ალექსანდრე აბაშელი (იგივე ალექსანდრე (ისაკ) ბესარიონის ძე ჩოჩია; დ. 27 აგვისტო [ ძვ. სტ. 15 აგვისტო], 1884, საჩოჩიო — გ. 27 სექტემბერი ან 29 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი პოეტი და ფანტასტი-მწერალი.
დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი საჩოჩიო(ახლანდელი აბაშისპირი).
ქართველი პოეტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდეციები. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა. აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას. ალექსანდრე აბაშელის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები "ქალი სარკეში" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.17
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ქალი სარკეში : ფანტასტიკური რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 400 გვ.
- ატმის ყვავილი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 28გვ.
- გაბზარული სარკე : ლექსები (ავტორი). - S.L., ზარია ვოსტოკა-ს სტ., 1929. - 136გვ.
დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
---|
წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა