორე ბიჭმა. - არ ინძრევა, გეგონება ხის კუნძია.

ვახტანგმა ბიჭების საეჭვო ჩურჩულზე უკან მოიხედა, შემდეგ მათ გაშტერებულ მზერას გააყოლა თვალი ხის ჯირკომდე, რომელიც ავტომატიან კაცს წააგავდა.

ვიდრე საეჭვო ბუჩქამდე მიაღწევდნენ, ჩამბელი უიარაღო ბიჭები სულ იქეთ იყურებოდნენ, მაგრამ მტრის ბოევიკად მიჩნეული ჯირკო არც ერთხელ არ განძრეულა, იფიქრეს ხის ძველი გადანაჭერი ან კუნძი იქნებაო და ცოტა დამშვიდნენ.

შემდეგ შიშის თუ სიფრთხილის გამო, ვახტანგმა უიარაღო ბიჭებს ხელით ანიშნა ბუჩქნარში დამალულიყვნენ, თვითონ კი უხმოდ განაგღძო გზა.

სწორედ ამ დროს ავტომატ მომარჯვებული რუსი ტყისფერ ფორმიანი ბოევიკი გამოჩნდა. ის ნელა მოდიოდა და ეტყობოდა უკან კიდევ მოყვებოდნენ სხვებიც, მაგრამ მან ვერ მოასწრო იარაღის ხმარება, რადგან ვახტანგ ბერიამ ამის საშუალება არ მისცა, ავტომატის კონდახი ელვისუსწრაფესად თხლიშა ცხვირპირში და უსულოდ დააგდო ძირს. მისი სადესანტო ავტომატი იქვე, ფერდობზე დაგორდა... უიარაღო ბიჭებიდან, მიუხედავად ვახოს გაფრთხილებისა, ერთ-ერთი მაინც გადახტა მის ასაღებად და უკან მომავალმა რუსმა მედესანტემ ის დაცხრილა. ვახტანგმა მათ ხელყუმბარა ესროლა, აფეთქების ხმამ იქაურობა შეაზანზარა. მტერმა უკან დაიხია. მათ მხარეს რადიოგადამცემის ხმა ისმოდა, აშკარად დაზვერვა იყო, მაგრამ აქ ქართველებს არ ელოდნენ. ვახომ ზურგჩანთა ნახა 300 ვაზნით, რომელთაც თავი გადაქლიბული ჰქონდათ, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მოუმზადებელი ახალბედა აფხაზი მებრძოლი კი არა, გამოცდილი მკვლელი, რუსი მაშკა ღორი იყო...

ამის შემდეგ ვახტანგ ბერიას თანამებრძოლების თქმით, შრომას შემოესია რუს-კაზაკთა, აფხაზ-სომეხთა, ჩეჩენ-ოს-ყაბარდოელთა, რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ დაქირავებული ბანდფორმირობები...

ვახო ბერია და მისი თანამებრძოლები სროლა-სროლით იხევენ უკან, ბოლოს აღმოჩნდნენ ჩაის მიმღებ პუნქტთან, საიდანაც მოწინააღმდეგე ცოფიანი ძაღლივით მიიწევდა ლინდავისკენ და ოდიშისკენ. ვახომ დაინახა ქართველი მებრძოლი ერმალო ლომთაძე, (ვერ იხსენებს, მგონი ჩოლოყაშვილის ბიჭებიდან იყოო.) რომელიც წელგამართული იდგა ტყვიამფრქვევით ხელში და ჩაის ბუჩქებში მიმალულ მტერს ცხრილავდა.

- თუ რამე გაქვს მომეცი!.. ჩქარაა!.. - ლომივით იღრიალა ჩოლოყაშვილის რაზმელმა და ახლად მოსულ ქართველ ოფიცერს მიაშტერდა. ვახტანგმა ერთი 150 ვაზნიანი ლენტა მიაწოდა. სანამ ერმალო გადატენიდა ვახო ბერიამ მიაყარა ავტომატის ჯერი გადამთიელებს. შემდეგ ერმალო ლომთაძე ისევ ფეხზე მდგომი ცხრილავდა მგლის ხროვას. მის ირგვლივ ტყვიები ზუზუნებდა, მაგრამ უშიშარი ლომგულა ბიჭი ურყევად იდგა თავის ადგილას...

ვახტანგ ბერიას თქმით, ბოლოს ის აღმოჩნდა კოდორის ხიდისკენ მიმავალ გზაზე. მას უნდა დაეთვალიერებინა მაღალძაბვიანი გადამცემი ხაზი, ხომ არ იყო დაზიანებული სადმე. იქვე მე-5 ბატალიონში გადასული ნაცნობი ბიჭები შეხვდნენ, სლავიკ ჯიქია, გენო ნოდია და სხვები... რომლებმაც გააფრთხილეს მეგობარი მოულოდნელობის შესახებ, ვინაიდან სიტუაციები ყოველ წუთს იცვლებოდა ქართველთა კონტროლირებად თერიტორიებზე. ვახომ გზა გააგრძელა და ერთ მონაკვეთთან ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკის ტყვეობაში აღმოჩნდა.

- ვინ ხარ!?..- იღრიალა ჩეჩენმა ბოევიკმა და გაცეცხლებული თვალები მიაშტერა ქართველ ტყვეს.

ვახტანგმა პასუხი არ გასცა. აფხაზი მებრძოლისკენ უხმოდ შებრუნდა და თავისი დიდრონი თვალები ყოფილ მეგობარს სახეში შეანათა.

ჩეჩენიც აფხაზ მებრძოლს მიუბრუნდა.

- ოფიცერია, არ ხედავ!?.. - და შუახნის ჩეჩენმა, რომელსაც ხაკისფერი სამხედრო ფორმა, კალოშის მაგვარი ფეხსაცმელი ეცვა, რუსული ბოხოხის ქუდი ეხურა, ავტომატი ქართველ ოფიცერს მიუშვირა. - უნდ დავხვრიტოთ!..

- შეჩერდი!.. - და ავტომატზე ხელი აუკრა. აფხაზი მებრძოლი ვახოს ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. - ეს კაცი ჩემი კარგი ნაცნობია... - უყვირა მან ჩეჩენს.

- კი, მაგრამ!..- ესღა აღმოხდა ნირწამხდარ გადამთიელს.

- არავითარი, მაგრამ!.. მე ჩემს ძმას ველაპარაკები და ხელს ნუ მიშლი!..- და კიდევ რამდენიმე ხანს გაცხოველებით არწმუნებდა ბოხოხიან ჩეჩენ ბოევიკს, რომ ის ქართველ ტყვე ოფიცერს არ დახვრეტდა...

- განა მე არ ვარ შენი ძმა!?.. - გაბრაზებით თქვა ჩეჩენმა.

- შენ ჩამოსული ძმა ხარ, ეს კი ჩემი აქაური ძმაა..! - უთხრა აფხაზმა. მასაც ჩეჩენივით წვერ ულვაში ჰქონდა, მაგრამ ლამაზად შეკრეჭილი და პირიც კოხტად გაპარსული.

მცირე პაუზის მერე, აფხაზი სწრაფად მიუბრუნდა ვახოს და უთხრა:

- დღეიდან, სადაც კი შემხვდები არ დამინდო!.. არც მე დაგინდობ, იცოდე!.. მტკიცედ თქვა მან. - ახლა შენ იქით წადი, მე აქეთ... - და ასე დაშორდნენ ერთმანეთს.

 ჭუბერიდან გადმოსვლის შემდეგ, ოჯახი ქუთაისში დააბინავა და ისევ სვანეთში დაბრუნდა... იყო საზღვაო ქვეითთა ბიჭებთან ქვაბჩარაში. 1994-96 წლებში მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში დაცვის უფროსად, შემდეგ სახანძრო დაცვის უფროსად. 1996 - 2004 წლებში მსახურობდა ტყიბულში განლაგებულ შ/ჯ სასწავლო ნაწილ 2070-ში. 2004 წლიდან ჯამრთელობის გაუარესების გამო იმყოფება 22-ლარიან სამხედრო პენსიაზე. ამჟამად ცხოვრობს ქუთაისში დევნილთა დიდ ჩასახლებაში, ოცხელის-2 (ყოფილი კლინიკური საავადმყოფო).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.01.2022
ბოლო რედაქტირება 29.01.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0