სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
სამეფო ოჯახი
ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი

1772-1847 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სამეფო ოჯახი

გვარი ბაგრატიონი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ნინო ბაგრატიონ-დადიანი 1772-1847წწ ოდიშ-ლეჩხუმის დედოფალი წარმ. თელავი

ნინო ბაგრატიონ-დადიანი (დ. 15 აპრილი, 1772 — გ. 31 მაისი, 1847, პეტერბურგი) — სამეფო ოჯახის წევრი, ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ასული. ისტორიული წყაროები ოდიშ-ლეჩხუმის დედოფლად მოიხსენიებენ.

1789 წელს მან იქორწინა ოდიშის მთავარ გრიგოლ კაციას ძე დადიანზე, რომელთანაც 6 შვილი: ორი ვაჟი და ოთხი ასული შეეძინა. ნინო გიორგის ასული გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება–მოვალეობით შეიმოსა. 1790 წელს ერთ-ერთი საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თანამეცხედრეს მიუჩინა სადედოფლონი ადგილ–მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით. აზნაურით, გლეხით, საზღვრით-საზღვრამდე, შესავალ-გამოსავალით... ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შვლიანად, აზნაურ–გლეხიანად.


მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ბაგრატიონი შვილის, ლევანის სრულწლოვანებამდე რეგენტად გამოცხადდა და 1804–1811 წლებში სამეგრელოს მართავდა. მას ჰყავდა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მსაჯულთუხუცესი ნიკოლოზ დადიანი, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი. 1805 წელს მან რუსეთში გაგზვნა დეპუტაცია: დეპუტაციამ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, 1806 წელს იმპერატორმა ძვირფასი თვლებით შეამკობინა ხატი და დეპუტაციას სამეგრელოში გამოატანა, ასევე მისცა მილიონი რუბლი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად.

1811 წელს ნინო ბაგრატიონ-დადიანი რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრი. იგი პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც პატიმარი.

1832 წლის შეთქმულების დროს სამეგრელოს დედოფალი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა. მას ბრალად დასდეს შეთქმულებთან თანამოაზრეობა, მიმოწერა ფილადელფოს კიკნაძესთან. ნინოს სულიერად ამხნევებდა ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი. სიცოცხლის ბოლოს ქალაქ რიაზანში ცხოვრობდა.

გარდაიცვალა პეტერბურგში, 75 წლის ასაკში, 1847 წლის 31 მაისს, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმინდა თევდორეს ეკლესიაში.


ოდიშის დედოფალი ნინო ბაგრატიონ–დადიანი


საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII (1798-1800 წწ) ასული, ერეკლე II-ის (1745-1798 წწ) შვილიშვილი ნინო ბაგრატიონი 1789 წლიდან სამეგრელოს სამთავროს დედოფალია. ოდიშის მთავრის გრიგოლ კაციას ძე დადიანის (1788-1792 წწ) თანამეცხედრე. კახეთის უფლისწულის ასული, დედოფალი ოდიშ-ლეჩხუმისა - ასე მოიხსენიებენ ისტორიული წყაროები და დოკუმენტები ნინო ბაგრატიონს. მანამდე, სამეგრელოს მთავარმა კაცია I დადიანმა (1758-1788 წწ) დესპანად მიუგზავნა სამეგრელოს ეპისკოპოსი ანტონ ჭყონდიდელი (1777-1789 წწ) და თავადი ბეჟან დადიანი, რათა მოსცეს შვილსა მისსა გრიგორის, მეგრელთა სამთავროსა მემკვიდრესა ცოლად ქალი ნინა, ჯერ კიდევ უფლისწულმა მეფის ძემ - გიორგიმ ეს ამბავი მეფე ერეკლეს აუწყა. ბაბუას შვილიშვილებს შორის განსაკუთრებით ნინო ჰყვარებია, წინანდელმა მეფე ერეკლემ იცოდა, ამ ქორწინებით შეარიგებდა მოქიშპე სამეგრელოსა და იმერეთს, ამიტომაც მან თანხმობა მისცა ნინო ბაგრატიონი სამეგრელოს მომავალ მთავარს - გრიგოლ დადიანს გაჰყოლოდა ცოლად. ერეკლე მეფისავე სურვილით, გრიგოლის და მარიამ დადიანი იმერეთის მეფის, სოლომონ I (1752-1784 წწ) თანამეცხედრე გახდა. ეს იყო იმ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ქორწინება. ქართლ–კახეთის სამეფო კარის თანხმობიდან ათ დღეში, აპრილის თვეში შემდეგ ათსა დღისა პასექიდამ, თბილისში ჩავიდა გრიგოლ დადიანი ორმოცდაათი თანმხლები თავად-აზნაურით, გაიღეს დიდი მოწყალება. არც ერთი არ დარჩა დიდთა კაცთაგანი, რომელსაც არ უბოძა საჩუქარი ვერცხლისა ნივთთა, ორმოცი და მეტიც გასცა ქარვისა და მარჯნისა კრიანესელი ფასოვანი მეფესა და დედოფალსა მოართვა ორი ოქროს თასი... თუმც მუნ მენგრელიაში, გარნა დიახ მშვენიერად ნაკეთი, მეფის ძეს გიორგის – ექვსი ჯორი და დიდტანოვანი, კათალიკოსსა – ომფორი ძვირფასი, ხოლო სამეგრელოს მთავარმა კაცია II დადიანმა შესწირა საყოველწელიწადო ძღვენი მონასტერთა დავით გარეჯისა, ნათლისმცემლისა, შუამთისა და სხვათა ეკკლესიათა, მოსახსენებლად მათდა ძველთა დროთა ჩვეულებისამებრ. წარუვლინეს ფულად და ვერცხლეულად ოთხთავე მართლმადიდებელთა პატრიარქთა და განამგზავრეს მათდა არხიმანდრიტი ხოფისა მონასტრისა ილარიონ და მას დროს მენგრელიაში მყოფი ბერძენთა მღვდელმონაზონი მიტროფანე. გამრიგე იერუსალიმისადმი შეწირულთა მეგრელიაში ყრმათა და მამულთა.

ნინო ბაგრატიონს, სამეგრელოს მომავალ დედოფალს, მშვენიერებით სავსეს, ქართულ ტრადიციულ ოჯახში აღზრდილს, ძველი წესისამებრ სამეგრელოში თან გამოატანეს ფრიად მდიდარი მზითევი, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია ქართული წიგნები, განსაკუთრებით სასულიერო ლიტერატურა. ეს მოწმობს ნინო დედოფლის უაღრესად დიდ ინტერესს ქართული მწიგნობრობისადმი. ბაგრატიონის ასულის მზითევს ამშვენებდა ქართლის ცხოვრება, სიტყვის კონა, ქილილა და დამანა, ზეილანიანი, ვარდ-ბულბულიანი, შამი-ფარვანიანი, გაზაფხულისა და შემოდგომის გაბაასება, ანბანთ-ქება, მაჯამა, ღრამატიკა, დიალექტიკა, კატეღორია, სიბრძნე-სიცრუისა,ვისრამიანი, ჩარლავრიშიანი, მირიანინი, დაფნის ქალაქი, ყარამანიანი.

ნინო ბაგრატიონი და გრიგოლ დადიანი 1789 წ. დაქორწინდნენ. მათ ჯვარი დაიწერეს საქართველოს მეფის, გიორგი XII სასახლის კარზე, გადაიხადეს დიდი ქორწილი და დიდი იყო ლხინი და შექცევა ქორწილისა. მეფის ასული ნინო შემდგომ იხსენებდა, ამ ქორწილში მეგრელებმა და იმერლებმა შემოიტანეს ახალი სადღეგრძელო: შეუდგები ქრისტესა! მართლაც, ქრისტეს გზას შეუდგა ნინო ბაგრატიონი; დედოფალს უდიდესი მოვალეობა დაეკისრა, მან შეარიგა მოქიშპე მეგრელები და იმერლები. ნინო გიორგის ასული გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება-მოვალეობით შეიმოსა. 1790 წ. ერთ-ერთი საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თავის თანამეცხედრეს მიუჩინა სადედოფლონი ადგილ-მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით, აზნაურით, გლეხით, საზღვრით – საზღვრამდე, შესავალ-გამოსავალით... ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შლიანად, აზნაურ-გლეხიანად.

დედოფლის უფლებებით შემოსილმა ნინო ბაგრატიონმა 1791 წ. 3 დეკემბერს შეწირულობის წიგნის თანახმად, მეუღლესთან – გრიგოლ დადიანთან ერთად მარტვილის ტაძრის დეკანოზად არქიმანდრიტი გერმანე (ელიავა) დაამტკიცა.

1802 წლით დათარიღებული წყალობის წიგნი გვაუწყებს, რომ ნინო დედოფალმა და გრიგოლ დადიანმა სრული თავისუფლება უბოძა და საყოველთაო გადასახადებისაგან გაათავისუფლა სასახლის კარის მღვდელი გაბრიელ ჩიხლაძე ...მიწყალობებია საუკუნოდ და ასე განმითავისუფლებიხარ ყოველიფრით, რომ თვინიერ ჩვენის სამსახურის, წირვის და ლოცვის მეტი შენს კარზე არა მიადგეს და ვერც ჩვენთა მოხელე კაცმა შენს კარზე დაიძახოს. საუკუნოდ გქონდეს და გაბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერთგულებასა და სამსახურში, ამისად სიმტკიცედ მოგვიცემია თავად ღმერთი ყოველნი მისნი წმიდანი!

1808 წლის 31 იანვრით დათარიღებული შეწირულობის წიგნის მიხედვით, ნინო დედოფალმა ცაიშის ეკლესიას დაუბრუნა და განუმტკიცა საცაიშელო ადგილ-მამულნი. გაათავისუფლა გადასახადებისაგან, რაც ცაიშის ტაძარს ნაწყალობევი ჰქონია სამეგრელოს მთავრის კაცია I დადიანისაგან: მიგიძღვნო და გმსახურო, რ(ომ)ლისათვის ახალსა მოქმედებასა შინა ძიებულ ვყავ რა განმეთავისუფლებინა საეკლესიონი სამსახურებანი ჩვენდამი ვითარ უწინარესვე გარდაცვალებულსა კაცია დადიანსა ადრიდგან შერყეულობათა მიმობნეულნი საცაიშელო ადგილ-მამულნი... გარნა ოდეს მფარველობა უზენაესი მოგვცა მაშინ მივიღეთ ჩვენი ახალი ბრძანება.

ნინო დედოფლის ბრძანებით აღიწერა პარაკლიტონი, რომელ არს შესავედრებელი. ეს პარაკლიტონი ინახებოდა მარტვილის ტაძრის წიგნთსაცავში, რომლის მინაწერში იკითხებოდა: ბრძანებით კეთლმსახურისა დადიანისა გრიგოლისთა დროსავე თა(ნა)მეცხედრისა თვსისა კეთლ მსხურისა და უმაღლესისა ს’ქრთველოს მეფის ასულისა მეფისა ნინოსა~ და კ(ეთი)ლ მორწმ’ნეთა ძეთა და ას’ლთა თ’სთასა~.

აღიწერა წიგნი ესე ნუგეშინისცემითი რ’ლს პარაკლიტიკოს პალატსა სამეუფოსა თაკვერს ელითა მდივანი გიორგის ძე მდივანი გიორგის-თა.

ნინო დედოფალს იხსენებს სახარება, რომელიც ქართულ ენაზე დაიბეჭდა ვახტანგ VI მიერ დაარსებულ სტამბაში. მოსკოვში დაბეჭდილი ეს სახარება ნინო გიორგის ასულისათვის მზეთევში გამოუტანებიათ, მინაწერში ვკითხულობთ: ესე სახარება ბატონის დედუფლის ნინოს ნამზითვი ღმერთმან სიცოცხლეშიდ მოახმაროს ამინ და კირიელეისონ~. ქართულთან ერთად სახარებას რუსულადაც ჰქონია მინაწერი: `Евангелие ещё составляло приданое госпажи царицы Нины. До послужит оно в здраве, амень и кириелеисон.

ნინო ბაგრატიონი სამეგრელოს სამთავროს მართავდა 1804-1811 წწ. მას გვერდში ედგა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემდგენლობაში შედიოდნენ მსაჯულთუხუცესი ნიკოლოზ დადიანი, დიდი ნიკო, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი. 1805 წელს დედოფალმა რუსეთის საიმპერატორო კარზე გაგზავნა დეპუტაცია: სასახლის კარის დეკანოზი იოანე სვიმონის ძე იოსელიანი, ნიკო და ბეჟან დადიანები. დეპუტაცია რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I წინაშე წარსდგა თხოვნით: დაეცვა სამეგრელოს მთავრის უფლებები ლეჩხუმზე, დაებრუნებინათ ოსმალების მიერ წართმეული ანაკლია, აელაგმათ ტყვეთა გაყიდვა.

დეპუტაციამ რუსეთის იმპერატორს, ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა მეგრელთათვის უდიდესი სიწმინდე, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სამეგრელოს მთავარმა გრიგოლ დადიანმა თავის სიმამრს, გიორგი XII-ს ჩააბარა შესანახად, რადგან სამთავროში არსებული არეულობის დროს არ დაკარგულიყო. შემდეგ ხატი ნინო დედოფლის ძმასთან – დავით ბაგრატიონტან დარჩა და თან წააბრძანა, როცა რუსეთში გადაასახლეს. ვლაქერნის ხატის დაბრუნება გაუძნელდა ნინო დედოფალს, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება მიერთმიათ იგი საჩუქრად იმპერატორისათვის და გამოეთხოვა კვლავ დაბრუნება სამეგრელოში.

რუსეთიას იმპერატორმა ალექსანდრე I-მა პატივით მიიღო მეგრელთა დეპუტაცია. დახმარება აღუთქვა ყველა იმ საქმეში, რასაც დედოფალი ითხოვდა. 1806 წელს იმპერატორმა ვლაქერნის ხატი შეამკო ძვირფასი თვლებით და გამოატანა დეპუტაციას სამეგრელოში. მოგვიანებით გამოგზავნილ რესკრიპტში ის დედოფალ ნინოს წერდა: ვიცი რა, რომ მეგრელებს ძველთაგანვე აქვს სასოება და რწმენა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატისადმი, მე ვუბრუნებ მას საჩუქრად თქვენს ოჯახს და მთელ მეგრელობას. ალექსანდრე I სურვილით დეპუტაციამ ჩამოიტანა მილიონი რუბლი, რათა აეშენებინათ ეკლესია და იქ დაესვენებინათ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, დადიანთა საცხოვრებელი ადგილისათვის ეწოდებინათ გრიგოლოპოლისი – გრიგოლის ქალაქი, ნინო დედოფლის მეუღლის, სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის პატივსაცემად. ტაძარი სამეგრელოში მოგვიანებით ააშენა გრიგოლ დადიანის ძემ ლევან V (1811-1840 წწ). დადიანთა სასახლის ვლაქერნის ღვთისმშობლის კარის ეკლესია 1825-1830 წწ აშენდა (დღეს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი).

1811 წელს სამეგრელოს დედოფალი ნინო ბაგრატიონი რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი.

ლევან V დადიანი 1811 წლის 2 ივლისით არის დათარიღებულ წყალობის წიგნში წინამძღვარ დავით იოსელიანს წერდა: დედა ჩემი მთავრინა დედოფალი, ნინა ჩვენის ყოვლად მოწყალე ხელმწიფე იმპერატორის თაყვანის საეცემელად რუსეთში წაბრძანდა ათას რვაას ათერთმეტს და მე სრული მთავრობა მივიღე. დედოფალი ნინო პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც “პატიმარი დედოფალი,” გადასახლებაში მას ახლდა მოქვის (აფხაზეთი, სამურზაყანო) არქიეპისკოპოსი პაფნოტი ხოზიაშვილი. იგი 1802 წ. იყო თირის მონასტრის არქიმანდრიტი, შემდეგ ნინო ბაგრატიონს გამოჰყვა სამეგრელოში. ოდიშის მთავარმა გრიგოლ დადიანმა პაფნოტი ხოზიაშვილი რუსეთში წარავლინა დესპანად: ჯილდოდ ესრეთისა დესპანობისა მიუბოძეს არქიეპისკოპოსობა მოქვისა. არქიეპისკოპოსი პაფნოტი დაშთა რუსეთსავე მოსკოვის ჩუდოვის მონასტერში, გარდაიცვალა 1823 წელს ოთხმოცდაათი წლისა და დაკრძალულია იქვე.1832 წელის შეთქმულების დროს, სამეგრელოს დედოფალი ნინო ბაგრატიონი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა, ბრალად დასდეს შეთქმულების თანამოაზრეობა და მიმოწერა არქიეპისკოპოს ფილადელფოს კიკნაძესთან. “პატიმარ დედოფალს” ვორონეჟის მონასტერში სულიერად ამხნევებდა თავისი ერთგული მოძღვარი როსტომ იოსელიანი.

სამეგრელოს დედოფალი ნინო ბაგრატიონი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII ასული, სიცოცხლის ბოლოს ქ. რიაზანში ცხოვრობდა. 1847 წლის 31 მაისს ოდიშის დედოფალ-ყოფილი პეტერბურგში გარდაიცვალა, თან წაიღო დიდი ტკივილი სამშობლოსა და ოჯახთან განშორებისა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმ. თევდორეს ეკლესიაში.


(ფოტო: ეპიტაფიის დაფა წმინდა ალექსანდრე ნეველის მონასტრის ნეკროპოლიდან, რომელზეც რუსულ და ქართულ ენებზეა შესრულებული წარწერა. ,,"На сем месте покоится прах ЕЯ Высочества. Правительницы Мингрейи и дочери последнего Грузинского Царя Георгия XII, Нины. Родилась в 1772 году апреля 15-го дня. Скончалась в 1847 году мая 31-го дня. Жития ея было 75 лет 2 месяца 15 дней").


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.02.2024
ბოლო რედაქტირება 08.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0