ზურაბ ტატულაშვილი
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1988 - 2008
ზურა 1988 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალში დაიბადა, ის კონფლიქტის ზონაში სოფელ ფლავისმანში გაიზრდა. ზურა ტატულაშვილი 19 წლის იყო რუსულ აგრესიას რომ ემსხვერპლა...
აგვისტოს ომში მან ყუმბართმტყორცნით ასეული გადაარჩინა – მათ დასახოცად დაძრული, რუსული სამხიდიანი მანქანა ააფეთქა და თავისი თანამებრძოლების სიცოცხლე იხსნა.
ზურა ტატულაშვილი მხედრულ ვალს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში იხდიდა. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ კონტრაქტით მუშაობის გაგრძელებას გეგმავდა.
მარინა ტატულაშვილი, ზურას დედა: „6 თვე მსახურობდა სულ... 7 ივლისს ჩვენს სოფელში დღეობაა და იმ დღეს ჩამოვიდა. მეორე დღესვე წავიდა, ჩემი ბიჭებიც მიდიან და მეც აუცილებლად უნდა ჩავიდე თბილისშიო. რა იცოდა, რომ სახლში უკანასკნელად მოდიოდა და თან უკანასკნელად უნდა ვენახეთ...სახლიდან ბოლოს 8 ივლისს წავიდა. რომ მიდიოდა, მითხრა, დედა, რაღაც გული არ მიმიწევს, დამძიმებული ვარ, რა მომდის არ ვიციო. სახლიდან ძალიან გულდაწყვეტილი გავიდა, ხელი გადამხვია და მითხრა, ჩემს დაბადების დღეზე, რომ ჩამოხვალ, იქ გაიგებ, მე როგორი სახელით ვსარგებლობო. დავპირდი დიდ ტორტს გამოგიცხობ და ყველაფერს ამოგიტან-მეთქი....“
შინიდან გასული ზურა კლასელებმა და ძმაკაცებმა გააცილეს. ძმაკაცები ომის შემდეგ იხსენებენ გამომშვიდობების სცენას...
დედა: „მარშრუტკა რომ გაუჩერებია, ჩაჯდომას აყოვნებდა, დიდხანს გვემშვიდობებოდაო... მძღოლს დაუძახია, დაჯექი ბიჭო, რას მაცდევინებ ამდენი ხანიო....“
ჩავიდა და იმავე დღესვე, 8 ივლისს წაიყვანეს კოდორში. ერთი თვე იდგნენ კოდორში, უკვე თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ომი დაიწყო და თბილისის ნაცვლად, ცხინვალში წავიდნენ...
დედა: „როგორც გადმოცემით ვიცით, ყუმბართმტყორცნით იბრძოდა. მეთაურს უკითხავს, ამ იარაღს ვინ დაიჭერსო, ჩემი შვილი გამოსულა წინ და უთქვამს, ჩემს მხარეშია ომი და ამ იარაღს მე დავიჭერო...ზურა პირელ ხაზზე მდგარა, ბიჭები ამბობდნენ, ზურა რომ არ ყოფილიყო, მთელი ასეული აღარ ვიქნებოდითო. რუსების სამხიდიანი მანქანა მოდიოდა ჯარისკაცებით დატვირთული, ყველას ამოგვხოცავდნენო, ზურას უსვრია იმ მანქანისთვის და აუფეთქებია. როგორც გვითხრეს, 8 აგვისტოს, ცხინვალში, სკოლასთან დაიღუპა სნაიპერის ტყვიამ შეიწირა ზურას სიცოცხლე. ამბობდნენ, ზურა მეორედ შებრუნებულა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად, ერთ-ერთ დაჭრილს მივარდნია, შემოხვევია და ამ დროს ესროლა სნაიპერმა... მაშინვე დაღუპულა. ის დაჭრილი ბიჭი გადარჩა, ჩემმა შვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაჭრილი ბიჭის სიცოცხლე იხსნა...სამი დღე გვესვენა, ორშაბათ საღამოს ნაუცბათევად გაჭრილ სამარეს მივაბარე შვილი, მივასვენებდით და რუსული თვითფრინავები ძალიან დაბლა, ჩვენს თავზე დაფრინავდნენ...“ორგი- იმ ასაკში დააობლა, რა ასაკშიც თვითონ დაობლდა.
ინფორმაცია მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ