სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ანდრია კობაიძე (კალმისწვერა) 1860-1923წწ პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე დაბ. სოფ. სიონი, სტეფაწმიდა (ყაზბეგი) ანდრია კობაიძე (კალმისწვერა) 1860-1923წწ პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე დაბ. სოფ. სიონი, სტეფაწმიდა (ყაზბეგი)

1860-1923 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კობაიძე სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ანდრია კობაიძე (კალმისწვერა) 1860-1923წწ პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე დაბ. სოფ. სიონი, სტეფაწმიდა (ყაზბეგი)

ანდრია კობაიძე კალმისწვერა  (ფსევდონიმი) 1860-1923წწ


კატეგორია: პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიონი, ყაზბეგის რაიონი.


ალექსანდრე ყაზბეგის შემდეგ ანდრია კობაიძე იყო ის პიროვნება, რომელიც დაუღალავად იბრძოდა იმისათვის, რომ რამენაირად შეემსუბუქებინა ხევის მოსახლეობისათვის შრომა და გასაჭირი. პრესაში ის სისტემატურად აშუქებდა იმ უსამართლობას, უსულგულობას და ხალხის ჩაგვრას, რომელსაც ადგილობრივი მმართველობა ახორციელებდა. ანდრია კობაიძე ხევში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, მიხეილ ყიფიანთან, იაკობ გოგებაშვილთან, იონა მეუნარგიასთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან. ამის საილუსტრაციოდ მეტად საგულისხმოა ილია ჭავჭავაძის წერილი ანდრია კობაიძისადმი. ანდრია კობაიძის ოჯახში შემორჩენილია ხევში სკოლების "გამართვის" მეტად საყურადღებო მასალები, წერილები და სხვადასხვა სახის დოკუმენტები, ხევის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მრავალი სხვა პრობლემების შესახებ; ანდრია კობაიძის სტატიები, წერილები, ნაკვესები, ფელეტონები და სხვადასხვა სახის კორესპონდენციები ხშირად "კალმისწვერას" ფსევდონიმითაც იბეჭდებოდა "ივერიის", "დროების", "მწყემსის" და სხვა გაზეთების ფურცლებზე. ანდრია კობაიძეს თავდაპირველად სამხედრო გზის მშენებლობაზე დამხმარე მუშად უმუშავია, სადაც გამოუჩენია იმდენად დიდი შრომის ხალისი და უნარ-ცოდნა, რომ დაუნიშნავთ გზის ოსტატად მეტად რთულ და საპასუხისმგებლო უბანზე. სოფელ სიონში, სადაც იგი ცხოვრობდა, მისი სამუშაო მაგიდა და კარადები გავსებული იყო წიგნებით ქართულ და რუსულ ენებზე. ანდრია აქტიურად მოღვაწეობდა იმდროინდელ პრესაშიც.


იგი ათავსებდა წერილებს და კორესპონდენციებს მოხევეთა ავ-კარგზე და საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობის ისტორიაზე. ანდრია კობაიძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა აკაკი შანიძესთანაც. 1913 წელს ახალკურსდამთავრებული აკაკი შანიძე პეტერბურგის უნივერსიტეტიდან ნიკო მარის ხელდებით საქართველოს მთიანეთში სამეცნიერო მივლინებით გამოიგზავნა. აკაკი შანიძეს საქართველოს მთიანი რეგიონების ფოლკლორის და ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება-შესწავლის საპატიო მისია უნდა შეესრულებინა. ამ საქმეში დიდი დახმარება გაუწია ანდრია კობაიძემ, რომლისგანაც ჩაიწერა აკაკი შანიძემ ოცდაათამდე ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუში და რომელიც შესულია მის თხზულებათა თორმეტტომეულის პირველ ტომში. ანდრია კობაიძე განსაკუთრებით განიცდიდა ხევის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. მოსახლეობის ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენდა მეცხვარეობა, რომლის გაძღოლის სისტემაც ძალზე დაუხვეწავი, წინააღმდეგობით სავსე და უმძიმესი იყო. ის ყოველნაირად ცდილობდა, რომ ამ დარგის აღორძინებისა და მეცხვარეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საქმეში შეეტანა თავისი წვლილი. ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ მან 1897 წლიდან დაიწყო ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე ცხვარ-მეცხვარეებთან ერთად მოგზაურობა და გამოზამთრება. ანდრია ოთხი წლის განმავლობაში ცხვარ-მეცხვარეობის მძიმე ხვედრს იზიარებდა; გვერდში ედგა მეცხვარეებს და შეუპოვრად ებრძოდა მათ საქმიანობაში არსებულ დიდ უსამართლობას. 1901 წელს მან შექმნა ნარკვევების სერია: მეცხვარეთა ცხოვრების წესზე, ჩვეულებაზე, თერგის ოლქისა და ყიზლარის ტერიტორიის განსახლებაზე, ეთნოგრაფიულ, ეკონომიკურ, სოციალურ-ისტორიულ და სხვა საკითხებზე, რომელიც გაზეთ "ივერიაში" ქვეყნდებოდა. მაშინ, როდესაც 1918 წლის გაზაფხულზე დარიალიდან ცდილობდნენ საქართველოში რუსული ძალები შემოჭრას და საქართველოს მთავრობის დამხობას, ანდრია კობაიძე მტკიცედ დადგა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სადარაჯოზე. სიტუაცია უაღრესად რთულად განვითარებულა. მდგომარეობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი იყო. შეტაკება ბრბოსა და სტეფანწმინდელებს შორის ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. მაშინ ორივე მხრიდან მოსალაპარაკებლად თავკაცები ამოურჩევიათ, თვითოეული მხრიდან 24 კაცი, რათა არ მომხდარიყო ძმათამკვლელი შეტაკება. ანდრია კობაიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან იყო არჩეული.


წყარო: ხევის ღირსეული შვილი ანდრია კობაიძე : გარდაცვალებიდან 90 წელი / ნუგზარ ოდიშვილი // ამერ იმერი : დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი. - თბილისი, 2013. - ISSN 2233-3479. - N1. - გვ.301-308 (dspace.nplg.gov.ge)


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტეფანწმინდის განყოფილება, დამხმარე წევრი (1890-)

ბიბლიოგრაფია

რაღა ბევრი მოგახსენოთ : წერილები ხევიდან (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 234გვ.


ნატო ავსაჯანიშვილი ხევის ამბები

გაგიზიარებთ ანდრია კობაიძის გამოქვეყნებულ სტატიის გაგრძელებას სათაურით :”მთის ქალის ცხოვრება”,რომელიც დაიბეჭდა 1920 წლის 29 ივლისის გაზეთ “ერთობის” ნომერში. პირველი ნაწილი რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ.

ავტორი პირველ ნაწილში თითქმის სრულად და დეტალურ აღწერდა მთის ქალის რთულ ყოფას მოხევე ქალის მაგალითზე.

ამჯერად მოგვითხრობს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ხევში არსებობდა ერობა,რომელიც შედგებოდა ხმოსნებისგან. მათი გადაწყვეტილებით შეიქმნა კომისია და დაიწერა სახელმძღვანელო-ინსტრუქცია რომელიც სრულად იცავდა ხევში ქმრისგან მიტოვებულ ცოლშვილს და დაქვრივებულ ქალს.

როგორც სტატიის მე-9 პუნქტიდან ირკვევა,ამ ინსტუქციის მიხედვით ხევში ახალდაქორწინებულები ვალდებულნი იყვნენ შეედგინათ ხელშეკრულება,სადაც დაფიქსირდებოდა ის ქონება რომელიც ქალს მიჰქონდა გათხოვებისას და ასევე ის რასაც ქმარი ახვედრებდა,რადგან განქორწინების შემთხვევაში ზედმეტი უსიამოვნება აეცილათ თავიდან. 

ნამდვილად შთამბეჭდავი,გასაოცარი და დასაფასებელია ის გადაწყვეტილება,რომლის მიხედვითაც 100 წლის წინ მოხევე ქალების უფლება იყო დაცული ხევის ერობის მიერ. 


  პროვინცია

                   მთის ქალის ცხოვრება

                          სტეფან-წმინდა 

                          (დასასრული)

საზოგადოთ ჩვენმა მოხევეებმა დაიწყეს ხშირათ განქორწინება,ცოლშვილზედ ხელის აღება და უკანონოთ ახალ ქალებზე სამოქალაქო წესით ქორწინება. ზოგმა უდროოთ დააობლა წვრილი შვილები და დედები მათი ულუკმაპუროთ გაისტუმრა მშობლებთან.

 ამიტომაც ხევის ერობის ხმოსნებმა გასული მაისის 23-ს საერთო სხდომაზე ერთხმად დაადგინეს,რომ ამ სენს რამე წამალი დაედოს და ბოლო მოეღოს ქმრების მიერ ჩადენილ მხეცურ საქციელს. ხმოსანთ ამოირჩიეს თავის შორის კომისია,სამი კაცისგან შემდგარი,რომელთაც შეიმუშავეს და დასწერეს ამისთანა განქორწინებულთათვის სახელმძღვანელო (ინსტრუქცია) თანახმად ადგილობრივ ზნე-ჩვეულებისა.

1)უკეთუ ცოლი ქმარს უმიზეზოდ გაექცა,მაშინ მას არ შეეძლოს ქმარისგან რაიმე საზრდოს მოთხოვნა,თუნდა ქმარს დიდი ქონებაც ჰქონდეს.ამ შემთხვევაში ქმარს ნება უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი ქორწინებისა.

2)უკეთუ უმიზეზოთ ქმარმა ცოლი დაითხოვა,მარტო იმ მოსაზრებით,რომ მას სხვა ქალი მოსწონს და მასთან უნდა იქორწინოს,მაშინ ქმარი თავის თავად განშორდეს ოჯახს და სადაც უნდა იქ იქორწინოს ოჯახის ქონების ხელშეუხებლათ,სხვა ქალთან იცხოვროს ოჯახის გარეშე,სადაც უნდა.

3)მცირე წლოვანი ბავშვები უნდა სცხოვრობდნენ დედასთან ერთად მამისეულს სახლში,ვიდრე იგინი სრული წლოვანნი შეიქმნებიან და თუ მათ მამის ოჯახში შესანახავი სახსარი არ აღმოუჩნდება რამე,მაშინ მამა მოვალე არის,მცირე წლოვან ყმაწვილებს აძლიოს საზრდო თავის საკუთარის შრომიდან,ვიდრე იგინი სრული წლოვანნი შეიქმნებიან.

4)როდესაც ყმაწვილები სრული წლოვანნი შეიქმნებიან,მაშინ შესაძლოა,რომ მოისურვონ მამასთან ცხოვრება,მაგრამ მაინც და მაინც მათ მოხუცის დედის იმ სახლიდან დათხოვნა არ შეიძლება და პირიქით,დედას მოხუცობის ჟამს უნდა აძლიონ შვილებმა შეძლებისდაგვარათ საზრდო! წინააღმდეგ შემთხვევაში დედას შვილებისას სრული უფლება ეძლევა მთლათ მიითვისოს უძრავ-მოძრავი ქონება კუთვნილი ქმარისა და შვილებისა.

5)თუ ქონების შემოსავალმა უძლური დედა ვერ დააკმაყოფილა,მაშინ დედას უფლება ეძლევა,რომ ყველა უძრავ-მოძრავი ქონება გაჰყიდოს ქმრისა და შვილებისა დაუკითხავათა და თავის გამოსაკვებავათ მოიხმაროს.

6)დაქვრივებული ქალები რა ხნისაც უნდა იყვნენ იგინი თუ კანონიერი ცოლქმრები იყვნენ,ქმრის სახლში იმ დრომდე უნდა დარჩნენ ვიდრე იგი ქმარს გაჰყვებოდეს და თუ მოისურვებს შეიძლება სამუდამოთაც გაუთხოვარი დარჩეს.მაშინ იგი,ქვრივი ქალი სრული მფლობელი უნდა იყვეს ქმრის ნაქონის სახლ-კარისა და უძრავ-მოძრავი ქონებისა,ამ შემთხვევაში ქმრის ნათესაობას ნება არა აქვთ ქვრივის დათხოვნის და ქონების ჩამორთმევისა,ვინაიდან მეუღლეთა ოფლით და შრომით შეძენილი არის ქონება.რადგანაც ეს ჩვეულების მიხედვით თითქო დაკანონებული იყო ქვრივის განდევნა და ქონების ქმრის ნათესავების მიერ მითვისება! მას არ შეეძლო ქმრის სახლიდან რამე ქონების წაღება,გარდა თავის საკუთარი ტანისამოსისა,ლოგინისა და თან მოტანილი სხვადასხვა ნივთებისა..

7)უკეთუ გარდაცვლილ მშობელთა ობლები განურჩევლათ სქესისა,არიან თანასწორი ძენი მშობლებისა და მათ შორის არ უნდა იყვეს განსხვავება,ვიდრე ესენი დასრულწლოვანდებიან და ქალები დათხოვდებიან. მხოლოდ მათ დაენიშნოთ აპეკუნი,რათა მცირე წლოვანთა ქონება ქვრივმა ან ნათესავებმა არ გაფლანგონ..

8)უკეთუ დედ-მამით დაობლებული მცირეწლოვანი ბავშვები(შეიძლება დედის გათხოვებითაც) დარჩნენ,მათ აღარავინ ჰყავთ შემნახველი,მაშინ ერთ-ერთი ახლო ნათესავთაგანი თუნდა მამის მხრით და თუნდა დედის მხრით ბავშვებს მიიღებს და მათი უძრავ-მოძრავი ქონებითაც ის ისარგებლებს,ვიდრე ეს მცირეწლოვანნი აღიზრდებიან,მხოლოდ ქონების რაოდენობა ანუ შემოსავალი მათის დედულ-მამულის და ცხვარ-საქონლისა ცხადი უნდა იყვეს ერობის გამგეობასთანა და ხმოსანთანა,რომელთა ვალი არის თვალყური ადევნონ მცირეწლოვანთ ქონებას და მის წესიერათ მოხმარებას ობლებისთვის..

უკეთუ დაობლებულთ არ აღმოუჩნდებათ არავითარი სახსარი არსებობისა და არც გულშემატკივარი ახლო ნათესავი,მაშინ ერობამ უნდა იკისროს საერობო ხარჯით.(ეს სახელმძღვანელო არის დროებითი,ვიდრე საერთო კანონი გამოიცემოდეს და სოფლებში მოეწყობოდეს ობოლთა თავშესაფარი).

9)ამ სახელმძღვანელოს შედგენის დროს კომისიამ საჭიროთ დაინახა დაევალოს ახალ მექორწინეთ ჯვარის წერის წინათვე იქონიონ პირობის ხელშეკრულებაც,რომელშიაც აღნიშნული უნდა იყვეს,რა ქონება მიაქვს ქალს მამაკაცთან,რა დახვდება ქალს ქმრის სახლში,სადაც აღინიშნება ახლათ შეძენილი მათ მიერ ქონებაც,რომ შემდეგი თუ განქორწინება მოხდა,ამ სიის მეოხებით გაუადვილდეს ერობის ხმოვანთ ცოლ-ქმართ შუა ჩამოვარდნილი შფოთის ადვილათ დაბოლოვება და საქმის გარჩევა.

10)აუცილებლათ ყოველივე მეუღლეთა შორის ჩამოვარდნილი დავა და უსიამოვნება უთუოთ უნდა ირჩეოდეს და გასამართლდეს ერობის ხმოსანთა მიერ,ადგილობრივ ზნე-ჩვეულებების და პირობების მიხედვით აქვე და არა ადმინისტრატიულის,კონსტისტორიული განსამართლებით და ბრძანებით,რადგანაც  ხალხის ხმის უმეტესობით გადაწყვეტილი საქმე უფრო სამართლიანი უნდა იყოს,ვიდრე სამოქალაქო,სასულიერო,საადმინისტრაციო და საქალაქო მოხელეებისგან გარჩეული!

11)ხმოსანთა გადაწყვეტილება ამა თუ იმ მეუღლეთა შესახებ სწრაფათ აღსრულებაში მოყვანილი უნდა უნდა იქნას ყოვლის უარის უთქმელათა და პირუთვნელათ - მილიციის  უფროსის მიერ,რათა ერთ-ერთმა გასამართლებულმა მეუღლემ თავისი ქონება არ გადასცეს განგებ სხვას ან გაყიდოს და ასე არ დასტოვოს უსახლკაროთ და ულუკმაპუროთ კანონიერი განტოვებული ცოლი და უსუსური შვილნი.

12)სახელმძღვანელო ესე მიღებული უნდა იყვეს ხმოსანთა მიერ და პირი ამისა გაეგზავნოს დუშეთის სამაზრო ერობას.

ამ სახელმძღვანელოს ექმნება კერძოთ მოხევეთათვის დროებითი ხასიათი,რადგანაც განქორწინება და ცოლის ანუ შვილთა განდევნა(უღვთოთ დაობლება უსუსურის ბავშვებისა) გადამდებ სენსავით მოედვა ჩვენს ხალხსა და დღეს მრავლათ არიან უბინაოთ,უსახლკაროთ,ულუკმაპუროთ გარეკილნი,ამასთანავე ზოგს ისევ მშობლებთან უფარია თავი,ზოგი კავკავისკენ იხიზნება,სადაც განიცდიან საშინელ სიმშილს და სიტიტვლეს.შემდეგ  კი,როდესაც დამფუძნებელი კრება გამოსცემს საერთო კანონს,რომელიც სავალდებულო იქნება მეუღლეთა ქორწინებისა თუ განქორწინებისა,მაშინ რასაკვირველია ეს ინსტრუქცია თავის თავათ გაუქმებული იქნება ჩვენშიაცა.მაგრამ საჭირო არის,რომ რაც უნდა წესდება გამოიცეს,უსათუოდ ხალხის ზნე ჩვეულებაც უნდა იყოს სახეში მიღებული,დაკანონდეს ის,რომ ქალი და ვაჟი თანასწორი იყვნენ ყველაფერში.ისევე უნდა დაკანონდეს,რომ ცოლშვილიანი ოჯახი, როდესაც განქორწინდება ხდება ქონებრივათ,ყოველს ოჯახის წევრს თანასწორი ერგოს საერთო ქონებიდანა.

ანდრია კობაიძე

გაზეთი “ერთობა”

1920 წელი

29 ივლისი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.04.2023
ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0