სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი აფციაურთა.

ეგრე უბნობენ, თითქოს ქისტეთით გუდამაყარში გადმოხვეწილან ძმანი აფი და ჩაღი. აფი ათნოხს დამდგარა, ჩაღი – ჩოხს. ძმათაშვილნი ყოფილან თურმე აფციაურნი და ჩოხელნი.

მერმე ხევსური – შატილიონი ჯალაბაური გადმოიხვეწა გუდამაყარში და ძველ აფციაურთა გვარზე შემოდგა ფიცით.

მერმე მახევე – გორისციხელი ავშაჯანიაური მოსისხლეთ გამოერიდა გუდამაყარში და ესეც აფციაურთა გვარს შემოეყარა ფიცით.

ერთიც მოდგა ჟამი განსაცდელი, ჟამი ვაჟობისა და სწორთა მჯობინობისა. ჯალაბაურთ აფციაურნი ზურაბ ერისთვისშვილს გაჰყვნენ კახეთს, თუშთა და ფშაველ-ხევსურთა ლაშქარში გაერივნენ, ბახტრიონს ციხის გალავანს გადაევლნენ, ხმლითა სცეს ყიზილბაშთ და სახელი და გუდამაყრის ნაცვლობა მოიპოვეს. წელი იყო 1659.

ხსოვნაში შემორჩნენ პაპი და გივი ჯალაბაურთ აფციაურნი – ნაცვალნი გუდამაყრისა, დუმაცხოს მამასახლისი აფციაური შიო და წინამხრის მამასახლისი აფციაური ჯალაბა.

1795 წლის 11 სექტემბერს, გამთენიისას, აფციაურნი კრწანისის ველზე იდგნენ არაგველთა შორის.

დუმაცხოს ჯალაბაურთა ძირის აფციაურთ ციხე სდგმიათ “შორით მზარავი მტერთა”.

ვერ იტევდა გუდამაყარი აფციაურთა სიმრავლეს, ბარად მოედინებოდნენ ჟამითი-ჟამად. ახალ სამოსახლოზე ახალი გვარის სახელნი დაერქმიათ ახალმოსახლეთ ადგილ-ადგილ.

ეგრე, ფსუტურნი და ჯაბაურნი – ქსანზე და ჯავარაშვილნი – ერწოს აფციაურთა შტონაყარნი გვარნი არიან.

ძირად აფციაურთა და აფციაურთა გვარზე შემომდგარ-შემოფიცულთა და აფციაურთა შტონაყარ გვართა საერთო სალოცავებია: ზეგარდის წმინდა გიორგი, დუმაცხოს სახმთო მაღალი და ათნოხს წვერის ანგელოზი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აფციაურნი გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.

ამჟამად აფციაურნი ცხოვრობენ: გუდამაყარში, შიდა ქართლში, ალგეთზე და თრიალეთში, სამცხეში, გურიაში, ერწო-თიანეთში, გარე და შიგნით კახეთში, ქიზიყში, შირაქში და ჰერეთში, ეგრეთვე ჩრდილოის მხარეს, კავკასს გადაღმა: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის და დიდი ნოღაის ველებზე.

საქართველოში აფციაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5000-ს აჭარბებს.