სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან,  წიგნი ახმეტელი გმირები. ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან,  წიგნი ახმეტელი გმირები.
ბმულის კოპირება

წიგნები

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

ახმეტიდან სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი მებრძოლების სრული სია 1990 წლის შემდგომ.


ახმეტელი გმირები


იდეის ავტორი: ომარ მარუქაშვილი 1944-2021წწ დაბადებულია სოფელი შახვეტილა, ახმეტა, მწერალი, პოეტი, უამრავი გამომცემლობის ავტორი.

წიგნზე იმუშავეს:  გიორგი მამუჩარაშვილი, ბელა ბიტარიშვილი, დიანა ვაჩეიშვილი, ფატიმა თურქიაშვილი.


 გიორგი მამუჩარაშვილი


ბელა ბიტარიშვილი,


 დიანა ვაჩეიშვილი,

ფატიმა თურქიაშვილი.


აკაკი ბობოქაიძე 1976-93წწ დაკარგ. 17 წლის, აფხაზეთი, ეროვნული გვარდიის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკი. დაბ. სოფ.მაღრაანი ახმეტა კახეთი


აკაკი ბობოხიძე 1969-93წწ. დაკარგ. 24 წლის, აფხაზეთი დაბ. ახმეტა, კახეთი


ბექა უშარაული 1971-93წწ გარდ. 22 წლის, ტამიში, აფხაზეთი დაბ. ახმეტა კახეთი

ბესიკ მამიაური 1988-2008წწ. გარდ. 20 წლის სამაჩაბლოში, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი: დაბ. ახმეტა, კახეთი

გიორგი ანწუხელიძე 1984-08წწ. გარდ. 24 წლის, სამაჩბლოში დაბ. სოფ ქვემო ალვანი ახმეტა კახეთი

გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე. აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი

გივი გამიაშვილი 1955-92წწ გარდ. 37 წლის. გაგრა, აფხაზეთი. საქართველოს მხედრიონი 101-ე ბატალიონი. დაბ. ახმეტა, კახეთი, ცხოვრობდა თელავში

კახა აბულიძე 1973-93წწ გარდ. ბაბუშერა, აფხაზეთი, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. დაბ. სოფ. ქვემო ალვანი ახმეტა

ლევან ჩაგოშვილი 1965-93წწ გარდ. 28 წლის, კოდორი, აფხაზთი დაბ. სოფ ზემო ალვანი ახმეტა

ნოდარ არუთინოვი 1955-93წწ გარდ. 38 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. დაბ. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი ცხოვრ. თელავი

ომარი ქორთოშიძე 1966-93წწ აფხაზეთი მფრინავი სოფ. დიკლო ომალო თუშეთი

თამაზი ურბუხაშვილი, ურბეხაშვილი? გარ. 1992წ. აფხაზეთი, საქართველოს მხედრიონი დაჯილოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, დაბ. ახმეტა კახეთი

გელა უძილაური 1968-93წწ დაკარგ. 25 წლის, ოჩამჩირე, აფხაზეთი. დაბ. სოფ.შახვეტილა ახმეტა კახეთი

ზაზა მოზაიძე 1966-93წწ. გარდ. 27 წლის, სოფ. შრომა, სოხუმი, აფხაზეთი, საშტურმო-სადესანტო მოიერიშე ბატალიონი დაბ. თბილისი წარმ. სოფ. ალვანი, ახმეტა

ზურაბიშვილი მიხეილ 1973-94წწ გარდ. 21 წლის, სოფ. ახალდაბა (ოჩამჩირე) აფხაზეთში მიღებული ჭრილობებით, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების ასეულის ოფიცერი. დაბ. სოფ.მატანი ახმეტა კახეთი

შესავალი


საქართველოს ისტორია სავსეა ომებითა და ქარტეხილებით. საუკუნეების მანძილზე ქართველი კაცი ხმალშემართული იბრძოდა სამშობლოსთვის, თავისი ქვეყნის თითოეული მტკაველის, მიწა-გოჯის დასაცავად, მაგრამ ძნელად ვინმე თუ წარმოიდგენდა დღევანდელ დღეს,  XXI  საუკუნეში თუ ვინმე შეგვეცილებოდა ჩვენს მიწა-წყალს. აფხაზეთის და ცხინვალის ომები მოურჩენელ იარად იქცა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ომებისა, რომლებმაც ბევრი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრნიც. მათ თავიანთი სიცოცხლე დედასაქართველოს სამსხვერპლოზე მიიტანეს და ზვარაკად შეეწირნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. ამით მათ უკვდავების ძეგლი დაიდგეს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა წიგნად, ლექსად, სიმღერად.

ამ წიგნში მოთხრობილი ამბები, სინამდვილეს შეეფერება. ყველა მებრძოლი, ჩვენი თანაქალაქელი იყო. ომმა გამოსცადა თითოეული მათგანი და გმირებად აქცია ისინი.

ეს წიგნი მათ ეკუთვნის, მათ უკვდავყოფას. სურვილი გვაქვს ჩვენმა თანამემამულეებმა, მომავალმა თაობებმა ყველაფერი იცოდნენ იმ მებრძოლი სულის ჯარისკაცებზე, რომლებიც გმირულად დაეცნენ აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში.

შეჰყურებ მემორიალურ დაფას, რომელიც ახლა მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინიციატივით ჩვენი ქალაქის ცენტრში, (რომელსაც სიმბოლურად ,,თავისუფლების მოედანი’’ დაერქვა), დაიდგა და გული სიამაყის გრძნობით გევსება. 


უნებლიედ გახსენდება პოეტის სიტყვები: 

                                   ,,თქვენსა სახელთა მოთხრობით

                                    მოხუცს ცრემლ მოედინება,

                                   მხნეობით აღტაცებული

                                  ჭაბუკი ხმალსა მისწვდება’’


წინასიტყვაობა

,,შენ მარად იცოცხლებ, არასოდეს არ მოკვდები”

(გაბრიელ მარსელი)

კაცობრიობამ ოცდამეერთე საუკუნემდე 16 ათასი ომი გადაიტანა, აქედან 5 ათასი თურმე საქართველოზე მოდის...

  ამ ციფრების სიღრმისეულად გაცნობიერებამ, არა მგონია გულგრილი დატოვოს საღად მოაზროვნე ადამიანი.

  ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, კაცობრიობის მიერ გადატანილი ომებიდან მესამედი, უმძიმესი ტრაგედიაა... ამგვარ განსაცდელს კი ისტორიულად, დიდმა ქვეყნებმაც ვერ გაუძლეს და  მათი სახსენებელი სამარადისოდ წაიშალა მსოფლიო რუკიდან.

საქართველომ გაუძლო... გაუძლო გაუსაძლისს... ათასწლეულებად  აკინძულმა ბობოქარმა საუკუნეებმა უმძიმესი გამოცდა მოუწყო ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას და, რომ ეს მორალური, ზნეობრივი, სულიერი და ფიზიკური გამოცდა ფრიადზეა ჩაბარებული, ამისი უტყუარი დასტური დღევანდელი თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაა, დღევანდლამდე რომ მოიტანა უტეხი სული, რკინის ნებისყოფა, დედასამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, გამორჩეული, პირველქმნილი თვითმყოფადობა, ზნე-ჩვეულებები, ადათ-წესები, მდიდარი ტრადიციები, შეზავებული კაცთმოყვარეობასთან და მშვიდობისმოყვარეობასთან, სიკეთისა და მადლის თესვასთან, ამტანობასთან და გამტანობასთან, სამშობლობასთვის თავგანწირვის დღენიადაგ მზადყოფნასთან.

  და მოდიოდა ქართველი ერი იმ პირველი ევროპელების სახით, რომელთაც დასაბამი მისცეს დედამიწაზე ადამის მოდგმის გამრავლებას. მოდიოდნენ ცალ ხელში გუთნით, ცალ ხელში მახვილით, ასე მოიკაფავდნენ გზას დღევანდელობამდე და ყოველ ხანაში, ყოველ ეპოქაში ტოვებდნენ თავის სახელს, თავის ღირსეულ კვალს, როგორც წილდადებულნი ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის მშენებლობაში; ანუ იყვნენ პირველნი-პირველთაგანნი ყველა დარგში, ყველა სფეროში...

არა მარტო მემკვიდრეობით, გუნებითაც გადადიოდა ქართველ ადამიანში სამშობლოს სიყვარული, მოვალეობა, მშობლიური მიწა-წყლისადმი ერთგულებისა, მისთვის უყოყმანოდ თავგანწირვისა.

აი, ამ ტრადიციებზე იზრდებოდნენ ის ბიჭებიც, რომელნიც მამულის წინაშე ვალდებულებამ და  ბედისწერამ ჩვენი დროის გმირებად აქცია.

დღეს,  21-ე საუკუნეში, როცა თითქოსდა წარსულს ჩაბარდა ველურ ურდოთა შემოსევები, მომხვდურთა და მოძალადეთა თავისუფალი თარეში, სხვისი მიწა-წყლის მიტაცების წადილი და  მცდელობა, როცა ცივილიზებულმა კაცობრიობამ უარი უთხრა ყველანაირ ომებს და პლანეტა დედამიწაზე მშვიდობიანი თანაცხოვრების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ისევ და ისევ ქართველებს გვარგუნა ბედმა (თუ ბედის ირონიამ) კვლავ აბჯარი აგვესხა მამულის დასაცავად.

ასე იყო ოციოდე წლის წინათ... ასე იყო შარშანწინაც...

   ,,ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა

    და ან ცაზე ვარსკვლავები?

   ვინ შეამკოს ღირსეულად

   ქართველ გმირთა მხარ-მკლავები?

   ვინ მოგვითხროს მათი სახე-

   საარაკო, საგმირონი?

   და ან მათზე გადმოსული

   მადლი ღვთისა და მირონი?“ 

  ბრძანა ამ ერთი საუკუნის წინათ დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა...

შეუძლებელიც კია უფრო სრულყოფილად და უფრო ხატოვნად გამოხატო ადამიანური მადლიერება ერისა და ქვეყნისათვის წამებულთა წინაშე.

ახმეტელი გმირები ომისა!.. გმირები ომში იბადებიან, თუმცა ომი, იმავდროულად ობლებსაც ბადებს, ბრძოლის ველზე დაცემული ვაჟკაცების შვილების სახით.

ომი, გმირებს და ობლებს რომ ბადებს, ორჯერ დაგვატყდა თავს ათასწლეულების შესაყარ-გასაყარზე...

ახმეტელი გმირები ეს ის ბიჭები არიან, რომელთა გვარ-სახელებიც ოქროს ასოებითაა ამოტვიფრული ჩვენი მშობლიური ქალაქის ცენტრში, შარშან აღმართულ მემორალურ დაფებზე, აი ისინიც:

  გიორგი ჯაფარიძე - ექიმი, რომელმა ბოლომდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს  და სახელოვან წინაპართა გმირულ ტრადიციებს, ბრძოლის ველიდან დაჭრილი მებრძოლის   გამოყვანისას იმსხვერპლა მტრის ტყვიამ...

ბექა უშარაული – ოფიცერი, ოციოდე წლის ჭაბუკი, ბავშვობიდანვე რომ ოცნებობდა დედასამშობლოს სამსახურში ჩამდგარიყო, როგორც სამხედრო პირი... აკი, ამიტომდარჩა სამარადდჟამო ჯაროცკაცად თავისი ქვეყნისა.

ნოდარ არუთინოვი – ტანკისტი, იმ ძნელბედობის ჟამს მოხალისედ  ჩაირიცხა ეროვნულ გვარდიაში და საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ მიიტანა დედა-საშობლოს სამსხვერპლოზე.

გიორგი გამიაშვილი – მოხალისედ ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და პირნათალდ მოიხადა თავისი მხედრული ვალი.

მიხეილ ზურაბაშვილი – ოფიცერი, ლევან ჩაგოშვილი - მფრინავი, ომარ ქორთოშიძე - მფრინავი - დედასამშობლოს სიყვარულში ჩაფერფლილი წმინდა სანთლები. ეს ის  ვაჟკაცები არიან, რომელთაც აფხაზეთის ომში საქართველოს ტრეიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი.

ბესიკ მამიაური და გიორგი ანწუხელიძე– სამაჩაბლოს ომად მონათლულმა რუსეთ-საქართველოს ომმა იმსხვერპლა. ქვემო ალვნელი ვაჟკაცი გიორგი ანწუხელიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თვითმხილველთა მონათხრობის საფუძველზე ცნობილი გახდა თუში ვაჟკაცის გმირობისა და მამაცობის ფაქტები. ამის თაობაზე არაერთი სტატია დაიბეჭდა ქართულ პერიოდულ პრესაში – ,,არ დაიდარდო დედაო“!.. ,,ის ერთი ალვნელი, ალვასავით მაღალი თუში ბიჭი იყო, დღეს ის გმირია!“ და სხვა.

აი ასე იქცნენ ჩვენი დროის გმირებად ეს ჭაბუკები, რომელთა გვარ-სახელებიც უკვდავ ძეგლებად წამოიმართნენ ჩვენი ქალაქის ცენტრში.

მშობლიური ქალაქის ამ მონაკვეთში ყოველ მათგანს, ვინ იცის რამდენჯერ გაუვლია, მაგრამ აბა, როგორ წარმოიდგენდნენ, რომ სულ მალე, ამ ადგილზე  მათი ხსოვნის უკვდავყოფის ძეგლები აღიმართებოდა(?!)

ამიერიდან ისინი, ამ ადგილის მუდმივი ბინადარნი გახდნენ. მარმარილოს ცივი ქვა და ბეტონის ფილაქანი გახდა მათი სპეტაკი სულების კვარცხლბეკი, ერთგვარი სამარადჟამო განსასვენებელი და თავსასვთუმალი.

მარადისობაში გარდასახულმა ვაჟკაცებმა წარუშლელი კვალი დატოვეს მშობლიურ მიწაზე, ქვეყნის ისტორიაში შესული თავისი გვარ-სახელებით...


გიორგი  ჯაფარიძე


გიორგი უჩას ძე ჯაფარიძე დაიბადა 1964 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ახმეტაში. დაამთავრა ახმეტის II საშუალო სკილა - ოქროს მედალზე.  

სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე. 

1988 წელს დაამთავრა სასწავლებელი და განაწილებულ იქნა ადიგენის რაიონში მკურნალ ექიმად, შემდეგ გადავიდა ახალციხის ბატალიონში როგორც-სამხედრო ექიმი

1993 წლის ივლისში გარდაიცვალა ტამიშის მისადგომებთან ბრძოლაში.

გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მედლით

გიორგი ჯაფარიძეს ჰყავს მშობლები, ძმა, მეუღლე და ერთი შვილი.

 

გიორგიმ სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულმა ომმა, ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ბევრი ვაჟკაცი ჩაიხუტა მშობლიურმა მიწამ, მართლაც რომ რჩეულზე-რჩეულნი. ისინი ვაჟკაცთა თავგანწირვის, ქართული სულის სიმბოლოებად იქცნენ და დარჩნენ სამარადისოდ.

ომი რომ დაიწყო გიორგი ჯაფარიძე ახალციხის სამხედრო ექიმად მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.

მოუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და სირთულეებისა, მან მაინც შეძლო ოჩამჩირეში ჰოსპიტალის სტრუქტურულ-ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, კადრებით და მატერიალურად უზრუნველყოფა.

როდესაც მისი ბატალიონი ომში წავიდა, თვითონაც დიდი შემართებითა და სულისკვეთებით ამოუდგა მათ გვერდში და ხშირად წინა ხაზზე იმყოფებოდა მებრძოლებთან ერთად. 

გიორგი ჯაფარიძის გადრაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს:

- ტამიშის მისადგომებთან დესანტის გადმოსხმის დროს, წითელი ჯვრის მანქანა ააფეთქეს - ამ მანქანაში სხვა მებრძოლებთან ერთად გიორგიც იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მისმა დედამ, ქალბატონმა ლიანამ მოგვაწოდა.

- სხვა მასალებიდან კი ვიგებთ, რომ გიორგი ფრონტის ცხელი ხაზიდან დაჭრილი ჯარისკაცის გადმოყვანის დროს დაიღუპა.

დედა - ლიანა ფუნთუშაშვილი

ოთხი წლის იყო სკოლაში რომ შევიყვანე, ეს ჩემი კი არა მისი დაჟინებული სურვილი იყო. ბაღიდან გამორბოდა და სკოლისაკენ იწევდა. მასწავლებელმა მითხრა მოვიდეს, თუ კი პროგრამას დაძლევს იაროსო. გონებაგახსნილი ბავშვი იყო, ყველაფერს ადვილად ითვისებდა, ამავდროულად ცელქი და მოუსვენარიც.

ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით არ გამოირჩეოდა სხვებისაგან. უყვარდა ცხოველები და ფრინველები.

ერთხელ ღუმელის ქვეშ მისი თბილი ქუდი დავინახე, მინდოდა გამომეღო, აქ რატომ დადო მეთქი, ავწიე და მის ქვეშ პატარა, მოკუნტული, სიცივისგან გათოშილი ლეკვი დავინახე, თურმე ქუჩაში ეპოვნა და გასათბობად სახლში წამოეყვანა. გულჩვილი და მოსიყვარულე იყო. ექიმის პროფესიაც  ამიტომ აირჩია. ამაზე ჰუმანური პროფესია რომელიაო იტყოდა-ხოლმე. 

ჩემს შვილებს სამშობლოს სიყვარულსა და მისთვის თავგანწირვას ბავშვობიდან ვუნერგავდი. ერთხელ ,,ცოტნე დადიანს” ვუკითხავდი ვლადიმერს (ჩემს უფროს შვილს). გიორგომ სათამაშოები გვერდზე გადადო,  თამაშს თავი მიანება, ახლოს მოვიდა და ინტერესით მისმენდა, რომ დავამთავრე, მთხოვა ,,კიდე წამიკითხე ლა” - გამიკვირდა, ამ ასაკის ბავშვისთვის ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი ცოტა რთულად მოსასმენი მეჩვენა.

ახლა ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს და თითქოს პარალელს ვავლებ, გიორგიმაც ხომ თავი ამხანაგებისთვის დადო.

მან ბოლომდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს.

მამა - უჩა ჯაფარიძე

1993 წელი იყო. მაისი. ტელეფონმა დარეკა. დავიძაბე... ომში წასული შვილის პატრონი მშვიდად ვერ იქნები.

გია იყო, სოხუმიდან რეკავდა, მისი ხმის გაგონება ჩემთვის დიდი შვება იყო. მითხრა - ,,მამა დღეს ტელევიზორით გამოაცხადებენ, რომ გია ჯაფარიძე დაიღუპა”-ო და იმიტომ გირეკავ, მე არ გეგონოთო.

19 მაისს, მეუღლის დაბადების დღეზე ჩამოვიდა. თავის შვილთან ერთად სურათი გადაიღო და მეორე დღეს წავიდა. მე გავაცილე, დაფიქრებული მიდიოდა, უკან აღარ მოუხედია, წავიდა და წავიდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

მისი შვილი ალექსანდრე დღეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მე-III კურსის სტუდენტია, მამის პროფესიას აგრძელებს, ღმერთმა ქნას, მან მაინც იცხოვროს გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში.



გიორგი ჯაფარიძის მეუღლე და შვილი

კლასის ხელმძღვანელი (თინა ჩეკურიშვილი)


მე გიორგის კლასის ხელმძღვანელი გახლდით. ის ყველასგან გამორჩეული მოსწავლე იყო. ძალიან ნიჭიერი, გონიერი, მიზანდასახული ახალგაზრდა ყველაფერთან ერთად ცელქიც იყო.  მაშინ მოსწავლეები ყურძნის მოსავალის აღებაში ეხმარებოდნენ მევენახეებს. გიორგის სწავლასთან ერთად, შრომაც უყვარდა.  როცა გიორგი ჩვენთან იყო, კლასებს შორის საუკეთესონი ვიყავით.

განსაკუთრებით უყვარდა შინაური ცხოველები. რომ იტყვიან ავშიც იყო და კარგშიც. ერთი უცნაურობა კი სჭირდა, რატომღაც სურათის გადაღება არ უყვარდა.

 

გიორგი-კლასელებთან ერთად, რთველში

ფიზიკის მასწავლებელი - მალხაზ მაისურაძე


სიკეთე, ნიჭიერება, შრომის მოყვარეობა, ეს იმ დადებითი თვისებების ნაზავია, გიორგის რომ გააჩნდა. ცელქიც იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. არ მახსოვს, მას ან მასწავლებლისათვის ეწყენინებინა ან მოსწავლისათვის,

ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება:

სკოლაში ასტრონომიული წრე მქონდა ჩამოყალიბებული, გიორგიც ამ წრეში დადიოდა.

ერთხელ აბასთუმანის ობსერვატორიაში წავედით, იქ შემთხვევით ჩემი კურსელი ვნახე, რომელიც იქ მუშაობდა. გიორგი ცნობის მოყვარე იყო და ათასი შეკითხვა დაუსვა, ჩემს მეგობარს, კაცი გადაირია, რა გონება გახსნილი ბავშვია, ასეთი საინტერესო შეკითხვები როგორ დამისვაო. 

... მერე გავიგე ომში წავიდაო. თურმე შეეძლო პირველ ხაზზე არ გასულიყო, მაგრამ მაინც გასულა. ის ნამდვილი პატრიოტი იყო.

გაზეთი - საქართველო

N26(1361) 6-12 აგვისტო 1993წ


გიორგი (გია) ჯაფარიძის უახლოესი წინაპრები რაჭიდან ბოლნისში ჩასახლდნენ, თვითონ ახმეტაში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში დავაჟკაცდა და კაცად საბოლოოდ მესხეთში, კერძოდ ადიგენში ჩამოყალიბდა. ის მართლაც მთელი საქართველოს შვილი იყო და ასეთივე შევიდა მარადისობაში.

ეროვნული სულის გამოღვიძებამ გიას ადიგენში მოუსწრო. სამუდამოდ დარჩება ადიგენის მცხოვრებთა ხსოვნას ის ცეცხლი, რაც ამ დანარჩენი საქართველოსაგან, თითქმის მივიწყებულ კუთხეში გიამ დაანთო.

ჭარბი, ხანდახან გაუმართლებლად ჭარბი სისხლის ფასად, საკუთარი ჯანმთელობის, ჭრილობების, მეგობართა სიკვდილის ფასად, გია და ათასობით გიასნაირი ქვეყნის, სამშობლოს პატრონებად ყალიბდებოდნენ. ხანმოკლე მშვიდობიანობის პერიოდში სახლებში მობრუნებულნიც სამშობლოს ინტერესებით, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტ ჭირისუფალთა თვალით ზომავდნენ ყოველივეს და თავისი ღირსების შესაბამისად იქცეოდნენ.  მშვიდობა გიასათვის სხვა ახალ საქმეთა წამოწყების შესაძლებლობას ნიშნავდა. მესხეთში მისი და მისი მეგობრების უკანასკნელად წამოწყებულ საქმეს, მიუხედავად გიას გამოკლებისა, თუ ღირსეული გაგრძელება მიეცა, საქართველო აუცილებლად იგრძნობს ამ წამოწყების  მადლს.

მუდამ რაღაცა საქმით დაკავებულს ოჯახში ყოფნისას ენანებოდა ხშირად დრო. 28 წლის ბიჭმა, იმდენი რამ მოასწრო, ბევრ ხანგრძლივ ცხოვრება გავლილსაც რომ შეშურდებოდა.ჰკითხეთ გაღვიძებულ მესხეთს, მის სამფარველო სამაჩაბლოს სოფლებს, ჰკითხეთ მის დამტირებელ ოჩამჩირეს - ბევრი ექნებათ სათქმელი საქმეში ჩახედულთ.

16 მარტს, სოხუმზე მძლავრი იერიშისას, ტელევიზორს მაცქერალმა გიამ, როცა 18-19 წლის სოხუმის დამცველები დაინახა, ქვეყნისთვის საჭირო საქმეში  ჩართულ მეგობრებს უთხრა - სირცხვილია ისინი იქ იყვნენ და ჩვენნაირი გამოცდილი ხალხი კი აქო. პირველად და უკანასკნელად წავიდა ბრძოლაში როგორც ექიმი. თუმცა გია რის გია იყო რომ დაესვენა. ხშირად ადიოდა თავის, ახალციხის  ბატალიონის მებრძოლებთან წინა ხაზზე და მათთან ერთად ,,მუშაობდა” ძველებურად. ბუნებით გონება და ხელმადლიანმა, ერთ თვეში, ოჩამჩირეში მიუხედავად ბევრი გაუგებრობისა და წინააღმდეგობისა, მაინც შესძლო ჰოსპიტალის სტრუქტურულ-ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, კადრებით და მატერიალურად უზრუნველყოფა.

ღირსებით სავსეს, ერთიც ჰქონდა - ალბათ მთავარი - თავმდაბლობა. ახლოს არ იკარებდა ფოტო და ტელე ჟურნალისტებს - მე რა გადასაღები ვარ, ხალხის მეტი რა არისო. ამიტომაცაა სანთლით საძებნელი, მასზე შემორჩენილი, წამიერი, შემთხვევითი კინომასალა.

ოჯახი 4 ივლისს, დედის დაბადების დღეზე ელოდა გიას, მის გარეშე მოუხდათ აღნიშვნა და თანაც ისე, რომ არც კი იცოდნენ 2 ივლისს გამთენიისას, დესანტის გადმოსხმისას რა ტრაგედია დატრიალდა. არავინ იცის იცოდა თუ არა გიამ იმ დილით, რომ დესანტს სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული ჰქონდა.

არა, რომ არ წასულიყო გია გია არ იქნებოდა. ტყუილად კი არ თქვეს, ალყიდან თავ დაღწეულმა მისმა მეგობრებმა სიამაყით - გია სხვანაირად ვერ მოიქცეოდაო და აშკარად ემჩნეოდათ, თვითონაც რომ ანალოგიურად გიას გასაჭირი გაეგოთ, უყოყმანოდ წავიდოდნენ მისი გულისათვის სიკვდილზე, მის გამოსახსნელად. სულ სხვაა საფრონტო ძმობა - ამას იქ არ მყოფი ვერასოდეს გაიგებს.

... გიას სიკვდილი ყოველგვარი თამაშის გარეშე, ბევრმა მისმა მეგობარმა მართლა არ დაიჯერა, სანამ არ ნახეს და რომ ნახეს... მე ამდენი მამაკაცის, თან ასეთი გლოვა და ლექსი არ მინახავს. 

მისმა ძმანდაფიცმა თქვა - გია საქართველოს მოუკვდაო. ჭეშმარიტად - სამშობლომ გაზარდა კაცად და სამშობლოსვე შეეწირა კაცობისა და ქართველობის შეუბღალავად.           

არა, არ მაღიზიანებს, მე მიხარია ქუჩებში მხიარული გოგო-ბიჭების შეხვედრა. მე მეამაყება რომ მათი ნაწილი ვარ, იმ ერის შვილი ვარ, გიასნაირი კაცების გაზრდა რომ შეუძლია. არ ვყოფილვართ არც ბეჩავნი, არც ჯაბანნი, არც ყველაზე საზიზღარი ერი - როგორც გაჰკივის ზოგი. ჭუჭყი ყველგანაა, ჭუჭყით არ იზომება ერი. გიაც ასე დადიოდა ქუჩებში მხიარული, ასევე უდარდელი იყო, ასევე უყვარდა სიცოცხლე და ვინ იფიქრებდა მაშინ, თუ რისი შემძლე და გამკეთებელი იყო თავისი ქვეყნისთვის. ჩემი ერის სული ხელშესახებად ძლიერდება და თუ ისეთ საქართველოს ავაშენებთ როგორზედაც გია ოცნებობდა, რომლისთვისაც თავი დასდო (და მე მწამს რომ ავაშენებთ), მაშინ არც გიას სახელს ემუქრება დავიწყება და არც მის ბიჭს გაჭირვება. ,,და ის ბიჭებიც, დღეს უდარდელად მოსეირნენი” გიას მსგავსად ,,უშიშნი ვითარცა უხორცონი”, მტკიცე ფარად დაუდგებიან საქართველოს. 

ეს მოგონებაც მათთვის უფრო დაიწერა და მუხრანის თემის არ იყოს - ,,იარონ’’...     

შალვა ივერიელი


                                                      

გიორგი შვილთან ერთად



ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებობს გიორგი ჯაფარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი.

ქუჩას, სადაც გიორგი ცხოვრობდა მისი სახელი ჰქვია. 


ნოდარ არუთინოვი


ნოდარ დავითის ძე არუთინოვი დაიბადა 1955 წლის 5 ნოემბერს ახმეტის რაიონში, სოფელ ქისტაურში.

1972 წელს დაამთავრა ქისტაურის საშუალო სკოლა.

აფხაზეთის ომის დაწყებამდე ნოდარი თელავის ლეგიონში მძიმე ტექნიკის სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში იგი ბრძოლის წინა ხაზზე წავიდა. სამწუხაროდ ის ომის დაწყებიდან მესამე დღეს დაიღუპა. ცნობილია, რომ იგი ტანკში დაიწვა.

1993 წლის 9 ივლისს ნოდარი არუთინოვის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს.

ჰყავს მშობლები,  მეუღლე და ორი შვილი.

მეუღლე (ქეთევან ბუტულაშვილი - არუთინოვისა)


ჩემი მეუღლე ძალიან ნიჭიერი იყო. ელექტროშემდუღებელი, მონტიორი, ავტოშემკეთებელი. ძალიან გამიჭირდება ჩამოვთვალო რამდენ ხელობას ფლობდა ნოდარი.

თუ კი ვინმეს გაჭირვებულს ნახავდა ყველას გვერდით დაუდგებოდა. კეთილი და გულისხმიერი იყო არა მარტო ნათესავ-მეგობრებისთვის, არამედ სრულიად უცნობი ადამიანების მიმართაც. ომშიც იმიტომ წავიდა, მეგობრების გვერდით რომ არ ყოფილიყო არ შეეძლო. თან სამშობლოს ვერ უღალატებდა. - მე რომ აქ დავრჩე, იქ ვინღა უნდა წავიდესო?!

წასვლისას ბიჭებს თითო ჭიქის დალევა შესთავაზა და მათ შორის ვინც პირველი დაიღუპებოდა იმისი შესანდობარი დაალევინა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ეს თვითონ უნდა ყოფილიყო. იქ ფრონტზე მებრძოლებს თურმე საჭმელი შემოელიათ, მას უთქვამს სოფელში წავალ და მოვიტან რამესო, მაგრამ დაბრუნება ვერ შეძლო. ტანკი, რომელშიც ის იჯდა აფეთქდა და ვინც შიგ იჯდა ყველა დაიწვა. მეგობრები შორიდან ხედავდნენ ყველაფერს, მაგრამ საუბედუროდ მათ ვერაფერი უშველეს. 

ჩემთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ თანამებრძოლებიდან პირველი იყო დაღუპულთაგანი. ბრძოლის მესამე დღეს კი ბრძოლის ველზე ექვსი მისი თანამებრძოლი დაიღუპა ერთდროულად.


შენი სიკვდილი არ გავდა სიკვდილს

და არც სიცოცხლე იყო ხანგრძლივი,

როგორ გაუძლოს გულმა ამ ტკივილს

ტირილი მინდა მაგრამ ვერ ვტირი.


დრო მიდის, მაგრამ ჩემში არ კვდება

შენი სახელი, შენი ხატება,

შენ სამუდამოდ ჩემს გულში დარჩი

ვით განთიადზე ცისკრის ნათება.

        


შვილი (ნინო არუთინოვი) 


ნოდარ  არუთინობის შვილები             

 მამა ძალიან მიყვარდა და ძალიან მენატრება. ბევრჯერ მინახია სიზმარში, ნურაფრის გეშინია, ყოველთვის შენს გვერდით ვარო, 

მახსოვს ხშირად დავყავდით მე და ჩემი ძმა სალოცავში, მდინარეზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენი ქვეყნის. თითოეული კუთხე-კუნჭულის სიყვარულს გვინერგავდა. მხიარული და ხალისიანიც მახსოვს მამაჩემი. მე და ჩემი ძმა ვერაფრით ვერ ვეგუებით მის სიკვდილს, ის იმდენად ძლიერი და ყოვლისშემძლე გვეგონა...

...  არ შეგვიძლია იმის დაჯერება, რომ მამამ ვერ შესძლო ტანკიდან ამოსვლა და თავის გადარჩენა.

ჩვენ ის ყოველთვის ცოცხლად წარმოგვიდგენია. 

აკი იქცა კიდეც გმირად?!

მეგობარი - მალხაზ ზანქაიძე

მე და ნოდარი ერთად გავიზარდეთ. ჩვენმა ბავშვობამ ერთმანეთის თვალწინ გაირბინა. ის განსაკუთრებული ადამიანი იყო. ნოდარი ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტიზმის ეტალონი იყო.

ომი რომ დაიწყო თელავის ლეგიონის ავიაციის ბატალიონის უფროსი ვიყავი. ნაწილშიც ჩემი და რა თქმა უნდა თავისი სურვილით წამოვიდა. ომში წასვლისას სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ. წასვლა ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. მაშინ, როცა ჩვენ ყველანი, შეიძლება ითქვას ენთუზიაზმით ვიყავით წასულები, ის ჭეშმარიტი პატრიოტი, მებრძოლი სულით იყო გამსჭვალული. ომში რომ მიდიოდნენ ბიჭებმა ყველანი დავლოცეთ და უფალს შევავედრეთ: ,,ისე ჩამოდით, როგორებიც მიდიხართ”-ო, მაგრამ სამწუხაროდ მას აღარ ეღირსა ცოცხალს დაბრუნება. სახსოვრად მისი სურათები და მოგონებები დამრჩა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

მასწავლებელი (ფიზიკის) - ზინა ზანქაიძე

სწავლით განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი ბუნებით გამორჩეული ბავშვი იყო. თუ კი რაიმეს დაავალებდი, ძალიან უყვარდა თავის გამოჩენა. იქაც, ჯარშიც თურმე ასე იქცეოდა. თავი ყველასათვის შეუყვარებია. ჭეშმარიტი პატრიოტული სულისკვეთების ადამიანი იყო. ომის დროს ყველას გაუფრთხილებია წინა ხაზზე არ წასულიყო, მაგრამ არავის დაუჯერა. მისთვის მართლაც ზედ გამოჭრილია სიტყვები: ,,სამშობლოს სიყვარულში ჯილდო არ არსებობს”-ო, თუმცა მან ეს ჯილდო მიიღო. ის გმირი გახრა, ჩვენი ქვეყნის გმირი.



ბექა უშარაული                      


ბექა უშარაული დაიბადა 1971 წლის 21 მაისს ქალაქ ახმეტაში. დაამთავრა ახმეტის I  საშუალო სკოლა. 

1989 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ამავდროულად ჩაირიცხა ქალაქ როსტოვის (უკრაინა) უმაღლეს სამხედრო საზღვაო სასწავლებელში.

1991 წელს სამშობლოში დაბრუნდა და  სწავლა გააგრძელა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დაუსწრებლად). პარალელურად მსახურობდა ქართულ ჯარში, ე.წ. თელავის ლეგიონში.  სორედ ამ პერიოდს დაემთხვა აფხაზეთის ომი და ბექაც ერთერთი პირველთაგანი ჩადგა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში.

მან ღირსეულად მოიხადა ვალი მამულის წინაშე.

1993 წლის 9 ივლისს ტამიშის მისადგომებთან გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 

ჰყავს ძმები.

ძმა - ჯარჯი უშარაული


როდეაც ჩემი ძმა, ბექა, აფხაზეთში წასვლას აპირებდა, დედა წინააღმდეგი იყო და ცდილობდა გადაეფიქრებინა ომში წასვლა. ბექა ეუბნებოდა: ,,დღეს საქართველოს ძალიან უჭირს, აფხაზეთში ახალგაზრდა ბიჭები იხოცებიან, ზოგიერთები ისეთები არიან, ავტომატი პირველად რომ უჭირავთ ხელში, მე კი აქ ვიყო მშვიდად, შორიდან ვისმენდე მათ ამბებს და არხეინად ვიარო? მე არ წავიდე, ის არ წავიდეს, მაშ ვიღამ დაიცვას ჩვენი ქვეყანა?! დღეს თუ აფხაზეთი არ დავიცავით, ხვალ სხვა ტერიტორიას წაგვართმევენ და მერე რა ვქნათ“?!

დედა გულდასმით უსმენდა, შვილის ნათქვამში ჭეშმარიტება ისმოდა, თუმცა თვითონაც იცოდა, რომ ეს ასე იყო და არც უკვირდა შვილის საქციელი, სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ხომ თვითონ ჩაუნერგა თავის პირმშოს, მაგრამ დედის გული, ძალზე სათუთი და მგრძნობიარე ვერ ეგუებოდა შვილის ომში წასვლას, ბექას ხომ სიკვდილისთვის უნდა ჩაეხედა თვალებში. 

ჩემი ძმა ვაჟკაცური, სამართლიანი და მებრძოლი სულის ადამიანი იყო .ბავშვობიდან კარგად ხატავდა, მისი ნახატები სულ ბრძოლის მომენტებს ასახავდა. ცხენზე ლამაზად, ვაჟკაცურად ამხედრებულ შეიარაღებულ მხედრებს, ომის ქარცეცხლს. ამ ნახატების მნახველ ადამიანს არ არსებობდა ბრძოლის სურვილი და ჟინი არ გასჩენოდა. 

ბევრი ძმაკაცი და მეგობარი ჰყავდა, ისინი დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ ბექას მამაცობას, თვითონ არ უყვარდა საკუთარ თავზე ლაპარაკი.

ერთხელ, როცა ზვიად გამსახურდიას ებრძოდნენ და თბილისში მთავრობის სასახლით აღება უნდოდათ კიტოვანისა და იოსელიანის შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ბექას ამხანაგებთან ერთად რუსთაველის ქუჩის  მახლობლად გაუვლია (მაშინ იქ ბრძოლა მიდიოდა). უცებ, რამდენიმე მეტრის მოშორებით ახალგაზრდა ბიჭს ,,ბრმა“ ტყვია მოხვედრია და იქვე ასფალტზე დაცემულა. ახლოს მისვლას ვერავინ ბედავდა, ის საბრალო კი შველას ითხოვდა, მაშინ ბექა გაქცეულა, აუყვანია და სამშვიდობოს გამოუყვანია.

ეს ყველაფერი ბექას ამხანაგმა მომიყვა. 

**    **    ** 

1993 წლის ივლისში, როდესაც ჩემი ძმა ჩამოასვენეს მისი მეგობრები ბექას გმირობის კიდევ ერთ ამბავს ყვებოდნენ... 

რამდენიმე დღით ადრე, სანამ ჩემი ძმა დაიღუპებოდა, ერთერთი შეტაკების დროს ჩვენი ტანკი აუფეტქებიათ, იმ ტანკში თურმე სხვა მებრძოლებთან ერთად ქისტაურელი ტანკისტი ყოფილა (როგორც შემდეგ გავიგეთ ნოდარ არუთინოვი). ცეცხლმოკიდებულ ტანკში ბიჭები იწოდნენ.  ბექა აკოფიდან ამოსულა და შუა ბრძოლის დროს ტანკიდან ნახევრად დამწვარი ვაჟკაცები ამოუყვანია, სამწუხაროდ ვერ გადაარჩინა, მაგრამ ის რომ არა, მათ ნეშტსაც ვერ ჩამოასვენებდნენ სოფელში.

თუმცა მიჭირს, მაგრამ მაინც, დაურულებლად შემიძლია ჩემს ძმაზე საუბარი, თამამად შემიძლია ვთქვა, ვინც მას იცნობდა ყველას მხოლოდ კარგი მოგონებები დარჩა მეხსიერებაში. 


ბექას თანამებრძოლი - თენგიზ ექვთიმიშვილი

ბექას ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და თითქმიე ერთად ვიზრდებოდით, შემდეგ ალვანში გადავიდნენ საცხოვრებლად. შევხვდით მაშინ, როდესაც უკვე დავაჟკაცებულები ვიყავით. 

1994 წელი იყო. საქართველოში დიდი არეულობა დაიწყო. მაშინდელი მთავრობის მოწოდებით კახეთის რწმუნებულმა გელა გოდერძიშვილმა რეგიონში შექმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც გადაგზავნილ იქნენ აფხაზეთში, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ამ დროისათვის ჩვენს რაიონში ზაქრო ქინქლაძის ხელმძღვანელობით, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, სადაც ერთად მოვხვდით მე და ბექა უშარაული. 

მისი ნახვა გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, იმ თვალსაზრისით, რომ ვიცოდი საქართველოში არ იმყოფებოდა და უკრაინაში იყო წასული, სამხედრო-საძღვაო სასწავლებელში იყო წასული. ჩემს მეგობარს როგორც კი გაეგო დედასამშობლოს გასაჭირი, მაშინვე წამოსულიყო და მოხალისეთა კლუბში ჩაეწერა.

ორი თვე ვიბრძოდით ტამიშის მისადგომებთან, შემდეგ ჩამოვედით, მაგრამ რამდენიმე დღეში გავიგე, რომ ბექა ოჯახის წევრებისგან მალულად გაპარულიყო, თელავის მე-7 ბატალიონში, რომელიც იმ დროისათვის კომპლექტდებოდა და ასმეთაურად დაენიშნათ.

1992 წელს, ტამიშის მისადგომებთან დესანტი გადმოსხეს, იმ დროს ბექას ბატალიონი სწორედ აქ იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა ჩემი და ყველა ჩვენთაგანის საამაყო ვაჟკაცი  ბექა უშარაული.

მასწავლებელი - ეთერ კაციაშვილი


ბექა უშარაული - არასოდეს დამავიწყდება ეს ონავარი ბავშვი. მას დაწყებით კლასში ვასწავლიდი. მართალია ის ზრდილობიანი, გონიერი და ბეჯითი იყო, მაგრამ გამოირჩეოდა დიდი იუმორით: დედა, ქალბატონი ნორა დიდ ყურადღებას იჩენდა ბავშვის სწორად აღზრდასა და კარგი აკადემიური მოსწრების მიმართ.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, თუმც ეს მოხდა მე-IX  კლასში. მე მათ რა თქმა უნდა აღარ ვასწავლიდი, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან მაქვს კონტაქტი, მით უფრო, რომ მის კლასში სწავლობდა ჩემი ქალიშვილიც.

ერთ დღეს ბექამ და მისმა კლასელებმა დაინახეს სკოლის დირექტორი ბატონი ალექსანდრე ბაკურიძე როგორ გაბრძანდა სკოლის ეზოდან. მათ ეგონათ დააგვიანდებოდა მოსვლა, მოილაპარაკეს და კედლიდან ჩამოხსნეს პროფესორ  ვეკუას სურათი, მაგიდას ააძრეს ზედაპირი, ბექას სურვილით (რადგან ტანით იგი უფრო მორჩილი იყო) ზედ დაასვენეს და მოაწყვეს ,,სამგლოვიარო პროცესი”. წინ ვეკუას სურათი, ერთ-ორ გოგონას ყვავილები დააჭერინეს და შემდეგ ,,ვითომ მიცვალებული”.

პატივცემული დირექტორი მალე დაბრუნდა სკოლაში. სკოლის ეზოში რომ შემობრძანდა შემთხვევით დაინახა ეს ,,საშინელი პროცესი” (ხშირად იგონებდა: ,,მუხლები სულ მომეკვეთა, კინაღამ გული გამისკდა, ეს რა ხდებაო გავიფიქრე, ისე ავირბინე კიბე არც ამომისუნთქიაო) ისინი ერთმანეთს სამასწავლებლოს წინ-ფოიეში შეხვდნენ.

ბავშვები არ მოელოდნენ დირექტორს და რა თქმა უნდა უცებ გაიქცნენ, ხოლო იმ ოთხმა ბიჭმა ხელი გაუშვეს მაგიდის ზედაპირს და იქიდან რომ ბექა გაიქცა დირექტორის დანახვაზე რა დაემართებოდა თვითონაც კარგად მიხვდებით.

ადრე სიცილით ვიგონებდით ამ ამბავს, ახლა კი... ბექას წასვლის შემდეგ გულის ტკივილით ვიხსენებთ.

რას ვიფიქრებდით, რომ ეს ონავარი ბავშვი ასე გმირულად შესწირავდა თავს თავის თანაკლასელების, თანასოფლელების და სრულიად საქართველოს მომავალს, მის ერთიანობას.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.


 

ბექა უშარაული თანაკლასელებთან ერთად

კლასელი - შორენა ყიფშიძე


კლასში ყველას უყვარდა, გამორჩეულად არავისთან მეგობრობდა.  ცდილობდა გაკვეთილებზე აქტიური ყოფილიყო. უყვარდა მასწავლებლებთან კამათი (გაკვეთილის შესახებ).

ერთ მომენტს გავიხსენებ: დასვენებაზე კლასში ვცელქობდით, ბექამ ერთ-ერთ კლასელს წიგნებით სავსე ჩანთა ესროლა, ჩანთა მინას მოხვდა და გატყდა, ხმაურზე დირექტორი შემოვიდა, დაგვტუქსა და გვითხრა, - სანამ მინას არ მოიტანთ არც ერთი აქ არ დაგინახოთო, ჩვენც მეტი რა გვინდოდა, წამოვედით და კარგად ვიხალისეთ.

აფხაზეთის ომშიც იმიტომ წავიდა, უნდოდა გამოჩენილი ყოფილიყო, თავისი თავისგან ყოველთვის გმირს ხატავდა.

კლასელებს მისი სიკვდილით ძალიან გვეტკინა გული. სამაგიეროდ ჩვენი პატარა კლასელი (ტანით პატარა იყო) გმირად იქცა. 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

     

მეგობარი - გელა მექვევრიშვილი


ჩვენი მეგობრობა სკოლის მერხიდან დაიწყო.

პირველი კლასიდანვე ერთ მერხზე ვიჯექით. მეგობრული იყო, ნიჭიერი და კარგადაც სწავლობდა. მასწავლებლის მიერ ახსნილი გაკვეთილის მაშინვე მოყოლა შეეძლო. გოგონებს განსაკუთრებული თავაზიანობით ეპყრობოდა.

ერთგული და მოსიყვარულე - ეს ის მთავარი დამახასიათებელი თვისებებია, ბექას რომ გააჩნდა. უღალატო იყო, მას ყველაფერში ვენდობოდით, არა მარტო ჩვენ - კლასელები, არამედ მთელი მისი სამეგობრო.

ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, გაუცნობიერებელი ბავშვური გონებით, თავისი თავი მუდამ გმირად ესახებოდა. წამოიზარდა და მაინც გმირობაზე ოცნებობდა. ალბათ იმისთვის იყო დაბადებული, რომ თავი მართლაც მთელი საქართველოსათვის დაემახსოვრებინა. ოცნება აუხდა. ის გმირი გახდა.

ბექა უშარაული თანაკლასელებთან ერთად


მიშიკო ზურაბაშვილი

     

მიშიკო გერმანეს (აბრაამის) ძე ზურაბაშვილი (მიკირტუმაშვილი) დაიბადა 1973 წლის 18 მარტს ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში.

1990 წელს დაამთავრა მატნის II საშუალო სკოლა. 

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მატნის პროფ-ტექნიკურ სასწავლებელში.

1991 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. სასწავლებელში სწავლის დროს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 

1993  წლის სექტემბერში საბრძოლველად წავიდა აფხაზეთის ომში. იმავე წელს დაიჭრა ტამიშტან.

გარდაიცვალა 1994 წლის მაისში. ჰყავს დედა და სამი და.

გარდაცვალების მერე დაჯილდოვდა „მხედრული მამაცობისათვის“  მედლით.


სამშობლოს სადარაჯოზე

მიშიკოს ტექნიკუმში სწავლის დროს მოუწია სამხედრო სავალდებულო სამსახურმა, ისიც უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს სადარაჯოზე რიგით ჯარისკაცად, საიდანაც მალევე გადაიყვანეს სწრაფი რეაგირების ბატალიონის ოფიცრად.

მძიმე დღეები ედგა საქართველოს, აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. მებრძოლი სულით გულანთებულ ვაჟკაცებს გული ბრძოლის ველისაკენ მიუწევდათ, მათ ხომ სამშობლოს ერთიანობა სურდათ. მიშიკო ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა ისე ამოუდგა  გვერდში ომში მიმავალ მეგობრებს. მას ხუთჯერ მოუწია ბრძოლის ველზე გასვლა. 

... ყელამდე წყალში დგომა, უძილობა, შიმშილი, ჭაობში ფიჩხებზე ძილი... ვერაფერმა გატეხა სამშობლოსათვის თავდადებულის ნებისყოფა.

სოხუმი იკარგებოდა. ქუდზე კაცს ეძახდა დედა სამშობლო. 

ომიდან მიშიკო შვიდი ჭრილობით დაბრუნდა, ორგან მკერდში იყო დაჭრილი.

ნატყვიარი ვაჟკაცი თბილისის  ქირურგიის კვლევით ინსტიტუტში დააწვინეს. 

შვიდი თვის განმავლობაში,  მზრუნველობას არ აკლებდა ქირურგიის ინსტიტუტის მედ-პერსონალი. თავისი ზრდილობითა და კულტურით ექიმებსაც ძლიერ შეაყვარა თავი.

ერთი თვით ჩამოვიდა მშობლიურ სოფელში, მოენატრა მამა-პაპური კერა. - ,,ცოტას დავისვენებ და კვლავ თბილისში გავაგრძელებ მკურნალებას”-ო...

... ის ყველას ქომაგი იყო, ვერ იტანდა უსამართლობას. როგორც ოფიცერს, ბევრი პრივილეგია ჰქონდა, მაგრამ არ იყენებდა, ქვეყნის გასაჭირის გამო, თავს ამის უფლებას არ აძლევდა.

თავისუფლება იყო და არის ყველა ქართველის სანუკვარი ოცნება და ეს სიტყვები მიშიკოს სულ თავში უტრიალებდა, მისი ბაგეებიდან ქუხდა გმირების სადიდებელი:

,,კურთხეულ იყოს, სამშობლოსათვის გადატეხილი მახვილი,

კურთხეულ იყოს სისხლი და ცრემლი სამშობლოსათვის დაღვრილი ”.

აი, რას წერდა გულჩინა ძულიაშვილი, გამოსათხოვარ სიტყვაში:


,,შენ გმირი ხარ საქართველოსი, შენი სოფელი იამაყებს შენით. შენ, ამ პატარა ბიჭმა აგვიწრიალე სულები. მე მრცხვენია, რომ იქ, აფხაზეთში შენს გვერდით არ ვიდექი. მუხლმოდრეკილი გთხოვ პატიებას ბიჭო, შენც და შენს დაგლეჯილ საქართველოსაც. იქნებ ყველა, დიდიც და პატარაც შენსავით რომ მოვქცეულიყავით, ასე გულგამოფატრული და ბოლომოგლეჯილი არ ყოფილიყო ჩვენი ბედკრული ქვეყანა. დიდება შენ და ყველა მათ, ვინც სისხლი დაღვარა.

სიკვდილი არ უნდოდა, სიცოცხლე სწყუროდა , მაგრად ამაოდ ერკინებოდა სიკვდილს სიცოცხლით გაუმაძღარი, მეოცნებე ჭაბუკის ტყვიებით დაცხრილული სხეული...


,,გზა აერია სიკვდილსა,

მიშიკო დახვდა წინაო,

ადექი, ჩემთან წაგიყვან,

აქ რას აკეთებ შინაო...


კიდევ მოვიდა სიკვდილი,

არ დაასვენა მძინარი,

წამოო, ეჭიდებოდა

ეკონებოდა მცინარი”.


28 მაისს შეწყდა სუნთქვა 21 წლის მიშიკო ზურაბაშვილისა. სიბნელე ჩაუდგა ვაჟკაცს თვალებში, იგი ვეღარასოდეს იხილავს გულის რჩეულს, დედას, დებს,  ვეღარც მეგობრებს, თანაკლასელებს, თანასოფლელებს და ვეღარც აფხაზეთის სისხლით მორწყულ მიწაზე დადგამს ფეხს, სამუდამოდ დადუმდა გმირის ბაგე.

მაგრამ სიკვდილს რა ხელი აქვს სამშობლოსათვის მებრძოლ ჯარისკაცთან. მიშიკო მხოლოდ გარდაიცვალა და უქრობ კელაპტრად აენთო ივერიის ცაზე. იქ შეუერთდა გმირ წინაპართა დასს.

21 წლის ოფიცერი გმირულად დაეცა, მხოლოდ დაეცა და ამაღლდა ზეცად.

ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება და სიკვდილიც ერთხელ ეწევა. რა სჯობს სახელოვან სიკვდილს, მამულისთვის სიკვდილს? რა მშვენიერი სიკვდილით მოკვდი, (თუ შეიძლება ასე ითქვას) შენ ხომ მკვდარი არ ხარ და მხოლოდ გძინავს, ,,ყვავ-ყორნებთან’’ ნაბრძოლს, ნაომარს.

უკვდავებისათვის ერთი წამია 21 წელი. უფალმა მაინც გაზიარა უკვდავებას. ალალი იყოს, შენზე დაღვრილი თითოეული ქართველის ცრემლი.

დედა - ლიდა მიკირტუმაშვილი

ჩემი შვილი ყველასგან გამორჩეული იყო. უფალმა დაანათლა ის თვისებები, რაც თანატოლებისგან განასხვავებდა. შეიძლება ითქვას, მეტისმეტად მგრძნობიარე იყო. 

კარგად მახსოვს მისი შემართება ბრძოლაში წასვლის წინ. ხუთჯერ მიბრუნდა ბრძოლის ველზე და არც ერთხელ არ დაუწუწუნია, სადაც ჩემს ქვეყანას უჭირს იქ უნდა ვიყოვო, დამაჯერებლად აცხადებდა და ვინ იყო მის ნათქვამს წინ აღსდგომოდა. უკანასკნელი ბრძოლის დროს კი მიშიკო სასიკვდილო ჭრილობებით დაგვიბრუნდა,ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ჩემს შვილს სიცოცხლე ვერ შევუნარჩუნეთ.

            ის მოკვდა ისე, როგორც ეკადრებოდა მისნაირ ვაჟკაცს.

მიშიკოს დედას, ქალბატონ ლიდას შეუძლია სიამაყით წარმოთქვას შემდეგი სიტყვები: ,,ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე მამულო  შვილი, სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი.


მიშიკო მეგობართან ერთად (ფირუზი შიომღვდლიშვილი)

მეგობრობა


ყველაზე მეტად თანაგრძნობასა და გვერდით დგომას იგი მეგობრებისგან გრძნობდა, მიშიკოს მეგობრები დღესაც გვერდით უდგანან მის ოჯახს. ზოგიერთმა მათგანმა არც გამოჩენა ისურვა, მარტო ის თქვეს, რომ სუფრა არ ჩაივლის ისე, მიშიკოს შესანდობარი არ დაილიოსო. ამგვარი რამ კი დიდი მადლია სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცისათვის.

როცა მიშიკო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, დედა- ქალბატონი ლიდა დიდად ემადლიერებოდა ამ ბიჭებს, ,,შვიდი თვე ამ ბიჭებმა აცოცხლეს ჩემი შვილი”-ო. უჭირთ მის მეგობრებს წარსულზე საუბარი, იმ დროს საუბარი, როცა მიშიკო უკვე ამ ქვეყნად ცოცხალი აღარ არის.


 

   მიშიკო ზურაბაშვილი თანაკლასელებთან ერთად

მეგობარი-საშა ხითარიშვილი


მიშიკო ზურაბაშვილი არა მარტო ჩემი, არამედ უამრავი ჩვენი თანასოფლელის მეგობარი იყო. თბილი, გულისხმიერი, გულღია, ალალ-მართალი - ეს ის თვისებებია, რითაც ის ხასიათდებოდა.  ჯერ კიდევ სკოლაში მოიპოვა განსაკუთრებული სიყვარული თანაკლასელებისაგან და მასწავლებლებისაგან. ყველა პატივს სცემდა და სიყვარულით ეპყრობოდა მიშიკოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მაშინ ძალიან აქტიურად ტარდებოდა სკოლებს შორის შეჯიბრი. ის დღეები ძალიან საინტერესო ხდებოდა ჩვენთვის. მას განსაკუთრებულად იზიდავდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობის მიღება და საერთოდ, სპორტით ყოველთვის დაკავებული იყო. სხეულის გაკაჟებას დიდ დროს უთმობდა. ამიტომ იყო, რომ როცა თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში სწავლობდა პარალელურად ათლეტიზმის სკოლაში ვარჯიშობდა. დაუსრულებლად შემიძლია მასზე ვისაუბრო. ჩვენმა სამეგობრომ საუკეთესო მეგობარი დაკარგა მიშიკოს სახით. უფალმა ნათელში ამყოფოს სამშობლოს მთლიანობისათვის თავდადებული გმირის უკვდავი სული.



ლევან ჩაგოშვილი


ლევან ივანეს ძე ჩაგოშვილი დაიბადა 1965 წლის 14 იანვარს ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო ალვანში. 

1981 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ოლქის, ქალაქ ვიბორგის საავიაციო სასწავლებელში, რომელიც 1985 წელს დაამთავრა.

1985 წლის თებერვლიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისში, პარალელურად სწავლობდა  ქალაქ როსტოვში ავია-საინჟინროზე.

1992-93 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, დაფრინავდა სამხედრო და სამოქალაქო ხაზით.

გარდაიცვალა 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ომში, კერძოდ კოდორში.

ჰყავს დედა, ძმა, მეუღლე და ორი შვილი - ბადრი და ლევან ჩაგოშვილები.


მაშ რისთვის თუ არა სამშობლოსთვის?!


ჯერ კიდევ სულ პატარა, ძლივს რომ ლაპარაკობდა ბავშვური აღტაცებით იძახდა , ,,თვითმფრინავის შოფერი” უნდა გამოვიდეო. წამოიზარდა თუ არა კედლებზე, დაფაზე, სახატავის ფურცლებზე, ყველგან თვითმფრინავებს ხატავდა. მეშვიდე, მერვე კლასში თვითმფრინავის მაკეტებსაც კი აკეთებდა.

ოჯახი დიდი წინააღმდეგი იყო რომ ლევანს საავიაციო სასწავლებელში ესწავლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, 

ლევან ჩაგოშვილი რუსეთში წავიდა სასწავლებლად და დაამთავრა ლენინგრადის ოლქის, ქალაქ ვიბორგის საავიაციო სასწავლებელი.

აფხაზეთის ომი რომ დაიწყო ეროვნულ გვარდიაში 

მსახურობდა, დაფრინავდა სამხედრო და სამოქალაქო ხაზით.



ლევანი თანამშრომლებთან ერთად

    1993 წელი იყო. სექტემბერი.სოფელ  ზემო ალვნის ბოლოზე თვითმფრინავი დაჯდა. სოფლელები ამ ადგილს ,,ლევანის აეროპორტს” ეძახდნენ. ოჯახის წევრები თვითმფრინავის ხმაზე გარეთ გამოცვივდნენ და ლევანთან შესახვედრად გაეშურნენ.

დედის ცრემლიანი, შიშჩამდგარი თვალები. ეხვეწებოდა შვილო ფრთხილად იყავი, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ძალიან მეშინიაო, მას ხომ ერთი შვილი უკვე ჰყავდა გარდაცვლილი. ამაზე ლევანი პასუხობდა: - ,,დედიკო, სადაც წვრილია იქ უნდა გაწყდესო”, ,,მაშ რისთვის თუ არა სამშობლოსთვისო”.

ეს იყო ბოლო შეხვედრა შვილთან, შვილთან რომლითაც ამაყობს, ის ხომ გმირის დედაა. ლევანმა ხომ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა თავი.


დედა - (ნელი იდიძე)

ლევანის პატარაობა

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მეურნეობაში ტრაქტორისტად უნდოდა მუშაობის დაწყება. მშობლებმა უარი ვუთხარით. ერთხელ ისარგებლა შემთხვევით,  როცა ჩვენ, მშობლები სახლში არ ვიყავით,  საწამლ ტრაქტორზე დაეწყო მუშაობა. ამ ამბის მოყოლით იმის თქმა მინდა, რომ თუ მიზნად რაიმეს დაისახავდა აუცილებლად შეასრულებდა. სამუშაოდან გვიან ღამით დაბრუნდა, სულ შაბიამნის ხსნარით იყო დასვრილი. მას ჩვენი სახლში არ ყოფნით ესარგებლა და  საწამლ ტრაქტორზე დაეწყო მუშაობა, ისე არ გამიგოთ თითქოს ჩვენ მისი განებივრება გვინდოდა და სამუშაოზე უარს იმიტომ ვეუბნებოდით, უბრალოდ ამ მძიმე საქმისთვის არ გვემეტებოდა. შემდეგში ეს გამოცდილება ,,სტაჟში” და გამოცდების ჩაბარებაშიც დაეხმარა.

ლევანი ყველასათვის საყვარელი, გულთბილი ახალგაზრდა იყო, ყველა ვინც კი მას იცნობდა ზედმეტსახელად,,ოქროს”ეძახდა.



მე-9 კლასში ყოფნის დროს, მასწავლებელს მოსწავლეებისთვის რთული ნახაზი მიეცა შესასრულებლად.

ბავშვებმა ვერ შესძლეს დავალების შესრულება და დახმარებისთვის ლევანს მიმართეს, ლევანმაც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ შეუსრულა თხოვნა.

მასწავლებელმა შენიშნა, რომ ყველა ნახაზი ერთი ხელით იყო შესრულებული და შეეცადა გაერკვია, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ყველა მოსწავლემ (კლასში 22 ბავშვი იყო კლასში) უპასუხა რომ თვითონ შეასრულა დავალება. ლევანთან რომ მივიდა, მან უპასუხა ,,მაპატიეთ მასწ. მე დავუხაზე ყველას და ჩამოვურიგე”-ო. 

      მას ტყუილის თქმა არ შეეძლო.        


                            

ლევანი მეგობართან  ერთად

 *          *          *

ლევანს უსაზღვროდ უყვარდა ყვავილები. განსაკუთრებით ქოთნის.

მეგობრები იცინოდნენ: ,,რომ შეეძლოს ლევანს, მთელი დასავლეთის ყვავილებს კახეთში ჩამოიტანდაო”.

*          *          *

სომხეთში, კერძოდ სპიტაკში, როდესაც დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, ლევანს მაშინ მისაღები გამოცდები ჰქონდა კიევის ფილიალის როსტოვის ინსტიტუტში.

მისაღები გამოცდები კი თბილისში ტარდებოდა.

დილით, როდესაც მათემატიკის გამოცდა უნდა ჩატარებულიყო, მოულოდნელად ის ჰუმანიტარული ტვირთით სპიტაკში გაფრინდა.

გამოცდა დაიწყო, ლევანი კი არ ჩანდა. უკვე დამთავრებული იყო, როდესაც აუდიტორიაში, სადაც  მხოლოდ გამომცდელებიღა ისხდნენ, მოულოდნელად  გამოცდაზე გამოცხადდა.

ლევანმა უმაღლესი შეფასება მიიღო როგორც მათემატიკაში, ასევე  სხვა საგნებშიც.

,,ალალ იყოს” - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია, 


1990  წლის 14-16 იანვარს, სადაც მოთხრობილი იყო სამი მფრინავის გმირული თავდადება, სტავროპოლიდან შემავალი 500 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის აღდგენასთან დაკავშირებით.

- ეს მფრინავები იყვნენ: 

     ავალიანი, ჩაგოშვილი და ხალათოვი

14 იანვარი, ჩემი უსაყვარლესი შვილის, ლევანის დაბადების დღე იყო, სწორედ მას მიუძღვნეს მეგობრებმა ეს გამოცდა.

მიჭირს, ძალიან მიჭირს ჩემს შვილზე ლაპარაკი, მე ხომ ორი დაღუპული შვილის დედა ვარ, ლევანის და ბადრის დედა!...


 

 ლევანი თანამშრომლებთან ერთად


მეუღლე - თამილა ქოქოშვილი


ზოგჯერ თურმე სიკვდილიც შეიძლება ლამაზი იყოს.

ბედი ხომ მხოლოდ უძლურთ მიაქანებს თავის ნებაზე, - კაცები კი კაცურად კვდებიან.

შეუძლებელი არაფერიაო - ბევრჯერ გაგვიგონია. ხომ შეიძლებოდა ის ავბედითი ომი არ დაწყებულიყო... მაშინ, აეროპორტის დასახლებაში ერთი პატარა, ლამაზი ოჯახი ცხოვრობდა... მაგრამ ომი დაიწყო...

1992 წლის იანვარში ვიქორწინეთ. აგვისტოში, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, შვილს (ბადრის) ველოდებოდით. მე ყოველდღე ინსტიტუტში მივდიოდი, ლევანი კი ამ დროს ომში იყო. დღითიდღე იზრდებოდა სიკვდილის მოლოდინის შიში. ერთი-მეორის მოყოლებით იღუპებოდნენ მფრინავი ბიჭები. ამასობაში ბადრი დაიბადა. სოფელში იზრდებოდა, ჩვენ ფიზიკურად არ გვეცალა,  მშობლები კი ხელს გვიწყობდნენ მის გაზრდაში.

სულ შვილი ენატრებოდა.

ამასობაში მეორე აგვისტო მოვიდა, სასწავლებელი დავამთავრე, მუშაობაც დავიწყე. როდესაც გავიგეთ რომ მეორე შვილს ველოდებოდით აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამბობდა - დეკრეტულ შვებულებას აიღებ და აქ ერთად ვიცხოვრებთ ოთხივენიო.

... ყველაფერს აქვს დასასრული და ომიც დამთავრდა... 

ხომ შეიძლებოდა კოდორის ხეობაში ის მთა სულ ნახევარი მეტრით დაბალი ყოფილიყო, მაგრამ...

რუსული ენის მასწავლებელი (დალი მიქელაძე)


რამდენი დრო გასულა რაც ლევანი ჩვენს გვერდით აღარ არის. არა და თითქოს გუშინ იყო. 

პირველი სექტემბრის მზიანი თბილი დღე იდგა. სასწავლო წელი იწყებოდა. მზით გარუჯული გოგო-ბიჭები მხიარულად მოიჩქაროდნენ საზეიმოდ მორთული სკოლისაკენ. მშობლებთან ერთად სკოლისაკენ მოაბიჯებდნენ პირველკლასელებიც. მათ შორის შევამჩნიე თეთრ ხალათიანი, ლამაზ თვალებიანი ბიჭუნა, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა მის ირგვლივ ყველაფერს. ეს ბიჭუნა ლევან ჩაგოშვილი იყო.

დაირეკა პირველი ზარი და დაიწყო მისთვის და მისი თანაკლასელებისათვის პირველი გაკვეთილი. ლევანი ამხანაგებთან ერთად შეუდგა ცოდნის მწვერვალისაკენ მიმავალ ბილიკს, მთელი მონდომებით შეუდგა სწავლას, ჩვეული გულმოდგინებით გამოჰყავდა მასწავლებლის დახმარებით ანბანის პირველი ასოები. 

მას ხშირად ვხედავდი ეზოში მოთამაშეს თავის ამხანაგებთან ერთად.

გავიდა წლები...   და აი ლევანი უკვე მეხუთე კლასშია... იგი ჩემი მოსწავლეა.

როგორი მოსწავლე იყო ლევანი? - საუკეთესო, ნიჭიერი, ბეჯითი, იგი მთელი პასუხისმგებლობით და მონდომებით ასრულებდა ყველა ჩემს დავალებას.

როგორი ადამიანი იყო ლევანი? - კეთილშობილი, ადამიანების მოყვარული. ის ყველას თანაბრად უნაწილებდა სითბოსა და სიყვარულს.

ამ დიდ სიყვარულსა და სითბოს მისგან მეც ვგრძნობდი. ის ცდილობდა ყოველთვის ჩემს გვერდით ყოფილიყო. ჩვეული გულმოდგინებით ასრულებდა ჩემს დავალებებს. მისი ყოველი ნაბიჯი, გამოხედვა, მოქმედება გამოხატავდა ჩემს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: 

მთელი სკოლა ყურძნის საკრეფად იყო წასული ალაზნის გაღმა. ლევანის ძმის ბადრის კლასი მე ჩამაბარეს. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შევამჩნიე, რომ ბადრი და რამდენიმე მისი თანაკლასელი ამხანაგებთან არ იყვნენ. გავიგე რომ გამოპარულან, ფეხით წამოსულან სოფელში. მე რა თქმა უნდა ძალიან ვინერვიულე, როგორც კი მოვედით სოფელში ბავშვების ოჯახებში მივედი, ისინი კი ჯერ მისულები არ იყვნენ. ლევანის მშობლებმა ასეთი შეშფოთებული რომ დამინახეს, თვითონაც შეშფოთდნენ, მაგრამ მე დამამშვიდეს და ბავშვების საძებნელად წავიდნენ.

მოგვიანებით ლევანის დედისაგან გავიგე, ასეთი შეშფოთებული რომ მნახა ლევანმა, ძალიან შეწუხებულა, თამაშისთვის თავი დაუნებებია და ძმის საძებრად წასულა. როცა უპოვია ძალიან დიდი საყვედური უთქვამს მისთვის და ჩემსკენ გამოქცეულა რომ ეცნობებინა ძმის პოვნის ამბავი. მახსოვს მისი გახარებული სახე, ის კმაყოფილი იყო რომ აღარ ვინერვიულებდი.

მართალია დღეს ლევანი ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩემს გულში.

კლასელი - მეგობარი (ნაილი ფარეულიძე)

მე-9 კლასში ვიყავით, როდესაც მის კლასში გადავედი სასწავლებლად. ლევანი მორიდებული, თავაზიანი და ამავდროულად კომუნიკაბელური პიროვნება იყო. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა უფროსებისა და გოგონების მიმართ. არ ვაჭარბებ და არც იმიტომ ვამბობ, რომ დღეს აღარ არის, ან იმიტომ, რომ ის დღეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავდადებული გმირია, ის მართლაც უნაკლო, ყველა დადებითი თვისების მქონე ადამიანი იყო.

ერთი პატარა ეპიზოდი მახსენდება:

ბავშვებმა გადავწყვიტეთ, გაკვეთილები გაგვეცდინა და ე.წ. ,,შატალოზე” წავსულიყავით. რაღა თქმა უნდა გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ და იქვე ახლოს ,,მუშათა სასადილოში” შევედით, ბიჭებმა ქაბაბზე დაგვპატიჟეს. არ ვიცი საიდან გაიგეს რომ იქ ვიყავით. უეცრად მასწავლებელი დაგვადგა თავს, შემცბარი ბავშვები ერთმანეთს ავეკარით, წინ კი ლევანი გადაგვეფარა, მან დაგვიცვა ჩვენ და დანაშაული თავის თავზე აიღო.

ჩვენი კლასელები იტყოდნენ ხოლმე: - ლევანი ყველა უძმოს ძმა არისო.

მახსოვს გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა, ძალიან ლამაზები იყვნენ ის და მისი რჩეული. საზეიმო განწყობას ზეციდან წამოსული ფერად-ფერადი ყვავილების წვიმა ამძაფრებდა. ყვავილებს ვერტმფრენიდან ყრიდნენ, ჯვრის დასაწერადაც ვერტმფრენით წაგვიყვანა. რა მშვენიერი დღეები იყო და რა მალე დასრულდა მისი სიცოცხლე. მან 8 თვის შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა ამ ქვეყანაზე. გამორჩეული ადამიანი იყო და სიკვდილიც განსხვავებული არგუნა ღმერთმა, თუმცა ის არ მომკვდარა, ჩვენსა და მთელი საქართველოს გულებში მარად იცოცხლებს!


გიორგი გამიაშვილი


გიორგი იოსების ძე გამიაშვილი დაიბადა 1955 წლის 28 იანვარს ქალაქ ახმეტაში. დაამთავრა ახმეტის I საშუალო სკოლა. 

1992 წლის აგვისტოში წავიდა აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში.

1992 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ტამიშთან. ჰყავს ოთხი და და ერთი ძმა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის უმაღლესი განათლება მიღებული არ ჰქონდა, განათლებული ახალგაზრდა იყო. მეტსაც გეტყვით იგი დაინტერესებული იყო გაზეთებითა და მხატვრული ლიტერატურით. ახმეტელებს სწორედ წიგნებით ხელში ახსოვთ გიორგი გამიაშვილი. როდესაც აფხაზეთის ის ავადსახსენებელი ომი დაიწყო, გიორგი უყოყმანოდ ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგში. ომიდან იგი დაჭრილი დაბრუნდა.  ორი კვირაც არ იყო გასული, რომ გაიგო ახალი ჯგუფი მიდიოდა საბრძოლველად.  მანაც უყოყმანოდ კვლავ ბრძოლისაკენ გასწია.

ოჯახმა ტელეფონით შეიტყო გიორგის გარდაცვალების შესახებ.  შვილის სიკვდილს ვეღარ გაუძლეს მშობლებმა და მალევე გარდაიცვალნენ. ყველაზე მეტად იმას განიცდიდნენ, რომ გიორგი დასაოჯახებელი იყო

დის (მარიამ გამიაშვილი ) მოგონება


ძალიან თავმდაბალი იყო გიორგი. უყვარდა კითხვა, სულ წიგნებით ხელში დადიოდა. სიცოცხლის ბოლოს მორწმუნეც კი გახდა. ბიბლია მოიტანა სახლში და გვთხოვდა ოჯახის წევრებსაც წაგვეკითხა. მაშინ იმ დროს ხალხი ამ კუთხით უმეცარი იყო. ის კი ჭეშმარიტი მორწმუნე.

ჩემი ძმა ყველას მიმართ გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ყურადღებით ეპყრობოდა დიდსა თუ პატარას, მოხუცსა თუ ახალგაზრდას. ალბათ ქვეცნობიერად გრძნობდა იმას, რომ მოკლე წუთისოფელი ჰქონდა და ბევრი რამ უნდა მოესწრო. გულიანი და თბილი ადამიანი იყო. 


 

გიორგი დედმამიშვილებთან ერთად

ყველა ომმა ჩვენს თავზე გადაიარა…

და-ძმა  ია და ლევან გამიაშვილები


პატრიოტიზმი ჩვენს ოჯახში პირველ ადგილზე იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. მამაჩემს სამი ომი ჰქონდა გამოვლილი ფინეთთან, იაპონიასთან და გერმანიასთან, მას ჩვენ ,,სამ ომგამოვლილს” ვეძახდით. პაპა ჩვენიც ომის მონაწილე იყო. შეიძლება ითქვას, სამხედრო სამსახურის სიყვარული ჩვენ გენში გვაქვს. ყველა ომმა ჩვენს თავზე გადაიარა, ომი კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ რა სასტიკი და დაუნდობელია, მისი სიმძიმე უკვე გამოცდილი გვქონდა, ამიტომ როდესაც გიორგი ომში მიდიოდა, ვტიროდით და ვემუდარებოდით - ძალიან ფრთხილად იყავი, შენ ჩვენ ჯანმთელი და ცოცხალი გვჭირდები”-ო, მაგრამ მისი ჯიუტი თვალები სულ სხვას ამბობდნენ ,,მე მამულს უფრო ვჭირდები”-ო.

ვისაც გინდა კითხოთ, მასზე ყველა კარგს გეტყვით. არასოდეს ორი პერანგი ერთდროულად  არ ჰქონია, ერთს ყოველთვის სხვას, მასზე უფრო გაჭირვებულს აძლევდა.

კითხვა ძალიან უყვარდა, წერდა კიდეც, ხატავდა. სპორტზე გიჟდებოდა, განსაკუთრებით ფეხბურთი მოსწონდა. თამაშობდა აგრეთვე ბილიარდსაც.

აფხაზეთის ომში რომ წავიდა, უკვე მე-II ხარისხის ორდენოსანი იყო, მანამდე მაშველად იყო მოხალისედ.

გიორგის, მარტო სამშობლოსთვის კი არა მეგობრებისთვისაც შეეძლო თავის გაწირვა, თბილისელი მეგობარი, გაგლოშვილი თამაზი ბრძოლის ველიდან შინელზე დაწოლილი (იმის გამო, რომ დაჭრილი მეგრძოლი მძიმე იყო) კილომეტრების გავლით გამოათრია და გადაარჩინა.

. . . თვითონაც დაიჭრა. გაგრის საავადმყოფოში დააწვინეს. ექიმები ამბობდნენ: ბეწვზეა გადარჩენილი, ჯავშან-ჟილეტი რომ გავხადეთ სულ დაჩვრეტილი იყოო.

მიუხედავად ამისა, გადარჩენილი ვაჟკაცის უტეხი სული, მაინც არ გატყდა. კარგად არ ჰქონდა ჭრილობა შეხორცებული, რომ ისევ ბრძოლის ველისაკენ გასწია. ვთხოვდით აღარ წასულიყო, ჭრილობა მაინც მოიშუშე-ო. ამაზე გვიპასუხა: - ,,რას ამბობთ, იქ ისეთი ბიჭები მელოდებიან, მე აქ რა ვაკეთო”-ო.

. . .  წავიდა და აღარც დაბრუნებულა, როდესაც სოხუმი დაეცა, ის ერთ-ერთ ხიდს იცავდა. სწორედ იქ დაიღუპა, ჩვენი საყვარელი და საამაყო ძმა, დღეს უკვე გმირი - გიორგი გამიაშვილი


 

გიორგი თანამებრძოლებთან  ერთად

ნოსტალგია


კლდის კალთაზე იდგა მუხა, ძლიერი აღნაგობით. ასაკიც ხელს უწყობდა, მაგრამ ძლიერად ვეღარ იდგა მიწაზე როგორც მუხას ჩვევია, ერთი ნახევარი უფსკრულს გადასცქეროდა, მეორე ნახევარით კი კლდეზე იყო შეხამებული. იყო კიდევ ერთი ურჩი ტოტი ამ მუხაზე, ის არცერთ ნახევარს არ ეკუთვნოდა, თავისთვის იყო გაზრდილი განზე, ყველაზე შორს შუა გულისაგან - პატარა ყლორტი ამოსულიყო, ყლორტი არც ითქმოდა, შვიდი-რვა ფოთოლი იყო მაზე, სულ პირველად ორი ფოთოლი გაიზარდა, მასზე დაყრდნობით  გაიმაგრეს ყუნწები დანარჩენმა ექვსმა ფოთოლმა და არასოდეს ავიწყდებოდათ ეს, სხვა ფოთლებისგან განსხვავებით თანაბრად ინაწილებდნენ მზესაც და ნამსაც. ქარსაც ერთად უმკლავდებოდნენ. ერთი მათგანი უფრო გათამამდა სხვებთან შედარებით და მეტის ცოდნა მოუნდა. მოეწყინა ერთ ადგილზე ყოფნა,  ერთ ღამესაც ქარს მოელაპარაკა და გაიპარა, მთელი მინდორი გადაიფრინა, სოფელი, მდინარე. ბევრი ნახა და ბევრიც მოისმინა, მაგრამ როცა საბოლოოდ დაეშვა მიწაზე უცხო ხის ძირში - მოენატრა და ინანა, რომ იმ კლდეზე არ იწვა, რომლის კალთაზეც თავისიანებთან ერთად ცხოვრობდა საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით...

... ეს ნოველა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაწერა. მისი გადმოცემით მუხა ჩვენი დიდი ოჯახი იყო, თავნება ფოთოლი კი თვითონ. მას თითქოს მაშინვე უგრძნობდა გული,  რომ  იმ ფოთლის ბედი ეწეოდა, რომლის ცხოვრებასაც აღწერს ამ პატარა ნოველაში -(თქვა ქალბატონმა იამ და ყელში მოწოლილი დარდი სევდიან ოხვრას ამოაყოლა...)

თანაკლასელის (ბელა წიკლაური) მოგონება


ძალიან მიჭირს წარსულში გივი (გიორგი) გამიაშვილზე საუბარი. გარდა იმისა, რომ ჩვენ თანაკლასელები ვიყავით, სკოლისაკენ სავალი გზაც ერთი გვქონდა. გივი ძალიან თბილი და ყველა დადებით თვისებასთან ერთად გულჩათხრობილი ახალგაზრდა იყო. მაშინ ამას ჩვენ ახალგაზრდები ყურადღებას არ ვაქცევდით. ის ხომ მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო და ბუნებრივია, მათ ოჯახსაც ალბათ ეკონომიურად უჭირდა. სწავლობდა საშუალოდ. განსაკუთრებულად გვიყვარდა ჩვენი პედაგოგები: ოთარ მამულაშვილი, აგუსია ნადირაძე, ნინა ვორონინა, ზინაიდა ოგანეზოვი. თითოეულმა ჩვენმა მასწავლებელმა ღრმა კვალი დააჩნია ჩვენი ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში. გივი განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა ყველასგან

თანაკლასელი - სოფიკო ქიშოშვილი

1962-66  წლებში, ჟალურის 8 წლიან სკოლაშვი ვსწავლობდით ერთად. ნიჭიერი იყო. მასწავლებლის მიერ ახსნილ გაკვეთილს ისე მოყვებოდა, თითქოს უკვე ნასწავლი აქვსო. გულჩათხრობილი იყო, ადვილად ვერ გაიგებდა ადამიანი ამ პატარა ბიჭს, რა სტკიოდა და რა უხაროდა, გულში რა ედო. ნიჭიერსა და სწავლის მოყვარულს წიგნების კითხვა განსაკუთრებით უყვარდა, უფრო მეტად სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებს კითხულობდა.  ,,მაინ რიდის - ოცეოლა” - რამდენჯერმე მაქვს წაკითხულიო ამბობდა-ხოლმე. გიორგი ყველას ძალიან გვიყვარდა, გულწრფელად გამოხატავდა, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდით თუ ეს პატარა ბიჭი გმირი გახდებოდა. სამშობლოსთვის უყოყმანოდ გაწირავდა თავს.

ბესიკ მამიაური რიგითი დაიბადა 06 დეკემბერი 1988 წელი. გარდაიცვალა ერედვში 08 აგვისტო 2008 წელი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1989 – 2008

                                             

ბესიკ გოგის ძე მამიაური დაიბადა 1988 წლის 6 დეკემბერს ქალაქ ახმეტაში.  2006 წელს დაამთავრა ახმეტის III საშუალო სკოლა.  ჩაირიცხა თბილისის მრავალპრიფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტის თელავის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2007 წლის დასასრულს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. იმ დროს ბესიკი რუსთავის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმში ირიცხებოდა. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და  სპეციალური დაცვის სამხედრო სამსახურმა სამხედრო მოსამსახურე ბესიკ გოგის ძე მამიაური სიკვდილის შემდეგ  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერედვში.

ჰყავს მშობლები და და-ძმა. 

მემორიალზე ომში დაღუპული გმირების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, მათ შორის არიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები: გოჩა ილურიძე, გიორგი აბიათარი, ბესიკ მამიაური და ილია შავერდაშვილი. 



ილია შავერდაშვილი 1989-2008წწ გარდ. 19 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. ენისელი ყვარელი


გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. სამაჩაბლო ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო


ბესიკ მამიაური 1988-2008წწ გარდ. 20 წლის სამაჩაბლოში, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, დაბ. ახმეტა, კახეთი


გოჩა ილურიძე 1990 -2008 წწ გარდ. სოფელი ერედვი, სამაჩბლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი, დაბ. სოფ. ზემო ქედი, დედოფლისწყარო


ბესიკ მამიაურმა ბავშვობა ძირითადად ახმეტასა და თიანაეთში გაატარა. მშობლიური მიწის მადლმა და ჩვენი წინაპრების დაუდგრომელმა სულმა, ადრეული ასაკიდანვე გაუღვიძა ცნება სამშობლოს სიყვარულისა.


სკოლაში სწავლის პერიოდში გატაცებული იყო დეტექტიური ჟანრის ლიტერატურის კითხვით. ადვოკატობაზე ოცნებობდა, სწორედ ამიტომ ჩაირიცხა თბილისის მრავალპროფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტის თელავის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

პირველი კურსის პირველი სემესტრის გამოცდები არც კი ჩაებარებინა, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურმა უწია, სამშობლოზე, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი 2007 წლის 6 დეკემბერს აიყვანეს სამხედრო აღრიცხვაზე.

2008 წლის გაზაფხულზე, 27 მაისს ბესიკ მამიაური სამშობლოს სადარაჯოზე რიგით ჯარისკაცად ჩადგა. გაწვევიდან მესამე თვეს დაიწყო ის ავადსახსენებელი ომი. ომში ისე წავიდა მშობლებსა და ახლობლებს მერც კი გამოემშვიდობა.

... მეხის გავარდნას ჰგავდა ის ცნობა, რომ ბესიკი ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერედვში, მტრის ქვემეხმა იმსხვერპლა. ის 8 აგვისტოს დაიღუპა გმირულად. მისი სხეული იმდენად დაზიანდა იმ უბედური შემთხვევის გამო, რომ მშობლებს მისი ამოცნობა გაუჭირდათ.



დედის (დალი ჯაბანიშვილი) მოგონებიდან

 (გაუგზავნელი წერილი...)

ჩემო საყვარელო შვილო ბესო, როგორ მენატრები ჩემო ანგელოზო. უკვე წელი და ოთხი თვე გავიდა iმ ავადსახსენებელი ომიდან, რომელმაც შენი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა. უკვე მეორედ მოვიდა შენი დაბადების დღე - 6 დეკემბერი უშენოდ. ძალიან მძიმე და მწუხარე იყო ეს დაბადების დღე. მას ხომ შენ აღარ ალამაზებდი შენი მხიარული სიცილით, შენი თბილი გულით. ძალიან გვიჭირს უშენობა. მენატრება შენი ხმის გაგონება, შენი მოფერება, ჩემო ბიჭო. შენ ხომ უსაზღვრო სითბოს იჩენდი ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩემს მიმართ, ჩემო ვაჟკაცო. ვაი რა ძვირი დამიჯდა შენი ვაჟკაცობა, შენი სიცოცხლის ფასად, რომელიც მუდმივ ტკივილად იქცა და შეუშრობელ ცრემლად აქცია მთელი ჩემი ცხოვრება. 

ნაადრევად წახვედი შვილო ამ ქვეყნიდან და ბევრი აუხდენელი ოცნება წაიღე თან. შენ ხომ მპირდებოდი, რომ საუკეთესო ადვოკატი გამოხვიდოდი. გინდოდა საამაყო კაცი ყოფილიყავი, ცოლ-შვილი გყოლოდა.

დილით, როცა უკანასკნელად გახვედი სახლიდან, ძალიან ბედნიერი ჩანდი. გაღიმებული გახვედი შენი ფეხით, ორი თვის შემდეგ კი შენი უსულო, დასახიჩრებული სხეული შემოასვენეს შენს სახლში. შენმა სიკვდილმა მოუშუშებელი ტკივილი, დარდი და უსაზღვრო მონატრება დაუტოვა შენს დას, ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

ასეთმა პატარამ როგორ შეასრულე შენი მისია ამ ქვეყანაზე. ძალიან მენატრები შვილო, შენი სითბო და სიყვარული მენატრება. შენ რომ ხელს მომხვევდი და გულში ჩამიკრავდი, ყველა დარდი და ტკივილი მავიწყდებოდა. ამბობენ: ,,სიკვდილსაც კარგები უნდაო” და იმ კარგებში შენ ამოგარჩია. სამაგიეროდ მე ყველაზე უბედურ დედად მაქცია. ნეტავ როდის დადგება ის დღე, როცა შენთან წამოვალ. ილოცოს შენმა კეთილმა სულმა შენი და-ძმისათვის, მამისათვის, ახლობლებისა და მეგობრებისათვის. 

ნათელში იყავით შენ და შენთან ერთად დაღუპული ვაჟკაცები, გოჩა, გიორგი, ილია. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს თქვენს სულებს.


კლასის ხელმძღვანელი (ქრისტინე ჯუგაშვილი)

ძნელია წარსულში ილაპარაკო ბესიკ მამიაურზე. საოცრად თბილი, გულწრფელი, უშუალო, ალალ-მართალი იყო. მახსენდება ერთი გაკვეთილი და ბესიკის საოცრად მეტყველი თვალები. ზამთრის პირი იყო და ძალიან ციოდა. გარეთ ცა მოქუფრულიყო. გაკვეთილს ვხსნიდი და ვგრძნობდი მოსწავლეები ჩემთან არ იყვნენ. მოულოდნელად კლასის კარი შემოხსნა გოგონამ. მას რატომღაც გაკვეთილზე დაჰგვიანებოდა. ნატოს წითელი ფერის მაისური, თხელი მოსასხამი და ფეხსაცმელი ეცვა. ისეთი ღიმილით შემოვიდა თითქოს გაზაფხულის სუნთქვა შემოიტანა. სიცივემ თითქოს ძალა დაკარგა. კარგად მახსოვს ბესიკის თვალებიდან გადმოღვრილი სითბო. მაშინ ის, ალბათ ყველაზე ბედნიერი იყო. ნატოს შემოსვლამ ყველა გაახარა. იმ რამოდენიმე ხალისიანმა წუთმა სრულიად შეცვალა საგაკვეთილო განწყობა. გაკვეთილმა გაკვეთილის სახე მიიღო და ყველაზე მეტად როგორც მასწავლებელი, მე დავრჩი კმაყოფილი. 


ყველა სიკეთესთან ერთად იგი სპორტის ქომაგიც იყო. არ ჩატარებულა არც ერთი სპორტული შეკრება, მას რომ არ მიეღო მონაწილეობა.

ანკარა წყაროსავით სუფთა და წმინდა იყო. - ხაზი გაუსვა ქრისტინე მასწავლებელმა ჩვენთან საუბარში.

მოგეხსენებათ დამამთავრებელ კლასში როგორ აქტიურობენ ხოლმე მოზრდილი ბიჭები. ბევრს საიდუმლოებებიც უჩნდება. ამ მხრითაც გამორჩეული იყო ბესიკი. გაკვეთილის გაცდენის მიზეზს არასოდეს დამალავდა. მიუხედავად იმისა, რომ გარემო საკმაოდ მკაცრია, ახალსკოლადამთავრებულისათვის ის ისევ ისე თბილ და ყურადღებიან ბიჭად დარჩა. განსაკუთრებულად თბილი მეგობრობა იცოდა თანაკლასელებთან.

თანაკლასელი (ლევან ხიბლაშვილი)


ბესიკი არა მარტო თანაკლასელი და მეგობარი, მეზობელიც გახლდათ ჩემი. საბავშვო ბაღიდან სულ ერთად მოვდიოდით. ვიცი რითი სუნთქავდა სამშობლოსათვის თავგანწირული ბიჭი. კარგად მახსოვს ჩვენი ბოლო  შეხვედრა. ახმეტის კომისარიატში ერთად დაგვიბარეს, სამედიცინო კომისიაც ერთად გავიარეთ. როდესაც კითხვა დაუსვეს, მზად ხარ წახვიდე ჯარში? - ის უყოყმანოდ დაეთანხმა. თითქოს გაბრაზდა კიდეც, რაღას მეკითხებითო?! მე, როგორც მისმა უახლოესმა მეგობარმა ვიცოდი, რომ კონტრაქტით უნდოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა. შეყვარებულიც იყო ბესიკი, მაგრამ ამ თემაზე ძალიან ერიდებოდა საუბარი. 


მაია ლაგაზაური (ახმეტის III საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)

,,მამულს გული უპირველეს ყოვლისა”


საქართველო ,,მებრძოლი შავის ბედისა” ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენი განათლებისა და რწმენის აკვანი, დღესაც ფეხზე დგას და მუდამ ფეხზე იდგება.

წარსულმა ომებმა ბევრი სისხლი შთანთქა ქართველებისა, ბევრმა ვაჟკაცმა დადო თავი, ბევრმა დაღვარა სისხლი, ბევრი დაეცა ბრძოლის ველზე სახელოვანი სიკვდილით. პირველნი ჭირში და უკანასკნელნი ლხინში. თავს წირავდნენ, გულ-მკერდს ზარბაზნებს უშვერდნენ. 

გული სიამაყით მევსება როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები მტერს მედგრად უხვდებოდნენ და ამხნევებდნენ. 1659 წელს როდესაც კახეთის მკვიდრმა ხალხმა ვერ აიტანა თურქმენების ჩამოსახლება, რომელნიც კახეთის მთასა და ბარს გადასახლებას უქადდნენ, აჯანყდნენ და ქვეყანა გაწმიდეს თურქმენებისაგან. ამ ბრძოლას სათავეში ედგა ბიძინა ჩოლოყაშვილი. მან საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად შესწირა სამშობლოს, სარწმუნოება არ გამოიცვალა და ნებით დაასრულა სიცოცხლე. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.


 იზრდებოდა, იზრდება და კვლავ გაიზრდება ქართველი ბიძინა ჩოლოყაშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამასი არაგველის და მრავალი უსახელო გმირის მაგალითზე.

დღევანდელი რეალობა კი ქართველის განსაცდელია, რომელიც რუსეთმა განგების სახით დაგვატეხა თავს. მათი მოქმედება მართმადიდებელი ერის წინააღმდეგ არის მიმართული. ამგვარი აგრესია მონღოლებსა და თვით ფაშისტებსაც არ გამოუვლენიათ.

მამულის სიყვარული და მისი დაცვა ქართველ ერს სისხლში ღრმად აქვთ გამჯდარი და ,,ქუდზე კაცის დაძახებისას’’ შეძახილი ,,მამულს გული უპირველეს ყოვლისა’’ - ფეხზე დგება მთელი ერი. ერთმანეთის თანადგომა, სიყვარული აძლებინებდა უამრავი ქარტეხილის გადამტან ქართველობას. 


ვიცით როგორ იბრძოდნენ, იმარჯვებდნენ და იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები მამულის დასაცავად. 

იმ მწუხარებამ, რაც აგვისტოში საქართველოს თავს გადახდა, ქართველი ერი უფალთან დააახლოვა. ღმერთი განსაცდელს იმ ადამიანებს უგზავნის, ვინც ყველაზე მეტად უყვარს. ეს მწუხარება არის ჯვარი, რომელიც საქართველომ ღირსეულად უნდა ატაროს. ქართველი ერი გაჩენილია სიხარულისა და ტანჯვისათვის, ბედნიერებისა და უბედურებისათვის, განსაცდელისა და წამებისათვის და რაც მთავარია ბედნიერი მომავლისათვის.

სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირა ახმეტაში მცხოვრები, ღირსეული მამულიშვილი - ბესიკ მამიაური. მას 2008 წლის 8 აგვისტოს, ჯავის მისადგომებთან უწია სიკვდილმა. იგი ახმეტის III საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო. ბესიკი უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მისი სახელი უკვდავია. სკოლას, რომელიც მან დაამთავრა მისი სახელობისაა დღეს, ხოლო ის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა ბესიკ მამიაურის სახელს ატარებს. პრეზიდენტის განკარგულებით 2008 წლის 9 ოქტომბერს №654 ბრძანების თანახმად ბესიკი დაჯილდოებულ იქნა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდერით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელოვნებო და შემეცნებით სკოლას მისი გარდაცვალების შემდეგ ბესიკ მამიაურის სახელი  ეწოდა. (ყოფილი მე-III საჯარო სკოლის შენობა) 

ქუჩას, სადაც ბესიკი ცხოვრობდა მისი სახელი ჰქვია.

ნოველა ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომში

გმირულად დაღუპული ახალგაზრდის

ბესიკ მამიაურის ხსოვნას


ბიჭმა თვალი გაახილა, ოთახში გაზაფხულის ნათელი იღვიძებდა.

- გათენებულაო - გაიფიქრა. წამოდგა. მზე კარგა მაღლა აწეულიყო.

- დღესაც გუშინდელივით დაცხება. - თქვა და სარკისაკენ გაექცა თვალი.

- დღეს გაგრილება არ მაწყენდა. ალაზანზე ჩავალ, საგუბარში გავცურავ...

ნაშუადღევს, როცა ძალზე ჩამოცხა ალაზნისაკენ გასწია. დაგუბებულ ალაზანში გაცურ-გამოცურა და შინისაკენ წამოვიდა. გზად ბახტრიონის გორის ძირზე უნდა გაევლო.

- ცოტას შევისვენებ - თქვა და ჯერ მდელოზე დაჯდა, მერე ორგანიზმი მოეთენთა და თავისდაუნებურად გულაღმა გადაწვა. ბრიალა თვალები ცას მიაპყრო და მისმა ფიქრებმა შორეულ წარსულში იმოგზაურა. ახმეტელ ბიჭს რატომღაც ბიძინა გაახსენდა, ჩოლოყაშვილი. მიხვდა თითქოს რაღაცას და ერთ ადგილს გულმოდგინედ დააშტერდა. რამოდენიმე წუთით თვალები დახუჭა და წარმოიდგინა: სამი საუკუნის წინ აქ რა იქნებოდა.

 თითქოს ყიზილბაშებიც დალანდა. ცხენის ფლოქვების თქარუნიც შემოესმა, ხმალმომარჯვებულ თავდადებულთა ჯირითი. ერთი წუთით თავიც წარმოიდგინა მათ შორის. ხმალშემართული უბელო ცხენზე იჯდა და ქორივით გარშემო იყურებოდა. ამ ყველაფერმა ისე მალე ჩაიარა თითქოს კინო-ფირი დაატრიალესო. თითქოს შიშმა აიტანა, ტანი დაებურძგლა, თითქოს შეჰყვირა კიდეც. წამოდგა და მდუმარედ გზა განაგრძო. ღრმად სუნთქავდა. თითქოს უხაროდა ჩოლოყაშვილების საგვარეულო მიწაზე რომ აიდგა ფეხი.

საკუთარ ეზოში, ხეივნის ქვეშ ხმამაღლა მოსაუბრე მეზობლები შენიშნა. დედას აღელვება ეტყობოდა. ბიჭის დანახვისთანავე ყველა დადუმდა. დუმილის მიზეზი კი ერთი ფარატინა ფურცელი გამხდარიყო.

მეორე დილას ბიჭი გახალისებული წამოდგა საწოლიდან. ბედს არ ემდუროდა. რაღაც სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა და ამ ყველაფრისთვის სახელი ვერ მოეძებნა, ტელეფონით კლასელს შეეხმიანა და საჩქაროდ კომისარიატში წავიდა. იქ კი ყველაფერი ჩვეული სისწრაფით მოხდა. სამედიცინო კომისია, შეთანხმება... წასვლის დღე და ა.შ.

როცა ავტობუსი ახმეტას გასცდა, თვალზე ცრემლი მოადგა. ვეებერთელა კურცხალი ჩამოუგორდა ლოყაზე. ცრემლი იმდენად ცივი იყო თითქმის ლოყაც კი აეწვა.

ორმა თვემ სწრაფად გაიარა. ჯარისკაცულ ცხოვრებას მალე შეეჩვია. თითქოს ხელახლა დაიბადა. ბიჭმა საკუთარი ადგილი იპოვა და ამით ის ბედნიერი იყო. ნატრობდა ნეტავ ცოტა ხნით ახმეტის ქუჩები შემომატარა და მაშინვე უკან დამაბრუნაო. მშობლიური ქალაქი და ახმეტელები ენატრებოდა.

ავადსახსენებელი 2008 წლის აგვისტო. შავი ღრუბელი, თვითმფრინავების საშინელი გუგუნი. ომი, რომლის ხმამ ყველა შესძრა. ყურმილის ხმა, გაწყვეტილი ფიქრები,ნაფლეთებად ქცეული ჭაბუკის სული... ავადსახსენებელი  2008 წლის აგვისტო იდგა.


სალომე გედეხაური

ახმეტის III საჯარო სკოლა

გიორგი ანწუხელიძე                   


გიორგი ანწუხელძე დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონში, სოფელ ავემო ალვანში. 2001 წელს დაამთავრა ქვემო ალვნის საშუალო სკოლა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ქართულ ჯარში, შემდეგ კი კონტრაქტით წავიდა სამთავრობო ჯარში. 

9 თვის მანძილზე იმსახურა ერაყში, ბაღდადში. 2008 წლის მაისიდან  გიორგი ვაზიანის მე-IV  ბრიგადაში 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

გიორგი ანწუხელიძეს ჰყავს მშობლები, ორი და, მეუღლე და ორი შვილი.

,,არ დაიდარდო დედაო”...


მთაში ამბობენ, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს იცოცხლებ, არამედ იმას, როგორ მოკვდებიო. მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის ჯარისკაცი გიორგი ანწუხელიძეც ასე ფიქრობდა.  ცოტა ხანს იცოცხლა, სულ რაღაც 23 წელი, მაგრამ კაცურად გალია თავისი წილი წუთისოფელი. ალვანელი თუში ბიჭი ცხვარსაც მწყემსავდა და დედასთან ერთადაც შრომობდა, უვლიდა ოჯახს...

ერაყიც მოიარა, როგორც მშვიდობისმყოფელმა, 2008 წლის შემოდგომაზე ისევ უნდა წასულიყო...

მაკა ჩიკვილაძე, - გიორგის ქვრივი: ,,6 აგვისტოს მე და ჩვენი შვილი ლევანი გორის რაიონში, სოფელ ძვერაში გაგვგზავნა დასასვენებლად. რა იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა. 7 აგვისტოს გამთენიისას დავურეკე, შინ იყო, ეძინა. ვთხოვე, გული ცუდს მიგრძნობს, არეულობაა და თუ გამოგიძახებენ, თავს გაუფრთხილდი - მეთქი”.


... ის ვაჟკაცურად დაიღუპა. ტყვედ ჩავარდნილმა სამაგალითო გმირობა გამოიჩინა. მისი წამების ფაქტები ჯალათებმა უკვდავყვეს. ერთერთ სეპარატისტს მობილური ტელეფონით გადაუღია ამაზრზენი ვიდეო კადრები:  ქართველ ტყვეთაგან ყველაზე მაღალს, ვაჟკაცური გარეგნობით გამორჩეულს მისცვივდნენ სეპარატისტები, მოსთხოვენ დაიჩოქოს და მიწას აკოცოს. არ ემორჩილება და დაუზოგავად ურტყამენ სახეში (გვამს არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა შერჩენილი), მოითხოვდნენ მტრის ინტერესების მიხედვით მიეცა ჩვენება. კადრებში გარკვევით ისმის დაკითხვის ტექსტი. ერთერთი, ტყვის სომტკიცის გამო გაოცებას ვერ ფარავს და კადრში ისმის, ძალიან ძლიერი ბიჭიაო. ზოგი თავის მოჭრას უპირებს, ზოგი დახვრეტას, ვიღაც ცდილობს, მისი მოკვლა გადააფიქრებინოს ბანდას, - იქნებ ინფორმაცია გამოვტყუოთ, ნუ მოკლავთო, მაგრამ გიორგის გაუტეხელობა მოთმინების ფიალას უვსებს მხეცებს. ცხინვალის მე-V სკოლასთან, ძმათა სასაფლაოს ღობესთან მიაგდებენ და ჯერ რიგრიგობით შესდგებიან წიხლით, მერე კი...

კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს გაუჩინარდა ცხინვალის ომში. 5 თვის განმავლობაში უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით გადმოუსვენებიათ ქართველთან ერთ-ერთი მისი ცხედარი აღმოჩნდა. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.


როდესაც მისი სიკვდილი დადასტურდა და ის საშინელი ვიდეოკადრები გავრცელდა, მხოლოდ წამების დასაწყისის ნახვა შევძელი და დავრწმუნდი, რომ გიორგი აღარ მყავდა, მაგრამ დღემდე ველოდები. ელოდებიან გიორგის დედა და შვილები - ლევანი, რომელიც მაშინ მხოლოდ ათი თვის იყო და ანა, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ 7 თვეში დაიბადა. გიორგიმ სქესი არ იცოდა, ოცნებობდა ქალიშვილზე და ოცნება აუხდა... საუბედუროდ სტრესმა თავისი ქნა, გოგონა ტრამვირებული დაიბადა, ცალი ფილტვი თვენახევარი არ ეხსნებოდა და აპარატზე იყო მიერთებული” - იხსენებს მაკა.

გიორგის დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში გაგზავნა აგვისტოს ომთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ გიორგი ანწუხელძის წამებასა და დახვრეტას ეხება.

,,მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ გიორგის წამება მისი ეთნიკური წარმოშობითაც იყო განპირობებული. მას არ აპატიეს, რომ საქართველოს მოქალაქე იყო. იურისტების განმარტებით, დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოთხოვნები. იმ ამაზრზენ კადრებში ჩანს ჯალათების სახეები. მოვითხოვთ მათ დასჯას და  რუსეთისგან მორალურ და ფინანსურ კონპენსაციას. ამბობენ, რომ სტრასბურგში სარჩელის განხილვას წლები სჭირდება. ჩვენ დაველოდებით და ვიბრძოლებთ სასურველი შედეგის მიღებამდე. იოლი არ არის ჯარისკაცის ცოლობა, არც გმირის ცოლობაა იოლი და კიდევ უფრო რთულია გმირის ქვრივობა. მეც მმართებს გმირობა და ახლა შვილებთან ერთად ამისთვის ვიბრძვი”. - ამბობს მაკა.


გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

ეკა ლომიძე

2-8 აგვისტო, 2010

ის ერთი ალვანელი, ალვასავით მაღალი, თუშის ბიჭი იყო. დღეს გმირია...


     დედამისს დღემდე არ სჯერა, რომ ის მკვდარია. და როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე იცის, რომ მისი შვილი ცოცხალია.

        დღემდე ცრემლი არ ჩამოვარდნია თუშის ქალს...

ის შვილს დღესაც ელის. ელის, რადგან ასე უთხრა ოსის ქალმა, ნათესავმა, რომლის შვილიც ოსურ ჯარში მსახურობს... თუმცა სხვას ამბობს ,,დეენემი”... 

გიორგი ანწუხელიძე ახმეტაში, ალვანში დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში, 13-იოდე წლის ბიჭი იყო, მეწყერმა მათი სახლი რომ დაანგრია და ოჯახი აიყარა და ვაზიანში გადმოვიდა.

მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, რომ მის მეუღლეს დალხენილი ბავშვობა ნამდვილად არ ჰქონია. მამა ავადმყოფი ჰყავდა, ვერ მუშაობდა და გიორგის ჯერ კიდევ პატარაობიდანვე დააწვა მძიმე ტვირთი დედასთან ერთად, ის ინახავდა ორ დას, მამას, გამზრდელ მამიდას, მუშაობდა, ცხვარში დადიოდა, მერე ჯარში გაიწვიეს და მას შემდეგ ჯარში  მსახურობდა. 24 წლის 18 აგვისტოს უნდა გამხდარიყო...

ომში რომ წავიდა მისი ბიჭუნა 10 თვის იყო, - მეუღლე მეორე ბავშვზე ორი თვის ფეხმძიმე. ომში ისე წავიდა, ბავშვის სქესი არ იცოდა, გოგონა უნდოდა, და ჰყავს კიდეც - ანა ჯერ სამი თვისაც არაა... ანამ დაბადებამდე იგლოვა მამა - ყველა სტრესი მასზე გადავიდა და რომ დაიბადა, ცალი ფილტვი არ გაეხსნა, თვე-ნახევარი აპარატზე იყო მიერთებული ,,იაშვილის კლინიკაში”. თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, ექიმთა ძალისხმევით ანა მდგომარეობიდან გამოვიდა. დღეს შინაა დედასთან, თუმცა კვლავ ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა...

მისმა გმირმა მამამ და დედამისმა კი ერთმანეთი ამ სამი წლის წინათ რესტორანში გაიცნეს. მაკა ჩიკვილაძე ახლობლის დაბადების დღეში იყო. გიორგი, სხვა ჯარისკაცებთან ერთად, სავახშმოდ შევიდა იმ რესტორანში, მერე სუფრები გაერთიანდა, მაკამ ახლოს გაიცნო გიორგი, რომელიც ადრეც ენახა.


მაკა ჩიკვილაძე: ,,იმ საღამოს შემდეგ ხშირად მირეკავდა. ვხვდებოდით, თუმცა ბევრჯერ არც შევხვედრივართ, გიორგი მალევე წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე, დღეში ათასჯერ მირეკავდა, დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა, პოლიგონიდან რომ დაბრუნდა, დამირეკა, ნახვა მინდაო, მე არ გავედი, გვიანი იყო და გამიბრაზდა. მერე ისევ იმ რესტორანში ვნახეთ შემთხვევით ერთმანეთი, ვილაპარაკეთ და... ტაქსი გააჩერა, გაგაცილებო და დეიდამისთან წამიყვანა, აღარ გამომიშვა... 

მაშინ გიორგი სენაკში მსახურობდა, შინ იშვიათად იყო. შემდეგ კუჭის წყლულმა შეაწუხა, ჰოსპიტალში მკურნალობდა, ჯარს ჩამოშორდა, ოჯახს გაუჭირდა და ისევ აღიდგინა თავი, მეოთხე ბრიგადაში დაიწყო მუშაობა მეტყვიამფრქვევის თანამშემწედ, ომამდე ორი თვით ადრე.

6 აგვისტოს ცოლ-შვილი გორის რაიონში, ძევერაში გააცილა. 

მაკა ჩიკვილაძე:  ,,კარგად მახსოვს, ოთხშაბათი იყო და ვთხოვე, იქნებ პარასკევს ჩამოხვიდე-მეთქი, კიო ჩამოვალო. რაღაც არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით... საშინელება ატყდა, თავიდან მიწისძვრა გვეგონა, მთელი სახლი ზანზარებდა, სარდაფში ვიმალებოდით, მე დამირეკეს ნაწილიდან, გიორგის ზარი ჰქონდა გათიშული ტელეფონზე... მამიდასთან დავრეკე, გვიანი იყო, მამიდამ გააღვიძა გიორგი, იმ ღამეს წავიდა ომში. 7 რომ თენდებოდა... ვუთხარი, შეიძლება ცხინვალში წაგიყვანონ და თავს გაუფრთხილდი-მეთქი”...

ომი დამთავრდა, ჯარი თბილისში დაბრუნდა, გიორგი არ ჩანდა. არც ცოცხალი, არც მკვდარი. ოჯახს გიორგი დაღუპული ეგონა. ყველგან ეძებდნენ. ოქტომბერში, ოსის ქალი, რომლის ჯაჟიც ოსურ ჯარში მსახურობს, ეტყვის რომ გიორგი ცოცხალია და ორი კვირის წინ ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ოჯახს იმედი გაუჩნდა. მეტიც, დარწმუნდნენ, რომ ცოცხალია, თან, ,,კვირის პალიტრაში” წაიკითხავენ, რომ ,,ალანია” იღებს ფილმს, სადაც არის კადრები, თუ როგორ აწამებენ ოსები ქართველ კარისკაცს, მეოთხე ბრიგადის სერჟანტს - გიორგი ანწუხელიძეს. ოჯახი ,,ალანიას” მიმართავს და ფილმის გასვლამდე ნახავს კადრებს, სადაც გიორგი წელსზემოთ შიშველია, თავჩაღუნული, სცემენ, ზედ ადგებიან, ეკითხებიან, - სად იყავი გიორგი გუშინ? გიორგი პასუხობს, - აზრზე არ ვარო, გონებას კარგავს, წყალს ასხამენ.

ზუსტად არ იციან, როდინდელია ეს კადრები, ტელეკომპანია ამბობს, რომ აგვისტოს კადრებია.


მაკა:  ,,გიორგი ტყვედ ჩავარდა. მისი ძმაკაცი, თანამებრძოლი იყო ამოსული ჩვენთან, ნასვამი იყო და გვითხრა, ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ გიორგი ფეხში დაიჭრა 9 აგვისტოს, ბოლო შეტაკების დროს, სამმა ბიჭმა ნახა, ეხვეწებოდა გიორგი, აქ არ დამტოვოთ, წამიყვანეთ, სახლში ფეხმძიმე ცოლი მყავსო და არ წამოიყვანეს, მძიმე ხარ და ვერ გათრევთო, და ტყვედ ჩავარდა.

ვერ გავარკვიეთ, ვინ იყო ის სამი კაცი. არ ვიცი, ეჭვი მაქვს, რომ თვითონ იყო იმ სამიდან ერთერთი... ალბათ, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, თორემ გიორგი ტყვედ არ ჩავარდებოდა, ისიც ვიცი, რომ ჩემი ქმარი ასე არავის მიატოვებდა...

ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით, მაგრამ მერე 20 იანვარს მოგვივიდა პასუხი, რომ დაიღუპა. ბოლოს რომ გადმოასვენეს 10 მიცვალებული, მოემბერში იქ ამოვიდაო. იმის მერე აგვერია ყველაფერი, ვეღარ გავიგეთ მკვდარი იყო თუ ცოცხალი. გიორგი ტყვედ იყო ჩავარდნილი და ამოვიდა ომში დაღუპილ ბიჭებთან ერთად... არა და იმ კადრებში ჩანს, რომ გიორგი მარტოა ტყვედ... გვეუბნებიან დახვრიტესო. ერთ დღეს ეგ კადრები გადაიღეს, მეორე დღეს დახვრიტესო. დასკვნაც მოგვივიდა თავდაცვის სამინისტროდან, რომ დაღუპილია. ტყვეობის ამბებს ახლა სამხედრო პოლიცია იძიებს. ,,დეენემზე” ეჭვი არ მაქვს, ყველასი დაემთხვა და რა ვიცი... თან აღწერილობაში წერია, რომ კბილები არ აქვს, გიორგის ისე სცემდნენ, რომ კბილები არ შერჩებოდა, მაგრამ გვამის სიმაღლე არ ემთხვევა, ჩემი ქმარი 195 სანტიმეტრი იყო, იქ 182 სანტიმეტრი წერია...

გვამის ამოსაცნობად იყვნენ წასულები ჩემი და და გიორგის სიძე, ამოსაცნობი არაფერი იყო, ცარიელი ჩონჩხიღა იყო... ღუდუშაურის კლინიკაშიც მივედი, ნაკაშიძესთან, გიორგის ოცეულში იყო ის ბიჭი, ისიც ტყვედ ჩავარდნილი და გამოიხსნეს. ჯერ თავს იკავებდა, მერე თქვა, ბოლო დღემდე ერთად ვიყავითო, შეტაკება რომ მოხდა, გიორგი პირქვე ეგდო ძირსო, გაუნძრევლად იყოო. მკვდარი იყო თუ დაჭრილი, ვერ იხსენებს, ხან ერთს ამბობს ხან - მეორეს... 

ეჰ,.. ნაწილიდან რომ მოვიდოდა, სულ სახლში იყო ჩვენთან, ბავშვს არ შორდებოდა. აძინებდა, უვლიდა. რამდენჯერ შევსულვარ, გულზე ეწვინა და ისე ეძინათ მამა-შვილს... 27 აგვისტოს თანაცხოვრების 2 წელი შეგვისრულდა, 6 აგვისტოს შემდეგ აღარც მინახავს, აღარც მილაპარაკია, ვურეკავდი, მაგრამ სულ მიუწვდომელი იყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული... დეკემბერში ერაყში მიდიოდა. სულ ვეხვეწებოდი, არ წახვიდე, ერთი წელი რა გაძლებს უშენოდ-მეთქი და ახლა სულ წავიდა...

რეზო შატაკიშვილი

,,პრაიმ-ტაიმი” 

15 ივნისი, 2009 წელი





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.03.2022
ბოლო რედაქტირება 09.03.2022
სულ რედაქტირებულია 9





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0