დაიბადა მღვდელ თეოდორე გავაშელიშვილის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მან სწავლა თბილისში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში შეისწავლა. 1881 წ. 29 აგვისტოს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) გავაშელიშვილი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ კუთხეში, ღების მაცხოვრის ტაძარში განაწესა. 1888 წ. გავაშელიშვილი იმერეთის საეპარქიო მმართველობის რაჭის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1889 წ. 20 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წ. 19 დეკემბერს, ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, იგი ონის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა.
გავაშელიშვილის ზედამხედველობის პერიოდში მისი გულმოდგინე შრომისა და მეცადინეობის შედეგად ხუთი ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა კუდაროში, ძეგლევში, ფუტიეთში, შავრასა და ხონჭიორში.
1893 წ. გავაშელიშვილის ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის სკუფია უბოძეს. 1897 წ. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ამავე წლის 13 ივნისს სამკერდე ვერცხლის მედალი ებოძა. 1898 წ. 6 ივნისს კამილავკით, ხოლო 1903 წ. 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
გავაშელიშვილი თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. მრავალი საინტერესო ისტორიულ-ეთნოგრაფიული, პედაგოგიური ხასიათის მასალა გამოაქვეყნა გაზ. „ივერიასა“ და სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“ („მიხაკო ღებელის“ და „რივნის თაველის“ ფსევდონიმებით). პრესაში ასევე შეხვდებით სტატიებს მთის რაჭაში მისი მოღვაწეობის შესახებ.
გავაშელიშვილმა ღებელთა უდიდესი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სოფელში მცხოვრები ძველი თაობის წარმომადგენელთა გადმოცემით, იგი იყო კაცთმოყვარე, ცოდვა-მადლის გამკითხავი, სამართლიანი, უბიწო და ღრმად განათლებული მოძღვარი.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
ჟურნ. „მწყემსი“, 1891, №6; გაზ. „ივერია“, 1901, №65;
სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №40418; საქმე №42O36; საქმე №47986.
მაჩურიშვილი გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
საპატრიარქოს უწყებანი N39 25ნოემბერი-1დეკემბერი 2010წ გვ. 18
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912
მღვდელი მიხეილ თეოდორეს ძე გავაშელიშვილი 1855 წელს, რაჭის სოფელ ღებში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, მამამ იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც მიხეილმა წარჩინებით დაასრულა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მან სწავლა თბილისში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა სამასწავლებლო სკოლაში გააგრძელა. 1879 წელს მიხეილი დაქორწინდა ქუთაისში მცხოვრებ მინადორა ბაბად-ოღლიზე, (აქვე, მოკლედ ვისაუბრებთ მინადორას წარმომავლობის შესახებ. მამა მიხეილის შთამომავლების გადმოცემით, ეს პატარა გვარი ქ. ქუთაისში XVI-XVII საუკუნი-დან დასახლებულა, მიუღიათ ქრისტიანობა და გაქართველებულან, თუმცა თავისი ძველი გვარი არ შეუცვლიათ. მამა მიხეილმა იგი ქუთაისში სწავლის დროს გაიცნო და თავისი ცხოვრებაც მას დაუკავშირა) რომელმაც მას სამი შვილი გაუჩინა: გიორგი, ვლადიმერი და მარიამი. 1881 წლის 29 აგვისტოს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიხეილი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 6 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ კუთხეში, ღების მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1889 წელს მამა მიხეილი იმერეთის საეპარქიო მმართველობის, რაჭის განყოფილების წევრად აირჩიეს და ამავე წლის 20 ოქტომბერს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1890 წლის 19 დეკემბერს, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, იგი ონის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა. მამა მიხეილის ზედამხედველობის პერიოდში, მისი გულმოდგინე შრომისა და მეცადინეობის შედეგად, რაჭის მაზრის მრავალ სოფელს მოეფინა სწავლა-განათლების შუქი. ამ ხნის განმავლობაში ხუთამდე ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა: კუდაროში, ძეგლევში, ფუტიეთში, შავრასა და ხონჭიორში. როგორც კი სადმე გაჭირდებოდა საქმე, მამა მიხეილი მაშინვე იქ გაჩნდებოდა და საქმის ვითარებას გულდასმით სწავლობდა. 1891 წლის დასაწყისში სოფელ კუდაროს სკოლის გამგის, მღვდელ ექვთიმე მაისურაძის თანაშემწის, მასწავლებელ ვასილ ტიმოთეს ძე იაშვილის (შემდგომში სომიწოს ეკლესიის მღვდელი, დახვ-რიტეს 1937 წელს) საჩივარი შემოვიდა. მან განაცხადა: რამდენიმე თვეა უქმად ვზივარ, რადგან ოსები სკოლაში ბავშვებს აღარ აგზავნიანო. ადგილზე საქმის გამოსარკვევად მამა მიხეილი ონის ოლქის მთავარხუცეს, დეკანოზ ალექსი გიორგობიანთან ერთად გაემგზავრა. დეკანოზმა ალექსიმ ოსებს ჰკითხა: „მე გავიგე, ვითომც თქვენ სკოლაში ბავშვებს აღარ გზავნით. ძლიერ ვსწუხვარ, რომ წიხლი გიკრავსთ ბედნიერებისათვის. თქვენი შვილებისათვის იმდენათ საჭი--როა სწავლა, რამდენათაც ცოდვილთათვის ცხონება. ამას წინათ ყოვლადსამღვდელო გაბრიელი აღტაცებული დარჩა ამ სკოლაში ნასწავლი თქვენი პაწია ბალღების ცოდნით. თუ გახსოვთ, ლოცვა-კურთხევასთან ერთად მათმა მეუფებამ მადლობაც გიძღვნათ, რომ თქვენ თქვენს შვილებს პირჯვრის გამოსახვა, ლოცვების წარმოთქმა და მცირე წერა-კითხვა შეასწავლეთ. დღეს რაღა პასუხს აძლევთ ან ღმერთს ან მეუფეს, რომ შვილების აღზრდაზე ხელი აგიღიათ და შესულხართ ცოდვაში, თუ ამ კეთილ საქმეს მეტი სიცოცხლე.არ ელოდა თქვენში, რისთვის-გასწიეთ შრომა, რისთვის ააგეთ სკოლის შენობა?“ როგორც საბოლოოდ დადგინდა, მღვდელი და მაწავლებელი ხშირად არ იმყოფებოდნენ თავიანთ ადგილზე და გაკვეთილებიც ამიტომ ცდებოდა. თუმცა ბოლომდე ვერც მათ დაადანაშაულებდი. კუდაროს ხე-ობაში 15-მდე პატარა სოფელი იყო მიმოფანტული (დაახლოებით 250 კომლი), რომელთაც მხოლოდ ერთი მღვდელი ემსახურებოდა და ისიც ყოველდღიურად ფრიად დატვირთული იყო საეკლესიო წესების აღსრულებით. რაც შეეხება სკოლის მასწავლებელს, იგი სხვა სოფლიდან მოდიოდა, თანაც ცოლ-შვილიანი გახლდათ და უჭირდა, წლიდან-წლამდე უსასყიდლოდ ემსა-ხურა სკოლისათვის. მამა მიხეილმა გამოთქვა აზრი, რომ აქაურ მღვდელს მედავითნედ დაენიშნა ისეთი პირი, რომელსაც ოთხი კლასი ექნებოდა დამთავრებული, ჯამაგირს გადაუხდიდნენ 12 თუმანს, კიდევ თორმეტ თუმნამდე სხვა შემოსავალიც მიეცემოდა და ამგ-ვარად, იგი შეძლებდა „გვარიანად“ ეცხოვრა და „სკოლის საქმეც რიგიანად წაეყვანა“. 1893 წლის აღდგომას მამა მიხეილს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 1897 წელს მან აქტიუ-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 25ნოემბერი-1დეკემბერი 2010წ 19
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912 (გაგრძელება)
-რი მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო აღწერაში და ამასთან დაკავშირებით იმავე წლის 13 ივნისს სამკერდე ვერცხლისფერი მედალი ეწყალობა. 1898 წლის 6 ივნისს კამილავკით, ხოლო 1903 წლის 15 მაისს — სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. მამა მიხეილი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. მრავალი საინტერესო ისტორიულ-ხალხური, დამრიგებლური, პედაგოგიური ხასიათის მასალა გამოაქვეყნა მან გაზეთ „ივერიაში“ და სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“. ამ გაზეთებში ასევე შეხვდებით სტატიებს მთის რაჭაში მისი მოღვაწეობის შესახებ. 1901 წელს გაზეთ „ივერიაში“ ვინმე ოქროპირ ობჟანიძე მამა მიხეილის შესახებ წერდა: „სოფელი ღები თავისი გარეგანის შეხედულობით მშვენიერ სურათს წარმოადგენს: ორ-სამსართულიანი ძველი ქვითკირის შენობები, შიგადაშიგ მაღალმაღალი ექვს-შვიდსართულიანი კოშკები, დიდი გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია, ქვითკირისავე სამრეკლო-გალავნით. აქ ნიადაგი მეტად მწირი და უმოსავლოა, რის გამოც ხალხის უმეტესობა უფრო ვაჭრობას მისდევს. მართალია, ბარის სოფლებთან შედარებით სწავლა განათლების მხრივ ეს სოფელი დაქვეითებულია, მაგრამ სამაგიეროდ, რაჭის მთის სოფლებში პირველ სოფლად ითვლება. სხვა მთის სოფლებში, მაგალითად: ჭიორაში, გლოლაში და უწერაში არსად არავითარი სკოლის ჭაჭანება არ არის და ღებში კი კარგა ხანია ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა არსებობს, სადაც ყოველ წლობით ასამდე მოსწავლე ბავშვი იყრის თავსა. ღებელებმა ამ ბოლო დროს ისე შეიგნეს სკოლის სარგებლობა, რომ იმედია მოკლე ხანში აქ ორკლასიანი სკოლაც დაარსდეს. პირველივე კვირიაკე დიდ-მარხვისა ღებელებმაც ლოცვითა, სინანულითა და აღსარებით გაატარეს. მიუხედავად ცუდი ამინდებისა, ხალხი ბლომად დადიოდა ეკლესიაში, ეზიარა 600-მდე სული, ზიარების შემდეგ მღვდელმა მიხეილ გავაშელიშვილმა გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება იქონია მსმენელებზე და აღძრა მათ გულში წრფელი სურვილი კეთილ შეწირულებისადმი. მოძღვარმა თავისი სიტყვა ასე დაამთავრა: „სულიერნო შვილნო! დიდად მოხარული ვარ, რომ დღეს ამოდენა ხალხმა მიიღეთ წმიდა საიდუმლო ზიარებისა, იმედი მაქვს, არ გამაწბილებთ და ამ სიხარულთან ერთად თქვენს მოძღვარს შემდე- გის თხოვნის აღსრულებითაც გამახარებთ. აწინდელი წმიდა ჭურჭელი, რომლიდგანაც თქვენ წმიდა ზიარება მიიღეთ ძლიერ პატარაა ამოდენა ხალხის დასაკმაყოფილებლად, რადგანაც ყოველს ამ დროს ამოდენა ხალხი იკრიბება და ხან კიდევ მეტიც, საჭიროა უფრო დიდი ბარძიმი. გთხოვთ, თქვენის სულის საოხად და თქვენთა ძეთა და ასულთა სადღეგრძელოდ, შეძლებისდაგვარად გაიღოთ წვლილი ამა წმიდა ბარძიმის მოსაპოვებლად“. ამის თქმა და აღსრულება ერთი იყო: ვინ 11 მანეთი შემოსწირა, ვინ 10, ვინ 7, ვინ 5 და სხვა და ამნაირად ამ დღესვე სიით შეიკრიბა 109 მანეთი და ბევრმა კიდევ შემდეგისათვის აღუთქვა მოძღვარს შეწი- რულების მიტანა. ეჭვი არ არის, მალე 15 თუმნამდის შეიკრიბება, რითაც ეკლესია საჭირო ნივთს მოიპოვებს“. კიდევ რამდენიმე წელი ღირსეულად ატარა მღვდლობის მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი მამა მიხეილმა და ღებელთა უდიდესი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სოფელში მცხოვრები ძველი თაობის ხალხის გადმოცემით, იგი ყოფილა კაცთმოყვარე, ცოდვა-მადლის გამკითხავი, სამართლიანი, უბიწო და ღრმად განათლებული მოძღვარი. სამწუხაროა, რომ იგი ადრეულ ასაკში გავიდა ამ სოფლიდან.1912 წელს გაზეთი „სახალხო გაზეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში მოკლედ წერდა: „მარტის 24-ს ქუთაისში ცივ სამარეს მიაბარეს მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი. განსვენებული თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“ „მიხაკო ღებელის“ და „რივნის თაველის“ ფსევდონიმებით“. შემორჩენილია მამა მიხეილის რამდენიმე ქადაგება, ერთ-ერთ მათგანი 1894 წელს წარმოთქვა და მასში მაზიარებელთა შესახებ საუბრობს: „შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით“. სულიერნო შვილნო და საყვარელნო მოწაფენო! ღვთის შეწევნით თქვენ ყველანი უკვე მომზადებულნი ხართ წმინდა საიდუმლო ზიარების მისაღებად. მოვედით შიშით და ძრწოლით, მოვედით მტკიცე სარწმუნოებით, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი ქრისტესი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი მისი. არა პური და ღვინო გეძლევისთ თქვენ ამჟამად საჭმელად, არამედ ნამდვილი ხორცი და სისხლი ქრისტესი, როემლიც არის დამწველი ცეცხლი უღირსთა. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველნი ვართ უღირსნი და უძლურნი წინაშე ღვთისა, გარნა ვხდებით ღირსნი წმიდა საიდუმლო ზიარებისა განუსაზღვრელითა და აღურაცხელითა მოწყალებითა ღვთისათა. ვინაიდგან წმიდა ზიარება ცეცხლი არს უღირსთა შემწველი, ამისათვის ნურავინ იკადრებთ,
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 25ნოემბერი-1დეკემბერი 2010წ 20
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912 (დასასრული)
ძმანო, კადნიერებით მისწრაფებას წმინდა ბარძიმისაკენ, რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად გექმნას თქვენ საიდუმლო ესე. დღეს აქ ამ ქრისტეს სერობაზე, ჩვენ ყოველნი უნდა ვიყვნეთ სიმდაბლით და გულწრფელის მონანიებით. თაყვანი ვსცეთ წმინდასა საიდუმლოსა, ვითარცა თვით ღმერთსა; უკანასკნელად შევსტიროთ ცოდვათა მოტევები- სათვის და კრძალვით შევეხნეთ წმიდასა ბარძიმსა, ვითარცა იესო ქრისტეს გვერდსა, საიდამაც გარდამოხდა სისხლი და წყალი. ზიარების შემდეგ ვყოთ თაყვანისცემა წინაშე მაცხოვრის ხა-ტისა და შევსწიროთ მას მადლობა დიდისა მისისა მოწყალებისათვის. ამიერიდგან იყოს განუშორებელი ჩვენის გულიდამ ის აზრი, რომ ჩვენთანა არს ქრისტე: მას ვილოცავდეთ, მას ვადიდებდეთ და მასთან გვქონდეს საუბარი, ვითარცა ღვთის მიმღებთ. ეს დღე შერაცხეთ ერთადერთ თქვენს დიდებად, ერთადერთ თქვენს ბედნიერებად და სასიხარულო დღესასწაულად. მიხვიდეთ რა თავიანთ სახლებში, ეცადეთ, ძმანო, არ შებღალოთ თქვენს შორის დამკვიდრებული სიწმინდე. დღეს ღვთის მიმღებთ, საღამოზე არ განაგდოთ იგი — თქვენის უძღებებით, უზომო სმით და უმართებულო ლაპარაკით, ვინაიდგან ენა და პირი თქვენი განსწმინდა იესოს სისხლმა და ხორცმა. ერიდეთ ყოველგვარ საცდუროვანებას, რათა არა დაჰკარგოთ ნაყოფი წმინდა ზიარებისა. იქონიეთ მსჯელობა კეთილ საქმეებზე, წარმოიდგენდეთ დიდსა მოწყალებასა ღვთისასა და უღირსებასა თქვენსა, დღევანდელი თქვენი სიხარულის მონაწილედ გახადეთ უბადრუკნიც, ეცით საზრდელი მშიერთა და ხელი შემწეობისა მიაწოდეთ გაჭირვებულთა ქვრივთა და ობოლთა. აჰა, მოვალს თქვენდა ყოვლისმპყრობელი უფალი თქვენი დამბადებელი და მაცხოვარი თავისი მადლით, თქვენ განსაკურნებლად, განსაძლიერებლად და განსანათლებლად. ეცით თაყვანი საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა და სთქვით: „მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით. და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ“.