სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ვასილ (ბასილ) ალექსის ძე ფირცხალავა 1923-1960წწ მღვდელმონაზონი დაბ. სოფ. ზუმი, ჩხოროწყუ ვასილ (ბასილ) ალექსის ძე ფირცხალავა 1923-1960წწ მღვდელმონაზონი დაბ. სოფ. ზუმი, ჩხოროწყუ

1923-1960 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ფირცხალავა სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

229       ბეჭდვა

ვასილ (ბასილ) ალექსის ძე ფირცხალავა 1923-1960წწ მღვდელმონაზონი დაბ. სოფ. ზუმი, ჩხოროწყუ

მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხალავა – ერისკაცობაში: ვასილ ალექსის ძე ფირცხალავა (დ. 16 იანვარი1923ზუმიჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი — გ. 1960 ბეთანიაკვესეთი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მღვდელმონაზონი.


დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ზუგდიდში, შემდეგ წალენჯიხის პედაგოგიურ სასწავლებელში. 1942 წ. ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ვასილის გამოსვლა სახელმწიფო გამოცდაზე ფირზე იწერებოდა. სტუდენტობისას მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ბერ-მონაზვნური ცხოვრება არჩია და 1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მივიდა

ბეთანიის მონასტერში იმ დროისთვის ორი გამოჩენილი ბერი — მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მოღვაწეობდნენ. მონასტერს ხშირად სტუმრობდა მამა გაბრიელი. მამა ვასილი იყო მამა გაბრიელის თანამებრძოლი; მათ ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ — მამა გიორგი (მხეიძე). 1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით მამა ვასილს შემოსა მცირე სქემა1955 წლის 10 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ვასილს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მამა ვასილს მღვდელმთავრობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა: „სიტყვა მაქვს მიცემული, რომ ვემსახურო მამა იოანეს და მამა გიორგის და არ დავტოვო ბეთანიის მონასტერი ჩემს, ან მათ გარდაცვალებამდე“.

კომუნისტურ ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ სასულიერო პირთა დევნა გამძვინვარდა. იმ პერიოდში, როდესაც მამა ვასილი ბეთანიის მონასტერში მივიდა, იქ ყოფნას მოხუცებსაც კი უკრძალავდნენ. ახალგაზრდა კაცის გამოჩენა კი ყველას უკვირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ მამა ვასილს დაეტოვებინა მონასტერი, მაგრამ ღვთის სიყვარულით აღსავსე ბერის ნება ვერ გატეხეს. მამა ვასილი მტკიცედ ამბობდა: „მე მონასტერს არ დავტოვებ“. როდესაც არც დევნამ და არც მუქარამ შედეგი არ გამოიღო, მამა ვასილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბერის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ დაიბეჭდა ამერიკაში გამოცემულ ჟურნალ „მართლმადიდებლურ სიტყვაშიც“.

მამა ვასილი ანდერძის თანახმად, უნდა დაეკრძალათ ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს გვერდით, მაგრამ მისი სურვილი არ აღსრულდა და ის დაიკრძალა მის მშობლიურ სოფელ ზუმში.


მამა ვასილ ფირცხელავა – 100


მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მოღვაწე მღვდელმონაზონ ვასილ ფირცხელავას (1923-1961) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ადგილობრივი სამღვდელოების მიერ აღევლინა საღვთო ლიტურგია, რომლის შემდეგაც მღვდელმონაზვნის საფლავზე გადაიხადეს მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

წარმოვადგენთ ზოგიერთ ნაწყვეტს იმ დღეს მწირველ მამათა ქადაგებებიდან, დაკავშირებულს მამა ვასილის პიროვნებასა და ღვაწლთან.


არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)

მღვდელი მიქაელ ლაგვილავა, ზუმის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი:

მამა ვასილს ურთულეს დროში, ათეიზმის ბობოქრობის ჟამს მოუწია მოღვაწეობამ. ცხადია, ეს მისი არჩევანი იყო. მეგობრების შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან მონაზვნობა, იგი უპასუხებდა, რომ სწორედ ახლა სჭირდებოდა ეკლესიას. მამა ვასილს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ათეიზმის დამღუპველი იდეოლოგია და ცდილობდა, ეს ყოველივე განემარტა ხალხისათვის. ერთია, როდესაც შენ გწამს ღმერთის არსებობისა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც ღმერთზე ქადაგებ და ადამიანებს მაცხოვნებელი მოძღვრება-სარწმუნოებისკენ მოუწოდებ. სწორედ ეს სამოციქულო მისია იტვირთა მამა ვასილმა იმ დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი განსაკუთრებულ გაბედულებას მოითხოვდა. გვაკვირვებს მისი სიმდაბლე, მორჩილება... მან ჭეშმარიტად აღასრულა ქრისტეს მცნება: თავი დადო მოყვასისათვის, სამშობლოსა და ეკლესიის ერთგულებისთვის, ჰქონდა რა რწმენისმიერად გაცნობიერებული, რომ არსებობს ის მარადიული სიცოცხლე ქრისტეში, რომლითაც, გვჯერა, რომ ხარობს და ნეტარებს.


მღვდელი გიორგი ქვარცხავა, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური:

მღვდელმონაზონ ვასილ ფირცხელავას ცხოვრება, შეიძლება ითქვას, იმ ადამიანებსაც ამხელს, გამორჩევით - ასაკოვნებს, რომლებიც ხშირად ამბობენ: ჩვენ კომუნისტური რეჟიმის დროს აღვიზარდეთ, რის გამოც ჩვენთვის უცხოა სინანულისა (აღსარება) და ზიარების საიდუმლონი, ამიტომ არ გვაქვს გამოცდილება ეკლესიურად ცხოვრებისაო. ნიშანდობლივია, რომ მამა ვასილმა სწორედ იმ დროს თქვა უარი საერო კარიერულ წინსვლაზე და მოვიდა ეკლესიაში, როდესაც იგი ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა უმეტესობისგან ზურგშექცეული და დავიწყებულიც კი იყო. მამა ვასილი იმდენად თავმდაბალი გახლდათ, რომ უარი თქვა კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის შეთავაზებაზე, ხელი დაესხათ ეპისკოპოსად - არა მარტო იმ მიზეზით, რომ პატივს ნამდვილად გაურბოდა, არამედ თავისი სულიერი მოძღვრები, ბეთანიაში მოღვაწე მამები მოიმიზეზა - მათ ვერ დავტოვებო. მახსენდება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან ასეთი ადგილი: მეფე აქაბის ზეობისას გავრცელებული იყო კერპთაყვანისმცემლობა, კერძოდ, ბაალის ღვთაებისადმი თაყვანისცემა ისრაელიანთაგან. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უციათ ბაალის კერპისათვის. სწორედ ამის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაში ათეისტური კომუნისტური რეჟიმისას უფალს ფარულად ჰყავდა ცოტა, მაგრამ სიწმინდითა და თავდადებით გამორჩეული მამები, წმინდა აღმსარებელნი: იოანე მაისურაძე, გიორგი-იოანე მხეიძე, გაბრიელ ურგებაძე, რომელთა გვერდითაც მოღვაწეობდა მამა ვასილიც, თამამად შეიძლება ითქვას - მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მნათობთაგანი.


მღვდელმონაზონი ეგნატე (ესართია), ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მღვდელმონაზონი:

მამა ვასილი ჩვენთვის მრავალმხრივ სამაგალითოა. ადამიანი, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი, მიიღო კარგი განათლება, უარს ამბობს მიწიერ კეთილდღეობაზე და მონაზვნობის გზას ირჩევს. იგი ამბობდა, რომ რელიგიას თავდადებული ადამიანები სჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქვეყანას სრული უღმერთობა და ურწმუნოება მოიცავდა. თვითონ აღმოჩნდა ასეთი, ვინც ხორციელზე მაღლა სულიერი დააყენა, მიწიერში ზეციური არ გაცვალა, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას შეეწირა.


ძლევამოსილი ღვთისაგან

XX საუკუნეში ურწმუნო ხელისუფლების ხანაში მოღვაწე ღირსეულ სასულიერო პირთა ცხოვრების შესწავლა და გამომზეურება საშური საქმეა. ამ მხრივ, ბევრია გასაკეთებელი. თანამედროვენი ვალში ვართ იმ სამღვდელოების წინაშე, რომლებმაც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, სარწმუნოება შეუნარჩუნეს ჩვენს ერს. ერთ-ერთი მათგანი მღვდელმონაზონი ბასილი (ფირცხალავა), გახლავთ რომლის ცხოვრების შესწავლა თავს იდო მისმა ნათესავმა ლევან ფირცხალავამ.


მღვდელმონაზონი ბასილი


ორიოდე წლის წინ გადავწყვიტეთ, შეგვეგროვებინა მასალა მამა ბასილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მასალების მოკვლევა ამჯერედაც მიმდინარეობს. ჩვენ ვეყრდნობით მამა ბასილის ნათესავების, მეგობრების მონათხრობებს, საპატრიარქოს არქივში დაცულ მასალებს, ასევე სასულიერო პირებისა და სოფელ ბეთანიაში მცხოვრებთა მოგონებებს, თავად ბეთანიის მონასტერში მოსალოცად თუ ექსკურსიაზე ჩასულ ადამიანთა მონათხრობებს. დაგროვდა საკმაოდ საინტერესო და მრავლისმეტყველი მასალა, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, თუ რამდენად დიდი ბერი მოღვაწეობდა ბეთანიის მონასტერში.


მამა ბასილი დიდ ბეთანიელ მამებთან, მამა იოანესა და მამა გიორგის შეწევნით მალე ჩამოყალიბდა დიდი სულიერების მქონე ბერად. მამა ბასილის შესახებ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა თორნიკემ გაიხსენა, რომ, როცა იგი გადასახლებაში იმყოფებოდა მას ბეთანიის მონასტრის მოძღვარმა იოანემ წერილი მისწერა, სადაც ატყობინებდა, რომ ბეთანიაში, მათთან, ძალიან კარგი ახალგაზრდა ჩავიდა. მამა თორნიკე ბრძანებს, რომ პირველი გადასახლებიდან დაბრუნებულმა 1954 წელს, ბეთანიის მონასტერში გაიცნო მამა ბასილი, უაღრესად მორწმუნე, მმარხველი და მლოცველი ადამიანი.


მამა ბასილის შესახებ მამა გაბრიელის (ურგებაძე) მოგონებაც არსებობს, მას ბეთანიაში მოძღვარი ჰყავდა - მამა გიორგი და იქ, პერიოდულად ჩადიოდა ხოლმე. მამა გაბრიელის თქმით, მამა ბასილს სხეული ისეთი გამჭირვალე ჰქონდა, რომ მზის სხივს ატარებდა, ბოლო ხანებში კი მარხვის ისეთ ღვაწლს ეწეოდა, რომ მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა და წმინდა ანგელოზივით მუდმივი მლოცველი იყო.


ბეთანიის მონასტერში მამა ბასილი 1954 წელს მივიდა. მისი მოძღვრის, არქიმანდრიტ კონსტანტინეს (ქვარაია) ლოცვა-კურთხევით.



მამა ბასილი და მისი მოძღვარი

არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია)

იგი 1923 წლის 3 იანვარს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხონში დაიბადა. მისი ცხოვრების შესახებ არსებობს მისი მეგობრების მოგონებები. ისინი ამბობენ, რომ მამა ბასილი გამორჩეული ადამიანი იყო, თამაშსა და გართობას ერიდებოდა. ბავშვობიდან სარწმუნოებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა. სახლში ხატების კუთხე ჰქონია, რომელზეც ლოცულობდა, თუმცა მისი ერთერთი მეგობრის თქმით, ამ კუთხეს მალავდა.

ჩვენ საშუალება გვქონდა, გავცნობოდით მის ავტობიოგრაფიას, რომელიც მაშინ დაწერა, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III ბერდიაკვნად დაასხა ხელი. მამა ბასილი წერს, რომ ღვთის სასწაულმოქმედებითი მოვლენის ხილვით გახდა მორწმუნე. ცხადია, რომ თავად ღმერთმა გამოარჩია ეს ადამიანი, რადგან იმ ეპოქაში (მოგეხსენებათ კომუნისტური პერიოდის სიძნელეები), იმ გარემოცვაში ძალიან ძნელი იყო ამის გაკეთება, თუ არა ღვთის ჩარევა, რაც არ უნდა მორწმუნე ყოფილიყო ადამიანი, შეიძლება ეს ვერ გაებედა.

მამა ბასილმა წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის პედაგოგიური სასწავლებელი, შემდეგ ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა. ჩვენ შევხვდით მის მეგობრებსა და თანაკურსელებს. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს მისი გამორჩეული ნიჭიერება. ისეთ კითხვას დასვამდა ლექციაზე, ლექტორებსაც კი უჭირდათ პასუხის გაცემაო. თუმცა თავად მამა ბასილი უკვე მონასტერში ყოფნისას არქიმანდრიტ რაფაელთან (კარელინი) საუბრისას ამბობს, რომ იმის დასავიწყებლად, რაც ინსტიტუტში ასწავლეს, წლები დასჭირდა. მისი მეგობარი ჭიჭიკო კვარაცხელია ბრძანებს - მასზე ნიჭიერი კაცი არ მინახავს, გენიოსი იყოო. განსაკუთრებული უნარი ჰქონია, დიდი მოცულობის მასალა სწრაფად აეთვისებინა. ერთი პერიოდი, სამი თვე ინსტიტუტში არ დადიოდა, მაგრამ, რამდენიმე დღეში ყველაფერი ისე დაუძლევია, რომ გამოცდები არაჩვეულებრივად ჩაუბარებია.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მამა ბასილის ცხოვრება ძალიან რთულად წარიმართა, მაშინ საერთოდ ეკლესიური ცხოვრება ძალიან ჭირდა. როდესაც მამა ბასილი მონასტერში წავიდა, მამა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა, დედა მორწმუნე ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გაუჭირდა შვილის მონასტერში გაშვება. ეს, ალბათ, იმითაც იყო განპირობებული, რომ მან სამი შვილი მეორე მსოფლიო ომში დაკარგა.

მამა ბასილის ნაამბობითვე ცნობილია, თუ როგორ ჩაიკრა გულში დედამისმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და მათ სახლში შეჭრილ კომუნისტებისაგან იხსნა. ოჯახისა და ხატების დარბევის დღეს სახლში მისულ მამა ბასილის დამწუხრებული დედისთვის უთქვამს, ხატების შეურაცხმყოფელს ღვთის რისხვა არ ასცდება, ძვლები დაემტვრევაო. მართლაც, ამის ჩამდენი ადამიანი რამდენიმე თვეში სრულიად ჯანმრთელი გარდაცვლილა.

მამა ბასილს ხელისუფლება მეტად ავიწროებდა. მიუხედავად განსაცდელებისა, იგი არ იხდიდა კაბას, გულზე ჯვარს ატარებდა, ყურადღებას იქცევდა. მამა ბასილის ახლობლები და მეგობრები იგონებენ, რომ მასში გამქრალი იყო ყოველგვარი შიში კომუნისტების მიმართ, იგი ქადაგებდა მართლმადიდებლობას, სახლში აღასრულებდა ნათლობებს და ა. შ. მეორე ადამიანი კი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მამა ბასილის ოჯახის დარბევასა და ხატების შეურაცხყოფაში, ძალიან დასნეულებულა, მისულა და შენდობა უთხოვია. მამა ბასილის ულოცია და ეს ადამიანი შემდეგ მორწმუნეც გამხდარა. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც კი ალაგებდა თურმე. ზოგიერთს ეშინოდა, მამა ბასილზე ცუდი ეთქვა. უბრალო ადამიანებს კი საოცრად უყვარდათ და სურდათ, მისი ხელით მონათლულიყვნენ, ამბობდნენ, წმინდა კაციაო და ენდობოდნენ მას. დღესაც ბევრი მათგანი ცოცხალია და ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებს ღვაწლმოსილ ბერს.

დევნა მონასტერში

იმ პერიოდში, სოფელ ბეთანიის მცხოვრებთა თქმით, არათუ ახალგაზრდებს, მოხუცებსაც კი უკრძალავდნენ მონასტერში გაჩერებას. აქ ახალგაზრდა კაცის გამოჩენა ყველას გვიკვირდაო. კომუნისტები მას ყოველმხრივ ავიწროებდნენ და მოითხოვდნენ, მონასტერი დაეტოვებინა. მამა ბასილის პასუხი მტკიცე იყო. ვერც მუქარამ და ვერც დაშინებამ ვერ გაჭრა. მისი გარდაცვალების ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით მას თავს დაესხნენ ყაჩაღები, ძალიან მაგრად სცემეს, რის შემდეგაც მალევე აღესრულა. ამის შესახებ წერდა ამერიკაში გამოცემული ჟურნალი „მართლმადიდებლური სიტყვა“, სადაც მოთხრობილია ბეთანიის ტყეში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რასაც ახალგაზრდა ბერის ტრაგიკული აღსასრული მოჰყვა. გარკვეული ხნის შემდეგ, სცადეს იგივე გაემეორებინათ მამა გაბრიელის (ურგებაძე) მიმართ. უნდოდათ მასაც დახვედროდნენ, ჩაექოლათ, მაგრამ მამა გაბრიელი მიხვდა და განერიდა იმ ადგილს.

მამა ბასილი, მამა იოანე და მამა გიორგი ბეთანიის მონასტერში

მამა ლაზარეს წიგნში აღწერილია მონასტერზე ყაჩაღების თავდასხმის ამბავი, ვინიდან ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, მონასტერში თოფი ჰქონდათ. მამა ბასილს სამრეკლოსთან სენაკი ჰქონდა, როცა ხმაური შემოესმა, მან ჰაერში თოფი გაისროლა. ყაჩაღებს შეეშინდათ და გაიქცნენ, მაგრამ მოაძახეს, ამას გაზღვევინებთო. ამის შემდეგ მალე მომხდარა მასზე თავდასხმაცა და ცემაც.

მამა გაბრიელი ამბობდა, რომ მამა გიორგი და მამა იოანე მუდმივი მლოცველები იყვნენო. მათმა ლოცვებმა შეძლო იმდროინდელი საქართველოს ცოდვების გამოსყიდვა. ცოდვილი ადამიანის პიროვნული ლოცვა უფლამდე ვერ აღწევდა და ამ დიდი მამების ლოცვით, საქართველოს თავზე ბოროტების შავი ღრუბელი გადაიყარაო. ბუნებრივია, მამა ბასილი, ასეთი დიდი მამების გვერდით, ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა დიდ სულიერ მამად და მოღვაწე ბერად.

მამა ბასილს მღვდელმთავრობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მან უარი თქვა იმ მიზეზით, რომ სიტყვა ჰქონია ღვთის წინაშე მიცემული, რომ ემსახურა - მამა გიორგისა და მამა იოანესთვის. მამა ბასილი ამბობდა, რატომ მაქვს ასეთი წყალობა, რომ ორი ასეთი ანგელოზის გვერდით ვცხოვრობო.

მამა გიორგი მჭვრეტელი ბერი იყო, ხედავდა ადამიანის გულს, ფიქრს, აზრს. როდესაც არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ბეთანიაში იყო ჩასული და მამა ბასილს ერში მცხოვრები ბერის პრობლემებზე და ამგვარი ცხოვრების სირთულეებზე ესაუბრებოდა. ამ დროს გამოჩნდა მამა გიორგი. მამა რაფაელი იგონებს, რომ ვინც არ იცნობდა მამა გიორგის, მისი გარეგნობა და გამოხედვა მკაცრი მოეჩვენებოდაო. თითქოს ის ჩემი არსებიდან დევნიდა ბოროტებასო. ამან კიდევ უფრო დამანახა, რა მძიმე ბრძოლებია მონასტერში. ამ დროს მამა ბასილმა მითხრა, რომ მამა გიორგიმ ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი აქ არ იყოო.



მამა გიორგი და მამა ბასილი


მამა ბასილი 1960 წელს გარდაიცვალა, მას უნდოდა, რომ მამა იოანეს გვერდით დასაფლავებულიყო. სამწუხაროდ, ეს ანდერძი არ შესრულდა. მამა იოანეს გვერდით საფლავიც კი გაუმზადა მამა გიორგიმ, მაგრამ იქ არ დაკრძალულა, რადგან მისი მშობლიური სოფლიდან მამა ბასილის თანასოფლელები და ახლო ნათესავები ჩამოვიდნენ და ბერის მშობლიურ სოფელში გადასვენება მოითხოვეს. მამა ბასილის დაკრძალვის დღეს ძალიან ბევრი მორწმუნე ჩასულა ბეთანიაში. ახლობლების სურვილმა ხალხში აღშფოთება გამოიწვია და დაპირისპირებაც მოხდა. მამა გიორგის უთქვამს, რომ შეიძლება სისხლიც დაიღვაროსო და ვინ იცის, ჩვენ რომ აქ არ ვიქნებით, საფლავი გათხრონ და მაინც წაასვენონო, ამიტომ წესი აუგო მას, რის შემდეგაც მშობლიურ მხარეში დაკრძალეს. მამა გიორგი მასზე ამბობდა - ორგზის მოწამე არის და ორმაგ ჯილდოს მიიღებს ღვთისგანო.


არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს მას მშობლიურ მხარეში გადასვენების შემდეგ, დასაფლავების წინ, ახლობლებმა წვერი გაპარსეს.


როდესაც სოფელში ვიკითხე ამის შესახებ, არ დაადასტურეს. მამა ბასილს ძალიან კარგი ახლობელ-მეგობრები ჰყავდა, მას ერშიც შეეძლო ბრწყინვალე კარიერა მოეწყო, იგი განათლებული, ნიჭიერი, ფიზიკურადაც საოცრად ლამაზი და ზნეობრივად სუფთა ადამიანი იყო, მაგრამ დათმო ყოველივე და მონასტერში წავიდა. ბევრს ძალიან გაუჭირდა ამის გაგება. ერთ ხანს მეგობრები შეეცადნენ კიდეც მისთვის მიღებული გადაწყვეტილება გადაეთქმევინებინათ. ამისათვის შეხვდნენ კიდეც, როდესაც მამა ბასილი მათთან მივიდა, სიტყვის თქმაც არ აცალა, სურვილს მიუხვდა და უთხრა - ახლა რაც გულში გაქვთ, იმას ნუ მეტყვით, მე უკვე მონასტერში წასვლა გადავწყვიტეო. ეს ისეთი სიყვარულით და სიმტკიცით იყო ნათქვამი, რომ ვეღარაფერი გაუბედიათ.


არსებობს ერთი ისტორია: ერთხელ მამა ბასილი სარწმუნოებაზე ესაუბრებოდა ადამიანებს და ვერაფერი გააგებინა. ამ დროს გამოჩნდა მანქანა, მამა ბასილი ბორბლებში შეუვარდა. მძღოლი მანქანიდან გაფითრებული გადმოვიდა და როდესაც მამა ბასილი ცოცხალი დაინახა, რომელიც კაბას იფერთხავდა, პირჯვრის წერა დიწყო. მამა ბასილმა კი ასე განმარტა მომხდარი: ამ ქმედებით ადამიანებისათვის ღვთის ძალა მინდოდა მეჩვენებინაო. მართლაც, ამ ფაქტს დღესაც კი ჰყვებიან სოფელში. ცხადია, რომ სასწაულები იმ დროშიც აღესრულებოდა. აღნიშნულ ფაქტს მრავალი ადამიანი შეესწრო, ამ პერიოდში მამა ბასილი უკვე ბეთანიაში მოღვაწეობდა.


მის სოფელში ვნახე ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მამა ბასილს რაც ვთხოვეთ, ყველაფერს გვისრულებს და გვეხმარებაო. მამა ბასილი ცოცხალი სახარებაა, რომელსაც მონასტერში არანაირი კეთილდღეობა არ ელოდა, მხოლოდ დევნა და შეურაცხყოფა, მაგრამ მას ძალა ჰქონდა მიცემული ღვთისაგან. მისი ცხოვრება ცხადყოფს, რომ იგი ჩვეულებრივი მოღვაწე არ არის, ის ძალმოსილი წმინდანია!


ლევან ფირცხალავა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 36, 2006 წ.

ფრაგმენტი მღვდელ-მონაზონ ბასილის ავტობიოგრაფიიდან,

რომელიც მან თავისი კურთხევის მეორე დღეს წარადგინა საპატრიარქოში

„მეწყალვიან სამამულო ომში დაღუპულნი, რადგან მათ ზიარება და სინანული არ მიუღიათ და სამშობლოსათვის კი თავი დასდვეს!


დიდად საჭიროა მათი სულებისათვის დახმარება წირვით და ლოცვით, ამიტომ ვნატრობ იმ დღეს, როდესაც ღვთის წყალობით მივიღებ წირვის უფლებას, რათა მოვიხსენო ისინი ჩემი ცოდვილი და მწიკვლევანი ბაგით წირვაში. სავსებით შევიცანი სოფლის ამაოება 1948 წელს. ცხოვრება კაცისა ამ ქვეყანაზე მცირეა და ამ მცირე ხნის შემდეგ კი მიწაში მატლებთან უნდა განისვენოს. ყოველივე სიმდიდრე კაცმა მისდა უნებლიედ აქ უნდა დატოვოს სიკვდილის გამო, ამიტომ კაცის ამქვეყნიური დიდება და მატერიალური სიმდიდრე მოჩვენებითად და სიზმრად ჩანს ზეციური მარადიული დიდების წინაშე. სული ხორცზე მეტია. ამიტომ გონივრული, ბრძნული სულისათვის ვზრუნვიდეთ უფრო მომეტებულად. სული უკვდავია, იგი სიკვდილს არ ემორჩილება, რადგან უკვდავი ღმერთის ნაწილია, ამიტომ გონივრულია და ბრძნული, რომ მას წმინდად ვიცავდეთ და წმინდად ჩავაბაროთ მის შემოქმედს.

ღვთის არსებობა უეჭველია, ამიტომ სრულიად ჩემი ნებით დავტოვე სოფლის ამაოება და შევუდექი ღმერთს, აბსოლუტურ სიმართლეს, მიუწვდომელ ნათელს, უსაზღვრო ბედნიერებას, უკვდავსა და მარადიულს, მიუწვდომელ სიბრძნეს, მიუწვდომელ მეცნიერებას. ეს მოხდა 1954 წლის 22 მაისს. ამ დღეს გამოვედი სოფლიდან და მივედი ბეთანიის უდაბნოში მწირ ბერად.

1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მაღალღირსმა იღუმენმა გიორგიმ (მხეიძე) მიკურთხა ჩოხა.

1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით შემმოსა მცირე სქემა.

გუშინ, 27 იანვარს, სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკის მიერ ხელდასხმულ ვიქენ იეროდიაკვნად.“

ბეთანიის მონასტრის მწირი ბერი და ამავე მონასტრის იერო-დიაკვანი ვასილი (ფირცხალავა) 28 იანვარი, 1955 წელი სიონი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 36, 2006 წ. © საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ 2003








კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.10.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0