სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11890

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია 1827-1904წწ დეკანოზი ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია 1827-1904წწ დეკანოზი ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

1827-1904 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მეუნარგია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

489       ბეჭდვა

მიხეილ პეპუს ძე მეუნარგია 1827-1904წწ დეკანოზი ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

დეკანოზი მიხეილ მეუნარგია

მიხეილ მეუნარგია (იონა მეუნარგიას მამა), ცაიშის ტაძრის აღსარების მთქმელთა სიის მონაცემების მიხედვით დაიბადა 1827 წელს (ზუგდიდის მუზეუმი, ხელნაწერი წიგნი №49, გვ. 1086). თვით მიხეილ მეუნარგია ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში გვამცნობს თავისი დაბადების ზუსტ თარიღს, ესაა 1827 წლის 11 თებერვალი. გარდაიცვალა 28 მარტი 1904წ


მიხეილ მეუნარგია იყო უფროსი შვილი ცნობილი ოქრომჭედლის პეპუ მეუნარგიასი (1791–1851). დედამისის, გუქიტი ბეჟანის ასულის (1796–1863) გვარი სამწუხაროდ არ ვიცით. ამავე ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1839–1840 წლებში საირმის მონასტერში იყო მოსწავლედ. ,,უდაბნოში ვიყავ ორ წელს მოსწავლედო“ – წერს ის. 1844–1845 წლებში იგი სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. 1846 წელს შეურთავს ცოლი – სუსანა ეგნატეს ასული, რომელიც მასზე 2 წლით უფროსი ყოფილა.

მიხეილ მეუნარგია სიჭაბუკეშივე უკურთხებიათ ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად (1848 წელს, დიაკვნობისას, მას დაუწერია სათავდებო წიგნი მიცემული მერაბ კობახიძის მიერ ნიკო დგებუაძისათვის). 1851 წელს ის ბლაღოჩინის თანაშემწედ დაუნიშნავთ. 1853 წლის დამდეგს კი უკვე მღვდლადაა მოხსენიებული (ა. ტუღუში, ცაიშის საეპისკოპოსო, ზუგდიდი, 2001, გვ.49).

მიხეილ მეუნარგია განათლებული, შორსმჭვრეტელი კაცი იყო. კარგად ესმოდა რა მნიშვნელობა ცაიშის მონასტერში დაცული იმ შეწირულობების, სიგელებისა და წიგნებისა, რომლებიც სამეგრელოს ეპისკოპოს თეოფანეს (გაბუნია) განკარგულებით ჭყონდიდის ტაძარში უნდა გადაეტანათ, გადაწერა ისინი და გადაარჩინა დაღუპვას, რადგან ამ დოკუმენტების უმეტესობა შემდეგ დაიკარგა. აი რას წერდა მიხეილ მეუნარგია ამ სიგელ–გუჯრების პირების წინასიტყვაობაში: ,,განკარგულებითა ყ(ოვლა)დ სამღვდელოს მენგრელიის ეპისკოპოსის თეოფანესითა, ყოველნი ქონებულნი ცაიშის სობოროსადმი, გუჯარნი და სიგელნი შეწირულობათანი ერთბამად წაღებულ იქმნენ მარტვილის საკათედროსა სობოროსა შინა და კეთილსაიმედოდ იყვებიან ისინი მუნ,ხაზინასა შინა, რომელთა გადმოწერა და ერთ წიგნად შედგენა საჭიროდ შევრაცხე, რათამცა პირი ესე იცვებოდეს ცაიშის სობოროში და დროსა საჭიროებისა ხელმძღვანელ გვექმნეს ადგილობრივთა მზრუნველთა“.

მამა მიხეილი მამულიშვილური სულისკვეთების მოღვაწე იყო. ის მედგრად ედგა გვერდში იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეს და თავგამოდებით ებრძოდა სამეგრელოს ეკლესიებში ქართულის ნაცვლად მეგრული წირვა–ლოცვის შემოღების მოსურნე რუს დამქაშებს.

დეკანოზი მიხეილ მეუნარგია გაბედულად და თავდაუზოგავად იბრძოდა სამეგრელოსა და სამურზაყანოს სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შენარჩუნებისთვის. იგი გახლდათ წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მისი დაარსების დღიდან, ვიდრე სიკვდილამდე.

ამ მოღვაწის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე ცაიშის სკოლის დაარსებაც. მან, ჯერ იყო და თავისი სახლის რამოდენიმე ოთახი დაუთმო სკოლას, შემდეგ კი ძალღონე არ დაუშურია სკოლისთვის შენობის ასაგებად.

ის იყო არა მარტო ცაიშის, არამედ სამეგრელოს სხვა სკოლების შემწე და ხელის გამმართავი. ამარაგებდა რა მათ სახელმძღვანელოებით, რომელთაც იმ ფასად ყიდდა, რა ფასადაც ყიდულობდა ავტორებისგან.

1902 წელს, ზუგდიდის ინტელიგენციამ დიდი ზეიმით აღნიშნა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას მოღვაწეობის 50 წლისთავი, რასაც ილიას ,,ივერიაც“ გამოეხმაურა (ივერია, 1902 წ. № 19 25. I).

მამა მიხეილს ყავდა ერთი ძე (სახელოვანი მოღვაწე იოანა მეუნარგია) და სამი ასული. მარიამი (იგივე მენიკი), რომელიც 1847 წელს დაიბადა, მართა (იგივე დარიკო) დაბადებული 1848 წელს და ბარბალა (დაბ. 1853 წ.). მენიკი სურამელ მიხეილ გურგენიძეზე ყოფილა გათხოვილი (მას შვილი არ ყოლია_. დარიკო კი რაჭველ აზნაურ გიორგი მელაძეს ყავდა ცოლად (ნიკოლოზ კილანავას გადმოცემით მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ რაჭაში). უმცროსი ასული ბარბალე კი ყმაწვილქალობაში გარდაიცვალა 1874 წელს. დეკანოზი მიხეილ მეუნარგია სიცოცხლის ბოლომდე ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მსახურობდა, აქვე მდებარეობს მისი საუკუნო განსასვენებელი. გარდაიცვალა 1904 წლის 28 მარტს.


მთავარხუცესი დეკანოზი მიხეილ მეუნარგია

საქართველოს ეკლესიის წარჩინებული სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი მიხეილ მეუნარგია დაიბადა 1827 წელს სოფ. ცაიშში. მამამისი _ პეპუ 
(პეტრე) ხუტუს ძე მეუნარგია ჭედური ხატების ცნობილი აღმომყვანი და ოქრომჭედელი იყო. 17 წლის მიხეილმა სწავლა სამეგრელოს (მარტვილი) სასულიერო სასწავლებელში დაიწყო, 
დაასრულა ამ სასწავლებლის ორი კლასი, შემდეგ სწავლობდა საირმის მონასტერში. მიხეილ მეუნარგია 1846 წელს დაქორწინდა სუსანა ეგნატეს ასულ გაწერილიაზე.
მას ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად დაასხა ხელი 1846 წლის 12 სექტემბერს.იმავე ეპისკოპოსმა 1850 წლის 22 აგვისტოს მღვდლად აკურთხა და განაწესა ცაიშის ტაძარში.
1851 წლის 2 თებერვლიდან მამა მიხეილი მსახურობდა ცაიშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, ეპისკოპოს თეოფანეს (გაბუნია) მიერ 1855 წლიდან დადგინდა ცაიშის
ოლქის მთავარხუცესად. 1860-იანი წლების მეორე ნახევარში, ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) მითითებით, შეასრულა ოთხი სამთავარხუცესო ოლქის აღწერა,
1880 წლის 29 ივნისს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში.
XIX საუკუნის 50-იან წლებში სამეგრელოს ეპისკოპოს ყოვლადუსამღვდელოეს თეოფანეს (გაბუნია) განკარგულებით 
ცაიშში არსებული სიგელ-გუჯრები, რომელნიც მანამდე ცაიშის ტაძრისათვის გადაწერა და ერთ წიგნად შეადგინა 
მღვდელმა მიხეილ მეუნარგიამ, დასაცავად გადაიტანეს მარტვილის საკათედრო ტაძარში (27, გვ. 3).
დეკანოზი მიხეილი, მასწავლებელთა თხოვნით, XIX საუ-
გვ237
კუნის 80-იან წლების შუა ხანებში ზუგდიდის მაზრის სასოფლო და საეკლესიო სკოლებისათვის აარსებს სასკოლოსახელმძღვანელო წიგნების საწყობს (28, გვ.7; 29, გვ.8). იგი, 
ამავდროულად, ასრულებდა ცაიშის წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლის მმართველის მოვალეობას.სამეგრელოს მთავრის ტახტის მემკვიდრემ ნიკოლოზ 
დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემოსწირა სამეგრელოს მთავრის ბიბლიოთეკა, სამეგრელოს მთავარი ხელნაწერსაცავი, რომლის 
ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძე 1885 წლის 25 მარტს გაემგზავრა თბილისიდან ქუთაისს, იქიდან სამეგრელოში _ სოფელ გორდში ჩავიდა და ხელნაწერები ჩაიბარა. 
აპრილის დასაწყისში ილია ეცნობა სამეგრელოს, ბანძაში სტუმრობს იურისტ მექი ფაღავას ოჯახს. შემდეგ ახალსენაკცაიშის გზით ზუგდიდს მივიდნენ, მოიხილეს ეკატერინესა 
და ნიკოლოზ დადიანის სასახლეები, ჩაიბარეს ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების ნაწილი. ილია ჭავჭავაძე, მისი თანმხლებნი, მათთან მყოფი ადგილობრივი ინტელიგენცია 30 კაცამდე,
სოფელ ცაიშში მოიწვია იონა მეუნარგიამ, რომელიც ამ მგზავრობაში თან ახლდა ილიას. იონას მამამ _ მთავარხუცესმა დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ ღირსეული მასპინძლობა გაუწია მათ.
ილიამ ცაიშის ტაძარი მოილოცა, აქ იყვნენ მღვდელი კუკავა, დიაკვნები გახარია და მაქაცარია. 
ილიას მოსწონებია ტაძრის მოვლილობა, სისუფთავე, მასში დაბრძანებული ხატები, ძველი ნივთები და მეორე დილას 
ეზოში გაშლილ ტრაპეზზე უთქვამს: ,,სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახე''. ამ სტუმრობის შემდეგ დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას სახლის კედელზე, საპატიო ადგილას,
მუდამ ეკიდა რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის სურათები  (25, გვ. 213, 214). 
,,სამღვდელოებაში იმისთანა ავტორიტეტი დაიმსახურა, რომ მას ისე ეთაყვანებოდნენ და ეპყრობოდნენ, როგორც 
მღვდელმთავარს. სამეგრელოს მღვდელმთავრებიც ყველა დიდმნიშვნელოვან საქმეს ეპარქიაში მამა მიხეილს ანდობდ-
გვ238
ნენ. ყოველნაირი კეთილი საქმის მოთავედ ეპარქიაში ის იყო...''(26).
ცაიშში, ყოფილი ყაზარმის შენობაში, მისივე ღვაწლით გაიხსნა სკოლა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა ზუგდიდის 
მაზრის ხელმძღვანელობა. ახალგახსნილი სკოლის კურთხევა 1886 წლის 10 თებერვალს შეასრულა ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტმა სიმეონმა,
პარაკლისს დაესწრნენ: პრინცი მიურატი და მისი მეუღლე პრინცესა სალომე დავითის ასული, ზუგდიდის მაზრის უფროსი ჯაყელი და სხვ.
ცაიშის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელოებამ, ზუგდიდის მაზრის ხელმძღვანელობამ, მრევლმა და ინტელიგენციამ 1902 წლის 29 იანვარს ცაიშში იდღესასწაულეს დეკანოზ 
მიხეილ მეუნარგიას მღვდლობაში 50 წლის მსახურება და მთვარხუცესობა. საზოგადოებამ მამა მიხეილს მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა.
1899 წლის საეკლესიო ჩანაწერით, ამ დროისათვის, მამა მიხეილი ქვრივია _ არის 73 წლის, ჰყავს შვილი იონა _ 47 წლის, რომელიც მსახურობს ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ 
მოსამართლედ. იონა დაქორწინებულია ნინო ივანეს ასულზე, ჰყავს ქალიშვილები: სალომე, ნინო და ვერა (12, გვ. 54-54; 20). 
იონა გარდაიცვალა 1919 წლის 15 მაისს, დაკრძალულია ცაიშის საკათედრო ტაძრის სამრეკლოში. თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის 
სასულიერო და საერო ხელისუფლებისგან მიღებული ჰქონდა ჯილდოები.
მთავარხუცესმა დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ, ავადმყოფობის გამო, 1903 წელს თავი დაანება სამსახურს.
იგი მიიცვალა 1904 წლის 28 მარტს, დასაფლავებულია ცაიშში.
ზაურ ჯალაღონია


 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.17

დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 

დეკანოზი მიხეილი 1826 წელს, სამეგრელოს სოფელ ცაიშში, ცნობილი ხატმწერის აზნაურ პეპუ მეუნარგიას ოჯახში დაიბადა. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებულს, ბავშობიდანვე ლრმად უნერგავდნენ სამშობლოსა და ღვთის სიყვარულს, რამაც შემდგომში განსაზღვრა კიდეგ მისი მომავალი ცხოვრება. 17 წლის ასაკში იგი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ორი კლასი ისწავლა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი კი საირმის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში შეისისხორცა 'ა მალევე წიგნისმკითხველის ადგილზე დაინიშნა. V 1846 წელს მიხეილი დაქორწინდა სუსანა გაწერელიაზე, რომელთანაც ერთი ვაჟი, ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი (26, 1,1, 1852  15, 5. 1919) იონა მეუნარგია შეეძინა. 1846 წლის 12 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) მიხეილი დიაკვნად აკურთხა. 1850 წლის 22 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1851 წლის 2 თებერვალს ზუგდიდის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1855 წლიდან სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) ამავე ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. 1859 წლის 1 იანვარს ქველმოქმედებისათვის (1853-1856 წლებში ყირიმის ომში დაჭრილებზე მზრუნველობა) ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1859 წლის 29 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 19 აგვისტოს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1861 წლის 15 ოქტომბერს სკუფია უბოძეს, ხოლო 1866 წლის 3 აგვისტოს კამილავკა ეწყალობა. XIX საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) დავალებით ოთხი სამთავარხუცესო ოლქის აღწერა დაევალა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. 1871 წლის 26 ივნისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1876 წლის 26 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 29 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1881 წლის 26 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიაში ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე ძმობის კომიტეტში ჩაირიცხა. 1883 წლის 13 ივნისს (1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს) დაჭრილთა მომსახურებისათვის წითელი ჯვრის მედლით დააჯილდოვეს. 1884 წლის 29 ივნისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1888 წლის 30 აგვისტოს წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1885 წელს სამეგრელოს მთავრის მემკვიდრემ ნიკო დავითის ძე დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომლის ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძე იმავე წლის 29 მარტს ჩავიდა სოფელ გორდში, სადაც ხელნაწერები ჩაიბარა. მთელი აპრილის თვე

30-1  საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.18


დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 (გაგრძელება)

დარჩა სამეგრელოში ილია ჭავჭავაძე და ეცნობოდა იქაურ ხელნაწერებს, ეკლესიებს და იქ დაცულ სიწმინდეებს. ამ მგზავრობაში ილიას თან ახლდა დეკანოზ მიხეილის ვაჟი იონა, რომელმაც ქართველი მგოსანი სოფელ ცაიშშიც მიიწვია. საპატიო სტუმრების მისაღებად მამა მიხეილმა თადარიგი დაიჭირა და ღირსეული მასპინძლობა გაუწია მათ. ილიამ მოილოცა ცაიშის უძველესი ტაძარი. მას დიდად მოსწონებია მოვლილი ტაძარი, სისუფთავე, მასში დასვენებული ძველი ნივთები და ხატები. მეორე დილას ეზოში გაშლილ ტრაპეზზე ილიას სწორედ აქ უთქვამს ცნობილი სიტყვები: „სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო“. ამ სტუმრობის შემდეგ დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას ოჯახში მუდამ ეკიდა ილია ჭავჭავაძის სურათი. XIX საუკუნის 80-იან წლებში დეკანოზი მიხეილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მასწავლებელთა თხოვნით, ზუგდიდის მაზრის სასოფლო და საეკლესიო სკოლებისათვის აარსებს სახელმძღვანელო წიგნების საწყობს, საიდანაც წიგნების გაცემა ხდებოდა პირვანდელი ღირებულებით. ასევე, მისი დიდი ღვაწლისა და მეცადინეობის შედეგად, ცაიშში დაფუძნდა ახალი სკოლა. აი, რას წერდა ამის შესახებ ჟურნალი „მწყემსი“ (მერვე ნომერი): „10 თებერვალს სოფელ ცაიშში აკურთხეს ახალი სკოლის შენობა. სკოლისათვის იყიდეს ერთი კაზარმა, რომელიც აქ უქმად იდგა. ბლაღოჩინმა, დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ, სხვა კეთილ-პირების შემწეობით, შეაგონა ხალხი, რომ ეს კაზარმა ეყიდათ. ხალხმა დაუჯერა თავის სულიერ მამას და იყიდა ეს შენობა 1325 მანეთად. მართალია, სოფლელებისათვის 1325 მანეთი

დიდი ფულია, მაგრამ შენობაც კარგია: იგი ექვსი ოთახისაგან შესდგება. ადგილიც, თავისი მდებარეობითა და ჰაერით, კარგია. სკოლის შენობის კურთხევა შეასრულა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე). პარაკლისზე დაესწრნენ: პრინცესა სალომე დადიანი, მისი მეუღლე პრინცი აშილ მიურატი, ზუგდიდის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ბ. ქორქაშვილი, ადგილობრივი თავადაზნაურობა და მთელი ცაიშის გლეხობა. პარაკლისის შემდეგ დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ იქ დამსწრე პირთ მიმართა მეგრულ ენაზე ქადაგებით: „საყვარელნო შვილნო! თქვენ ყველანი ცაიშელნი ხართ და საჭიროა იცოდეთ, თუ რანაირი იყო წარსული თქვენის სოფლის, ცაიშისა და რა მდგომარეობაში არის ის დღეს. უწინდელ დროში ცაიში იყო საეპარქიო კათედრა. ცაიშელი მიტროპოლიტებისგან ვრცელდებოდა და ითესებოდა ღვთის სიტყვა, სჯული და სარწმუნოება მთელს ნახევარ ოდიშში და სამურზაყანოში. ამ დროებში ცაიში ჰყვაოდა სწავლა-განათლებით. აქ იყო სასწავლებელი, სადაც იღებდნენ სწავლა-განათლებას აქაური თავადაზნაურნი, სამღვდელონი და გლეხობა; დღესაც ბლომად არიან სასულიერო პირნი, რომელთაც მიუღიათ განათლება ცაიშის სობოროში. დღეს მიმდინარეობს სამოცდაორი წელი მას უკან, რაც უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ცაიშელი გარდაიცვალა და ამ დროიდგან იწყო კლება ცაიშის სობორომ, ჯერ კათედრა გაუქმდა და ბოლოს სწავლაც მოისპო მასში. ამგვარად, ძველად დიდებული სწავლა-განათლებით ჩვენი სოფელი ცაიში დადუმდა და მიეცა უფერულ ცხოვრებას და ღრმა ძილს. ჭეშმარიტად, დიდი სამწუხარო იყო ეს მისი მამულის შვილთათვის! მაგრამ შეგვეწია ღმერთი და ამა უკანასკნელ დროებში ცაიშმა იწყო ცოტ-ცოტად განახლება. დღეს, ამ ჩემ მოხუცებულობაში, მოვესწარი ერთკლასიანი სკოლის დაარსებას, რომელიც დღეს იკურთხა და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ნიმუში იქნება ცაიშის შემდეგი დიდებისა! სწავლა-განათლების საჭიროებაზე სიტყვას არ გავაგრძელებ. დღეს, ღვთის მადლით, ყველანი გრძნობენ, თუ რა საჭიროა სწავლა. მე მხოლოდ გეტყვით, რომ უსწავლელმა კაცმა არ იცის სჯული და სარწმუნოება, რომელნიც არიან დედა პატიოსნებისა და კეთილშრომისა, აგრეთვე უსწავლელი კაცი ვერ ცნობილობს თავის თავსა, მან არ იცის, თუ რისთვის მოსულა იგი ამქვეყნად და რაშია მისი დანიშნულება. სწავლა გაუნათლებს კაცს გონებას და აზრს. თქვენში მე დღეს ვხედავ ერთ კაი სანუგეშო მაგალითს. თუმც ყველა თქვენთაგანს არა ჰყავს შვილები, მაგრამ დღეს ნაკურთხი სკოლის ხარჯს თქვენ თანასწორად იხდით. დიახ, ეს კეთილი და ღვთის სასიამოვნო საქმეა. აბა, რა ჰქნან ზოგიერთმა ღარიბმა პირებმა, რომელთაც არ შეუძლიათ დაუხმარებლად, საკუთარის საშვალებით გამოზარდონ თავიანთი შვილები. მერწმუნენით, ამნაირი ერთმანეთის დახმარება ღმერთსაც ესიამოვნება და სკოლასაც რიგიანად აღასრულებინებს თავის დანიშნულებას. უცხადებ ბოლოს, თქვენ მაგიერ, გულითად მადლობას იმ პატიოსან და ღვთის მოყვარე პირთ რომლებიც დაგვეხმარენ სკოლის საქმეში და დღესაც დაგვესწრენ აქ სკოლის კურთხევაზედ. ღმერთსა ვსთხოვ, რომ დღეს ნაკურთხი სკოლა მუდამ იდგეს აქ და მოკლე ხანში გადაკეთებულიყოს ის ორკლასიან სასწავლებლად“. "ბოლოს დეკანოზმა მიხეილმა პატივცემული სტუმრები მიიწვია თავის სახლში და ღირსეულად სცა მათ პატივი. ამ ამბავის ასევე გამოეხმაურა ვინმე „ერჩქინდია“ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე, სადაც ვკითხულობთ: „წელს ცაისშიაც გვეღირსა სკოლა. ცაიშში შეუერთდა თავადაზნაურობა გლეხობას და ერთად იყიდეს 1 500 მანეთად ქვის ყაზარმა, რომელიც იყო აშენებული 20 000 მანეთად, რუსის ჯარისათვის. იქირავეს მასწავლებლად საოსტატო სემინარიაში კურსდასრულებული ყმაწვილი კაცი და ამ სკოლაში სწავლობს ეხლა 170-მდე ახალგაზრდა. ამ ყმაწვილების სიმრავლიდან სჩანს, რა წყურვილი ჰქონიათ ცაიშელებს სწავლა-განათლებისა. ამ კეთილ საქმის მეთაური, დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, ღირსია გულითადის მადლობისა. სკოლის დაარსების დღეს


30-2  საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.19

დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 (გაგრძელება)

დიდად გაიხარა ამ კეთილმა კაცმა და დიდძალ სტუმრებთან ერთად იდღესასწაულა სკოლის დაარსება. მოწვეულთ შორის იყვნენ პრინცი მიურატი და მისი მეუღლე, პრინცესა სალომე დავითის ასული დადიანი“. 1892 წლის 15 მაისს დეკანოზ მიხეილს, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის, ენქერის ტარების უფლება მიენიჭა. 1893 წლის 10 ივნისს მას ცაიშის საკათედრო ტაძარზე ათასი მანეთის შეწირვისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. იგი, 1894 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ქუთაისის სასულიერო სემინარია, ყოველწლიურად ეხმარებოდა ფინანსურად და მატერიალურად, თანაც მრავალ საქმეში თანადგომას უწევნა. 1896 წლის 14 მაისს უწმინდესი სინოდის სიგელი გადაეცა. 1897 წელს, განსვენებულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსენებასთან დაკავშირებით, ვერცხლის მედალი უბოძეს. 1898 წლის 15 ივნისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. წლების განმავლობაში ასრულებდა ცაიშის წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლის (გამგებლის) მმართველის მოვალეობას. დეკანოზ მიხეილს დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მთელი სამეგრელოს სამღვდელოება და მოსახლეობა. თავისი პატიოსანი და უმწიკვლო სამსახურით მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული მრევლში. ეპარქიის მლვდელმთავრებიც დიდ ანგარიშს უწევდნენ მხცოვან მოძღვარს და ხშირად ანდობდნენ საპასუხისმგებლო დავალებებს, კერძოდ, ეკლესიის კურთხევას, სამღვდელო პირების მომზადებასა და შემდეგ მათ გამოცდას. გაზეთ „ცნობის ფურცელს“ აღწერილი აქვს ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც მამა მიხეილმა აკურთხა კახათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ეს იყო 1899 წელს: „ტაძრის კურთხევა უმაღლესი მთავრობისაგან მინდობილი ჰქონდა პატივცემულ დეკანოზს მამა მეუნარგიას და მისი კურთხევის დღე იყო დანიშნული 17 აპრილს. აღნიშნულ დროში ხსენებულ ეკლესიის მრევლთა დიდი მოძრაობა ეტყობოდა. ყოველგან, ყოველი მხრივ იკრიბებოდა ხალხი ამ დიდად სასურველ დღეს. ხალხი თითქმის მოგროვილიყო ეკლესიაში და დეკანოზი კი არ ჩამობრძანებულიყო. ზოგიერთი იმ აზრისა იყო: შეიძლება დღეს სრულიად არ იკურთხოს ეკლესიაო და ხალხი დიდი დუმილის სივრცეში იყო გატაცებული. მათ ზედ ეტყობოდა მწარე ნაღველი და უსიამოვნო გამომეტყველება ხომ ამტკიცებდა მათ ძარღვებში შემჯდარ საიდუმლოს. რა იყო მაგის მიზეზი, რისი ეშინოდათ აგრე? აი, მიზეზიც: ზოგიერთი ვაჟბატონებისაგან (აღნიშნულ ეკლესიაში არშემავალთა მრევლთაგან) იყო ნათხოვარი ეკლესიის კურთხევის შეჩერება. მანამ ცარიელ-ტარიელი მეთაური არ ინებებდა, სრულიად უმნიშვნელო მიზეზისა გამო. უცბად ხალხი შეინძრა, ნახეს რა მომავალი დეკანოზი, მიეგებნენ მას და განუსაზღვრელი სიხარულის მორევმა მოიცვა ისინი. ეკლესიის კურთხევის შემდეგ პატივცემულმა დეკანოზმა წარმოსთქვა ორიოდე, მაგრამ გრძნობით აღსავსე სიტყვა, რომლითაც მიულოცა ხალხს ახალი ბედნიერება. ხალხი, დიდად ნასიამოვნები და მადლიერნი თავიანთი ბედისა, დაიშალნენ წირვის შემდეგ“. 1902 წლის 29 იანვარს გურია- სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებამ იდღესასწაულა დეკანოზ მიხეილის 50 წლის იუბილე. ამ დლეს ცაიშში შეიკრიბნენ მთელი ოლქის სამღვდელოება და ინტელიგენცია: პრინცესა სალომე დადიანი, თავისი ქალით, ზუგდიდის მაზრის უფროსი. კეგამოვი, ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ-შუამავალნი, თავადი ზაალ ჭავჭავაძე და (IV თავადი მ. დადიანი, მთავარხუცესი, მღვდელი ანდრია ვახანია, სამრევლო სკოლების ზედამხედველი· ტროფიმე ჯოხთაბერიძე და სხვა ცნობილი სახეები. სალვთო ლიტურგია აღასრულა ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე), მღვდლების ოქროპირ ქირიას, ზოსიმე მაქაცარიასა და დიანოს კვარაცხელიას თანამწირველობით. წირვაზე გალობდნენ სამრევლო სკოლის მოსწავლენი, სოლომონ გვასალიას ლოტბრობით. „განიცადეზე“ იქადაგა არქიმანდრიტმა სვიმონმა, რომელმაც ასე დაახასიათა მოძღვარი: „როცა სამეგრელოს სამღვდელოება შეიკრიბებოდა სადმე და სჯა ჰქონდა საზოგადო საქმეზე, ყოველ კაცს ყური შენკენ ჰქონდა რას იტყვის დეკანოზიო და შენს სიტყვას ისმენდა და იჯერებდა კრება. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს მღვდლებმა: სამსონ თათარაშვილმა და გაბრიელ ჯიქიამ, რომელთაც კეთილი სიტყვებით შეამკეს მხცოვანი დეკანოზი. ლიტურგიის დასასრულს, სამღვდელოებამ მამა მიხეილს მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა სამახსოვროდ, რის შემდეგაც სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა იოანე ბობოხიძემ: „თქვენო მაღალ-ღირსებავ, დიდად პატივცემულო დეკანოზო მიხეილ! ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება განუსაზღვრელი აღტაცებით ეგებება დღეს თქვენი მაღალ-ღირსების 50 წლის იუბილეს დღესასწაულს. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენ შეგისრულებიათ მძიმე მოვალეობა მოძღვრისა და ჩვენის უფროსისა, ისეთის კრძალულებით, პატიოსნებით, მართლმსაჯულებით და კეთილსინდისიერად, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს ყანაზე მუშაკთა შორის თქვენ დაიჭირეთ

30-3  საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.20

დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 (დასასრული)

თვალსაჩინო და საპატიო ადგილი. უღრმესი სარწმუნოება, მოშიშებით ღვთისმსახურება, გაჭირვებულთა და დაჩაგრულ- თა შებრალება, ხოლო მჩაგვრელთა წინაშე შეუპოვრობა, სიმართლის პირდაპირ წარმოთქმა, პირმოუფერებლობა აგიღიათ თქვენ საგნად თქვენის მოქმედებისა და მიზნისა წარსულის საუკუნის მეორმოცდაათე წლებში და მას შემდეგ, თუმცაღა გავიდა არა მცირე ხანი, თუმცაღა ბევრნაირად შეტრიალდა ჩარხი ჩვენის საზოგადოებისა და სამღვდელოების სულიერის ცხოვ- რებისა და მმართველობისა, თუმცაღა ბევრი გინახავს კარგიცა და ავიც, გარნა გამოტეხილად და გულწრფელად ალვიარებთ, რომ მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი თვალსაჩინო შემთხვევა, რომ თქვენ ოდესმე გეღალატოთ თქვენის მიმართულებისათვის, რომ თქვენ ოდესმე მოგედრიკოთ ქედი გარემოების წინაშე. მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი მოქმედება, რომელიც ჩირქს სცხებდეს თქვენს პატიოსნებას, ისეთი საქმე, რომელიც აშავებდეს თქვენს პირადობას. ეს არის ხვედრი მხოლოდ რჩეულთა ქრისტეს მეომართა. გიხაროდენ, მაღალ-ღირსო დეკანოზო, რომ ასე გაუსვრელად, ასე შეუბღალავად, ასე უანგაროდ, ასე წმინდათ გიზიდავს თქვენი მძიმე ტვირთი მოძღვრისა და უფროსისა მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ვსასოებთ, რომ ამგვარის თქვენი უმანკო სამსახურისათვის, როგორც მთავრობისაგან და საზოგადოებისაგან ხართ დაჯილდოებული ყოველგვარ ნიშნებით უუღრმესი პატივისცემისა და სიყვარულისა, აგრეთვე ღვთისაგანაც მიიღებთ თქვენ უდიდეს ჯილდოს, როცა წარსდგებით მის წინაშე. წინდად ჩვენ შორის მტკიცე სულიერი კავშირისა და მამაშვილურის სიყვარულისა ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოებისაგან ამ ღირს შესანიშნავ დღეს მიიღე, ღრმად საყვარელო, მხცოვანო დეკანოზო, ჩვენო სულიერო მამაო და აღმზრდელო, ხატი ესე მთავარანგელოზ მიხეილისა. მთავარანგელოზი მიხეილი იყოს შემწე და მფარველი თქვენის მარჯვენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. ამინ“. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დეკანოზ მიხეილის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა XIX საუკუნის II ნახევარის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მღვდელმთავარი, აწ საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული იმერეჯ თის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), როდესაც რუსეთის ხელისუფლების წაქეზებით ზოგიერთმა სასულიერო და საერო პირმა მოინდომა სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე შემოღება, ამ საქმეში, სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად, მათ წინ აღუდგა მამა მიხეილიც, რომელმაც საჯაროდ დაგმო და გაკიცხა ამ საქმის მოთავენი. დეკანოზი მიხეილი 1904 წლის 28 მარტს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 1 აპრილს იგი დიდი პატივით მიაბარეს ცაიშის საკათედრო ტაძარს, სადაც მან 54 წელი ღირსეულად იმოღვაწევა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „გასულ მარტში ქართველთა ეკლესიას შესანიშნავი დეკანოზი დააკლდა. სოფელ ცაიშში, სამეგრელოში, გარდაიცვალა დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, მამა ჩვენის მწერალის იონა მეუნარგიასი. ვამბობთ შესანიშნავი, იმიტომ, რომ იშვიათია ეხლა საქართველოში მისთანა ენამეტყველი, კილოიანი და სასოებიანი მკითხველი სახარებისა, ანდერძისა და, საზოგადოდ, ყოველ საღვთო წიგნებისა, როგორიც იყო მამა მიხეილი. დღეს ჩვენ გაზეთში სამგლოვიარო განცხადებაა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას გარდაცვალების შესახებ და ამ გარემოებამ გაგვახსენა, აღგვენიშნა ამ მოძღვრის კეთილი სამსახური ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.11.2023
ბოლო რედაქტირება 31.10.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0